Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა შავ ზღვაზე უსაფრთხოების შეთანხმებას ხელს არ აწერს - რას ნიშნავს ეს?


რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკვე დაკარგა თავისი საზღვაო ხომალდების მესამედი
რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკვე დაკარგა თავისი საზღვაო ხომალდების მესამედი

სააგენტო Reuters-ის ცნობით, უკრაინამ უარი თქვა შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ რუსეთსა და თურქეთთან შეთანხმების გაფორმებაზე, რომელზეც მოლაპარაკება ორი თვის განმავლობაში წარმოებდა.

"ბოლო წუთზე უკრაინა მოულოდნელად გამოვიდა თამაშიდან და გარიგება ჩაიშალა", - უთხრა წყარომ Reuters-ს. იგივე დაუდასტურა სააგენტოს კიდევ სამმა თანამოსაუბრემ. უარის ოფიციალური მიზეზები უცნობია. რუსეთმა, უკრაინამ და თურქეთმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

უკრაინელი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთთან მიმდინარე ომის განმავლობაში კიევი თეორიულადაც კი ვერ დაუშვებდა აგრესორთან მსგავსი გარიგების ხელმოწერას.

„ასეთი შეთანხმება ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს, რომელიც დაინტერესებულია, რომ უკრაინამ შეწყვიტოს რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის განადგურება, რასაც ჩვენი სამხედროები წარმატებით განაგრძობენ“, - უთხრა უკრაინელმა სამხედრო მიმომხილველმა, მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლებას.

თურქეთს სურს გააძლიეროს და განამტკიცოს თავისი გავლენა შავ ზღვაში

თურქეთის ინიციატივით რუსეთსა და უკრაინასთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებით, როგორც ჩანს, მთავარი დივიდენდების მიღებას თურქეთი და რუსეთი ელოდნენ, მაშინ როდესაც უკრაინა კონსენსუსის შემთხვევაში ბევრად წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდა.

განვიხილოთ თითოეული ეს საკითხი ცალ-ცალკე.

შავ ზღვაში მდებარეობს მთავარი მარშრუტები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის მარცვლეულის, სასუქებისა და ნავთობის ექსპორტირებისთვის. 2023 წლის ივლისში რუსეთმა, დასავლეთის ქვეყნების მიერ შეთანხმებების შეუსრულებლობის მომიზეზებით, დატოვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც მანამდე ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გაგრძელდა.

მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებით დაინტერესებული იყვნენ გაერო და თურქეთი, - ერთ-ერთი შუამავალი მოსკოვთან შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებისა, რომელიც შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა.

ნატოს წევრი თურქეთი ცდილობს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს უკრაინასთანაც და რუსეთთანაც, თანაც, როგორც ჩანს, მარცვლეულის ახალი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების ერთ-ერთი სეგმენტია, ადგილობრივი არჩევნების წინ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელმაც 8 მარტს უმასპინძლა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

გაეროს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა იმიტომ, რომ არ შესრულდა მასთან დაკავშირებული დაპირებები, მათ შორის, რუსეთის ერთ-ერთი ბანკისთვის სანქციების მოხსნა და დაბრუნება გლობალურ SWIFT-ის სისტემაში, რაც რუსეთს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.

გარდა ამისა, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნების სანაცვლოდ გაეროსგან მოითხოვდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული სატვირთო გემების შესვლასა და სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას.

შავ ზღვაში საქონლის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება არ სურდა არც კიევს. მაგრამ Reuters-ის წყაროთა თანახმად, უკრაინა დათანხმდა, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ერდოანს, ამის თაობაზე გამოეცხადებინა 30 მარტს. ანუ თურქეთში ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს, რომელზეც ერდოანის პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

"ალბათ იყო რაღაც პროცესი, თურქეთის მხარის შეთავაზების ფარგლებში, რომ ცალკე უკრაინასთან და ცალკე რუსეთთან მომხდარიყო ასეთი საკითხის განხილვა. თურქეთს სურს გააძლიეროს და განამტკიცოს თავისი გავლენა შავ ზღვაში. შესაბამისად თურქეთს შეეძლო, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების წინ, შეეთავაზებინა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ გარკვეული შეთანხმების განხილვა", - აღნიშნავს მიხაილო სამუსი.

როცა კონსენსუსი აგრესორთან შეუძლებელია

შეთანხმების იმ ასლის მიხედვით, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, მოსკოვი და კიევი პირობას დებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ შავ ზღვაში სავაჭრო გემების უსაფრთხოებას და კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ არ გაუხსნიდნენ ცეცხლს, არ დააკავებდნენ და არ ჩაატარებდნენ ჩხრეკას, თუ გემები ცარიელია ან გაცხადებული აქვთ გემბანზე არასამხედრო ტვირთის არსებობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობაზე ოფიციალური კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუკეთებია, უკრაინაში დარწმუნებული არიან, რომ ამ შეთანხმებაზე უკრაინას არა მხოლოდ ბოლო მომენტში არ უთქვამს უარი, არამედ ასეთ მოლაპარაკებაში არც შესულა.

"შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ უკრაინას არათუ არ სურს, არამედ არანაირი პირობით თეორიულადაც კი არ განიხილავს რუსეთთან რაიმე სახის შეთანხმების ხელმოწერას. საამისოდ არსებობს ორი მიზეზი: რუსეთთან ომის დამთავრებამდე უკრაინა ვერაფერს ვერ მოაწერს ხელს აგრესორ ქვეყანასთან. ეს თეორიულადაც შეუძლებელია. მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს მოახდინოს ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის ლეგალიზება სწორედ ასეთი მეთოდით, რომ უკრაინამ ხელი მოაწეროს რაიმე სახის შეთანხმებას: იქნება ეს თევზჭერაზე, ნავიგაციასა თუ შავი ზღვის ეკოლოგიის შესახებ", - ამბობს მიხაილო სამუსი.

გარდა ამისა, კიევი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის უწყების წარმატებული მუშაობის წყალობით შესაძლებელი გახდა შავ ზღვაზე უკრაინული ექსპორტისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო გადაზიდვების აღდგენა, რომლის დაბლოკვაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში სცადა.

მეორე მიზეზია საკითხის სამართლებრივი ასპექტი. რუსეთის განგრძობადი ომის შემთხვევაში ასეთ გარიგებაზე წასვლით უკრაინა ფორმალურად აღიარებდა სტატუს-კვოს. კერძოდ იმას, რომ რუსეთს კანონიერად აქვს ოკუპირებული ტერიტორიული წყლები ყირიმის გარშემო და უკრაინის ეკონომიკური ზონა. დაბოლოს, როგორც მიხაილო სამუსი ამტკიცებს, ასეთი გარიგებით უკრაინას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმებზეც მოუწევდა უარის თქმა.

"შესაბამისად, რუსეთი დაინტერესებულია ასეთი შეთანხმებით, რადგან პირველ რიგში უკრაინა ამით მოახდენდა ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის ლეგალიზებას, დააკანონებდა ყირიმის გარშემო არსებული უკრაინის ტერიტორიული წყლების და ეკონომიკური ზონის ანექსიას. გარდა ამისა, შავ ზღვაზე უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სურს მხოლოდ რუსეთს, რომელიც ამით აუკრძალავდა უკრაინას რუსეთის ხომალდების განადგურებას საზღვაო დრონებით. სწორედ ესაა რუსეთის მთავარი მოტივაცია, რომ ნებისმიერი შესაძლებლობით, ფსევდო- თუ კვაზიშეთანხმებებით შეაჩეროს უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ხომალდების განადგურების პროცესი“, - უთხრა სამუსმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

სრულმასშტაბიანი ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინის არმიამ გაანადგურა მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებისა, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ სავაჭრო დერეფნის ფუნქციონირებისთვის.

უკრაინა აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა თავისი ხომალდების დაახლოებით მესამედი და უკრაინის არმია კვლავ განაგრძობს რუსული ხომალდებისათვის საზღვაო დრონებით გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას.

და არა მხოლოდ შავ ზღვაში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ აპრილის პირველ კვირაში დააზიანა რუსეთის საბრძოლო გემი, რომელიც კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში იყო განთავსებული. თუ დადასტურდება, ეს ცნობა იქნება ნიშანი კიევის მზარდი შესაძლებლობისა, მიზანში ამოიღოს კრემლის ობიექტები საზღვრებიდან მოშორებითაც.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG