Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 მილიარდი ევრო რეფორმებისთვის - როდის და რა დახმარებას მიიღებს უკრაინა ევროკავშირისგან?


Ukraine Facility 2024-2027 შედგება 69 სარეფორმო და 10 საინვესტიციო ამოცანისგან, რომელთა განხორციელების ხარისხი შეფასდება 146 თვისებრივი და რაოდენობრივი ინდიკატორით.
Ukraine Facility 2024-2027 შედგება 69 სარეფორმო და 10 საინვესტიციო ამოცანისგან, რომელთა განხორციელების ხარისხი შეფასდება 146 თვისებრივი და რაოდენობრივი ინდიკატორით.

სახელწოდებით Ukraine Facility 2024-2027, ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის მთავრობის მიერ წარდგენილი რეფორმების სამწლიანი გეგმა, რომლის განხორციელება ევროკავშირისგან კიევს 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ამ დახმარების ყველაზე დიდი ნაწილი, 39 მილიარდი ევრო, შეღავათიანი კრედიტებითა და გრანტებით სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ მხარდაჭერას ითვალისწინებს და ხაზგასმულია, რომ ევროპული დაფინანსების გამოყენება არ შეიძლება სამხედრო ხარჯების დასაფარად.

ამ სტატიაში გაიგებთ, რა აუცილებელი რეფორმების გატარებას ითვალისწინებს Ukraine Facility 2024-2027 და რა ფორმით მიიღებს უკრაინა ევროკავშირის დახმარებას.

რეფორმის გეგმა-ინიციატივა - ქვემოდან ზემოთ

მარტის ბოლოს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ევროკომისიის ხელმძღვანელ ურზულა ფონ დერ ლაიენს გადასცა ფართომასშტაბიანი რეფორმების გეგმა.

ეს გეგმა უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა მას შემდეგ, რაც 2024 წლის თებერვლის ბოლოს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების აღმოჩენას. დახმარებას მიემხრო 536 დეპუტატი, 40 წინააღმდეგი იყო, 39-მა თავი შეიკავა.

Ukraine Facility 2024-2027 შედგება 69 სარეფორმო და 10 საინვესტიციო ამოცანისგან, რომელთა განხორციელების ხარისხი შეფასდება 146 თვისებრივი და რაოდენობრივი ინდიკატორით.

რეფორმების გეგმა, რომელიც 3 დიდ ბლოკად იყოფა, ზემოდან - ბრიუსელიდან კი არ წამოსულა, არამედ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა და ექსპერტებმა დაწერეს.

38 მილიარდი ევროს სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერა

  • დახმარება გაიცემა შეღავათიან კრედიტებად (დაახლოებით 33 მილიარდი ევრო) და გრანტებად (5,27 მილიარდი ევრო);
  • გრანტებისა და კრედიტების სახით დახმარება გაიცემა ყოველ კვარტალში გეგმის (Ukraine Facility) ინდიკატორების შესრულების კვალობაზე;
  • გრანტებით გათვალისწინებული სახსრების 20% (1,05 მილიარდი ევრო) რეგიონების საჭიროებებს უნდა მოხმარდეს;
  • დაფინანსების გამოყენება არ შეიძლება სამხედრო ხარჯების დასაფარად.

საინვესტიციო ფონდი (6,97 მილიარდი ევრო)

  • ეს არის სპეციალური საინვესტიციო ინსტრუმენტი პრიორიტეტულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირებისთვის;
  • საინვესტიციო ფონდის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება ხელმისაწვდომია კერძო და სახელმწიფო კომპანიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან უკრაინამ მიმდინარე წლის მარტის თვეში უკვე მიიღო 4,5 მილიარდი ევრო. შემდეგი 1,89 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსება დამტკიცდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლებსაც ამისთვის ერთი თვე აქვთ.

ტექნიკური და ადმინისტრაციული დახმარება (4,64 მილიარდი ევრო)

  • მთავრობის ტექნიკური დახმარება - ევროკავშირის კანონმდებლობასთან სინქრონიზაცია, სტრუქტურული რეფორმები;
  • ხელისუფლების ორგანოთა უნარების განვითარება ნაციონალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე;
  • პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი კრედიტების პროცენტების დაფარვა.

