1994 წლის 20 ივლისს ბელარუსის უზენაესი საბჭოს 39 წლის დეპუტატმა და საბჭოთა მეურნეობის დირექტორმა ლუკაშენკამ ოფიციალურად დაიკავა ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა. მომდევნო 30 წლის განმავლობაში მან კიდევ ხუთ საპრეზიდენტო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა ადმინისტრაციული რესურსებითა და მასიური გაყალბებით.
ამ 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში შეიცვალნენ როგორც დემოკრატიულად არჩეული ლიდერები, ასევე ავტორიტარი მმართველები, დიქტატორები და მონარქებიც კი. როგორც გამოცემა Meduza აღნიშნავს, სამი ხანგრძლივი დეკადის განმავლობაში შეიცვალა მთლიანად სამყარო, არ შეცვლილა მხოლოდ ლუკაშენკა. გამოცემამ გაიხსენა, როგორი იყო მსოფლიო იმ დროს, როდესაც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პირველად დადო პრეზიდენტის ფიცი.
1994 წელს ევროპაში მძვინვარებს ბოსნიის ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტზე ყველაზე დამანგრეველი კონფლიქტი, რომელშიც მონაწილეობენ სერბები, ხორვატები და ბოსნიელები. ომი წელიწად ნახევარში დასრულდება და 100 ათასზე მეტი ადამიანი გახდება მისი მსხვერპლი. 2024 წლისთვის ხორვატია შეუერთდება ევროკავშირს. ბოსნიაც და სერბეთიც იმავეს გაკეთებას ცდილობენ.
რუსეთში ახლახან დასრულდა ვაუჩერების პრივატიზაცია. ქვეყნის მაცხოვრებლები მასიურად „ასხამენ“ ფულს MMM-ის პირამიდაში - მის კრახამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება.
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევია - 1994 წლის დეკემბერში მოსკოვი შეეცდება აჯანყებული რეგიონის დაბრუნებას და დაიწყება ჩეჩნეთის პირველი ომი.
42 წლის ვლადიმერ პუტინი, პეტერბურგის გავლენიანი მერის, ანატოლი სობჩაკის თანაშემწეა, რომელსაც პეტერბურგშიც კი ცოტა ვინმე თუ იცნობს. მან ახლახან მიიღო დაწინაურება: დაინიშნა ქალაქის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ორ წელიწადში პუტინი გადავა მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხუთ წელიწადში კი გახდება რუსეთის პრემიერ-მინისტრი და შემდეგ პრეზიდენტი.
საქართველოში ერთი წლის დაბრუნებულია საბჭოთა კავშირის ყოფილი საგრეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე.
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტია ბილ კლინტონი, რომელმაც ჯორჯ ბუში უფროსი წლინახევრის წინ შეცვალა. უმცროსი ჯორჯ ბუში კლინტონს 2001 წელს შეცვლის, მოგვიანებით კი კლინტონის მეუღლე ჰილარიც ცდის პრეზიდენტობას, მაგრამ დამარცხდება დონალდ ტრამპთან.
1994 წელს დონალდ ტრამპი წარმატებული ბიზნესმენია, სასტუმროებისა და სამორინეების მფლობელი.
ჯო ბაიდენი სენატორია დელავერიდან, მას კიდევ სამჯერ აირჩევენ კონგრესში, ვიდრე თეთრ სახლში გადავა ჯერ ვიცე-პრეზიდენტად, შემდეგ კი პრეზიდენტად.
ევროკავშირში მხოლოდ 12 ქვეყანაა და მათ შორის საზღვრებიც არ არის ბოლომდე გახსნილი - შენგენის შეთანხმება მხოლოდ მომდევნო წლის დასაწყისიდან შევა ძალაში.
გერმანიაში, ლატვიასა და ესტონეთში ჯერ კიდევ დგანან საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი რუსული ჯარები - ბოლო რუსი ჯარისკაცები ამ ქვეყნებს 1,5 თვეში დატოვებენ.
სამი თვის წინ თავი მოიკლა კურტ კობეინმა, მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდა ალექსანდრ სოლჟენიცინი.
მსოფლიოს კინოთეატრებში ტრიუმფით უჩვენებენ „ფორესტ გამპსა" და "მეფე ლომს".
ნიკიტა მიხალკოვმა მიიღო ოსკარი ფილმისთვის „Утомлённые солнцем“, ხოლო 31 წლის კვენტინ ტარანტინომ კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტო „მაკულატურისთვის“ (Pulp Fiction).
ტრასაზე დაიღუპა მსოფლიოს საუკეთესო ავტომრბოლელი (F1) აირტონ სენა, ხოლო წლის ბოლოს პირველად გახდება ჩემპიონი ახალგაზრდა და ნაკლებად ცნობილი გერმანელი პილოტი მიხაელ შუმახერი.
ახალი გამოსულია პირველი Warcraft და FIFA თამაშები. პირველი თაობის PlayStation-ის გამოშვებამდე თითქმის ექვსი თვეა დარჩენილი, ხოლო Windows 95-ის - მსოფლიოში პირველი ოპერაციული სისტემის, რომელიც შექმნილია მასობრივი მომხმარებლისთვის - გამოჩენამდე თითქმის ერთი წელი.
ფორუმი