Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემობრუნების წერტილი ომში? რას აძლევს აშშ-ის 61 მლრდ დახმარება უკრაინას - დეტალები


ადამიანთა ჯგუფი აშშ-ისა და უკრაინის დროშებით კაპიტოლიუმის მახლობლად მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უცხოური დახმარების პაკეტი უკრაინისათვის. ვაშინგტონი, 2024 წლის 20 აპრილი
ადამიანთა ჯგუფი აშშ-ისა და უკრაინის დროშებით კაპიტოლიუმის მახლობლად მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უცხოური დახმარების პაკეტი უკრაინისათვის. ვაშინგტონი, 2024 წლის 20 აპრილი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული უკრაინის დახმარების პროგრამის საერთო მოცულობა 61 მილიარდი დოლარია, რომლის მესამედი, 23,2 მილიარდი დოლარი, შეერთებულ შტატებში დარჩება და ამერიკის სამხედრო რეზერვების შევსებას მოხმარდება

უკრაინაში დარწმუნებული არიან, რომ პროგრამის ამოქმედება აღმოფხვრის მსხვილკალიბრიანი ჭურვების დეფიციტს და ბოლოს მოუღებს რუსეთის ბატონობას ჰაერში. კიევი ასევე იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დადებითად გადაწყვეტს შორი მოქმედების რაკეტების (ATACMS) გადაცემის საკითხაც.

რას შეცვლის დახმარება?

საჰაერო თავდაცვის სისტემები

შეერთებული შტატები კიევს მიაწვდის უფრო ძვირადღირებულ და თანამედროვე იარაღს.

დახმარების პაკეტში სავარაუდოდ შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები (მათ შორის - ATACMS) და საარტილერიო ჭურვები. კონგრესის ზედა პალატის მიერ მიღებული კანონი უფლებას აძლევს ამერიკის მთავრობას, გადასცეს უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ATACMS (ზალპური ცეცხლის ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ისთვის).

საარტილერიო ჭურვების ბოლოდროინდელმა დეფიციტმა გამოიწვია ის, რომ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ასობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. ამერიკის დახმარებით უკრაინა შეძლებს აღმოფხვრას რუსეთის საჰაერო უპირატესობა, გაანადგუროს მომარაგების ხაზები და შეანელოს რუსული ჯარების წინსვლა.

ევროკავშირის ქვეყნების მიერ კიევისათვის F-16 ავიაგამანადგურებლების მიწოდების შემდეგ, შეერთებული შტატები ასევე მოამარაგებს უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებს ძვირადღირებული საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე სჭირდებათ რადიკალურად გაზარდონ და გააძლიერონ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის ძალები, რათა ეფექტიანად დაუპირისპირდნენ რუსულ ავიაციას, რომელიც მასობრივადაა შეიარაღებული ათობით კილომეტრზე მოქმედი მართვადი (ე.წ. smart bomb) ბომბებით. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტია კიევისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.

აშშ-ის დახმარება ასევე ითვალისწინებს უახლოეს თვეებში უკრაინის ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების დანაკარგების უმეტესი ნაწილის შევსებას.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, დახმარება სავარაუდოდ არ მისცემს უკრაინას საშუალებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ტერიტორიების გათავისუფლება და აიძულოს რუსეთი უკან დაიხიოს, მაგრამ ამერიკული დახმარება შექმნის ამის გაკეთების შესაძლებლობას სამომავლოდ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკული დახმარება მის ქვეყანას ომის მოგების შანსს მისცემს.

„ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს უკრაინას და შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ თანხით უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რომელიც ასე საჭიროა მტრის მოსაგერიებლად. და ისე, რომ ეს დახმარება არ დაიხარჯოს წვრილმანებზე, არამედ ისე, რომ ის მართლაც მივიღოთ იმ იარაღის სახით, რომელიც დღეს არ გვაქვს - ეს არის არტილერია და შორ დისტანციაზე მოქმედი სტრატეგიული იარაღი, ეს არის ის, რაც იყო კანონში - ATACMS. ასევე საჰაერო თავდაცვა, ეს არის პრიორიტეტი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სტაბილიზაციის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს ინიციატივის მოპოვების ყველა შანსი:

„ამისთვის იარაღი უნდა მივიღოთ. როცა იარაღი გვექნება ხელში, გვექნება ინიციატივა და ჩვენ შევძლებთ წინსვლას. იმ მომენტიდან, როდესაც მივიღებთ იმ იარაღს, რომლის შესახებაც გვქონდა შეფასება და მოთხოვნა, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ და ვიწინასწარმეტყველოთ ჩვენი ქმედებები უფრო კონკრეტულად".

უფრო დეტალურად

პროგრამის მოცულობა 60,84 მილიარდი დოლარი

დახმარების ზოგიერთი მუხლი გაწერილია 2024 კალენდარული წლისთვის, ზოგი (ყველაზე ძვირი) 2025 ფისკალური წლის ბოლომდე, ზოგიერთი კი 2026 ფისკალური წლის ბოლომდე. ფინანსური წელი ყოველი წლის 30 სექტემბერს მთავრდება.

იგეგმება თანხის გადარიცხვა აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო სტრუქტურაში: სახმელეთო ძალებში (არმიაში), კოსმოსურ ძალებში, საჰაერო ძალებში, საზღვაო ძალებში, სანაპირო დაცვასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსში. ცალკე პუნქტია "თავდაცვა".

2025 ფისკალურ წელს იგეგმება 13 მლრდ 414 მლნ 432 ათასი აშშ დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის ახალი აღჭურვილობის შესაძენად ან არსებული აღჭურვილობის შეკეთებისთვის (აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ან მესამე ქვეყნებში).

აშშ-ის არმიის რაკეტებზე გამოყოფილია 2,74 მლრდ დოლარი, აგრეთვე საბრძოლო მასალისთვის - 5,6 მლრდ დოლარი, სამხედრო საჰაერო ძალებისთვის რაკეტების შესაძენად - 366 მლნ დოლარი. საზღვაო ფლოტის იარაღისთვის - 706 მლნ დოლარი.

მნიშვნელოვანი თანხები გამოიყოფა აშშ-ის არმიაში, საჰაერო ძალებსა და საზღვაო ძალებში „კვლევების, ინოვაციებისა და გამოცდებისთვის“.

252 მილიონი დოლარი გადაეცემა დაზვერვის სამსახურს.

აშშ-ში ლტოლვილთა და დევნილთა დასახმარებლად დაიხარჯება 481 მილიონი დოლარი.

60 მილიონი დოლარია გამოყოფილი სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური პროგრამებისთვის.

ეკონომიკური მხარდაჭერის ფონდი მიიღებს 7,8 მლრდ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხა მოხმარდება უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერას, დანარჩენი 50 მილიონი კი - სასურსათო დახმარების პროგრამას.

უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიიღებს 300 მილიონ დოლარს.

აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამა შეივსება 1,6 მილიარდი დოლარით.

კანონპროექტის მიღებიდან 45 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებმა უნდა წარმოადგინონ უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგია.

სტრატეგია უნდა მოიცავდეს წლიურ ეტაპებს და მისი პროგრესის გაზომვის მექანიზმებს.

სტრატეგია, სხვა საკითხებთან ერთად, მდგომარეობს უკრაინის გამარჯვებაში, „რუსული დამპყრობელი ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის ინტერესებისა და მიზნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფორმით და ის ასევე უნდა უზრუნველყოფდეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელი შედეგების აღწერას, თუ ეს მიზნები არ იქნება მიღწეული“.

უკრაინას გადაეცემა შორი მოქმედების რაკეტები ATACMS, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს, თუ ჩათვლის, რომ ეს ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. ამ შემთხვევაში მან უნდა მიაწოდოს არგუმენტები წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებს.

უკრაინამ უნდა დააბრუნოს მიღებული დახმარება, თუმცა აშშ-უს პრეზიდენტს შეუძლია თანხის 50%-ის ჩამოწერა 2024 წლის 15 ნოემბრის შემდეგ, ხოლო დარჩენილი თანხისა - 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ.

როგორი სისტემებით ეხმარება აშშ უკრაინას?

აშშ უკრაინას ეხმარება თავისი არმიის საწყობებში შენახული იარაღისა და საბრძოლო მასალის ე.წ. ჩამოწერის საშუალებით. მოკავშირეების სასარგებლოდ იარაღის ჩამოწერის უფლება (President Drawdown Authority, ან PDA) ამერიკის პრეზიდენტს მინიჭებული აქვს 1961 წლის საგარეო დახმარების აქტით, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაძლებელია წლის განმავლობაში 100 მლნ დოლარის ღირებულების აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის „ჩამოწერა“, თუმცა, PDA-ის მიხედვით, კონგრესს ასევე შეუძლია გაზარდოს ჩამოსაწერი შეიარაღების მოცულობა ნებისმიერ თანხამდე.

2022 წელს, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა იგეგმებოდა, ამერიკელმა კანონმდებლებმა, პრეზიდენტ ბაიდენის შეთავაზებით, PDA-ის ლიმიტი 11 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს.

2023 წელს უკრაინის კონტრშეტევის წინ PDA-ის ლიმიტმა 14,5 მლრდ დოლარამდე აიწია.

PDA-არხის მთავარი უპირატესობა მიწოდების სიჩქარესა და მოქნილობაშია. აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვა იწყება რამდენიმე დღეში. უკრაინაც დახმარების მიღებას რამდენიმე კვირაში დაიწყებს.

„უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა“ (Ukraine Security Assistance Initiative - USAI) - ეს არის დახმარების კიდევ ერთი არხი, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს. პროგრამა საშუალებას იძლევა, უკრაინისათვის განკუთვნილი შეიარაღება შეუკვეთონ აშშ-ის ქარხნებს. ამ პროგრამის ფარგლებში დაიხარჯა:

  • 2022 წელს - 6,3 მილიარდი დოლარი
  • 2023 წელს - 12,1 მილიარდი დოლარი

როგორც სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, ამ არხის ნაკლი დახმარების მიღების დაბალი სიჩქარეა: შეიძლება თვეები გავიდეს შეკვეთიდან მიწოდების დაწყებამდე. თუმცა, უკრაინისთვის ეს პროგრამა მაინც უაღრესად მნიშვნელოვანია: აშშ-ში საარტილერიო ჭურვების წარმოების ზრდა ასევე ფინანსდება USAI-ს სახსრებით. ამავე პროგრამის ფარგლებში დაიწყო HIMARS-ისთვის განკუთვნილი მცირე დიამეტრის ჭურვების წარმოება.

„უკრაინის დახმარების“ ჯამური ღირებულება ასევე მოიცავს სხვა ხარჯებს, მათ შორის - აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ჯარების უზრუნველყოფას, ამერიკის სხვა ევროპელი მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდებას და ა.შ. გარდა ამისა, აშშ-ის ბიუჯეტი კიევს ეხმარება მუხლებით, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული იარაღის მიწოდებასთან. მთლიანობაში ამერიკის მიერ უკრაინის დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე თვითმავალი ჰაუბიციდან (2С22 „ბოგდანი“) ბომბავს რუსეთის ჯარის პოზიციებს დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს, 2023 წლის 5 ივლისი
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე თვითმავალი ჰაუბიციდან (2С22 „ბოგდანი“) ბომბავს რუსეთის ჯარის პოზიციებს დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს, 2023 წლის 5 ივლისი

რუსეთის შეკავება, თუ დამარცხება?

ლონდონის სამეფო კოლეჯის ანალიტიკოსის, მაიკ მარტინის თქმით, 61 მლრდ დოლარი უზარმაზარი თანხაა, რომლის გამოყოფა შეიძლება იქცეს შემობრუნების წერტილად რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაში.

„სიტყვათა შეთანხმება Game changer (ძალთა განაწილების შემცვლელი ფაქტორი), ძალიან ხშირად გამოიყენება ამ ომში, სინამდვილეში კი უმეტეს შემთხვევაში არაფერი იცვლება. მაგრამ ახლა მართლა შემობრუნების მომენტთან გვაქვს საქმე. რადგან იმისათვის, რომ ომი აწარმოო, არსებითად სამი რაღაც არის საჭირო: I - საბრძოლო სულისკვეთება, რაც უკრაინას აქვს; II. ხალხი, ცოცხალი ძალა. ახლახან უკრაინაში შეიცვალა მობილიზაციის შესახებ კანონი გაწვევის შესაძლებლობების გაფართოებისა და უფრო მრავალრიცხოვანი არმიის შექმნისათვის. და ბოლოს, III - რესურსები. სწორედ ამ რესურსებს მიიღებს უკრაინა ძალიან მალე. ვფიქრობ, რომ თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს არის სერიოზული ძვრა. თუ გადავხედავთ ომებს, რომლებიც გრძელდება 2, 3, 4 და 5 წელი, გადავხედავთ მსოფლიო ომებს, დავრწმუნდებით, რომ ბოლოს ყველაფერს წყვეტს ეკონომიკური სიმძლავრე. რა მოცულობით შეგიძლია ჯარების უზრუნველყოფა საბრძოლო მასალით, საწვავითა და ყოველივე დანარჩენით. ეს კანონპროექტი ნამდვილად ქმნის პირობებს იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა მის წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად“, - განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის ანალიტიკოსმა Deutsche Welle-ს ეთერში სტუმრობისას.

