Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა სამხედრო ხარჯებით რუსეთს დაეწია. რას აჩვენებს SIPRI-ს ახალი გლობალური ინდექსი?


ფოტო არქივიდან. აშშ-დან უკრაინაში გასაგზავნი 155-მილიმეტრიანი ჭურვები
ფოტო არქივიდან. აშშ-დან უკრაინაში გასაგზავნი 155-მილიმეტრიანი ჭურვები

განვლილ, 2023 წელს გლობალური სამხედრო ხარჯები 6,8%-ით გაიზარდა და ახალ რეკორდულ მაჩვენებელს, 2,443 ტრილიონ დოლარს მიაღწია

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალი ანგარიშის თანახმად, ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯების ყველაზე მკვეთრი ზრდაა, რაც საერთაშორისო მკვლევრების აზრით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური ომით არის განპირობებული.

ამასთან, უკრაინა, რომელიც მეორე წელია ომში იმყოფება რუსეთთან, მსოფლიოს ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა. დასავლელი პარტნიორების დახმარების წყალობით გასულ წელს კიევმა თავდაცვაზე დაახლოებით 51%-ით მეტი თანხა, 64 მილიარდ 800 მილიონ დოლარამდე (ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 37%) დახარჯა.

სამხედრო ხარჯებს ზრდის რუსეთიც, რომელმაც 2023 წელს თავდაცვაზე წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტი თანხა, 109 მილიარდი დოლარი დახარჯა. მაგრამ SIPRI-ს შეფასებით, რუსეთს, როგორც იარაღის მოწინავე ექსპორტიორ ქვეყანას, შარშან საგრძნობლად შემოაკლდნენ კლიენტები და 2024 წლის მარტისათვის მან მეორიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველო თავდაცვაზე მშპ-ს 2%-საც არ ხარჯავს.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, აქ რეიტინგისა და ციფრების მხრივ თითქმის არაფერი შეცვლილა.

"პირდაპირი პასუხი უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევაზე"

2009 წლის შემდეგ პირველად, სამხედრო ხარჯები SIPRI-ს მიერ შესწავლილ ხუთივე გეოგრაფიულ რეგიონში გაიზარდა და გლობალური მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს გადააჭარბა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ევროპაში, აზიაში, ოკეანეთსა და ახლო აღმოსავლეთშია. ზრდის ეს მაჩვენებელი, SIPRI-ს მკვლევრების აზრით, "მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ გაუარესებაზე პირდაპირ პასუხს წარმოადგენს".

შედარებისთვის, 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა, მსოფლიოში სამხედრო ხარჯი 3.7%-ით გაიზარდა და 2240 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საერთო მოცულობიდან 56% აშშ-ზე, ჩინეთსა და რუსეთზე მოდიოდა.

“სახელმწიფოები უპირატესობას ანიჭებენ სამხედრო ძალას, რაც სულ უფრო არასტაბილურ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებაში 'უმოქმედობიდან ბრძოლის სპირალში' შესვლის რისკს შეიცავს", - თქვა ნან ტიანმა, SIPRI-ს სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსმა მკვლევარმა.

SIPRI-ს გლობალური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს თავდაცვის მიზნებისთვის ყველაზე მეტი თანხა შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა, რუსეთმა, ინდოეთმა და საუდის არაბეთმა დახარჯეს. როგორც წინა წელს, ამ ქვეყნებზე მოდის გლობალური სამხედრო ხარჯების 61%.

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვაზე ყველაზე მეტს კვლავინდებურად აშშ ხარჯავს. 2023 წელს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 916 მილიარდამდე, რაც ნატოს წევრი ქვეყნების მთლიანი სამხედრო ხარჯების 68%-ს შეადგენს. ევროპის ქვეყნებს შორის გასულ წელს ყველაზე მეტად პოლონეთმა 75%-ით (31,6 მილიარდ დოლარამდე) გაზარდა სამხედრო ხარჯები, რითაც მსოფლიოში მე-14 უდიდესი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე ქვეყნად იქცა.

SIPRI-ს ანალიტიკოსების აზრით, 2023 წელს მთლიანი სამხედრო ხარჯები ცხრა პროცენტით, 200 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპი რეგიონში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამრიგად, ისრაელის თავდაცვის ბიუჯეტი 24%-ით გაიზარდა და 27 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას რეგიონში ვითარების ესკალაციას, ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში ომის დაწყებასა და ირან-ისრაელის ურთიერთობების გამწვავებას უკავშირებენ.

ზედიზედ 29 წელია სტაბილურად ზრდის თავდაცვის ხარჯებს ჩინეთი. გასულ წელს ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 296 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით ექვსი პროცენტით მეტია.

უკრაინა ამცირებს რუსეთთან ჩამორჩენას

2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები 24%-ით გაიზარდა და, SIPRI-ს შეფასებით, 109 მილიარდ დოლარამდე შეადგინა, რაც 57%-ით მეტია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 2023 წელს რუსეთის თავდაცვის ასიგნებამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 16%-ს მიაღწია (მშპ-ს დაახლოებით ექვსი პროცენტი),

2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯების შესახებ მონაცემები ძალიან გაურკვეველია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების კიდევ უფრო მზარდი ფინანსური გაუმჭვირვალობის გამო. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთს, საბიუჯეტო სახსრების გარდა, სამხედრო სფეროს დონორები საბიუჯეტო ორგანიზაციების გარდა სხვადასხვა საწარმოსა და ორგანიზაციის თუ ფიზიკური პირების სახითაც მრავლად ჰყავს.

მაგრამ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, რუსეთმა, როგორც სამხედრო იარაღის ექსპორტიორმა ქვეყანამ, მეორე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. 2014-2018 წლებთან შედარებით, რუსეთის მიერ წარმოებული შეიარაღების ექსპორტი გლობალური მასშტაბით 53%-ით შემცირდა. SIPRI-ს 2024 წლის მარტის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის წილი გლობალური იარაღის ბაზარზე 11% იყო. ამ მხრივ რუსეთს ოდნავ უსწრებს საფრანგეთი (ზრდა 47%-ით), რომლის წილიც მსოფლიო იარაღის ექსპორტში 11%-ს შეადგენს; ამავე რეიტინგში პირველ ადგილზეა აშშ (17%-იანი ზრდით), რომლის წილიც მსოფლიო ექსპორტში 42%-ს შეადგენს.


სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით მსოფლიოში მერვე ადგილზეა უკრაინა, რომელმაც თავდაცვაზე გასულ წელს 51%-ით მეტი თანხა, დაახლოებით 64 მილიარდ 800 მილიონ დოლარამდე (ქვეყნის მშპ-ს 37%) დახარჯა. გასული წლის განმავლობაში კიევმა სამხედრო დახმარების სახით 35 მილიარდი დოლარიც მიიღო. საერთო ჯამში, ეს დახმარება და უკრაინის საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის მიერ გაღებული სამხედრო დანახარჯების დაახლოებით 91%-ს შეადგენს.

გასულ წელს, ისევე როგორც 2022 წელს, იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი კვლავ გახდა უკრაინა, რომელიც ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ასევე იზრდება აშშ-ის მიერ წარმოებული შეიარაღების ექსპორტი ევროპის კონტინენტზე. შედარებისათვის, თუ 2014-2018 წლებში ამერიკული სამხედრო ექსპორტის მაჩვენებელი 35%-ს შეადგენდა, 2019-2023 წლებში აშშ-დან ევროპაში იმპორტირებული სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის მაჩვენებელი 55%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, რეგიონის სხვა უმსხვილესი ექსპორტიორები იყვნენ გერმანია 6.4%-ით და საფრანგეთი 4.6%-ით.

სამხრეთი კავკასია და საქართველო

ს სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო ხხარჯებით პირველ ადგილზე კვლავ აზერბაიჯანია, შემდეგ მოდის სომხეთი და ბოლოს საქართველო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 100 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.370 მილიარდი ლარის (511 მილიონი დოლარი) ოდენობით განისაზღვრა.

„ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი კვლავ დარჩა მშპ-ის 1.67%-ის დონეზე, რაც არის ხოლმე მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენს ხარჯავს ქვეყანა თავისი თავდაცვის სისტემისათვის. რეალურად, რეკომენდაცია, რომელიც ამ [უკრაინაში] საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებობდა, გულისხმობდა მშპ-ის 2%-ს. ეს მოგვცემდა საშუალებას არსებული სტრუქტურებისა და შეიარაღებული ძალების შენარჩუნებისა და განვითარებისა. ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ ეს იყო რეკომენდაცია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თადარიგის პოლკოვნიკმა, გიორგი თავდგირიძემ.

თავდაცვის უზრუნველსაყოფად 2024 წელს საქართველოზე ცოტათი მეტს, 555 მილიარდ დრამს (დაახლოებით 1,4 მილიარდ დოლარს) დახარჯავს სომხეთი. ხოლო აზერბაიჯანის მთავრობამ, რომელიც აქტიურად განაგრძობს არმიის გადაიარაღებას მოწინავე ტექნოლოგიებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯებისთვის 6.421 მილიარდი მანათი (3,78 მილიარდი დოლარი) გამოყო.

„მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ რისკები საკმაოდ გაიზარდა, ეს ვითარება პოლიტიკოსებს უნდა უბიძგებდეს, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მთლიანი თავდაცვის სისტემაზე დაიხარჯოს მშპ-ის 4%. ეს დაახლოებით 3,6 მილიარდ ლარს შეადგენს. საქართველოს შემთხვევაში ეს ფაქტობრივად გაორმაგებაზე მეტია. მაგრამ ასეთ ზრდას აქვს გამართლება, რადგან დაკომპლექტების ხარისხი გვაქვს ძალიან ცუდი, დეკლარირებული გვაქვს 37-ათასიანი რიცხოვნობის შეიარაღებული ძალები, მაგრამ ამ რიცხოვნობასთან ახლოსაც ვერ მივდივართ, დაწყებული გვაქვს აქტიური რეზერვის დამატებითი სახეობის შექმნა, მაგრამ არ ვავითარებთ, რათა გვეშინია, რომ ხარჯები არ გაგვეზარდოს და ბოლოს კატასტროფულად საჭიროა შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაიარაღება, საბჭოთა საბრძოლო სისტემების დასავლური ანალოგებით ჩანაცვლება, რაც ამ ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მომხდარა“, - ამბობს გიორგი თავდგირიძე.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, თავდაცვის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330 მილიონი ლარი. უცნობია, იგულისხმება თუ არა მასში თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და კერძოდ კი - სამხედრო ტექნიკის შეძენა, რისთვისაც 330 მილიონი ძალიან პატარა თანხაა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG