პროკურატურა და მოკლული ქალის ოჯახი ამ საქმეში გენდერის ნიშნის დადგენასა და მსჯავრდადებული გიორგი კავლელაშვილისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.
თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 2024 წლის 23 აგვისტოს მიიღო და გიორგი კავლელაშვილს 27 წლის ცოლის, ქეთევან ედიბერიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელსაც გერონტი კახეთელიძე ხელმძღვანელობდა, არ შეცვალა.
რა მოხდა 2024 წლის 9 იანვარს და რატომ მოითხოვა პროკურატურამ გენდერის ნიშნის დადგენა?
საქმის მასალების თანახმად, 2024 წლის 9 იანვარს, გამთენიისას, დილის 6 საათზე, გიორგი კავლელაშვილმა, საკუთარ ბინაში, 4 თვის ჩვილის თანდასწრებით, ცივი იარაღით 19 ჭრილობა მიაყენა მძინარე მეუღლეს, ქეთევან ედიბერიძეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში.
გიორგი კავლელაშვილი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, პოლიციამ დააკავა და ბრალად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა, რამდენიმე თვეში, გიორგი კავლელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა ცოლი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
„მკვლელობაც მკვლელობას ჰქვია“ - პროკურორის საბოლოო სიტყვა სააპელაციო სასამართლოში
პროკურორ გია შაიშმელაშვილის საბოლოო სიტყვა სააპელაციო სასამართლოს მეათე დარბაზში თითქმის 15 წუთს გაგრძელდა.
მის სიტყვას დარბაზში უსმენდა მოკლული ქალის დედა. ტიროდა. პროკურორის სიტყვას ისმენდა მსჯავრდადებული გიორგი კავლელაშვილიც და ემოციას პერიოდულად სახის ხელებში ჩარგვით გამოხატავდა.
„მკვლელობაც მკვლელობას ჰქვია... 19 ჭრილობა. თავდაპირველად მძინარეს მიაყენა ჭრილობები და შემდეგ უკვე გაღვიძებულს... გასაგებია, რომ 4 თვის ჩვილი ვერ აღიქვამდა დედის უბედურებას, მაგრამ ამ ყველაფერს აღიქვამს მაშინ, როდესაც გაიზრდება და როდესაც იკითხავს, დედის სიკვდილის ამბავს და გაიგებს, რომ მამამ დედა მოკლა 19 ჭრილობით. ერთია ეს სასტიკი რიცხვი, 19 ჭრილობა და მეორე გარემოება - რატომ?
მე ბრალდებულს და ახლა უკვე მსჯავრდადებულს, ვუსმენ მკვლელობის პირველივე დღიდან. ყოველთვის მაინტერესებდა მისი პოზიცია, რომ კითხვაზე რატომ, თავად გაეცა პასუხი. თორემ ჩვენ ვიცით, რატომაც. ვიცით, რომ ეს დანაშაული გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნითაა ჩადენილი. დილის 6 საათზე რის გამო უნდა მომხდარიყო ეს სასტიკი მკვლელობა? დილის 6 საათზე იწყებს მსჯავრდადებული მეუღლის ჩეხას. ამ სიტყვის გამოყენებას არ მოვერიდები, რადგან ეს სწორედ ისაა, რასაც მსჯავრდადებული აკეთებდა. მე ახლა ერთიდან 19-მდე არ დავთვლი, ეს ყველას შეგვიძლია, მაგრამ საშინელებაა ის, რაც ერთიდან 19-მდე ჭრილობის მიყენებისას ხდებოდა.
მსჯავრდადებულს ჩაუტარდა ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც. ის სავსებით ჯანმრთელია. არ მოქმედება ის აფექტის მდგომარეობაში. როდესაც ვეკითხები, რატომ? ბრალდებულის მხრიდან მხოლოდ ვისმენ ოხვრას და ვაი-ვიშს“, - თქვა პროკურორმა დარბაზში და შეეცადა მოსამართლეთა კოლეგიისთვის დაესაბუთებინა, რატომ თვლიდა ბრალდების მხარე, რომ მკვლელობის საქმეში სააპელაციო სასამართლოს დამამძიმებელი გარემოება, გენდერის ნიშანი უნდა დაედგინა:
„საქმეში გვაქვს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ ბრალდებული უკრძალავდა მეუღლეს მაღაზიაში მარტო გასვლასაც კი. ქალმა დაქორწინების შემდეგ გააუქმა ფეისბუკი, სამსახურიდან წამოვიდა. საქმეში დევს მსჯავრდადებულის პირველი მეუღლის გამოკითხვის ოქმიც, სადაც ის ჰყვება, რომ იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი - მაგალითად, სცემა იმის გამო, რატომ არ დაარქვა ბავშვს მამამისის სახელი, რატომ სწავლობდა უნივერსიტეტში, რატომ ჰქონდა კონტაქტი თანაკურსელ ბიჭებთან. ეს მიუთითებს ბრალდებულის მხრიდან გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაზე“.
„ჩვენ განსაკუთრებულ სისასტიკესაც არ ვეთანხმებოდით, გიორგი ცდილობდა მის დახმარებას“
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ მეუღლის მკვლელობაში. არც ბრალდებული და არც მისი ადვოკატი არ ეთანხმებოდნენ პროკურორის მიერ წარდგენილ ბრალს, რომ მკვლელობა ჩადენილი იყო გენდერული დისკრიმინაციის მოტივითა და განსაკუთრებული სისასტიკით.
ეს გაიმეორა გიორგი კავლელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ 26 მარტს, სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას:
„მას უკვე აქვს მაქსიმალური სასჯელი დანიშნული. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ მკაცრი სასჯელია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ განსაკუთრებულ სისასტიკესაც არ ვეთანხმებოდით, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა.
თუკი ვსაუბრობთ, რომ გიორგი კავლელაშვილს სურდა ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა, მაშინ შესაძლებლობა ჰქონდა, რომ 19 ჭრილობის შემდეგ კიდევ გაეგრძელებინა ეს ქმედებები. ამის ნაცვლად კი ის შეეცადა ცოლის დახმარებას, ითხოვა მეზობლების დახმარება. ის თავადაც მოხვდა საავადმყოფოში იმის გამო, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები მისთვისაც ტკივილის მომგვრელი იყო და სცადა სუიციდი. ექიმების დახმარება რომ არა, არც ის იქნებოდა დღეს ცოცხალი და ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს“.
რაც შეეხება პროკურორის კითხვას, რატომ ჩაიდინა გიორგი კავლელაშვილმა მკვლელობა, ადვოკატმა თქვა:
„რატომ მოხდა ეს მკვლელობა, გიორგი კავლელაშვილმა ამაზე ისაუბრა ექსპერტთან. თუმცა, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე არ გაიზიარეს ეს ინფორმაცია. არადა, რეალურად, გარემოებაც მიუთითებს, რომ ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური აშლილობა“.
გიორგი კავლელაშვილი ირწმუნება, რომ 2024 წლის 9 იანვარს, გამთენიისას, ცოლი ფსიქიკური აშლილობის ფონზე მოკლა და ეს მკვლელობა მას გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია:
„ჩემს სულიერ მდგომარეობაზე არ დავიწყებ საუბარს. უბრალოდ, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ჩავიდინე ემოციური და ფსიქიკური აშლილობის ფონზე, ვთვლი, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამომიტანა. სრულიად სამართლიანად გამამართლა გენდერის ნიშნის პუნქტში და სამართლიანად მომისაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ შეცვლით ამ გადაწყვეტილებას. მეტი არაფრის თქმა არ მინდა“, - თქვა მან 26 მარტს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა მოკლული ქალის დედისთვის. ის წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა და საქართველოში შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. მაშინ შეიტყო, რომ მისი შვილი ქმართან თანაცხოვრების პერიოდში ძალადობის მსხვერპლი იყო:
„საქმეშიც დევს ჩვენებები, ეჭვიანობდა, მაღაზიაშიც კი არ უშვებდა მარტოს, ჩაცმაზეც კი ჰქონდა პრობლემები. ჩემი შვილი მიფრთხილდებოდა და მიმალავდა ამ ყველაფერს.
მე შვილი მომიკლეს, 19 ჭრილობით, 10-12 სანტიმეტრიანი ჭრილობებით. მკვლელი სამუდამოდ უნდა დარჩეს ციხეში. ვაიმოსამართლეებს ვკითხავ, მათი შვილი რომ მოეკლათ ასე, მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ?“
„მოსამართლეების ლოიალური მიდგომის წყალობით მაქვს 20-წლიანი სასიცოცხლო ვადა“ - კავლელაშვილის პირველი ცოლი
რადიო თავისუფლება ესაუბრა გიორგი კავლელაშვილის პირველ მეუღლესაც. ის ფემიციდის საქმეში მოწმის სტატუსითაა გამოკითხული. 26 მარტს სააპელაციო სასამართლოში მოკლული ქალის დედის გვერდით იჯდა და მის გამხნევებას ცდილობდა.
როგორც რადიო თავისუფლებას უყვება, იმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომელიც მან ყოფილ მეუღლესთან გაატარა, სისტემატურად იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, ამაზე დუმდა:
„გავიგე, როგორ გითხრათ ქეთის დედამ, არ მანერვიულებდა და არაფერს მეუბნებოდაო. კარგად მესმის ეს, რადგან არც მე მითქვამს ჩემი მშობლებისთვის არაფერი და ამ მკვლელობამდე არც კი იცოდნენ, რა გამოვიარე.
მამამისთან ერთად ვცხოვრობდით, რომელიც გამუდმებით აქეზებდა. უამრავი რამ მქონდა აკრძალული. მაგალითად, რა მეცვა, უნივერსიტეტში რატომ დავდიოდი. იყო ეჭვიანი, ჩამომაშორა ყველა მეგობარს, მათ შორის, გოგოებსაც. თუკი ჩემს რომელიმე მეგობარს ეცვა მოკლე ქვედაბოლო, ის ცუდი ყოფაქცევის იყო და მასთან ურთიერთობა მეკრძალებოდა. ერთადერთი ხსნა იყო სწავლა და ამაზეც სულ ჩხუბი იყო, რატომ ვსწავლობდი.
ის ოთახი ჩემი ხელით იყო გარემონტებული, სადაც ქეთი აჩეხა. წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდით ერთად. უკვე წამოსული ვიყავი მისგან, როდესაც გავიგე, რომ მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. ფიზიკურადაც ძალადობდა ჩემზე. მანიპულირებდა ბავშვით, რომ თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას სურდა, ფანჯრიდან გადააგდებდა ბავშვს. როცა ბავშვით დაიწყო მანიპულირება, წამოვედი სახლიდან. შორიდან ანგელოზად მოჰქონდა თავი, თუმცა, რა ხდებოდა კარს მიღმა, არავინ იცოდა.
როგორ შეიძლება, რომ ამ მკვლელობის საქმეში გენდერის ნიშანი ვერ დაინახონ მოსამართლეებმა და ასეთი სასტიკი მკვლელობიდან 20 წლის თავზე, ამ ადამიანმა ციხე დატოვოს. მე ახლა მოსამართლეების ლოიალური მიდგომის წყალობით მაქვს 20-წლიანი სასიცოცხლო ვადა. დაახლოებით 50 წლის ვიქნები, როცა ის ციხიდან გამოვა, თუ მანამდე, მაგალითად, არ შეიწყალეს. და უნდა ვიცხოვრო შიშში, რომ მეც ქეთის მსგავსად არ გამისწორდეს, სადმე არ დამხვდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კავლელაშვილის პირველმა ცოლმა.
ქეთევან ედიბერიძის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „უფლებები საქართველოს“ იურისტს, ელისო რუხაძეს სჯეროდა, რომ საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლო გაიზიარებდა დაზარალებული მხარისა და პროკურატურის მოთხოვნას და ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებას, კერძოდ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივს დაადგენდა, რაც შემდეგ შექმნიდა სამართლებრივ საფუძველს, რომ მსჯავრდადებულისთვის აქამდე დანიშნული სასჯელი უვადო პატიმრობით შეცვლილიყო.
ამ მოტივის დადგენისთვის დამატებითი არგუმენტების მოპოვების მიზნით, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, „უფლებები საქართველომ“ სახალხო დამცველის აპარატს საქმის შესწავლისა და სასამართლო განხილვის მონიტორინგისთვისაც მიმართა.
როგორც ელისო რუხაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა შეისწავლა საქმე და წარმოადგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება, რომელშიც დაასაბუთა, რომ ქეთევან ედიბერიძის მკვლელობა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იყო ჩადენილი:
„თუმცა, ეს რეკომენდაციები არც კი გაჟღერებულა სასამართლოზე. მჯეროდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები გაიზიარებდნენ გენდერული შეუწყნარებლობის ნიშანს, თუმცა, ამაოდ. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ ეს მკვლელობა შეაფასა მარტივ მკვლელობად. ეს არ არის მარტივი მკვლელობა. ეს იყო გენდერის ნიშნით ჩადენილი სასტიკი მკვლელობა, როცა დაჭრილი ქალი სამი საათის განმავლობაში განიცდიდა და გრძნობდა ყველაფერს, რაც მის თავს ხდებოდა“.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს მიაჩნდა და კვლავაც მიაჩნია, რომ 27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობა ჩადენილი იყო გენდერის ნიშნით. რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ამას ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების დოკუმენტში ამოიკითხავს.
გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ როგორიც უნდა იყოს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების ნაწილი, ბრალდების მხარეს აქვს საკმარისი არგუმენტები იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.
ფორუმი