მარტინის თქმით, ფრონტის ხაზის მთელ რიგ უბნებზე, ნასროლი ჭურვების მიხედვით, რუსეთის უპირატესობა 1:10-ზეა, თუმცა დახმარების მიღების შემდეგ უკრაინელებს ექნებათ საშუალება აღარ გააკეთონ ჭურვების ეკონომია, რადგან ეცოდინებათ, რომ მიწოდება უწყვეტია და, შესაბამისად, შეუძლიათ აწარმოონ კონტრბატარიული ცეცხლი:

„გარდა ამისა, ბოლო კვირებსა და თვეებში ვნახეთ, რომ რუსების უპირატესობა ჰაერში გაძლიერდა, რადგან უკრაინას არ შეეძლო ბევრი საბრძოლო გაფრენის განხორციელება სახსრების უქონლობის გამო. F-16-ისა და დამატებითი მიწოდებების წყალობით შესაძლებელი იქნება ვითარების გაწონასწორება ჰაერშიც. ამგვარად, ყოველივე ეს გამოიწვევს ვითარების შეცვლას ბრძოლის ველზე. თუმცა ამ დახმარებას აქვს ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა, რადგან ის აჩვენებს დასავლეთის მტკიცე დახმარებას, ეს კი მძიმე ფსიქოლოგიურ დარტყმას მიაყენებს რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინს. ფსიქოლოგიურ ფაქტორს ომში დიდი მნიშვნელობა აქვს“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმითაც, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა, რასაც მალე იგრძნობენ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი მეომრები.

როგორც უკრაინის უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეგორ ჩერნევმა უთხრა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს, ამერიკული დახმარების ეს პაკეტი ძალიან სულზე მიუსწრებს უკრაინას, რადგან ფრონტზე ვითარება "უბრალოდ რთული კი არა, კრიტიკულია". პოლიტიკოსის თქმით, საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო უკრაინამ დაკარგა ავდიივკა და კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი: „ჭურვების თანაფარდობა 1:10-ზე უბრალოდ თვითმკვლელობაა ბრძოლის ველზე“.

ეგორ ჩერნევის თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა სახის იარაღი სჭირდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს:

„პრიორიტეტად რჩება 155 კალიბრის ჭურვები, რომლებიც უკრაინას უბრალოდ წარმოუდგენლად აკლია. ასევე პრიორიტეტია რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ზოგიერთი სხვა რაკეტა, მაგალითად, AMRAAM. ასევე გადადგმულია დიდი ნაბიჯი უკრაინისთვის ATACMS სისტემების გადაცემის გზაზე. მეტიც, ეს არის უპრეცედენტო ამბავი, როდესაც ასეთ კანონპროექტში სპეციალურად არის ჩასმული იარაღის კონკრეტული სახეობა. ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი. 2 კვირის წინ პირად საუბარში დამარწმუნა, რომ ATACMS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მათ უკრაინაში მივიღებთ“.

რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან საუბარში შეერთებულ შტატებში უკრაინის ყოფილი ელჩი ოლეგ შამშური იმედოვნებს, რომ გამოყოფილი სამხედრო დახმარება მიმართული იქნება არა მხოლოდ რუსეთის შეკავებისკენ (არ დაიკავოს უკრაინის ახალი ტერიტორიები), არამედ მისი დამარცხებისკენ:

„თუ კანონპროექტის ტექსტს გადავხედავთ, მასში აღმოვაჩენთ უკრაინისთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვან ასეთ ფრაზას: „უკრაინის გამარჯვების დასაჩქარებლად რუსული აგრესიის წინააღმდეგ“. ეს მნიშვნელოვანია და ეს არის ტექსტში. მეორე მხრივ, როგორ მოხდება ამ დახმარების გამოყენება, როგორი იქნება მიწოდების ნომენკლატურა, რამდენად სწრაფად განხორციელდება დახმარება - ყოველივე ეს დაკავშირებულია არა კანონპროექტთან, არამედ ადმინისტრაციის პოლიტიკასთან, იმის გაგებასთან, რომ რუსეთი რადიკალურად და უალტერნატივოდ უნდა დამარცხდეს“, - აღნიშნა ოლეგ შამშურმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

დიპლომატის თქმით, ვაშინგტონს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. შესაბამისად, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება უკრაინაში ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გაგზავნის შესახებ, რაც გათვალისწინებულია წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტში, კვლავ კითხვის ქვეშ რჩება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG