14 მარტს გამოცემული განკარგულებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული „ზოგიერთი დაწესებულებისათვის“ - ჯამში 53 ორგანიზაციისათვის, - გამოყო 43.03 მილიონი ლარი.
როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს სამინისტროში, „ეს არის საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ყოველწლიურად ურიცხავს მათ შესაბამის თანახას“.
სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ „ყოველწლიური დაფინანსების გარდა, ჩვენგან დამატებით არაფერი გამოყოფილა“.
თუმცა საქმე ისაა, რომ ბიუჯეტში - რაც ფინანსთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული, - მხოლოდ საპატრიარქოსათვის გათვალისწინებული 25 მილიონი ლარი ჩანს.
ის თავი, რაზეც მთავრობა სამინისტროს მიუთითებს, ეხება „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებას“ და იქ ჯამში 1.48 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. საჯარო ვერსიაში არ არის დეტალიზებული, რომ საპატრიარქოს ამ თანხიდანაც უნდა გამოეყოს დამატებითი თანხა.
მთავრობამ ამ განკარგულებით სამინისტროს დაავალა, რომ ბიუჯეტში გაწერილი ამ თანხიდან - 1.48 მილიარდი ლარიდან - 43 მილიონი ლარი მიმართოს საპატრიარქოს ორგანიზაციების დასაფინანსებლად.
ამ 53 ორგანიზაციას შორის არის:
- საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი - 25.19 მილიონი ლარი;
- თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია - 500 000 ლარი
- წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა - 450 000 ლარი
- წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა - 370 000 ლარი
- საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე - 220 000 ლარი.
მსგავსი განკარგულება შარშან, 2024 წლის 15 მარტსაც გამოიცა.
მაშინ მთავრობამ განათლების სამინისტროს დაავალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 35 მილონი ლარი მიემართა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარების გასაწევად.
ჯამში შარშან საპატრიარქოს დაფინანსებამ 60 მილიონი ლარი შეადგინა. წელს ეს დაფინანსება 8 მილიონი ლარით მეტია.
რაც შეეხება 25 მილიონს - ბიუჯეტის თანახმად, ეს თანხა შემდეგნაირადაა განაწილებული:
- სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი - 14.79 მილიონი
- საპატრიარქოს წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სასწავლების ცენტრი - 645 000 ლარი
- ბთუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი - 1. 768 მილიონი ლარი
- საპატრიარქოს ქ. ნინოწმინდის წმინდა ნინოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი - 685 ათასი ლარი
- ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისთვის გადასაცემი გრანტი - 261 ათასი ლარი
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი - 870 ათასი ლარი.
ფორუმი