„ჩვენ პირდაპირ რელიგიაზე არ ვსაუბრობთ, არც დოგმატურ საკითხებს არ ვეხებით, აქ არის ღირებულებებზე საუბარი - მეგობრობა, სიყვარული, თავისუფლება, ისეთ თემებს განვიხილავთ, რასაც სულ ხვდებიან ლიტერატურაში, ფილმებში, ყოფით ამბებში...
ბავშვებს მოსწონთ, როცა უსმენენ, როცა თავის აზრს გამოთქვამენ, ზოგადად სკოლებში დისკუსიის მოთხოვნაა, ძალიან სწყურიათ ბავშვებს რამის განხილვა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 71-ე სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელი, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, განათლების სფეროზე გავლენას სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით ცდილობდა - იქნებოდა ეს სასკოლო საგანთა ჩამონათვალში რელიგიების ისტორიების ჩასმა, საპატრიარქოს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ზრდა თუ ბავშვთა კოდექსზე საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობა, ახლა კი სასულიერო პირებს სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაც შეუძლიათ.
რა არის ღირებულებითი განათლების კლუბები?
ეს საჯარო სკოლების არაფორმალური განათლების ნაწილია. საპილოტე პროგრამის მხარდამჭერია მასწავლებლის სახლი, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, რომელიც პედაგოგების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.
ღირებულებითი განათლების პროგრამის პრეზენტაციაზე, 2024 წლის სექტემბერში ითქვა, რომ სკოლებში ასეთი კლუბების გახსნის იდეა წარმოშვა მსოფლიოში წიგნიერებისა და ღირებულებების დეფიციტმა, რამაც პიროვნული, მორალური და ზნეობრივი საკითხები ბუნდოვანი გახადა. სასულიერო პირები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ხვდებიან, ძირითადად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები არიან.
განათლების სამინისტრომ ჩვენი რამდენიმე მიმართვის მიუხედავად ამ პროგრამაზე საუბარი არ ისურვა.
პროექტის ფეისბუკის გვერდიდან ჩანს, რომ კლუბის წევრები ყოფილან ექსკურსიებზე თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის წლისთავზე, მაზნიაშვილის ლეგიონთან ერთად ასულან კოჯორ-ტაბახმელაში, ახალ წელს კი საჩუქრები მიუტანიათ მოხუცებულებისთვის თავშესაფარში. კლუბებში აწყობენ პოეზიის საღამოებს, ხვდებიან მწერლებს.
ეს კლუბები უფროსკლასელებისთვისაა. მოსწავლეები შეხვედრებზე კვირაში ერთხელ გაკვეთილების შემდეგ რჩებიან. სკოლები, რომლებიც საპილოტე პროგრამისთვის შეარჩიეს, თავად იყვნენ დაინტერესებული, რომ სასულიერო პირები მოზარდების აღზრდაში ჩართულიყვნენ.
არაერთი მასწავლებელი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ჩვეულებრივი ამბავია, როცა სკოლას თავისი მოძღვარი ჰყავს. “სკოლის მოძღვარი” აკურთხებს შენობას, ბავშვებს ღვთისმსახურებაში მონაწილეობას სთავაზობს და, მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვებს მიმართავს.
“როგორც ჩანს, ორი მიმართულება აქვს ღირებულებითი განათლების კლუბებს: ერთი ეს არის ქრისტიანული აღზრდა და მეორე პატრიოტული აღზრდა…
კავშირი პატრიოტიზმის და რელიგიის, პრობლემური თემაა, განსაკუთრებით როცა ადრეულ ასაკში ვუნერგავთ რწმენას ბავშვებს იმის შესახებ, რომ თუ არ იქნები რელიგიური, ვერ იქნები პატრიოტი და რელიგიურობაც მხოლოდ ერთი კონფესიის მიმდევრობას გულისხმობს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას განათლების ექსპერტი, პარტია “თავისუფლების მოედნის” წევრი სიმონ ჯანაშია და ამატებს: "ამ კლუბებს, როგორც ჩანს, აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერა და აქ ჩნდება კითხვა, არის თუ არა სხვა რელიგიები თანასწორი, შეუძლიათ თუ არა სხვა რელიგიების წარმომადგენლებს ასეთივე კლუბების შექმნა. რა არის სახელმწიფოს მიზანი, როდესაც ასეთ შერჩევით მხარდაჭერას უცხადებს საპატრიარქოს?”
განათლების შესახებ კანონით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან. ასევე, დაუშვებელია სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის მიზნებისთვის გამოყენება.
აღმსარებლობის თავისუფლების დასაცავად კანონში მითითებულია რომ:
- საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს.
- საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს საკუთარი სურვილით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას.
სიმონ ჯანაშიასთვის ფართო კონტექსტში ღირებულებითი განათლების სახელით სასულიერო პირების სკოლებში შესვლა განათლებაში კონსერვატიული ღირებულებების დამკვიდრების მცდელობაა. ამ გზით ცდილობს ხელისუფლება საკუთარი თავი, ერთი მხრივ, ქართული ტრადიციების დაცვის გარანტად წარმოაჩინოს, მეორე მხრივ, ეკლესიის სანდო პარტნიორად წარმოჩინდეს.
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას მოიცავს ღირებულებითი განათლების საკლუბო მუშაობა, საკმაოდ გრძელ სიას ჩამოთვლის:
- ექსკურსიებს ,,გაიცანი შენი ქალაქი’’;
- სპექტაკლებს ექვთიმე თაყაიშვილზე, ილია ჭავჭავაძეზე, გრიგოლ ფერაძეზე, ქართველი იუნკრების ტრაგიკულ ისტორიაზე;
- კონკურსებს მოსწავლეებისათვის ,,ქრისტიანული მარცვლები ლიტერატურაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში’’;
- საქართველოს მუზეუმების მონახულებას;
- მონახულებას, დახმარებას და ქველმოქმედებას მოხუცთა და ბავშვთა სახლებისათვის;
- ქართველი პოეტების საღამოებს;
- მხატვრული ნაწარმოებების, ფილმებისა და ლიტერატურული პერსონაჟების განხილვას;
- ექსკურსიებს ტაძრებსა და მონასტრებში ,,სიწმინდეთა კვალდაკვალ’’.
- სოციალური თერაპიის სახლში სტუმრობას და ხელობის დაუფლებას;
- მასწავლებლების და სასულიერო პირების პროფესიულ გადამზადებას
“2024 წლის ბოლოს დამირეკეს საპატრიარქოდან და მითხრეს, რომ ასეთი კლუბები გვაქვს და ქალაქის ტურები გვინდა უფროსკლასელებისთვის, მაქსიმალურად ბავშვებზე მორგებული რომ იყოსო. იმის მერე მოვდივართ, 20 ტური მაინც გვაქვს უკვე ჩატარებული”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნუცა ცქიმანაური, გიდი, რომელიც წლებია ბავშვებისთვის ურბანულ ტურებს აწყობს თბილისში და სხვა ქალაქებში.
“ჩემთვის იყო დილემა, მეთანამშრომლა თუ არა იმ ინსტიტუციასთან, რომელსაც ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ მე ამ მოსწავლეების სახით მყავს აუდიტორია, რომელსაც შემიძლია მივაწოდო ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება სკოლებსა და ოჯახებში არასაკმარის ცოდნას იღებდნენ.
ყველაფერზე ვლაპარაკობთ თავისუფლად, იქნება ეს რუსული ოკუპაცია, სეკულარიზმი, ქართული ენის შეზღუდვა ოკუპაციის დროს...” - ამბობს ნუცა და ამატებს, რომ პროექტში სასულიერო პირები განსაკუთრებული სიფრთხილით არიან არჩეული იმის მიხედვით, აქვთ თუ არა მათ ბავშვების სწავლების გამოცდილება.
ნუცას დაკვირვებით, ამ მღვდლების დიდი ნაწილი ახლოსაა როგორც ლიბერალურ ფასეულობებთან, ასევე დასავლურ კულტურასთან.
„ღირებულებაზე დაფუძნებული განათლება, გულისხმობს, რომ მნიშვნელოვანია ცოდნის შეძენასთან ერთად მოსწავლეებს განუვითარდეთ ღირებულებებიც, მაგალითად, შეიძლება მსჯელობა ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემთხვევაში იმაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც ის მოიტანს თუ გარემოსა და ეკოლოგიაზე გავლენა - გადაწყვეტილება მოსწავლემ ორივე პასუხის შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს და დასაბუთება ცოდნის გარეშე შეუძლებელია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას განათლების მკვლევარი თამარ მოსიაშვილი.
ის კოლეგასთან, ეკა შავერდაშვილთან ერთად წლებია იკვლევს ღირებულებითი განათლების სისტემებს, ამუშავებს გზებს მის ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში შემოსატანად და დარწმუნებით ამბობს, რომ ღირებულებითი განათლება, აკადემიური ცოდნის და მსჯელობის გარეშე არ არსებობს.
“ღირებულებების განვითარება არ არის ინიექცია, რომ გავუკეთოთ და ჩვენთვის სასურველი ღირებულება განუვითაროთ ბავშვს”, - ამბობს ის. თამარ მოსიაშვილს ვეკითხებით, რამდენად აკმაყოფილებს საჯარო სკოლებში შექმნილი კლუბები ღირებულებითი განათლების პრინციპებში.
- მაგალითად, ანა კალანდაძის პოეზიის საღამო შეიძლება ჩაითვალოს ღირებულებით სწავლებად?
- ანა კალანდაძის პოეზიის საღამოში თუ არის რაიმე დილემა, წინააღმდეგობა, რომელსაც აქვს ორი მტკივნეული არჩევანი და ბავშვები ამაზე მსჯელობენ, ეს შეიძლება ჩაითვალოს.
- და თუ ბავშვები გამოდიან სცენაზე და ლექსებს ჰყვებიან?
- არა, ეს არის ქართული ლექსების სწავლა, რაც, თავის მხრივ, ცუდი არ არის, ლექსიკური მარაგის განვითარებისთვის ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ არის დილემა, წინააღმდეგობა და ორი ან რამდენიმე მტკივნეული არჩევანი, ეს ღირებულებითი განათლება არ არის.
- იუნკრების საფლავებზე გასვლა, იქ ლექციის მოსმენა და პანაშვიდის გადახდა, არის ღირებულებითი სწავლება?
- იმ შემთხვევაში ჩაითვლება თუ, მაგალითად, მარო მაყაშვილის წინაშე არსებულ დილემებზე იმსჯელებდნენ ბავშვები, სჯობდა ფრონტის ხაზზე წასულიყო თუ თბილისში დარჩენილიყო დაჭრილების მოსავლელად. მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ ორივე არჩევანი არგუმენტირებული მსჯელობით.
“ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა იცოდეს ალტერნატივების შეფასება - ალტერნატივების შეფასება სწავლის პროცესის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს”, - გვეუბნება თამარ მოსიაშვილი და მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი ცნობილი სავარჯიშო, რომელსაც თავად იყენებს ხოლმე.
ის ახალგაზრდებს სთავაზობს ფილმ “მოქალაქე კეინის” ნახვას და ავალებს ამ ფილმიდან დილემების გამოყოფას. დილემების გადაჭრის ალტერნატივებზე მერე უკვე ერთად მსჯელობენ. (“მოქალაქე კეინი” ლეგენდარული ამერიკული დრამაა, რომელიც მედიამაგნატ ჩარლზ ფოსტერ კეინის ცხოვრებას აღწერს.)
„შესაძლოა ეს [ღირებულებითი კლუბები სკოლებში - რ.თ.] იყოს მოსამზადებელი ნაბიჯი რელიგიების ისტორიის გაკვეთილებისთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი თეა ქარჩავა.
ის წლებია სამინისტროში ისტორიის სწავლების ექსპერტად მუშაობს და კარგად იცნობს როგორც სასწავლო პროგრამებს, ასევე იმ პროცესებს, რომელიც სკოლებში სახელმძღვანელოების შემუშავებას, სასწავლო პროგრამების განსაზღვრას და გავლენების არეალების განაწილებას ახლავს თან. თეა ამბობს, რომ წლებია საპატრიარქო ცდილობს სასულიერო პირები ან მათი გადამზადებული მასწავლებლები შევიდნენ სკოლებში ამ საგნის სასწავლებლად.
სახელმწიფომ ლიბერალური ღირებულებების კონსერვატიულით ჩანაცვლებისთვის სისტემური მზაობა ეროვნული სასწავლო მიზნების დოკუმენტის ცვლილებისას გამოავლინა 2024 წელს. ამ ცვლილებებს წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ 2004 წლიდან ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ბავშვები და ახალგაზრდები “ქართული დნმ-ის შეცვლის ექსპერიმენტში იყვნენ ჩართულები” და რომ ეს ექსპერიმენტი მათთვის ეროვნული იდენტობის წართმევას ისახავდა მიზნად.
„მშობელთა ასოციაციის წევრები ვფიქრობთ, რომ უკიდურესად საშიშია, როდესაც მთავრობა სკოლის დანიშნულებაზე მსჯელობის დროს ერთმანეთს უპირისპირებს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.
ვშიშობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ფართო ფენების შეცდომაში შეყვანას და გამოიწვევს საწინააღმდეგო აზრის მქონე ჯგუფების ერთმანეთთან უსაგნო დაპირისპირებას, რომელიც ორმხრივი მარცხისთვის არის განწირული და ზიანის მომტანია ქვეყნისთვის”, - სპეციალისტების ამ გაფრთხილების მიხედვით, ეროვნული სასწავლო მიზნები მაინც შეიცვალა იმგვარად, რომ მასში უფრო ხშირად ახსენებენ “ქართულ ტრადიციებს”, “ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებასა” და ნაკლებად დაინახავენ კულტურულ, რელიგიურ, ენობრივ თუ ეთნიკური მრავალფეროვნებას, როგორც ღირებულებას.
ფორუმი