Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ კარგავდნენ უკრაინელები დონბასს


პრორუსი მომიტინგეები და შეიარაღებული პირები ე.წ. DPR-ის დროშისა და რუსეთის ფედერაციის წმინდა გიორგის ლენტის ფონზე. საილუსტრაციო კოლაჟი
პრორუსი მომიტინგეები და შეიარაღებული პირები ე.წ. DPR-ის დროშისა და რუსეთის ფედერაციის წმინდა გიორგის ლენტის ფონზე. საილუსტრაციო კოლაჟი

2014 წლის 12 აპრილს რუსულმა ჯარმა და ადგილობრივმა კოლაბორაციონისტებმა უკრაინაში, დონეცკის რეგიონში ქალაქები სლავიანსკი, კრამატორსკი და დრუჟკოვკა აიღეს.

მეორე დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გამოაცხადა, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას იწყებს. ასე გაჩაღდა უკრაინაში ომი, რომელსაც წინ პრორუსული აქციები და ქვეყნის აღმოსავლეთით ადმინისტრაციული შენობების დაკავება უძღოდა. ეს რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით ხდებოდა. რუსული პროპაგანდა ამ პერიოდს „რუსულ გაზაფხულს“ უწოდებს.

ამ მოვლენების ათი წლისთავთან დაკავშირებით „ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ მოამზადა პროექტი უკრაინის იმ რეგიონებზე, რომელთა დესტაბილიზაციას, 2014 წელს, რუსეთი შეეცადა და რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ნოვოროსიას“ უწოდებს.

პროექტი „ნოვოროსია“ და სისხლიანი გაზაფხული დონეცკში

2014 წლის ბოლოს, როდესაც კიევში ევრომაიდანმა გაიმარჯვა და ვიქტორ იანუკოვიჩი გაიქცა, ყირიმში შეიარაღებული ადამიანები გამოჩნდნენ. მათ ამომცნობი ნიშნები არ ჰქონდათ. ამ ხალხმა ადმინისტრაციული შენობა დაიკავა. პუტინი ჯერ ამბობდა, რომ ასე „ყირიმი იცავს თავს“, შემდეგ კი აღიარა, რომ ისინი რუსი ჯარისკაცები იყვნენ. 16 მარტს რუსეთმა ყირიმში ჩაატარა უკანონო რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე. 17 მარტს პუტინმა პირველად ახსენა ტერმინი „ნოვოროსია“ (ახალი რუსეთი - რ.თ.).

„შეგახსენებთ, რომ ეს ნოვოროსიაა. ხარკოვი, ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა - სამეფო წყობის დროს უკრაინის შემადგენლობაში არ შედიოდა. ეს ტერიტორიები უკრაინას საბჭოთა ხელისუფლებამ გადასცა. რატომ, ღმერთმა უწყის“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლის პროპაგანდისტები მას შემდეგ ამ ტერიტორიებს „ძირძველ რუსულ მიწებად“ მოიხსენიებენ, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას კი - „ნოვოროსიის გათავისუფლებად ნაცისტებისა და კიევის ხუნტისგან“. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივმა კოლაბორაციონისტებმა და რუსმა ბოევიკებმა პროექტ „ნოვოროსიის“ განხორციელება ჯერ კიდევ 2014 წლის მარტის დამდეგს დაიწყეს, რაც უკვე აპრილში დონბასის სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.

„ჩემთვის ომი 2014 წელს დაიწყო, როცა ქალაქში გაუგებარი ხალხი გამოჩნდა, ნახევრად სამხედრო ფორმებში ჩაცმულები. საზოგადოება რაღაც გაუგებარის მოლოდინში იყო. შემდეგ ამ გაუგებრობის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა“, - იხსენებს უკრაინელი აქტივისტი ირინა დოვგანი, რომელიც მაშინ დონეცკის ოლქში, იასინოვატაში ცხოვრობდა. ირინას რუსი სეპარატისტების მხარდამჭერები ხუთი დღე აწამებდნენ.

„სიტუაცია იცვლებოდა და მასზე გავლენა არ გვქონდა, - განაგრძნობს ის, - უკვე აღარ იმართებოდა პროუკრაინული მიტინგები, რომლებზეც დავდიოდი ხოლმე. სახიფათო გახდა, ხალხს ხოცავდნენ. ყველა ტელეარხი რუსულ სიბინძურეს გადასცემდა, რაღაც ნარატივებს, გზავნილებს, რომ ჩვენ აქ, დონბასში შოკოლადში ვიცურავებთ, ბენზინი უფასო იქნება, პენსიები გაოთხმაგდება, ხელფასი კი ისეთივე გახდება, როგორიც რუსეთშია. ჩემ გარშემო ხალხი თითქოს შეიშალა, ეიფორიაში იყვნენ“.

ეიფორიამ მაშინ გადაუარათ, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ბევრი, მათ შორის

ირინაც, იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ისეთებიც იყვნენ, ვინც ირინას მსგავსად რუსეთის მხარდამჭერმა სეპარატისტებმა დააკავეს. მათ ტყვეობისა და წამების გადატანა მოუხდათ. ზოგი პროუკრაინელი აქტივისტი მოკლეს. რეგიონი ქაოსში ინთქმებოდა.

დონბასში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 2014 წლის 12 აპრილს დაიწყო - აიღეს სლავიანსკი, კრამატორსკი და დრუჟკოვკი. მასში რუსული ნაწილები და ადგილობრივი კოლაბორაციონისტები მონაწილეობდნენ.

„ომის „გამშვებ ღილაკს“ მაინც მე დავაჭირე ხელი, - განაცხადა შემდეგ უშიშროების ფედერალური სამსახურის თადარიგის პოლკოვნიკმა იგორ გირკინმა (სტრელკოვი), - ჩვენს ნაწილს საზღვარი რომ არ გადაელახა, ყველაფერი ისე დასრულდებოდა, როგორც ხარკოვსა და ოდესაში - რამდენიმე მკვდარი, დამწვარი, დაპატიმრებული და მორჩა“.

მოგვიანებით იგორ გირკინს ნიდერლანდში სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. საქმე ეხებოდა სამოქალაქო „ბოინგის“ ჩამოვარდნას, რომლის შედეგადაც 298 ადამიანი დაიღუპა. მაშინ გირკინი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „თავდაცვის მინისტრი“ იყო და რუსი ბოევიკების მიერ მხარდაჭერილ დონეცკის ოლქში მეთაურობდა.

„სახალხო გუბერნატორი“ და „რუსი ტურისტები“

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შესახებ 2014 წლის 7 აპრილს გამოაცხადეს, როდესაც ხალხმა დონეცკში სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაიკავა. მანამდე მთელი თვე ქუჩის პროტესტები მიმდინარეობდა.

„ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ, 2014 წლის თებერვლის ბოლოს, დონეცკში მისი მომხრეები დაბნეულები იყვნენ“, - იხსენებს დენის კაზანსკი, დონეცკელი ჟურნალისტი, თანაავტორი წიგნისა „როგორ კარგავდა უკრაინა დონბასს“.

„არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, მერე რა იქნებოდა. მოვლენების ჩქარმა განვითარებამ და იანუკოვიჩის საქციელმა ბევრი შეაშინა. არ ელოდნენ, რომ ასე მოიქცეოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და იანუკოვიჩის გარეშე დარჩენილმა ელიტამ ეს მოსახლეობის შესაშინებლად გამოიყენა. მაქსიმალურად ცდილობდნენ ხალხი დაეშინებინათ, რომ შეშინებულები ქუჩაში გამოსულიყვნენ ბარიკადებზე“, - ამბობს კაზანსკი რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროსთან.

თებერვალში დონეცკის სხვადასხვა ნაწილში ევრომაიდნის მოწინააღმდეგეების მიტინგები იმართებოდა. ოღონდ მასში 2-3 ასეული ადამიანი თუ

მონაწილეობდა. პირველი დიდი მიტინგის ორგანიზება ადგილობრივ ხელისუფლებას 1 მარტს გამოუვიდა (ამ დღეს მაიდნის საწინააღმდეგო მიტინგები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ამ თარიღს „რუსული გაზაფხულის“ დასაწყისადაც მიიჩნევენ). დონეცკის ცენტრში ათი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

ლენინის მოედანზე საჯარო მოხელები იდგნენ, რომლებიც პარტია „რეგიონების“ წარმომადგენელმა ნიკოლაი ლევჩენკომ შეკრიბა. მოითხოვდნენ, „დონბასის ხმა გაეგოთ“. მიტინგის დროს არეულობა დაიწყო. სცენაზე პრორუსი აქტივისტი პაველ გუბარევი გამოვიდა და რუსული დროშის ფონზე, ფურცელზე დაწერილი სიტყვა წაიკითხა. გუბარევმა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს რუსული მიწა და „ნოვოროსია“ უწოდა. ხალხს მოუწოდა, კიევის ხელისუფლება არ ეღიარებინა და ადგილობრივი ძალოვანები ეიძულებინათ, „ხალხის მმართველობას დაქვემდებარებოდნენ“. ამ გამოსვლის დროს მისმა მომხრეებმა ის „სახალხო გუბერნატორად“ გამოაცხადეს.

„ბოევიკების მეთაურობით სეპარატისტებმა ეს მიტინგი ფაქტობრივად „გამოწურეს“. ყველაზე რადიკალური ნაწილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ასაღებად წაიყვანეს. რა თქმა უნდა, შტურმზე უმცირესობა წავიდა, მაგრამ ეს მაინც რამდენიმე ათასი ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, ამ მოძრაობას, ამ არეულობას ბიძგი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისცა. იქ ბევრი ხალხი შეიკრიბა, რადგან ავტობუსებით მოჰყავდათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი

გამოიყენა, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხისთვის მოეყარა თავი. ქალაქის საბჭოს სპიკერი სერგეი ბოგაჩოვი ამ მიტინგების ორგანიზებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა. მიტინგები მალე შეტაკებებსა და სისხლისღვრაში გადაიზარდა“, - ამბობს დენის კაზანსკი.

პრორუს აქტივისტს რუსეთის დროშა უჭირავს. აქცია დონეცკში, 15 მარტი, 2014 წელი.
პრორუს აქტივისტს რუსეთის დროშა უჭირავს. აქცია დონეცკში, 15 მარტი, 2014 წელი.

ამის შემდეგ გუბარევის მხარდამჭერი მიტინგები დონეცკის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციასთან მუდმივად იმართებოდა, თუმცა მასობრივი აღარ იყო. 3 მარტს ამ ხალხმა სამხედრო ადმინისტრაციის შენობა პირველად დაიკავა.

ამავე დროს, დონეცკში პროუკრაინული მიტინგებიც იმართებოდა. 13 მარტს პრორუსული აქციის მონაწილეები ერთიანი უკრაინის მომხრეებს დაესხნენ თავს. ჯერ მხრჩოლავი მაშხალები და კვერცხები დაუშინეს, მერე კი ხელკეტებითა და არმატურით დაერივნენ. დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად სრულიად უკრაინული გაერთიანების „თავისუფლების“ 22 წლის წევრი დმიტრი ჩერნიავსკი დაიღუპა.

პროუკრაინული მიტინგი დონეცკში, 5 მარტი, 2014 წელი
პროუკრაინული მიტინგი დონეცკში, 5 მარტი, 2014 წელი

მაშინ ადგილობრივები ამჩნევდნენ, რომ პრორუსულ აქციებზე რუსეთიდან ჩამოსული ხალხი დადიოდა. დენის კაზანსკი ფიქრობს, რომ რეგიონის დესტაბილიზაციაში მთავარი როლი სწორედ მათ შეასრულეს.

„ისინი არეულობის მოსაწყობად მოდიოდნენ, იმისთვის, რომ მთელ ამ პროცესს ძალადობრივი სახე მიცემოდა, სისხლი რომ დაღვრილიყო. თავს „რუს ტურისტებს“ უწოდებდნენ“, - ამბობს კაზანსკი.

„რუს ტურისტებს“ იხსენებს ისტორიკოსი ვადიმ ჯუვაგაც, დონეცკის ოლქიდან: „რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოდიოდნენ უკრაინაში. ტრანსპორტითა და საცხოვრებლებით ადგილობრივი ოლიგარქები უზრუნველყოფდნენ. თან რუსული დროშები მოჰქონდათ. სწორედ ისინი იყვნენ პრორუსული მიტინგების ინიციატორები, რადგან ვერ ვიტყვი, რომ დონბასელები თავიდან ამ მიტინგებს ემხრობოდნენ. ადგილობრივი მარგინალებიც წამოსწიეს, თუმცა, ისინი ცოტანი იყვნენ. მაგალითად, მარიუპოლში უკრაინული დროშა ჩამოხიეს და რუსული აღმართეს. ეს სწორედ რუსებმა გააკეთეს, დონის როსტოვიდან“.

„მახსოვს, „რუსული გაზაფხული“ სანამ დაიწყებოდა, „სქრინი“ ჩამიგდეს რუსული სოციალური ქსელებიდან, განცხადება, უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში მიტინგებში მონაწილეობისთვის მოხალისეებს ვეძებთო. ტელეფონიც ეწერა, - განაგრძობს ჯუვაგა, - მასობრივად ჩამოდიოდნენ რეგიონში. ვინც პირველად იყო უკრაინაში, არ იცოდნენ, რომ ჩვენთან საათობრივი სხვაობაა, რომ კიევის დროით ვართ და არა მოსკოვის. ამით გამოვიჭერდით ხოლმე, ვეკითხებოდით: „რომელი საათია?“ არც აქაურობა იცოდნენ“.

დენის კაზანსკი დარწმუნებულია, რომ მაშინ დონეცკის ელიტას ჯერ კიდევ შეეძლო ყველაფერი შეეჩერებინა: „მაგრამ დარწმუნებულები

იყვნენ, რომ ამ ყველაფერს გააკონტროლებდნენ და ამ მოვლენებს კიევთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებდნენ. აი, მოველაპარაკებით, ავტონომიას მოვითხოვთ, ფედერალიზაციას და ყველაფერი კარგად იქნება“.

2014 წლის 28 აპრილს დონეცკში უკანასკნელი პროუკრაინული მიტინგი ჩატარდა. ორიათასკაციან აქციას თავს ხელკეტებითა და დანებით დაესხნენ. 15 კაცი დაშავდა, რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ იქ მყოფი სამართალდამცველები თითქმის არაფერში ჩარეულან.

„მიტინგზე მივედით, რომ გვეჩვენებინა, ყველა რუსეთს არ ემხრობა. რომ ძალიან ბევრს სურს უკრაინაში დარჩეს და გამოდის იმისთვის, რომ დონეცკი უკრაინაა, - იხსენებს დენის კაზანსკი, - ისინი კი მოვიდნენ, რომ უკრაინელი პატრიოტები დაეხოცათ და დაეჩეხათ“.

პოლიცია ცდილობს პრორუსულ და პროუკრაინულ აქციებს შორის ჩადგეს, 5 მარტი, 2014 წელი.
პოლიცია ცდილობს პრორუსულ და პროუკრაინულ აქციებს შორის ჩადგეს, 5 მარტი, 2014 წელი.

„მგონია, უკრაინული აქტივის პრობლემა ის იყო, რომ ისინი ინტელექტუალურ პროფესიებს წარმოადგენდნენ: უნივერსიტეტებიდან იყვნენ, სტუდენტები, მედიის თანამშრომლები, საბანკო სექტორი, - განაგრძობს ის, - იქითა მხრიდან კი მოვიდნენ რუსები, კონფლიქტის გასაჩაღებლად ჩამოსულები, ადგილობრივი მარგინალები და დეკლასირებული ელემენტები. პირდაპირ დანებითა და არმატურით მოცვივდნენ, ხალხი რომ დაეხოცათ და დაესახიჩრებინათ. ჩვენ ბოევიკები არ ვიყავით და მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდით. ამით ფაქტობრივად მოიგეს“.

პრორუსული და პროუკრაინული აქციის მონაწილეების დაპირისპირება, 28 აპრილი, 2014 წელი.
პრორუსული და პროუკრაინული აქციის მონაწილეების დაპირისპირება, 28 აპრილი, 2014 წელი.

დამოუკიდებლობის მხარდაჭერიდან სეპარატიზმამდე

1991 წლის დეკემბერში რეფერენდუმზე უკრაინის დამოუკიდებლობას დონეცკის რეგიონის თითქმის 84%-მა მისცა ხმა.

„დონბასმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ხალხს სოციალურად ჩამოყალიბება სჭირდებოდა. ამას შეგვიძლია “ძეხვი” დავარქვათ, - ამბობს ვადიმ ჯუვაგა, - 1991 წელს დონეცკის რეგიონში ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ მოსკოველებს ჩვენი ლორი უყვართ და ამიტომ დამოუკიდებლები კარგად ვიცხოვრებთ. ეს დაიჯერეს და დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. მაგრამ არავინ ლაპარაკობდა იმას, რომ კეთილდღეობა მძიმე მუშაობით მიიღწევა, ამიტომაც გაუცრუვდათ იმედები“.

დონბასში სეპარატიზმის პირველი სერიოზული აფეთქება 1993 წელს მოხდა.

„როდესაც გაირკვა, რომ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მართლაც ჩამოყალიბდა, დონბასის ელიტამ გაიაზრა, რომ თავიანთი ადგილი ახალ მმართველობაში უნდა გამოენახათ. შეეცადნენ თავი შეეხსენებინათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ (დიდი ბიზნესი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო) რეგიონულ დამოუკიდებლობაზე დაიწყო ლაპარაკი. კიევში ეს იდეა არ მოეწონათ. რეგიონელი „თავადების“ ზეწოლის ქვეშ მოქცევას არავინ აპირებდა. მაშინ დონბასის ელიტამ გადაწყვიტა, ადგილობრივი ხალხის უკმაყოფილება თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებინა და ცენტრალური ხელისუფლება დაეშინებინა“, - აღნიშნავენ ავტორები წიგნისა „როგორ კარგავდა უკრაინა დონბასს“.

1993 წლის დასაწყისში უკრაინაში ფასებმა კიდევ ერთხელ მოიმატა. ეს ფორმალური მიზეზი გახდა იმისთვის, რომ მაღაროელების მასობრივი პროტესტი დაწყებულიყო. არაოფიციალურად ამ პროტესტს დონეცკის მაშინდელი მერი ეფიმ ზვიაგილსკი აკონტროლებდა. ხელფასების მატებასთან ერთად მაღაროელებმა პოლიტიკური მოთხოვნებიც წამოაყენეს, უნდოდათ ჩატარებულიყო რეფერენდუმი პრეზიდენტისადმი ნდობის, დონბასის რეგიონალური დამოუკიდებლობისა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის შესახებ.

„ადგილობრვი ხელისუფლება ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა, რაც გვაფიქრებინებს, რომ პოლიტიკური მოთხოვნები მათთან იყო შეთანხმებული. პროტესტის მეორე დღესვე რეგიონალური საბჭოს დეპუტატებმა მაღაროელების მოთხოვნებს მხარი დაუჭირეს და “ხალხის ნების შესასრულებლად” საბჭოს სესიაზე დონეცკის რეგიონის ავტონომიის საკითხი გამოიტანეს. მასობრივი აქციები რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებას პარალიზებით ემუქრებოდა. შესაძლებელი იყო მასობრივი შეტაკებებიც. ტრიბუნებიდან საკმაოდ რადიკალური განცხადებები ისმოდა, მათ შორის, დონბასის უკრაინისგან გამოყოფის შესახებ. ცენტრალური ხელისუფლება პროტესტის მასშტაბმა გულწრფელად შეაშინა და მაშინვე განაცხადა, რომ დაუთმობდა“, - აღნიშნულია წიგნში.

მაღაროელების პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ეფიმ ზვიაგილსკი ლეონიდ კუჩმას ხელისუფლებაში პირველ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მაღაროელებს ხელფასს მოუმატებს.

„1993 წელს დონბასის ელიტა დარწმუნდა, რომ სეპარატიზმით შანტაჟი რეალური საშუალებაა ხელისუფლებაში ადგილის მისაღებად“, - ასკვნიან წიგნის ავტორები.

კუჩმას ეპოქა და „დონეცკი“

1994 წელს უკრაინის პრეზიდენტად ლეონიდ კუჩმა აირჩიეს.

მან არჩევნებზე ლეონიდ კრავჩუკი დაამარცხა. ეს დამოუკიდებელი უკრაინის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელშიც რეგიონალური განსხვავება გამოჩნდა.

უკრაინის დასავლეთით მცხოვრებმა მოსახლეობამ ხმა ვოლინელ კრავჩუკს მისცა, აღმოსავლეთისამ - დნეპროპეტროვსკელ კუჩმას. დონეცკის ოლქში კუჩმას მხარი 79%-მა დაუჭირა. საარჩევნო კამპანიის დროს კუჩმა ხალხს დაჰპირდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას განავითარებდა. ის პრორუსულ კანდიდატად მიიჩნეოდა. თუმცა, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც უნიტარული წყობა გაამყარა, ერთადერთ სახელმწიფო ენად კი უკრაინული გამოცხადდა. ფედერალიზაციას აქ უკვე აღარავინ ახსენებდა.

შიდა პოლიტიკა კუჩმამ არა საშუალო და მცირე ბიზნესზე, არამედ დიდი ოლიგარქიული კლანების შექმნაზე ააგო. სწორედ ამ კლანებით „ეჭირა“ სიტუაცია დონეცკის რეგიონში პრეზიდენტობის ათი წლის განმავლობაში.

„სახელმწიფო ქონების თავისი წილი დონეცკშიც მიიღეს, - წერენ წიგნში დენის კაზანსკი და მარინა ვოროტინცევა, - კუჩმა დონეცკში ადგილობრივ კლანებს არ ებრძოდა. მათი მხარდაჭერა სჭირდებოდა, რომ საკუთარ სავარძელში თავი უსაფრთხოდ ეგრძნო და მეორე ჯერზეც უპრობლემოდ ეყარა კენჭი. ამის გამო დონბასის ელიტას ნება მისცა, ხელში ჩაეგდო ის ინდუსტრიული გიგანტები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე “ხრჩოლავდა”. ასეთ ვითარებაში აღარანაირი მიზეზი აღარ არსებობდა, კუჩმას მორიგი რეფერენდუმით დამუქრებოდნენ, ან ფედერალიზაცია შეეხსენებინათ“.

1996 წელს პოლიტიკურ არენაზე მაშინ ნაკლებად ცნობილი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოჩნდა. იმ დროისთვის ის გაერთიანება „დონეცკავტოტრანსის“ გენდირექტორი იყო. იანუკოვიჩი ჯერ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნეს, ერთი წლის თავზე კი - სამხარეო ადმინისტრაციის.

დონეცკის ელიტას კარგად ესმოდა, რომ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების ლობირებისთვის პოლიტიკური ძალა სჭირდებოდათ. „რეგიონების პარტია“, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, სწორედ ასეთ ძალად იქცა. მის დამფუძნებლებს შორის იყვნენ ეფიმ ზვიაგილსკი და ნიკოლაი აზაროვი.

„1998 წელს დონეცკში ვიზიტისას პრეზიდენტმა კუჩმამ პირობა დადო, იანუკოვიჩი გუბერნატორის სავარძელში მანამდე იჯდება, სანამ პრეზიდენტი ვიქნებიო. ეს დაპირება კუჩმამ გადაჭარბებითაც კი შეასრულა. იანუკოვიჩი თავის სავარძელში 2002 წლამდე იჯდა, შემდეგ კი დააწინაურეს და ხელისუფლების სათავეში მოექცა. 1998 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა დონეცკის რეგიონის არაოფიციალური მმართველის, რინატ ახმეტოვის მდგომარეობაც. კომპანია “დონბასის ინდუსტრიულმა კავშირმა”, რომლის თანამფლობელიც ის გახლდათ, აქტივების შეძენა დაიწყო და მხარის ყველაზე დიდი საწარმოები თავის კონტროლქვეშ მოაქცია, ნაწილობრივ უკრაინული მეტალურგიის გიგანტი - მარიუპოლის “აზოვსტალიც”, - წერია წიგნში.

2000 წლების დასაწყისამდე კუჩმა ახერხებდა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსი შეენარჩუნებინა. თუმცა, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობისა და იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც „კოლჩუგის“ სარადარო სისტემების ირანისადმი მიყიდვას მოჰყვა, დასავლეთში კუჩმას რეპუტაცია გაფუჭდა. უკმაყოფილების დონე უკრაინაშიც იზრდებოდა. გამოჩნდნენ ახალი ლიდერები - ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო. 2002 წელს კიევში მასობრივი აქციები დაიწყო, სლოგანით „აღსდექ, უკრაინა“. ამ მოვლენებმა კუჩმა აიძულა, ორიენტაცია რუსეთისკენ აეღო.

ლეონიდ კუჩმა და ბორის ელცინი, 16 ნოემბერი, 1997 წელი.
ლეონიდ კუჩმა და ბორის ელცინი, 16 ნოემბერი, 1997 წელი.

2004 წელს, როდესაც წინაასარჩევნო კამპანია იყო გაჩაღებული, უკრაინის სამხედრო დოქტრინიდან, პრეზიდენტ კუჩმას ბრძანებით, ამოიღეს მუხლი ნატოსა და ევროკავშირში უცილობელი შესვლის შესახებ. თავად კუჩმას არ უცდია კონსტიტუცია შეეცვალა და მესამედ მოსულიყო ხელისუფლებაში. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბევრი ლიდერი სწორედ ასე იქცეოდა. თუმცა, სცადა ხელისუფლება რუსული სქემის მიხედვით გადაეცა - ისე როგორც ბორის ელცინმა გააკეთა. კუჩმას მემკვიდრე მაშინდელი პრემიერი ვიქტორ იანუკოვიჩი უნდა გამხდარიყო. მას პრორუსად მიიჩნევდნენ.

მოსკოვი იანუკოვიჩს აქტიურად უჭერდა მხარს. 2004 წელს პუტინი შვიდჯერ ჩამოვიდა უკრაინაში, რომ იანუკოვიჩთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა.

ამ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ იუშჩენკო გახდა. ის პროდასავლელი ლიდერი იყო.

„პროფესორი“ იანუკოვიჩი და უკრაინელების სამი ტიპი

2004 წლის საპრეზიდენტო კამპანია დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ბინძური იყო.

„დონბასელების კიეველების წინააღმდეგ წაქეზება უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. კიევის ხელისუფლება არაფერს აკეთებდა, ის მედიასაშუალებები კი, რომლებიც პრორუს ოლიგარქებს ეკუთვნოდათ, დონბასს უკრაინის წინააღმდეგ უბიძგებდნენ, - იხსენებს ვადიმ ჯუვაგა, - ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი 2004 წელს გახდა“.

ვიქტორ იანუკოვიჩი არც ინტელექტუალი იყო, არც ნიჭიერი ორატორი. მას თავისი სამეცნიერო წოდების სწორად დაწერაც კი არ შეეძლო (საპრეზიდენტო კანდიდატის ანკეტაში საკუთარი თავი „პროფესორად“ მოიხსენია და 90 სიტყვაში 12 შეცდომა დაუშვა). ამის გამო გადაწყდა, რომ მისი საარჩევნო კამპანია არა მიღწევებზე, არამედ დაპირებებზე აეგოთ, ასევე შექმნეს საფრთხობელაც - „ფაშიზმის დაბრუნება“.

აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ „ნარინჯისფერები“ დონბასს ვერ იტანდნენ და თუ იუშჩენკო პრეზიდენტი გახდებოდა, ამ რეგიონს აუცილებლად დასჯიდა. იანუკოვიჩის გუნდი ირწმუნებოდა, „ნარინჯისფერები“ რუსულ ენას აკრძალავენ, დონბასის მცხოვრებლებს კი აიძულებენ, დასავლეთ რეგიონებიდან ჩამოსული მუქთამჭამელები გამოკვებონო. საფოსტო ყუთებში ყრიდნენ ფურცლებს, რომლებზეც იუშჩენკო ნაცისტურ ფორმაში იყო გამოსახული. გაკეთდა სარეკლამო რგოლი, მასზე უკრაინის რუკა სამ ნაწილად იყო გაყოფილი. დასავლეთის მიწები აღნიშნული იყო როგორც პირველი ხარისხის, ცენტრალურის - მეორე, და სამხრეთის - მესამე. რუკას ქვეშ წარწერა ახლდა: „ასე გამოიყურება მათი უკრაინა“.

„მიუხედავად იმისა, რომ იუშჩენკოს საწინააღმდეგო მასალები ძალიან პრიმიტიული იყო, დონბასში ამას კრიტიკულად არ ხვდებოდნენ, - წერენ დენის კაზანსკი და მარინა ვოროტინცევა, - მილიონობით ადამიანს ამ “საფრთხობელასი” მართლაც სჯეროდა და “ნარინჯისფერი ჭირისაც” ეშინოდა. შემდეგ ინტელიგენტი იუშჩენკოსიც შეეშინდათ და როგორც ბოროტების განსახიერებას ისე უყურებდნენ“.

თუმცა, ადმინისტრაციული რესურსისა და იანუკოვიჩის გუნდის ძალისხმევის მიუხედავად, ვიქტორ იუშჩენკოს რეიტინგი მასზე მინიმუმ 7 პროცენტით მეტი იყო.

2004 წელს პირველი ტური იუშჩენკომ მცირე განსხვავებით მოიგო. 21 ნოემბერს მეორე ტური გაიმართა. ნაციონალური ეგზიტპოლის მონაცემებით, იუშჩენკომ თერთმეტპროცენტიანი განსხვავებით გაიმარჯვა, მაგრამ ცესკოს შედეგებით, პირიქით, იანუკოვიჩმა მოიგო.

დამკვირვებლებმა გაყალბებისა და კანონდარღვევის უამრავი შემთხვევა დააფიქსირეს. ოპოზიციის ლიდერებმა ხალხს მოუწოდეს, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსულიყვნენ. ზოგმა რეგიონმა, სადაც იუშჩენკომ დამაჯერებლად გაიმარჯვა, უარი თქვა არჩევნების შედეგები ეცნო.

ვიქტორ იუშჩენკოს მხარდამჭერები კიევის მთავარ მოედანზე, 28 დეკემბერი, 2004 წელი.
ვიქტორ იუშჩენკოს მხარდამჭერები კიევის მთავარ მოედანზე, 28 დეკემბერი, 2004 წელი.

იანუკოვიჩის შტაბი მასობრივი პროტესტისთვის მზად არ აღმოჩნდა. მათ ლეონიდ კუჩმას პოზიციამაც გაუცრუა იმედი, რომელმაც უარი თქვა კიევში საპროტესტო აქციების დაშლაზე. „რეგიონალებისა“ და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მედიის რიტორიკა კიდევ უფრო მწვავე გახდა. კიევის აქციებს ისინი „ნარინჯისფერ შაბაშს“ ეძახდნენ.

აი, რას ჰყვებოდა იანუკოვიჩის მეუღლე დონეცკში მისი ქმრის მომხრეების მიტინგზე: „ძვირფასო მეგობრებო, მე კიევიდან ვარ, შემიძლია მოგიყვეთ იქ რა ხდება. იქ ნარინჯისფერი შაბაშია… ნარინჯისფერი ფორთოხლების მთები დგას. ეს ყველაფერი “ნარინჯისფერი ცის” (სიმღერა - რ.თ.) ფონზე. ეს ფორთოხლები უბრალო არაა, დაჩხვლეტილებია. ხალხი იღებს ფორთოხალს, ჭამს, მეორეს იღებს. ხელი თავისით იწევს მათკენ. აქეთ რომ მოვდიოდი, ამბავი მოიტანეს, რომ მოედანზე ხალხი მასობრივად მოიწამლა. ზოგმა საავადმყოფოს მიმართა. ხალხი მენინგიტით მიიყვანეს. სადამდე მივედით. უტიფარი სახეებით იყურებიან!“

რეპეტიცია 2014 წლისთვის

მაშინ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ელიტა, უკვე სერიოზულად შეეცადა უკრაინის გახლეჩის კარტის გათამაშებას. 2004 წლის 28 ნოემბერს ჩრდილოეთ დონეცკში ჩატარდა „სრულიად უკრაინის ყველა დონის დეპუტატების სხდომა“. მიზეზად „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მიერ პროვოცირებული პოლიტიკური კრიზისი დასახელდა. ეს იყო პასუხი კიევისა და რამდენიმე რეგიონის უარზე, ეღიარებინათ იანუკოვიჩის გამარჯვება.

სანამ კიევსა თუ სხვა რამდენიმე რეგიონში ხმების გადათვლას და ვიქტორ იუშჩენკოს გამარჯვების აღიარებას ითხოვდნენ, ზოგიერთი რეგიონის ელიტამ გადაწყვიტა ულტიმატუმი წამოეყენებინა, იუშჩენკოს გამარჯვების შემთხვევაში ისინი პირობას დებდნენ, რომ „სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ავტონომიურ რესპუბლიკას“ შექმნიდნენ. ამ იდეის ინიციატორები გახდნენ ლუგანსკის რეგიონის მმართველი ალექსანდრ ეფრემოვი, ლუგანსკის სამხარეო საბჭოს ხელმძღვანელი ვიქტორ ტიხონოვი, ხარკოვის რეგიონის მმართველი ევგენი კუშნაროვი და დონეცკის - ანატოლი ბლიზნიუკი. სხდომის დროს პროექტი წარადგინა დონეცკის რეგიონალური საბჭოს თავჯდომარემ ბორის კოლესნიკოვმა.

„ჩვენ სასიცოცხლოდ აუცილებელი გვგონია, ყველა რეგიონმა თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს რეფერენდუმი. პირველი კითხვა, რომელიც რეფერენდუმზე უნდა გამოიტანონ, ეს არის უნდობლობის გამოცხადება სახელმწიფოს უმაღლესი მმართველობის ყველა იმ ინსტიტუციის მიმართ, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. მეორე - უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სახელმწიფოს ჩამოყალიბება ფედერალური რესპუბლიკის ფორმით“, - განაცხადა მაშინ კოლესნიკოვმა.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ავტონომიური რესპუბლიკის ჩამოყალიბების იდეოლოგებს თვალი 10 რეგიონზე ეჭირათ - ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, ასევე ყირიმისა და სევასტოპოლის. „ავტონომიის დედაქალაქად“ ხარკოვი უნდა გამოცხადებულიყო.

სხდომაზე აქტიურობდა ხარკოვის რეგიონის მმართველი, აწ გარდაცვლილი ევგენი კუშნაროვი. მან ღიად განაცხადა, რომ რადიკალური ნაბიჯებისთვის მზადაა და მიანიშნა, რომ ამაში შესაძლოა რუსეთი დაეხმაროთ.

„არ არის საჭირო ჩვენი მოთმინების გამოცდა. ყველა გამოხდომაზე ღირსეული პასუხი გვაქვს. ყველაზე რადიკალური ზომების მიღებაც შეგვიძლია. მინდა იმ თავგაცხელებულებს შევახსენო, ახლა ნარინჯისფერი დროშის ქვეშ რომ დგანან, ხარკოვიდან კიევამდე 480 კილომეტრია, რუსეთის საზღვრამდე კი - 40“, - განაცხადა კუშნაროვმა.

სევეროდონეცკის სხდომაზე მოსკოვის მერი იური ლუჟკოვიც იმყოფებოდა. თავის მოხსენებაში მან მკაფიოდ მიანიშნა, თუ ვის უჭერს მხარს რუსეთი: „ერთი მხრივ, ვხედავთ ამ ფორთოხლისფერ, “გამოკვებილ” შაბაშს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ უკრაინელ ხალხს წარმოადგენს, მეორე მხარეს კი მშვიდი, შემოქმედი ძალაა ამ დარბაზში წარმოდგენილი“.

„პარტია რეგიონების“ გულახდილად სეპარატისტულმა განცხადებებმა უკურეაქცია გამოიწვია - ის მიუღებელი აღმოჩნდა მათთვისაც კი, ვინც „ნარინჯისფერ რევოლუციას“ არ ემხრობოდა. მას არც პრეზიდენტი კუჩმა მიემხრო. მეორე დღეს გენპროკურატურამ და უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

დეკემბერში არჩევნების მეორე ტური ხელახლა ჩატარდა. გაიმარჯვა ვიქტორ იუშჩენკომ.

ორი ვექტორი - იმედებიდან ომამდე

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანა ორ ნაწილად გახლიჩა, დასავლეთად და აღმოსავლეთად.

ვიქტორ იუშჩენკომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დონეცკსა და ლუგანსკში სიტუაცია დაეშოშმინებინა. სეპარატისტული სხდომის არცერთი მონაწილის მიმართ საქმე არ აღძრულა. რეგიონებს ისევ ის ხალხი მართავდა, რომლებიც 2004 წლამდე მართავდნენ. თავად იუშჩენკო მთელ ძალისხმევას იულია ტიმოშენკოსთან დაპირისპირებაზე ხარჯავდა და არა „რეგიონების პარტიასთან“, რომელსაც საშუალება მისცა 2006 წელს საპარლამენტო არჩევნებზე რევანში აეღო. ამავე წელს ვიქტორი იანუკოვიჩი პრემიერ-მინისტრი გახდა.

„დონეცკის “ნარინჯისფერ” მოსახლეობას ვიქტორ იუშჩენკო ძალიან ეიმედებოდა. ფიქრობდნენ, რომ მოსკოვისკენ მიმართულ ოლიგარქიულ სტრუქტურას დაშლიდა, - იხსენებს ვადიმ ჯუვაგა, - მაგრამ არაფერი გაუკეთებია, ისევ კუჩმას პოლიტიკა განაგრძო. დონეცკის რეგიონი რუსეთთან დაკავშირებულ ოლიგარქებს მისცა. ცენტრალურ ხელისუფლებას უბრალოდ ჩარევა არ სურდა“.

მიუხედავად იმისა, რომ დონეცკის ელიტა ვიქტორ იუშჩენკოსთან საერთო ენას ყოველთვის პოულობდა, ადგილზე ისინი ისევ ფედერალიზმზე საუბრობდნენ. მხოლოდ 2010 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩმა მოიგო და დონეცკის ელიტა კიევის კაბინეტებში გადაბარგდა, ამ საკითხზე აღარ ლაპარაკობდნენ.

2010 წლის აპრილში პრეზიდენტებმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და დმიტრი მედვედევმა ე.წ. ხარკოვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც უკრაინამ ბუნებრივ აირზე ფასდაკლება მიიღო - 100 დოლარი ყოველ ათას კუბმეტრზე. სანაცვლოდ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ყირიმში ყოფნის ვადა 2042 წლამდე გაუხანგძლივდა. ამ ხელშეკრულებებმა ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია.

დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას არ აპირებდა. რეგიონების ფედერალიზაციაზე უარი თქვა. რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას არ ჩქარობდნენ, ხოლო რუსეთთან ინტეგრაციის ნაცვლად იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

2013 წლის ნოემბრამდე ასე გრძელდებოდა, მერე კი ნიკოლაი აზაროვის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციაზე უარი თქვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი დღემდე ბოლომდე ნათელი არ არის. ქვეყნის კურსის ცვლილებამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია, რომელიც სისხლისღვრაში გადაიზარდა. ყირიმის ანექსიასა და ახალ ომამდე რამდენიმე თვე რჩებოდა.

XS
SM
MD
LG