Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბლოგერ დომენიკ მანგოს "დნრ-ის" სასამართლომ დაუსწრებლად შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბლოგერ დომენიკ მანგოს "დნრ-ის" სასამართლომ დაუსწრებლად შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა


კუკური ბარამიძე (დომენიკ მანგო). უკრაინა. 2022 წლის მარტი
კუკური ბარამიძე (დომენიკ მანგო). უკრაინა. 2022 წლის მარტი

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. დნრ-ის უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო).

როგორც რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბარამიძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული ჯარისკაცის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) და მიუსაჯეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

"სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტიდან აპრილამდე ბარამიძე მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული ქართულ ეროვნულ ლეგიონში. მან გაიარა სამხედრო მომზადება კიევში მდებარე სასწავლო ბაზებზე, სადაც შეიძინა საბრძოლო იარაღის მართვის უნარები, შეისწავლა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის აუცილებელი სტრატეგია, ტაქტიკა და მოქმედების მეთოდები. ბარამიძეს გადაეცა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფორმა და სპეციალური ტექნიკა, რის შემდეგაც მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში დნრ-ის უშიშროების წარმომადგენლებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ. ამ ქმედებებისთვის მან გასამრჯელოდ მიიღო 310 ათას რუბლზე მეტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავად დომენიკ მანგო განაჩენს არ გამოხმაურებია. ის უკრაინაში გაემგზავრა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე და საუბრობდა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. დნრ-ის სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა საქართველოს 34 წლის მოქალაქე ლევან ფიფიას. 24 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 60 წლის ნადიმ ხმალაძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე - მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2024 წლის ნოემბერში 23 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს. თავად "ქართული ლეგიონი" რუსეთში „ტერორისტულ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული.

გასული წლის თებერვალში გამოცემა "მედიაზონამ" გამოაქვეყნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა ქვეყნის ძებნილი მოქალაქეების სია - მათ რუსეთი „უცხოელი დაქირავებულების“ სტატუსით ეძებდა. აქედან ყველაზე დიდი ჯგუფი, 100 ძებნილი, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის ნახსენები იყო აქტივისტი და ბლოგერი დომენიკ მანგოც.


ფორუმი

XS
SM
MD
LG