საქართველოს მთავრობამ 12 მარტს გამოცემული განკარგულებით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. დოკუმენტს ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მართლმადიდებელ ეკლესიას სიმბოლურ თანხად გადაეცემა:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 849 კვ.მ. მიწა;
- იმავე მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში 929 კვ.მ. მიწა;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 და 859 კვ.მ. მიწის ნაკვეთები.
მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში გადაიხადოს საპრივატიზაციოდ დადგენილი თანხა - ერთი ლარი.
საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს 25 მილიონ ლარს. სხვადასხვა ქალაქის მერიები წლების განმავლობაში იხდიან ფულს ეკლესიების კეთილმოწყობის, კომუნიკალური გადასახადებისა თუ სხვა საჭიროებისთვის.