Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა მეშვიდედ? - 26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


ილუსტრაცია: ლეონიდ ბრეჟნევი (მარცხნივ) სსრკ-ს 18 წელი მართავდა, ალიაქსანდრ ლუკაშენკა კი 30 წელზე მეტია ბელარუსის უცვლელი პრეზიდენტია.
ილუსტრაცია: ლეონიდ ბრეჟნევი (მარცხნივ) სსრკ-ს 18 წელი მართავდა, ალიაქსანდრ ლუკაშენკა კი 30 წელზე მეტია ბელარუსის უცვლელი პრეზიდენტია.

2025 წლის 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, პირველად არ ეყოლება კონკურენტები, თუმცა საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს ბიულეტენში ლუკაშენკას გარდა, პრეზიდენტობის სხვა ოთხი კანდიდატის გვარებიც დახვდება.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლებაში ყოფნის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არასოდეს ჰქონია ასეთი კომფორტული და რბილი საარჩევნო კამპანია. პირველად ხდება ისე, რომ მას არ უწევს მოწინააღმდეგეებისა და მართლაც საშიში კონკურენტების დამარცხება: ყველა ნამდვილი ოპოზიციონერი ან ციხეშია, ან იძულებით ემიგრაციაში.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველის, ვალერ კარბალევიჩის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ:

  • 2025 წლის იანვრის არჩევნები ყველაზე უინტერესოა ბელარუსის ისტორიაში.
  • ლუკაშენკას არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი გაყინული ან გადადებულია. ლუკაშენკას პიროვნების კულტის ჩამოყალიბება მოწმობს, რომ მას არ ჰყავს შემცვლელი, მემკვიდრე.
  • „2020 წლის სინდრომი“ აიძულებს ხელისუფლებას, არჩევნები განიხილოს საფრთხედ და, რომ „არჩევნების“ ცნება უმაღლესი ხელისუფლებისთვის, პირველ რიგში, გაიგივებულია „პროტესტთან“.

2020 წლის აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით, რომელიც სასტიკი დარბევებითა და რეპრესიებით ჩაახშეს. 4,5 წლის განმავლობაში ლუკაშენკას ძალოვანმა უწყებებმა დააკავეს, დაკითხეს, სცემეს, დააჯარიმეს, გაასამართლეს და სამსახურის გარეშე დატოვეს ათობით ათასი ადამიანი, ასობით ათასი კი იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინათ.

საერთოდ რაში სჭირდება ლუკაშენკას არჩევნები, რომელიც, მისი აზრით, „ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს“?

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელსაც არც ინტუიცია აკლია და არც მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება, ზუსტად იწინასწარმეტყველა, როგორი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკური პარტიების სრული განადგურებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის შემდეგ. ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში მან საჯაროდ გამოთქვა სინანული, რომ არ იზრუნა პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე:

„ტყუილად არ გავრისკეთ და არ შევთავაზეთ ხალხს ხელისუფლების, განსაკუთრებით კი პრეზიდენტის, არჩევა ბელარუსის სახალხო კრების (პარლამენტის) მიერ. პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ყოველთვის არყევს ვითარებას. შეხედეთ ჩინეთს: პოლიტიკა და პარტიული საქმიანობა პროფესიული სამუშაოა“.

ვლადიმირ პუტინი (მარცხენა) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ვლადიმირ პუტინი (მარცხენა) და ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ლუკაშენკამ ასევე მიანიშნა იმაზე, რომ ბელარუსში ხალხის უმრავლესობას, მისი აზრით, უბრალოდ არ ძალუძს დამოუკიდებლად გააკეთოს აზრიანი, გონივრული არჩევანი, რადგან ისინი, მისი თქმით, სათანადოდ არ არიან ჩაფლული პოლიტიკურ პროცესებში. მოკლედ, გაირკვა, რომ ლუკაშენკა დიდი ხანია ფიქრობდა ბელარუსის მოქალაქეებისათვის პირდაპირი საარჩევნო უფლების ჩამორთმევაზე:

„ხალხს წავართმევდით უფლებებს... აღელდებოდნენ, მაგრამ ცოტა ხანში მშვიდად გააგრძელებდნენ მუშაობას. პარლამენტს კი ოლქები აირჩევდნენ... ვიცი, დამაბრალებენ, რომ მეშინია ხალხის, სავარძელს ვებღაუჭები... მაგრამ უკვე ყელში მაქვს ამოსული პრეზიდენტობა“.

2022 წლის 30 აგვისტოს გამოსვლაში ლუკაშენკამ ახსენა ჩინეთის პრაქტიკა, თუმცა, როგორც პოლიტიკის მიმომხილველები შენიშნავენ, სინამდვილეში მისთვის უფრო ახლობელია „სოციალისტური დემოკრატიის“ საბჭოთა გამოცდილება. ცნობილია, რომ სსრკ-ს ლიდერებს საბჭოთა ხალხი პირდაპირი კენჭისყრით არასოდეს ირჩევდა. საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნებს ფორმალურად ირჩევდნენ პარტიულ პლენარულ სხდომებზე, მაგრამ სინამდვილეში გადაწყვეტილება მიიღებოდა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს ვიწრო წრეში (კულუარული შეთქმულებებითა და ინტრიგებით).

თუმცა ალიაქსანდრ ლუკაშენკას დიდად არც აღელვებს ის, რომ 26 იანვრის არჩევნებს არ ახლავს არანაირი ინტრიგა. „არ გვჭირდება ისეთი შოუ, როგორიც აშშ-ია“, - თქვა მან ერთ-ერთი გამოსვლისას.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ განიკურნა 2020 წლის ტრავმისგან, რის გამოც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „2020 წლის აგვისტო“ აღარ განმეორდეს. ადგილობრივი მიმომხილველების თქმით, ამ არჩევნების მთავარი გამოწვევა „2020 სინდრომის“ დაძლევაა.

ლუკაშენკა ცდილობს დაამტკიცოს, რომ წინა არჩევნები იყო ანომალია და აბსურდი, ახლა კი ყველაფერი ნორმალურობას უბრუნდება. ლუკაშენკა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება თავის სიძლიერეში.

2025 წლის 21 იანვარს, განათლების სამინისტროში სტუმრობისას მან განაცხადა: „აკრძალვები არასდროს არის კარგი, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ“. თუმცა, ლუკაშენკამ ეს პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან მის გარდაუვალ გამარჯვებას ოპონენტების პატიმრობა და იძულებით ემიგრაციაში ყოფნა განაპირობებს.

ვალერ კარბალევიჩის თქმით, ყველა წინა არჩევნებში, თუ 2020 წლისას არ ჩავთვლით, ლუკაშენკამ როგორღაც შეძლო სერიოზული კანდიდატების დამარცხება. „ახლა მით უმეტეს არ გაუჭირდება ხელოვნური, გარკვეულწილად კარიკატურული პერსონაჟების დამარცხება, თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი სულაც არ მეტყველებს მის პოლიტიკურ სიძლიერეზე“, - ამბობს ბელარუსი მიმომხილველი.

საარჩევნო გარემო

ბელარუსის სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ასოციაცია „ბელპოლი“ ამტკიცებს, რომ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელთა 97% გამოცდილი გამყალბებელია, რადგან ყველა მათგანი უკვე მონაწილეობდა წინა არჩევნებში. გარდა ამისა, „ბელპოლი“ ხაზს უსვამს იმას, რომ არჩევნებზე პირველად არ იქნებიან არც დამოუკიდებელი დამკვირვებლები და არც ოპოზიციის კანდიდატები. ასევე არ გაიხსნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსებს ხმის მისაცემად სამშობლოში ეპატიჟებიან. გასაიდუმლოებულია როგორც საარჩევნო კომისიების შემადგენლობა, ასევე განმცხადებელთა საინიციატივო ჯგუფების წევრების რაოდენობაც კი.

გარდა ამისა, აკრძალულია საარჩევნო ბიულეტენებისათვის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. არადა, 2020 წლის არჩევნების დროს სწორედ ბიულეტენების უამრავი ფოტო გახდა გაყალბების მთავარი მტკიცებულება. პროფილაქტიკისთვის ბელარუსებს იბარებენ არა მარტო პოლიციაში, არამედ უნივერსიტეტების ადმინისტრაციებსა და დეკანატებში, რათა ხელი მოაწერონ რაღაც საბუთებს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საპროტესტო გამოსვლებში.

ვინ იყრის კენჭს?

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან მართავს ბელარუსს, ზედიზედ მეშვიდე ვადით აპირებს პრეზიდენტობას.

2024 წლის ოქტომბერში მან განაცხადა, რომ წავა მორიგ კენჭისყრაზე, „თუ მისი მხარდამჭერები იტყვიან, რომ ეს აუცილებელია და, რა თქმა უნდა, ისინი ამას იტყვიან“.

ამ განცხადებიდან ოთხი დღის შემდეგ, ბელარუსში დაიწყო ფლეშმობი სახელწოდებით „საჭიროა“, რომლის მონაწილეები, თითქოსდა თავისი სურვილით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ლუკაშენკა, რომ აუცილებელია მისი არჩევნებში მონაწილეობა. არადა, ამ დროს ლუკაშენკას უკვე წარდგენილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ლუკაშენკა ამტკიცებდა, რომ ფლეშმობი არ იყო მისი ორგანიზებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, „საჭიროა“ იქცა მისი საარჩევნო კამპანიის სლოგანად.

2025 წლის 26 იანვრის არჩევნებში ლუკაშენკას ოთხი მეტოქე ჰყავს. დამოუკიდებელ მედიაში მათ ფონის შემქმნელ მოცეკვავეებს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ის ფაქტი, რომ „კანდიდატებს“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს, იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება მათ საფრთხედ არ აღიქვამს.

ანა კანაპაცკაია
ანა კანაპაცკაია

ანა კანაპაცკაია - ყოფილი დეპუტატი (მიიჩნევა ყველაზე „ოპოზიციურ“ კანდიდატად), რომელმაც 2019 წელს დააინიციირა კანონი ლუკაშენკას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ხოლო 2020 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში (ცესკოს მონაცემებით, ხმების 1.68%-ით გავიდა მესამე ადგილზე). კანაპაცკაია არჩევნებში მონაწილეობს პოლიტპატიმრების გათავისუფლების დაპირებით, თუმცა არ ასახელებს პოლიტპატიმრებს და არც ლუკაშენკას აკრიტიკებს.

სიარჰეი სირანკოვი - ბელარუსის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობს „არა პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ პრეზიდენტთან ერთად“. სირანკოვი ასევე ცნობილია იმით, რომ გამოდის ინიციატივით აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ლგბტქ+ წარმომადგენლების წინააღმდეგ და კვლავ დაიდგას სტალინის ძეგლები.

ალეგ გაიდუკევიჩი - ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, რომელსაც ლუკაშენკას შთამომავლობით „მეტოქეს" უწოდებენ, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში სამჯერ მონაწილეობდა მამამისი, სიარჰეი. გაიდუკევიჩი მიიჩნევს, რომ არჩევნებში „მხოლოდ პატრიოტებმა“ უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა „მტრებმა უყურონ პრეზიდენტობის კანდიდატებს და შეიგნონ, რომ ამ ქვეყანაში მათთვის სახეირო არაფერია“.

ალიაქსანდრ ხიჟნიაკი - შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, კანდიდატებიდან ყველაზე „უხილავი“, რომელიც თითქმის არ ჩნდება საჯაროდ და, რომლის პარტიასაც 200-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავს Telegram-ზე (სხვა სოციალურ ქსელებში საერთოდ არ იძებნება).

რას ამბობს ოპოზიცია?

ბელარუსის ოპოზიცია 26 იანვრის არჩევნებს უწოდებს „არაარჩევნებს“ და მოუწოდებს ამომრჩევლებს, ხმა მისცენ ყველას წინააღმდეგ.

„საზოგადოებაში, სადაც ოთხი წელია რეპრესიები არ შეწყვეტილა, შეუძლებელია ნებისმიერი სახის, თუნდაც მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბელარუსებში არის ამ დღეს რაღაცის გაკეთების მოთხოვნილება. გასაგებია, რომ ხმებს არავინ დაითვლის. გასაგებია, რომ პატიოსანი დამკვირვებლები არ იქნებიან. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბელარუსში მოქმედებს ხალხის საარჩევნო უბნებში მიყვანის პრაქტიკა, რათა აჩვენონ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა.

ამიტომ ვთხოვთ ყველას, ვინც მოხვდება ფსევდოსაარჩევნო უბანში, ხმა მისცეს „ყველას წინააღმდეგ“, - თქვა ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელმაც უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე:

„ჩვენი რევოლუცია [2020 წელს] თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეხებოდა. მე ხალხმა მომცა მანდატი იმ მომენტამდე, ვიდრე ამგვარი არჩევნების მოწყობა არ იქნება შესაძლებელი“.

ვიდრე ეს შეუძლებელია, ციხანოუსკაია და მისი თანამოაზრეები მუშაობენ ე.წ. ახალი ბელარუსის პასპორტის პროექტზე. განაცხადების მიიღება იწყება სწორედ არჩევნების დღეს, 26 იანვარს.

ეს არის დემოკრატიული ძალების მიერ დიდი ხნის წინ დაპირებული დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია გაუიოლოს ცხოვრება ვადაგასული პასპორტების მფლობელ ბელარუსებს, თუკი მას სხვა ქვეყნები აღიარებენ. თუმცა ამ დროისთვის ახალი ბელარუსის პასპორტს არ აქვს ოფიციალური სტატუსი და მისი მნიშვნელობაც საკმაოდ სიმბოლურია. პროექტს სხვა პრობლემებიც აქვს, მათ შორის, ფასის და უსაფრთხოების სახით.

რა ელით პოლიტპატიმრებს?

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პირველად დაიწყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 2024 წლის ივნისიდან დღემდე მან 250 ადამიანი შეიწყალა, თუმცა გათავისუფლებულთა შორის არ არიან ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრები.

ლუკაშენკამ არ გაათავისუფლა 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების ოპოზიციონერი ლიდერები, თუმცა გამოაჩინა ზოგიერთი მათგანი, რაც დღევანდელ ბელარუსში მიღწევად მიიჩნევა. რომან პროტასევიჩმა, თავად ყოფილმა ოპოზიციონერმა, რომელმაც ლუკაშენკას ხელისუფლებასთან თანამშრომლობის წყალობით დააღწია თავი გრძელვადიან პატიმრობას, 2024 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი მარია კალესნიკავას ფოტო, ხოლო 2025 წლის იანვარში - ვიქტარ ბაბარიკასი.

თითქმის ორი წლის განმავლობაში მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ვრცელდებოდა ხმები, რომ მათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. პროტასევიჩის ფოტოებისა და ვიდეოების წყალობით დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი ცოცხლები არიან, თუმცა უცნობია როდის გაათავისუფლებენ მათ.

რეპრესიები არ წყდება

2020 წლის არჩევნებისა და საპროტესტო გამოსვლების შემდეგ რეპრესიები არ შეწყვეტილა. ავტორიტეტული უფლებადამცავი ორგანიზაციის „ვიასნას“ გათვლებით, 2024 წელს ბელარუსში პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე 1721 ადამიანი გაასამართლეს, ადმინისტრაციულზე კი - 5800. საპატიმროებში რჩება 1200-ზე მეტი პოლიტპატიმარი.

ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრებისთვის მოქმედებს „ინკომუნიკადოს“ რეჟიმი, რაც სრულად გამორიცხავს გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. გარდა ამისა, 2024 წელს ბელარუსის სასამართლოებმა გამოიტანეს თითქმის 1500 გადაწყვეტილება, რომლებითაც მთელი რიგი პუბლიკაციებისა „ექსტრემისტულად“ იქნა ცნობილი.

პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ კვლავ სცემენ და აწამებენ, ასევე უზღუდავენ სამედიცინო დახმარებას. უშიშროების ძალები ახორციელებენ ზეწოლას საზღვარგარეთ წასულებზე: ემუქრებიან მესინჯერებში, მოითხოვენ მათ ექსტრადიციას სხვა ქვეყნებიდან, აშინებენ ბელარუსში დარჩენილ ნათესავებს და აკავებენ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში.

და კიდევ, 2025 წლის 26 იანვრის არჩევნების წინ, როგორც გამოცემა „ნაშა ნივა“ ამტკიცებს, ლუკაშენკას უშიშროების ძალებმა პრევენციულად მოაწყვეს დაკავებებისა და ჩხრეკების „წინასაარჩევნო“ ტალღები. სწორედ ამ ფონზე მოიკლა თავი 60 წლის სვიატლანა კრუციკავამ, რომელიც არაერთხელ იყო გასამართლებული პოლიტიკური მუხლებით; მეგობრების თქმით, კრუციკავამ სუიციდი ჩაიდინა პოლიციის ზეწოლის გამო.

ლუკაშენკა „გაიმარჯვებს“

როგორც პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, ალიაქსანდრ ლუკაშენკას „გამარჯვება“ გარდაუვალია. „ერთადერთ ინტრიგად რჩება პროცენტი, რომელიც მან უნდა დაიწეროს“, - ამბობს პოლიტოლოგი ალიაქსანდრ კლასკოუსკი.

ბელარუსმა პროპაგანდისტმა იგორ ტურმა 2024 წლის ნოემბერში თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ ლუკაშენკა ხმების 90%-ზე მეტს მიიღებს. ყველა წინა არჩევნებზე მისი შედეგი 80%-ის ფარგლებში მერყეობდა. ზუსტად ამდენი ხმა (80.3%) მიიღო ლუკაშენკამ 1994 წლის არჩევნებში, თუმცა გამარჯვებისთვის მას ორი ტური დასჭირდა (პირველ ტურში მიიღო 44.8%). მიიჩნევა, რომ ეს იყო ბოლო თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსის თანამედროვე ისტორიაში. ლუკაშენკას შედეგები:

  • 1994 წ. - 80.3% (44.8% - I ტური)
  • 2001 წ. - 75.6%
  • 2006 წ. - 82.9%
  • 2010 წ. - 79.6%
  • 2015 წ. - 83.5%
  • 2020 წ. - 80.1%

როგორც გამოცემა meduza წერს, ბელარუსის პროსამთავრობო სოციოლოგების მომზადებულ კვლევაში, რომელიც არჩევნებამდე 10 დღით ადრე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ლუკაშენკას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 82.5%.

რა იქნება

ვიაჩესლავ კოროსტენი, გამოცემა „პოზირკის“ მიმომხილველი, ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ ლუკაშენკა გააგრძელებს „ისტორიის გადაფურცვლისა“ და ლეგიტიმაციის აღდგენის მცდელობას, ოღონდ არა იმდენად ოფიციალურ (მაგალითად, არჩევნების აღიარება), რამდენადაც ფაქტობრივ დონეზე, რასაც უნდა მოჰყვეს მინსკში ელჩების დაბრუნება, დასავლეთთან ვაჭრობის აღდგენა და ა.შ.

თუმცა, როგორც პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, მაღალი ალბათობით, მის ამ გეგმებს ახდენა არ უწერია, სულ ცოტა, ორი მიზეზის გამო:

I - ლუკაშენკას ძალიან ეშინია რეპრესიების შეჩერების

II - ლუკაშენკა მეტისმეტად არის დამოკიდებული მოსკოვზე

ბელარუსი პოლიტოლოგი არციომ შრაიბმანი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკამ „მენტალურად ვერ დაძლია ტრავმა, რომელიც მას 2020 წელმა მიაყენა“, ამიტომ მისი მმართველობის პირობებში ბელარუსის პოლიტიკური კლიმატი ვერ იქნება უფრო მეტად თავისუფალი.

მეტიც, კითხვას - მიიყვანს თუ არა ლუკაშენკა ბელარუსს ისეთ მდგომარეობამდე, რომელშიც მისი მორიგი ახალი ვადით არჩევა მოხდება ხელის მეგობრული აწევით ბელარუსის სახალხო კრებაში, ყოველგვარი დაძაბული და ხანგრძლივი საარჩევნო კამპანიის და ფორმალური პროცედურების გარეშე? - ბელარუსი პოლიტოლოგების დიდი ნაწილი დადებითად უპასუხებს: „რატომაც არა, თუ დრო და ჯანმრთელობა ეყოფა?“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG