ვლადიმირ პუტინის ჩასვლამ მინსკში და ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან ოფიციალური შეხვედრის გამართვამ კვლავ წამოჭრა საკითხი ბელარუსის შეიარაღებული ძალების უკრაინასთან ომში შესაძლო ჩართვის თაობაზე. პუტინი ბელარუსში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა. რუსეთის სამთავრობო დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და ვიცე-პრემიერ ანდრეი ოვერჩუკის გარდა ასევე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. თვითონ პუტინმა და ლუკაშენკამ 19 დეკემბერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ძირითადად ეკონომიკური საკითხები და სანქციების შედეგად გაჩენილი პრობლემების დაძლევის გზები განიხილეს, თუმცა ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, კვლავ საბრძოლო მზადყოფნაში რჩება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საჯარისო დაჯგუფებისა და ნაწილობრივი მობილიზაციით გაწვეული 10 ათასამდე რუსი ჯარისკაცი.
რა ითქვა ოფიციალურად?
ვლადიმირ პუტინი არცერთ უცხოელ ლიდერს არ ხვდება ისე ხშირად, როგორც ბელარუსის პრეზიდენტს. 2022 წლის განმავლობაში ლუკაშენკა და პუტინი 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა უკლებლივ ყველა შეხვედრა რუსეთის ტერიტორიაზე შედგა. პუტინის თქმით, ბელარუსი რუსეთის არა მარტო კეთილი მეზობელია მრავალი ათეული წლის განმავლობაში, არამედ მოკავშირეცაა „ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“.
„ჩვენ მოვახდინეთ ძალიან კარგი გარღვევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებამდე 38,5 მლრდ დოლარი იყო, უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა, წლის ბოლომდე კი რეკორდულ 40 მლრდ-ს დოლარს მიაღწევს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები 2,5 საათი გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოხერხდა საკვანძო საკითხზე - „ენერგომატარებლების ფასებზე“ - შეთანხმება. ცნობილია, რომ რუსეთი აწვდის ნავთობსა და გაზს ბელარუსს „ძალიან ხელსაყრელი, შეღავათიანი პირობებით“, თუმცა კონკრეტული რიცხვები არც ლუკაშენკას და არც პუტინს არ დაუსახელებიათ.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ასევე ითქვა, რომ:
- რუსეთი და ბელარუსი გააგრძელებენ მუდმივი სამხედრო წვრთნების პრაქტიკას
- მხარეები შეთანხმდნენ ახალი სამხედრო ტექნიკის შექმნაზე
- მომავალ წელს დაგეგმილია ბელარუსიელი კოსმონავტის გაშვება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე
- რუსეთი მოამზადებს ბელარუსის შეიარაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებს "საჰაერო საბრძოლო მასალის სპეციალურ საბრძოლო ნაწილთან ერთად შესაძლო გამოყენებისთვის"
- ბელარუსის მიერ რუსეთიდან მიღებული С-400 და ისკანდერის კომპლექსები გააგრძელებს საბრძოლო მორიგეობას
ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პრესკონფერენციის მსვლელობისას საჭიროდ ჩათვალა თავისებური ხუმრობით ეპასუხა დასავლეთის კრიტიკისათვის. ლუკაშენკამ საკუთარ თავსა და პუტინს „თანააგრესორები“ და „მსოფლიოში ყველაზე ტოქსიკური ხალხი“ უწოდა.
„ჩვენ ორნი ვართ თანააგრესორები, ყველაზე მავნე, ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაქვს სადავო, ვინ უფრო მეტად ტოქსიკურია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ამბობს, რომ მე ვარ, მე კი მგონია, რომ ის არის. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე ერთნაირად ტოქსიკური ვართ“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას ომი უნდა?
პუტინის ჩასვლა მინსკში ბევრმა მიმომხილველმა განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. თვითონ მოსკოვმა უარყო ამგვარი დღის წესრიგის არსებობა.
„ცნობები იმის შესახებ, რომ პუტინი ჩადის მინსკში საომარ მოქმედებებში ბელარუსის მონაწილეობის საკითხის გადასაჭრელად, სულელური და უსაფუძვლოა“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე.
პუტინს და ლუკაშენკას ომის შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ. არც ჟურნალისტებს დაუსვამთ პრესკონფერენციის მსვლელობისას ომთან დაკავშირებული კითხვები, თუმცა დასავლელი ექსპერტები პუტინისა და ლუკაშენკას შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემად სწორედ ამ საკითხს მიიჩნევენ. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები გასულ კვირაში წერდნენ, რომ ვიზიტის დროს პუტინი შეეცდებოდა ზეწოლა მოეხდინა ბელარუსის პრეზიდენტზე, სულ ცოტა, ორი მიმართულებით:
- ბელარუსის ინტეგრაცია რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში, სინამდვილეში კი რუსეთში
- ბელარუსის მხრიდან უკრაინაზე იერიშის მიტანისათვის პირობების შექმნა
თუმცა ISW-ის ანალიტიკოსებს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნიათ, რომ მოსკოვი შეძლებს მინსკის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ საომარ მოქმედებებში, რადგან, გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესად დაასუსტებს ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ვერც ბელარუსის არმია, მისი რიცხოვნობიდან გამომდინარე (ოფიციალურად ბელარუსის ჯარში ირიცხება 45 ათასი სამხედრო მოსამსახურე) ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ბელარუსის ომში ჩაბმა, მართალია, აიძულებს უკრაინას, დროებით გადაისროლოს თავისი ძალების ნაწილი და აღჭურვილობა ამ მიმართულებით, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლუკაშენკა გაგზავნის თავისი ჯარის დიდ ნაწილს უკრაინაში, ბელარუსის შეიარაღებული ძალები მაინც დარჩება მცირე ძალად, რომელიც ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას და ომის მსვლელობაში გარდატეხის შეტანას.
„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პუტინი მინსკში ჩავიდა ლუკაშენკას დასარწმუნებლად, ჩაებას ომში, ეს დიდწილად არასწორი მოსაზრებაა. ასე რომ ყოფილიყო, ლუკაშენკას თავისთან დაიბარებდა ხალიჩაზე, სადაც მეტადაც მიაწვებოდა", - ამბობს ბელარუსიელი პოლიტოლოგი ვალერი კარბალევიჩი, რომლის თქმითაც, მინსკში პუტინის ჩასვლა უფრო მეტად ლუკაშენკასადმი კეთილგანწყობის გამოხატვაა, ერთგვარი მადლიერება ერთადერთი მოკავშირის მიმართ.
ლუკაშენკას სიფრთხილე
ცალკე ამბავია ლუკაშენკას სიფრთხილე. ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩაბმით ლუკაშენკა რისკავს, დაკარგოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა.
„ლუკაშენკა 2020 და 2021 წლებში მის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციების ჩასახშობისას, უშიშროების სამსახურებთან ერთად, ასევე ეყრდნობოდა თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს. ამ აპარატის დიდი ნაწილის უკრაინასთან ომში ჩართვა დაუცველს დატოვებს ლუკაშენკას ახალი არეულობებისა და წინააღმდეგობის წინაშე. ლუკაშენკა ასევე ხვდება, რომ უკრაინაში შეჭრა ძირს გამოუთხრის მის, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის ავტორიტეტს, რადგან ყველასთვის აშკარა გახდება, რომ რუსეთის მცდელობა ბელარუსზე სრული კონტროლის დამყარებისა წარმატებით დასრულდა“, - ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
ვარშავის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი პაველ უსოვიც ამბობს, რომ პუტინი ბელარუსს განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ომში ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბელარუსის მოსახლეობას უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს უკრაინასთან ომში ბელარუსის არმიის აქტიური მონაწილეობის მიმართ, ლუკაშენკას რეჟიმს არ შეუძლია „მეორე ფრონტის“ საკითხი ღიად და სწრაფად გადაწყვიტოს.
„ბელარუსიელებისთვის არაპოპულარულმა და მიუღებელმა ზომებმა (მობილიზაცია, საზღვრების ჩაკეტვა და ა.შ.) შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი რეაქციები: პანიკა და ბელარუსიელების მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ, არაა გამორიცხული წინააღმდეგობაც“, - ამბობს პაველ უსოვი, რომლის თქმითაც, პუტინი ყველაფერში გრძნობს თავის უპირატესობას ბელარუსის დიქტატორზე:
„სინამდვილეშიც პუტინია ლუკაშენკას ბედის განმკარგავი. სწორედ პუტინის მხარდაჭერამ უზრუნველყო ლუკაშენკას ძალაუფლების შენარჩუნება 2020 წელს. შექმნილ ვითარებაში ბელარუსის დიქტატორი სრულად ემსახურება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ბელარუსმა მთლიანად დაკარგა გეოპოლიტიკური სუბიექტობა, ის იქცა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ დანამატად“.
სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, აშკარაა, რომ ბელარუსი გააგრძელებს რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში. საუბარია, იმ პროდუქციის მიწოდებაზე, რომელიც სანქციების გამო მიუწვდომელია რუსეთის ფედერაციისთვის. რუსეთი ასევე შეუფერხებლად გამოიყენებს ბელარუსის ტერიტორიას და მის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე იერიშების მისატანად. რუსეთს ხელს აძლევს ლუკაშენკა, რომელიც ბოლომდე ემორჩილება მას და ეფექტიანად ანადგურებს ბელარუსში ყოველგვარ წინააღმდეგობას, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ლუკაშენკას ძალაუფლების, არამედ რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგაც. თავის მხრივ, დასავლეთი და უკრაინაც არ კარგავენ იმედს, რომ მოსკოვის მზარდი ზეწოლა და დივერსიის შიშნარევი ეჭვები (რაც ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ულაძიმირ მაკეის მოულოდნელ გარდაცვალებას უკავშირდება), აიძულებს ლუკაშენკას, იმოქმედოს მეტად დამოუკიდებლად და გააძლიეროს ანტირუსული ელემენტი თავის გარემოცვაში, თუმცა, როგორც ბელარუსიელი ანალიტიკოსები შენიშნავენ, პრობლემა ისაა, რომ ავტორიტარული რეჟიმის ახალ ფაზაში გადასვლამ თითქმის მთლიანად გააქრო ბელარუსში ეროვნული ფაქტორის თუნდაც ფორმალური არსებობა და ბელარუსი „რუსული სამყაროს“ დანამატად აქცია.
ულაძიმირ მაკეის საეჭვოდ მოულოდნელი გარდაცვალება მალევე იქცა სპეკულაციებისა და საინფორმაციო ომის ელემენტად, რომ ბელარუსის მთავრობის წევრის დასავლეთთან ფლირტის ყოველი მცდელობა შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს და ა.შ. ეს მოტივი ერთი-ორად გააძლიერა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, რომელიც დაინტერესებულია, რომ ლუკაშენკა არ გამოვიდეს ფსიქოლოგიური დისკომფორტის ატმოსფეროდან და, შესაბამისად, თავიდან ამოიგდოს ყოველგვარი ფიქრი რუსეთის ექსპანსიის შეჩერებაზე.