Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სასჯელი დანაშაულის გარეშე - რატომ არ ხურავს ცხინვალელი მოსამართლე თამარ მეარაყიშვილის საქმეს?

სასჯელი დანაშაულის გარეშე - რატომ არ ხურავს ცხინვალელი მოსამართლე თამარ მეარაყიშვილის საქმეს?


თამარ მერაყიშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი
თამარ მერაყიშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი

ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ პოლიციას დაუბრუნა სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე და გასცა განკარგულება საქმეში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი იტყობინება, ექსპერტები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ აქტივისტი ქალის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს, დარწმუნებულნი არიან, რომ ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომ პოლიციას საქმის დახურვა მოუწევს.

ცხინვალის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ფატიმა სიუკაევის თავმჯდომარეობით განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს („უკანონო სამეწარმეო საქმიანობა“) სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილის მიმართ.

20 მარტს გაიმართა საქმის მეორე სხდომა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. სხდომა თითქმის დაწყებისთანავე დასრულდა, რადგან ბრალდების მხარემ, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენლების სახით, ვერ შეძლო სასამართლოსთვის წარედგინა თავისი მოწმე, რომელსაც ჩვენება უნდა მიეცა ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

ამის შემდეგ მოსამართლე განსასჯელის განცხადების განხილვაზე გადავიდა. სხდომამდე 5 დღით ადრე თამარ მეარაყიშვილმა სასამართლოსა და პროკურატურას წარუდგინა თავისი საჩივარი, რომელშიც განსასჯელი ადმინისტრაციული გამოძიების დროს ეკონომიკური დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილ მთელ რიგ პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებდა.

პოლიციის წარმომადგენლებმა სასამართლოს ბრალდებულის არგუმენტების გამაბათილებელი ფაქტები ვერ მიაწოდა, რის შემდეგაც ფატიმა სიუკაევამ საქმე პოლიციას დაუბრუნა, რათა გამოძიებამ ათ დღეში გამოასწოროს საქმეში არსებული ხარვეზები.

„პრობლემა ისაა, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი, - რომ დარღვევების აღმოფხვრა შეუძლებელია“.

იმ შენობის ფისკალური აუდიტი, სადაც თამარ მეარაყიშვილი მაღაზიის გახსნას აპირებდა, ვიდეო გადაღებისა და მოწმის სავალდებულო დასწრების გარეშე ჩატარდა. აქტში ე.წ. მოწმის ხელმოწერა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პოლიციის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს. ამას ადასტურებს განსასჯელის მხარის მოწმე. სასამართლოში ითქვა, რომ მოწმეების გარეშე ჩატარებული პოლიციური ღონისძიება უკანონოა და, რომ სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს ასეთ მტკიცებულებებს, ამ დარღვევის უკანა რიცხვით გამოსწორება კი შეუძლებელია.

საქმეში არ დევს დასკვნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნების აღმოჩენის შესახებ - სავალდებულო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება საქმის აღძვრის შესახებ.

რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 28.7 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღძვრისა და ადმინისტრაციული გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების ასლი გადაეცემა პირს 24 საათის განმავლობაში. თამარ მეარაყიშვილს კი ასეთი დოკუმენტი არ მიუღია

საქმის სასამართლოში გაგზავნამდე პოლიციის თანამშრომლები ვალდებული იყვნენ ბრალდებულისათვის გაეცნოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რასაც ბრალდებული ხელის მოწერით დაადასტურებდა. თამარ მეარაყიშვილს არა მხოლოდ ოქმი დაუმალეს (ბრალის შესახებ მან საქმის სასამართლოში შეტანის შემდეგ შეიტყო), არამედ მისი ხელმოწერაც (დოკუმენტზე) გააყალბეს.

საქმეში ბევრი სხვა შეუსაბამობაა, მაგალითად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ერთმა პირმა შეადგინა, ხოლო ადმინისტრაციული საქმის აღძვრის გადაწყვეტილების დასაბუთება - მეორემ, თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარკვევით წერია, რომ ორივე დოკუმენტი ერთი და იგივე უფლებამოსილი პირის მიერ უნდა ყოფილიყო შედგენილი. გამონაკლისია შემთხვევა, როცა საქმე შეიცავს დადგენილებას ადმინისტრაციული გამოძიების სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ. მოცემული საქმის მასალებში კი ასეთი დადგენილება არ არის.

როგორ უნდა გამოსწორდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყველა ეს დარღვევა და მათ შორის ბრალდებულის ხელმოწერის გაყალბება?

როგორც თამარ მეარაყიშვილი ამბობს, კანონის თანახმად, მოსამართლეს საქმე არ უნდა გადაეგზავნა დარღვევების გამოსასწორებლად. მაგრამ, როგორც ჩანს, მოსამართლე აშკარა დათმობაზე წავიდა, რითაც საშუალება მისცა პოლიციას თავად დაეხურა საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო და ამით შეემსუბუქებინა საკუთარი თავისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი.

დამკვირვებლების თქმით, ბურთი ახლა პოლიციის მოედანზეა. პროფესიული ვარგისიანობის ტესტი მათ ვერ გაიარეს - ვერ შეძლეს ოქმის სწორად შედგენა. სასამართლო მათ ახლა ადეკვატურობის ტესტის ჩაბარებას სთავაზობს.

თამარა მეარაყიშვილს ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 14.1 მუხლით ("სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფო რეგისტრაციის ან სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე") გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით 500-დან 2000 ათას რუბლამდე.

არაფრით გამორჩეულმა ამ საქმემ საზოგადოების ყურადღება იმის გამო მიიქცია, რომ პოლიციამ მისი წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აქტივისტს თავს დაესხა ადგილობრივი დეპუტატი, ზაზა დრიაევი. თავდასხმის შესახებ თამარ მეარაყიშვილმა 2024 წლის 20 დეკემბერს საღამოს დაწერა სოციალურ ქსელში, დილით კი მის მაღაზიაში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

სამოქალაქო აქტივისტი „პრობლემების“ შესახებ პოლიციის ვიზიტამდე ნახევარი საათით ადრე გააფრთხილეს.

თამარ მეარაყიშვილი ბრალს არ აღიარებს. ის რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე. გარდა ამისა, შემოწმების დროს მაღაზია ჯერ მხოლოდ სამზადისში იყო. ვაჭრობის დაწყებას ათ დღეში - ახალი წლიდან აპირებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG