Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კემერონი: უკრაინას შეუძლია განახორციელოს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე


 ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი კიევში 2 მაისი, 2024 წელი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი კიევში 2 მაისი, 2024 წელი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, განახორციელოს დარტყმები ბრიტანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე.

"უკრაინას აქვს ამის უფლება. რუსეთი თავს ესხმის უკრაინის ტერიტორიას და გასაგებია, რომ უკრაინა გრძნობს იმის აუცილებლობას, რომ უზრუნველყოს თავდაცვა", - განუცხადა მან Reuters-ის კორესპონდენტს კიევში თავისი ვიზიტის დროს.

კემერონმა ასევე პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, ლონდონი ყოველწლიურად სამ მილიარდ გირვანქას მისცემს "იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება". მან ასევე დააზუსტა, რომ დიდმა ბრიტანეთმა "გაიღო ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, შეიარაღების მიწოდების მხრივ“.

23 აპრილს ლონდონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი 617 მილიონი დოლარის (500 მილიონი გირვანქის) ოდენობით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის გამოყენებული იქნება საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი მოწყობილობებისა და საინჟინრო საშუალებების დაჩქარებული მიწოდებისთვის, რაც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება.

სამხედრო დახმარების პაკეტში, პრესისთვის მიცემული ინფორმაციის თანახმად, შევა 1600-ზე მეტი შეტევითი და საზენიტო რაკეტა, მათ შორის ახალი პარტია Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა , რომელთა მოქმედების სიშორე დაახლოებით 250 კილომეტრს შეადგენს.

მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი იარაღის მიწოდება "წითელ ხაზს" წარმოადგენს, რომლის გადაკვეთისთვისაც პასუხი გაცემული იქნება.

  • დევიდ კემერონი იყო დიდი ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ლიდერი 2005-დან 2016 წლამდე. 2010 წლიდან 2016 წლამდე მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. 2014 წელს კემერონი მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს. ის ასევე გამოდიოდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსასვლელად რეფერენდუმის ჩასატარებლად. კენჭისყრის შემდეგ, კემერონი ქვეყნისა და კონსერვატორული პარტიის გაყოფაში დაადანაშაულეს. 2023 წლის ნოემბერში, პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG