საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება ხუთი მილიონი ლარით გაიზარდა. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსებამ 60 მილიონ ლარს მიაღწია.
პრემიერმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ღონისძიების შემდეგ, მედიის შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ მოქმედებს საპატრიარქოს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა ჯერ კიდევ შარშან, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო 30-მილიონიანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და სწორედ ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით ხუთი მილიონით. კობახიძის თქმით, დაფინანსებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
„საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში მოხდა ხუთი მლნ-ით მათი დაფინანსების გაზრდა", - დაამატა მან.
მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 15 მარტს გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ განათლების სამინისტროს დაავალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 35 მილონი ლარი მიმართოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარების გასაწევად. ჩამონათვალში არის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, საპატრიარქოს სკოლები (გიმნაზიები), სკოლა-ინტერნატები, პროფესიული კოლეჯები და სხვ.
ყველაზე დიდი თანხა, 22 მილიონ ლარზე მეტი კი გამოყოფილია ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდისთვის“.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს ორგანიზაცია საქართველოს საპატრიარქომ 2022 წლის 5 აგვისტოს დააფუძნა და მის იურიდიულ მისამართად, საპატრიარქოს შენობა არის მითითებული. „საქართველოს საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდის“ დირექტორად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით, დაინიშნა საპატრიარქოს თანამშრომელი ლელა ლომაძე.
„ახლა მარხვის პირველი კვირა არის, ძირითადად, არ ვმუშაობთ და ტაძრებში ვართ“, - უთხრა ლელა ლომაძემ „TV პირველს", რომელიც ფონდის საქმიანობით დაინტერესდა.
წესდებაში ვკითხულობთ, რომ ფონდის მიზანია სამრევლოს განვითარება, მისი სულიერი ცხოვრების აღორძინება, ეკლესიასა და საზოგადოებაში კეთილდღეობისა და განათლების ხელშეწყობა, საქველმოქმედო, ჯანდაცვის, სოციალურ-ჰუმანიტარული, კულტურული, მთარგმნელობითი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის საქმიანობის (პროექტების) განხორციელება.