თუ ყველაფერი გეგმის თანახმად წავა, 2027 წლისთვის უკრაინა შეძლებს უფრო თანამედროვე, ინვესტიციების მხრივ მიმზიდველ და ევროპული ქვეყნისთვის შესატყვის ეკონომიკაზე გადასვლას და გახდება ქვეყანა, რომელიც მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„Ukraine Facility 2024-2027 ეს არის ევროკავშირის რეაქცია გაფართოების აუცილებლობაზე. ეს არის 50 მილიარდი ევრო, რომელსაც გამოუყოფენ უკრაინას 4 წელიწადში იმ პირობით, რომ კიევი გაატარებს აუცილებელ რეფორმებს. ეს არის ქვეყნის შიგნით გასატარებელი გარდაქმნების ორიენტირი“, - უთხრა რადიო თავისუფლებამ ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

კერძოდ, 4 წელიწადზე ნაკრებ დროში უკრაინას განზრახული აქვს სახელმწიფო მართვის სისტემის შეცვლა; დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო სისტემის შექმნა და ნაციონალური ანტიკორუფციული სტრატეგიის რეალიზება;

ფინანსური ბაზრების განვითარების გარდა, უკრაინამ უნდა შექმნას კეთილისმყოფელი საქმიანი და საინვესტიციო კლიმატი, უზრუნველყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ასევე დეცენტრალიზაციას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას. ეს უკანასკნელი, სხვა ინდიკატორების გარდა, თვითმმართველობის ორგანოების განვითარებას და უკრაინის რეგიონების ადმინისტრაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდას ითვალისწინებს.

„ევროინტეგრაციის სკოლისთვის გაცემული სტიპენდია“

უკრაინის მთავრობის მიერ ევროკომისიისადმი წარდგენილი რეფორმების სამწლიანი გეგმის მესამე დიდი ბლოკი ეძღვნება უკრაინის ეკონომიკის გარკვეული სექტორების აღდგენასა და რეორგანიზაციას.
გასაგები მიზეზების გამო, პირველ ადგილზე აქ დგას ენერგეტიკა, რომლის მიზანმიმართულ განადგურებას რუსეთის არმია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებს რუსული რაკეტები, ბომბები და კამიკაძე დრონები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს, მით უფრო თანამედროვე, ეფექტიან და დამოუკიდებელ ენერგეტიკას მიიღებს შედეგად უკრაინა.

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებული ენერგოობიექტი ხარკოვში
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებული ენერგოობიექტი ხარკოვში

და ეს მოხდება არა ევროპული, ამერიკული ან სხვა საერთაშორისო აქტორის დახმარების ხარჯზე. არამედ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაციით, რაც კერძო ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სახელმწიფო მმართველობის და ეკონომიკის რეფორმებით ეს ეფექტი მხოლოდ გაძლიერდება.

"ეს არის საკმარისად თვალსაჩინო მხარდაჭერა, თუმცა მთელი ეს თანხა არ ეყოფა ბევრი იმ პრობლემის გადაჭრას, რომლებიც რუსეთის იერიშის შედეგად დღესდღეობით დგას უკრაინის წინაშე. ანუ ზიანი იმდენად დიდია, რომ რეალურად ყველა ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ეს არის ევროინტეგრაციის სკოლაში სწავლისთვის უკრაინისათვის გაცემული სტიპენდია“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

ჯერჯერობით არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ კიდევ რამდენი ზიანი მიადგება უკრაინას რუსეთის არმიის უწყვეტი საჰაერო იერიშებისა თუ სახმელეთო ოპერაციების შედეგად. შესაბამისად, ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა დაფინანსდეს, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწის განაღმვის ეროვნული სტრატეგია.

რაც შეეხება ევროკავშირის ფულად დახმარებას, მისი უდიდესი ნაწილი, 32 მილიარდ ევროზე მეტი შეღავათიანი კრედიტი უკრაინის ბიუჯეტისთვის, ტრანშებად გაიცემა და უკრაინის ხელისუფლების მიერ რეფორმების გეგმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის ყოველწლიური შეფასების შემდეგ, ყოველი მომდევნო ტრანშის მოცულობას ევროპის საბჭო დაამტკიცებს. ამავე დროს, დახმარების გამოყოფაზე ვეტოს დადებას ვერავინ შეძლებს.

თანხის ნაწილი, რომელსაც უკრაინის ბიუჯეტი უკვე იღებს ევროკავშირისგან, პირდაპირ კავშირშია რუსეთთან. მაგალითად, კიევისთვის უკვე გამოყოფილი 4,5 მილიარდი ევრო, ეს არის 2023 წელს გაყინული რუსული აქტივების მართვისგან მიღებული შემოსავალი.

Reuters-ის შეფასებით, ოთხ წელიწადში, 2024 წლიდან 2027 წლამდე, ამ (რუსული აქტივების) მენეჯმენტით მიღებული შემოსავალი დაახლოებით 15-20 მილიარდ ევროს მიაღწევს.

  • ევროკავშირი წინა წლებშიც მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევდა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას.
  • პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის თანახმად, მთლიანობაში 2023 წელს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერამ 15 მილიარდ ევროს მიაღწია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG