25 მილიონის გარდა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არსებობს სხვა მილიონებიც, რომლებსაც ეკლესია იღებს.
სხვადასხვა ქალაქის მერიები წლების განმავლობაში იხდიან ეკლესიების კეთილმოწყობის, კომუნიკალური გადასახადების თუ სხვა საჭიროებისთვის ფულს ისე, რომ არ არსებობს არანაირი დასაბუთება, რატომ არის აუცილებელი ამ ფულის გამოყოფა ბიუჯეტიდან. მაგალითად, თბილისისთვის ეს თანხა პანდემიის დროსაც კი მილიონ ლარზე მეტია, მუნიციპალიტეტებში - ათეულობით ათასი ლარი.
რადიო თავისუფლებამ 60 მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია ეკლესიებისთვის ბოლო წლებში გადარიცხული თანხების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტმა 2015-2022 წლებში ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხეს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა საჭიროებისთვის.
საჩხერის მუნიციპალიტეტმა 2015-2021 წლებში 358 000-ზე მეტი ლარი გადაურიცხა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას მიზნობრიობის დაუკონკრეტებლად.
"ეკლესიას თუ ვინმე რამეს აძლევს, იმან იცის, რისთვისაც აძლევს. თქვენ რატო უნდა შეამოწმოთ, მე რა საქმეს ვახმარ ამ თანხას? რა, უნდა მომიჭრათ ეს თანხა? უამრავი პრობლემაა, რაშიც უნდა გაერკვეთ, ეკლესიას თავი გაანებეთ და სხვა საქმეებს მიხედეთ, დედიკო“, - ასე გვიპასუხა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ტელეფონის ნომერზე შემხვედრმა სასულიერო პირმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
2015-2019 წლებში ეკლესია თითქმის იმდენ ფულს იღებდა ქალაქის მთავრობისგან, რა მოცულობისაც იყო საჩხერის სარეზერვო ფონდი. სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული თანხების სრულად ათვისებას მუნიციპალიტეტი ვერცერთ წელს ვერ ახერხებდა, მაშინ როცა ეკლესია ყოველთვის სრულად ითვისებდა მისთვის გამოყოფილ თანხას.
საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 20% უკიდურეს სიღარიბეს განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე საჩხერელი სახელმწიფოსგან მიღებული საარსებო შემწეობით ცხოვრობს.
სენაკში რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის შემდეგ რეგულარულად ფინანსდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდი. მისი ხელმძღვანელი მეუფე შიოა, იგივე ელიზბარ მუჯირი. მეუფე შიოს ორგანიზაციისთვის სენაკის მუნიციპალიტეტმა 2018-2024 წლებში 224 000 ლარი გამოყო.
2018 წელს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდმა ქალაქისგან 14 000 ლარი, 2019 წელს ორჯერ მეტი, 30 000 ლარი მიიღო, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდა და 50 000 ლარი გახდა. 2021 ფონდმა ქალაქის მთავრობისგან 80 000 ლარი მიიღო - ამ წელს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა. 2022 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ეპარქიის განვითარების ფონდი ისევ 50 000 ლარამდე „მცირდება”.
ფოთის მუნიციპალიტეტი 2015 წლიდან იხდის ფოთის საკათედრო ტაძრის გარე და შიდა განათების ელექტროენერგიის ხარჯებს - წლების მიხედვით ეს რიცხვები ერთმანეთისგან რამდენიმე ათასი ლარით განსხვავდება. ფოთისა და ხობის ეპარქია მუნიციპალიტეტისგან იღებს ასევე ეკლესიის რემონტისა და მოპირკეთებისთვის საჭირო ხარჯებსაც. 2015-2021 წლებში ფოთის მუნიციპალიტეტის ეკლესიისთვის გადახდილი თანხა თითქმის 1 მილიონ ლარს აღწევს.
„ეს ტაძარი, თუ ფოთში ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ, როგორია: ლამაზია, ქალაქის ცენტრშია, იშვიათი არქიტექტურის მქონე ძეგლია და ალბათ ქალაქის ინტერესშიც უნდა იყოს, ნებისმიერი მმართველის ინტერესში, რომ მანაც თავისი წვლილი შეიტანოს მის გალამაზებაში. ვფიქრობ, ამ პრინციპით იხელმძღვანელა ქალაქის ხელმძღვანელობამ, როცა მინათების სისტემები დაამონტაჟა. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, თუკი ქალაქის ხელმძღვანელი ვიქნებოდი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფოთის საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ. ის გვიხსნის, რომ ეკლესიამ ყოველთვის წინასწარ იცის ის საჭიროებები, რომლისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხა სჭირდება და მხოლოდ შესაბამისი მიმართვის საფუძველზე იღებენ თანხას მერიიდან. ელექტროენერგიის გადასახადს კი შესაბამისი ქვითრების საფუძველზე ანაზღაურებს ქალაქის მთავრობა იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ეკლესიის შესაბამისი განათებისთვის საკმარისი თანხა თავად ტაძარს არ გააჩნია.
ფოთის მუნიციპალიტეტი ეკლესიის მიმართ გულუხვი იყო წინა წლებშიც. ეპარქიას 2002-2006 წლებში 185 500 ლარი აქვს მიღებული ქალაქის ბიუჯეტიდან. 2008-2012 წლებში კი, ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის თითქმის 7 მილიონი ლარი გამოიყო.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან 140 000 ლარი მიიღო ნიკორწმინდის ეპარქიამ და საქართველოს საპატრიარქოდან 2018-2020 წლებში. ამბროლაური ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტია. აქ მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51,3% საარსებო შემწეობით ცხოვრობს. მუნიციპალიტეტში, 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, 16 უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 392 000 ლარი დახარჯა ვანისა და ბაღდათის ეპარქიისთვის რელიგიური ორგანიზაციების ხელშესაწყობად - ეკლესიისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი თანხის რაოდენობა პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მუნიციპალიტეტიდან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ თანხა სხვადასხვა საჭიროებისთვის იყო გამოყოფილი და 2015-2022 წლებში სხვა რელიგიურ ორგანიზაციას მათთვის დახმარებისთვის არ მიუმართავს. ბაღდათის მუნიციპალიტეტი 2018 წლამდე უფრო მეტ თანხას ხარჯავდა ეკლესიის დასახმარებლად, ვიდრე მერიის ბალანსზე არსებული შენობების შენახვასა და კეთილმოწყობაზე.
ეკლესიებისთვის გადახდილი თანხები ასევე აჭარბებს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობას, რომელიც ძირითადად მოქალაქეების სოციალური პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2015-2022 წლებში ეკლესიების დასახმარებლად 380 000 ლარი გამოყო, საშუალოდ, ერთ წელიწადში 50 000 ლარი. ყველაზე მეტი, 70 000 ლარი, მუნიციპალიტეტმა ეკლესიას 2021 წელს მისცა, ამ წელს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა. სხვა წლებთან შედარებით განსხვავებულია წინა თვითმმართველობის არჩევნებისას, 2016 წელს გამოყოფილი თანხაც - ამ წელს მუნიციპალიტეტმა 55 000 ლარი გამოყო.
ონის მუნიციპალიტეტმა 2015-2022 წლებში 300 000 ლარამდე თანხა გამოყო ქალაქის ბიუჯეტიდან სხვადასხვა ეკლესიის და ეკლესიების დამხმარე ნაგებობების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისთვის. ონი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტია. აქ მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 49,3% საარსებო შემწეობის მიმღებია.
ონის მერიიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი 2015-2016 წლებში ონში მდებარე გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიისთვის იყო განკუთვნილი. 2015 წელს ამ ეკლესიის სამრეკლოს მშენებლობა ქალაქს 25 219 ლარი დაუჯდა, 2016 წელს კი სამრეკლოს სარემონტო სამუშაოებისთვის 7 284 ლარი გადაიხადა. ამ ეკლესიისთვის მუნიციპალიტეტი წინა წლებშიც აქტიურად ხარჯავდა ფულს:
- ტაძრის ეზოს მოწყობა ქალაქს 44 333 ლარი დაუჯდა 2010 წელს;
- ეზოს უკანა კედლის მოწყობა - 12 808 ლარი 2011 წელს;
- სატრაპეზოს რემონტი - 19 900 ლარი, 2012-ში.
რეგულარულად იღებს მერიის დაფინანსებას სოფელ შქმერში ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაც. 2016-2019 წლებში ამ ეკლესიამ 85 000 ლარზე მეტი მიიღო რემონტისთვის.
კიდევ ერთი ეკლესია, რომელსაც მერია აფინანსებს, სოფელ სორგითში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაა. 2019 წელს ამ ტაძრის კეთილმოწყობისთვის მერიამ 27 148 ლარი გამოყო, 2020 წელს - 25 424 ლარი. მიზანი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და დამცავი კედლის მშენებლობა იყო.
2020 წელს 11 946 ლარი გამოიყო სოფელ ჟაქვაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დამხმარე შენობის კეთილმოწყობისთვის.
2021 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა სოფელ პიპილეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც 20 000 ლარი დაჯდა.
2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 58 880 ლარი მრავალძალში ეკლესიის შენობის დამხმარე ნაგებობის კეთილმოწყობისთვის.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იფარება რუსთავისა და მარნეულის მღვდელმთავრის რეზიდენციისა და საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადები. 2015-2021 წლებში ამ მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან 130 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. 2022 წელს „რუსთავის ეპარქიის ტაძრების კეთილმოწყობისა და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად” თანხები სარეზერვო ფონდშიც არის გათვალისწინებული. რუსთავის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს გამოყო თანხა არადომინანტური რელიგიური კონფესიისთვის. ამ წელს ქალაქის მერიამ 8 167 ლარი გადაურიცხა ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას „აღდგენა-რეაბილიტაციის ხელშეწყობისათვის”.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ცნობილია ჰომოფობიური, რიგ შემთხვევებში ძალადობრივი განცხადებებით. ის არის 2021 წლის 5 ივლისისა და რადიკალური დაჯგუფება „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” აქციების ერთ-ერთი მონაწილე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიც რეგულარულად ეხმარება ეკლესიებს. ამ მიზნით წელიწადში საშუალოდ 100 000 ლარი აქვს გამოყოფილი ქალაქის ბიუჯეტიდან. ეკლესიისთვის განკუთვნილი ფული თითქმის ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე მაგალითად ამავე ქალაქის ბიუჯეტში კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების თანხა. ეკლესიისთვის გამოყოფილი წლიური თანხა ძირითადად რამდენიმე ნაწილად იყოფა და რამდენიმე ეკლესიას, ასევე წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიას ხმარდება. საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები აიპპ ქუთაის-გაენათის ეპარქიაა, თანხების დანიშნულებაშიც ძირითადად აიპ-ის განვითარების ხელშეწყობაა მითითებული.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ეკლესიისთვის თანხები გამოიყოფოდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუმცა შედარებით ნაკლები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, 2007-2013 წლებში ქალაქის ბიუჯეტიდან ეკლესიამ 298 000 ლარი მიიღო. ყველაზე მეტი თანხა, 2013 წელს - 90 000 ლარი.
მარტვილის მუნიციპალიტეტმა 2015-2020 წლებში 200 000 ლარზე მეტი გამოყო ქალაქის ბიუჯეტიდან. მიზანი ძირითადად ჭყონდიდის ეპარქიის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება იყო. 2020 წელს გარემონტდა ეპარქიის წყალმომარაგების ქსელი და მუნიციპალიტეტმა 16 000 ლარი წყლის მილების შესაძენად გამოყო, ასევე 13 110 ლარით დააფინანსა ტაძრის გალავნის სამუშაოები. 2021 და 2022 წლების ბიუჯეტებში რელიგიური ღონისძიებების დაფინანსებისთვის თანხა აღარ გამოყოფილა.
ცაგერის მუნიციპალიტეტს 200 000 ლარამდე აქვს გადარიცხული ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადების გადასახდელად და ეპარქიის მართვაში მყოფ გიმნაზიაში მოსწავლეების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. მერია აფინანსებს ასევე წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღის აღსანიშნავ რელიგიურ ღონისძიებასაც.
ხობის მერია ნოჯიხევის მონასტრის ელექტროენერგიის ხარჯებს იხდის - 2016 წლიდან 2022 წლის მარტამდე. მხოლოდ ამ მონასტრის კომუნალური გადასახადი ქალაქს 33 032 ლარი დაუჯდა.
დოკუმენტებმა, რომლებიც რადიო თავისუფლებამ მიიღო, გამოკვეთა ის ქალაქებიც, რომლებიც საჭიროდ არ თვლიან ეკლესიის დაფინანსებას გადასახადის გადამხდელთა ფულით. ახმეტის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, ტყიბულის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში რელიგიური ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხები ბოლო წლებში გათვალისწინებული არ ყოფილა.