Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ირაკლი გილაური ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა

ირაკლი გილაური ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა


ფოტოკოლაჟი: ირაკლი გილაური (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე
ფოტოკოლაჟი: ირაკლი გილაური (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბიზნესჯგუფის, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას...

ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, - წერია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდა „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

რადიო თავისუფლება შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა „საქართველოს კაპიტალის“ მედიასთან კომუნიკაციის ჯგუფს.

ორგანიზაციიდან მოგვწერეს, რომ შეხვედრა „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივით გაიმართა და „განხილული იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო“.

9 იანვარს რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა წერილი, რომ აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებდნენ.

ამავე წერილში ჩამოთვლილი იყო საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“. მათ შორის ნახსენები იყო ირაკლი გილაური.

14 იანვარს ირაკლი გილაურის ძმამ, ნიკა გილაურმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თქვა, რომ ეს ჰგავდა „პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას, რომელსაც კარგად ეტყობა „ე.წ კაგებეშნიკური ხელწერა“.

ნიკა გილაურმა 2024 წლის დეკემბერში, - პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, - აქციაზე ნაცემი მოქალაქეების დასახმარებლად შექმნა საქველმოქმედო ფონდი Prosperity Georgia. ფონდი პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ 2025 წლის მარტში დააყადაღა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა გილაურის კომპანია „რეფორმატიკსმა“ აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.

„მინდა დავაზუსტო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ხელშეკრულების მიზნების შესახებ. ხელშეკრულება პირველ რიგში გაფორმდა იმიტომ, რომ Continental Strategy დაეხმაროს რეფორმატიკსს მისი მთავარი მიზნის მიღწევაში - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში და ამ რეგიონის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში ამერიკასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან“, - დაწერა ფეისბუკში ნიკა გილაურმა 19 მარტს.

ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

აშშ-ის ხელისუფლებას ქართველი, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მრავალი თვეა, მოუწოდებენ ივანიშვილისა და მისი წრისათვის სანქციების დაწესებისაკენ. ივანიშვილის გარემოცვის და „პრივილეგირებული ბიზნესმენების“ სანქცირების საჭიროებაზე 9 იანვარს ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG