უკრაინის 450-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 283-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მობილიზაციის ახალ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების დანაკლისის შევსებას.
კანონის თანახმად, 18-დან 60 წლამდე უკრაინელები ვალდებულნი იქნებიან, სამხედრო უწყებებს მიაწოდონ პირადი ინფორმაცია, რათა საბრძოლო ასაკის კაცების გაწვევაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა მარტივად დაადგინონ, ვისი გამოძახება შეეძლებათ ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში.
პოლონური კვლევითი ორგანიზაცია, აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი, თებერვალში წერდა, რომ მაშინ, როცა უკრაინაში 1980-იან წლებში და იქამდე დაბადებული მამაკაცების აღწერა არსებობს, მომდევნო წლებში ამ მხრივ ვითარება გაუარესდა და სახელმწიფოს არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია 20-30 წლის მამაკაცებზე. 2022 წლის თებერვლის შემდეგ კი ამ მხრივ დეფიციტი კვლავ არ აღმოფხვრილა.
ახალი კანონი სამხედრო ასაკის მამაკაცებს ავალდებულებს, რომ მუდამ თან ატარონ სამხედრო რეგისტრაციის დოკუმენტი, რამდენადაც გაწვევის ოფიცრებს უფლება ექნებათ, ისინი ქუჩაში შეამოწმონ.
ამასთან, მობილიზაციის შესახებ კანონი შესაბამისი ასაკის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლასაც აუკრძალავს, რადგან უცხოეთიდან მათი ჯარში გამოძახების პროცედურა არ არსებობს.
ქვეყნის გარეთ მყოფნი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ საკონსულო მომსახურებას (მაგალითად, პასპორტის განახლება), თუ წარადგენენ სამხედრო რეგისტრაციის დოკუმენტს. ამ დოკუმენტის მიღებას ისინი უკრაინაში ჩაუსვლელად, ონლაინ შეძლებენ.
18-დან 60 წლამდე უკრაინელ კაცებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავდა 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადებული საომარი მდგომარეობაც, თუმცა, BBC-ის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე უკრაინა ამ ასაკის 20 ათასმა კაცმა დატოვა. იყო კორუფციის შემთხვევებიც - საბრძოლო ასაკის კაცები ქრთამს იხდიდნენ ომში გაწვევის თავიდან ასაცილებლად ან სამხედრო სამსახურის შედარებით ნაკლებად სახიფათო ადგილებში მოსახდელად.
მობილიზაციის წესების არდამორჩილების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს მამაკაცებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, პარლამენტარებმა კანონპროექტიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც ასეთ შემთხვევაში სადამსჯელო ზომად აქტივების გაყინვას განსაზღვრავდა.
კიდევ ერთი მუხლი კი ნასამართლევ, პირობითი სასჯელის მქონე მამაკაცებს ომში წასვლის უფლებას მისცემს. აქამდე მათ სამხედრო სამსახური ეკრძალებოდათ.
კანონპროექტი ითვალისწინებს მოხალისეების წამახალისებელ ნაბიჯებსაც. ვინც თავად გამოთქვამს სურვილს, ჯარში იმსახუროს და სამხედრო კონტრაქტს ხელს მოაწერს, სახელმწიფო შეიძლება უძრავი ქონების ან ავტომობილის ყიდვაში დაეხმაროს.
რადაში დამტკიცების შემდეგ, კანონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერიდან შევა ძალაში.
როდის მოხდება დემობილიზაცია?
კანონპროექტის ყველაზე საკამათო ნაწილი ის მუხლია, რომელიც მასში საერთოდ ვერ მოხვდა.
საუბარია დემობილიზაციაზე, ანუ იმ მებრძოლების უკან გამოხმობაზე, ვინც უკვე დიდი ხანია, ფრონტზეა.
„ძალიან უსამართლოა, რომ იმათ, ვინც უკვე იმსახურეს, დემობილიზაცია არ ეხებათ. ძმისშვილი მყავს, რომელიც უკვე ორ წელიწადზე მეტია, მსახურობს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქალაქ კროპივიცკის მცხოვრები ქალი.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა, რომ როტაცია შეეხებოდათ იმ მებრძოლებს, რომლებმაც 36 თვე იმსახურეს.
საპარლამენტო განხილვისას, უკრაინელმა კანონმდებლებმა ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს კანონპროექტიდან - ეს უკრაინის სამხედრო სარდლობის მოთხოვნა იყო, რომელიც შიშობს, რომ ფრონტის ხაზზე ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, თუ გამოცდილი მებრძოლები შინ დაბრუნდებიან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, დმიტრო ლაზუტკინის თანახმად, რადის შესაბამისმა კომიტეტმა სამინისტროს დაავალა, რომ დემობილიზაციასთან დაკავშირებით ცალკე მოამზადოს კანონპროექტი.
ამგვარად, იმ მეომრებმა, რომლებიც უკვე ორ წელიწადზეა მეტია იბრძვიან, კვლავ არ იციან, როდის შეძლებენ დაბრუნებას. ამ ფაქტით უკმაყოფილებას ჯარისკაცებიც არ მალავენ.
„კატასტროფაა. როცა ადამიანმა იცის, დემობილიზაცია როდის მოუწევს, სხვა განწყობა აქვს. თუ ადამიანი მონასავითაა, ეს კარგს ვერაფერს მოიტანს“, - უთხრა ფრანს პრესს 46 წლის ოლექსანდრმა, რომელიც დონეცკის რეგიონში, არტილერიაში მსახურობს.
„რუსები 10-ჯერ მეტნი არიან“
სწორედ ეს მოახსენა რადას გენერალმა იური სოდოლმა, რომელიც ხარკოვის, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში მეთაურობს უკრაინულ ჯარს.
„მტერი ჩვენზე ზოგან შვიდჯერ, ზოგან ათჯერ მეტია. ცოცხალი ძალა გვაკლია“, - თქვა იური სოდოლმა.
ეს იმ ფონზე, როცა NATO-ს ევროპის უმაღლესი სამოკავშირეო სარდლის, კრისტოფერ კავოლის თქმით, 315 000 ჯარისკაცის დაღუპვის ან დაჭრის შემდეგ, რუსეთი იმაზე სწრაფად ახერხებს ჯარის გადაწყობას, ვიდრე ალიანსში ელოდნენ.
რამდენი ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავენ უკრაინელები?
უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, რომელმაც თებერვალში დატოვა თანამდებობა, გასული წლის ბოლოს ამბობდა, რომ უკრაინელებს დამატებით 500 ათასი კაცის მობილიზება სჭირდებოდათ.
დეკემბერში იმავეს ამბობდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა მოგვიანებით, ვალერი ზალუჟნის შემცვლელმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ ეს რიცხვი „მნიშვნელოვნად შემცირდა“. მას არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენი მებრძოლის მობილიზებას გეგმავენ უკრაინელები.
მეტი ჯარისკაცის მობილიზაციის მიზნით, 3 აპრილს უკრაინაში მამაკაცების გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირეს. ამჟამად, უკრაინის არმიაში მებრძოლების საშუალო ასაკი 43 წელია, მაშინ როცა, ჟურნალ Time-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში უკრაინელი მეომრის საშუალო ასაკი ამაზე 10 წლით ნაკლები იყო.