Accessibility links

რუსეთ-უკრაინის ომი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინაში ევროპულ ძალებს აშშ-ის ზურგი არ სჭირდებათ - ამბობს აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი

უკრაინაში ევროპულ ძალებს აშშ-ის ზურგი არ სჭირდებათ - ამბობს აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი


ბენ ჰოჯესი ნატოს წვრთნებზე რუმინეთში 2017 წელს
ბენ ჰოჯესი ნატოს წვრთნებზე რუმინეთში 2017 წელს

მაშინ, როდესაც 30 ქვეყნის სამხედრო სარდლები შეიკრიბნენ ლონდონის მახლობლად, რათა დაგეგმონ სამხედრო მისია უკრაინაში, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ეს ქვეყნები მისიის განხორციელებას აშშ-ის დახმარების გარეშეც შეძლებენ.

”უკრაინამ რუსეთი თითქმის მარტომ შეაჩერა”, - თქვა ბენ ჰოჯესმა, ოთხვარსკვლავიანმა თადარიგის გენერალმა 20 მარტს.

„წლების განმავლობაში შევხვდი ჯარისკაცებს დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ფინეთიდან და პოლონეთიდან. ისინი ხარისხიანი ქალები და კაცები არიან კარგი აღჭურვილობით“.

თავდაპირველი პროცესი სამხედრო ძალების შესაკრებად, რომლებიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში განლაგდება, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა წამოიწყეს, მაგრამ აქამდე ამბობდნენ, რომ მათ დასჭირდებათ, როგორც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი უწოდებს, "აშშ-ის ზურგი (backstop)".

ეს ეხება საჰაერო მხარდაჭერის, ლოგისტიკისა და დაზვერვის უზრუნველყოფას.

თუმცა, ვაშინგტონი დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო როლის შესახებ და მოსკოვმა თქვა, რომ კრემლისთვის ნატოს წევრი ქვეყნების ძალების უკრაინაში განლაგება მიუღებელია.

"ამერიკისა და რუსეთის საუბრებიდან თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, თითქმის არ არსებობს შანსი, რომ აშშ-მ უზრუნველყოს ეგრეთ წოდებული ზურგი. არ მგონია, რომ ამ ადმინისტრაციას სურს ამის გაკეთება", - თქვა ჰოჯესმა.

„ამერიკისა და რუსეთის მხარეებს შორის საუბრების მთელი რიგი არ ჩანს დაკავშირებული იმ რეალობასთან, თუ ვინ არის რუსეთი.“


რუსეთი კვლავ ურტყამს უკრაინას

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებმა დაძრა ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის გეგმები და არა ვაშინგტონის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებული საბრძოლო მოქმედებების სრული შეჩერება. მოლაპარაკებების დროს ასევე ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესებაზე და ყინულის ჰოკეის მატჩების მოწყობაზეც კი.

იმავდროულად რუსეთი აგრძელებს დარტყმებს უკრაინაზე. ამ კვირაში მათ ორი საავადმყოფო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღეს სამიზნეში. უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთი მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას თავს დაესხა 18 მარტს, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეაჩერებდა ასეთ თავდასხმებს.

უკრაინამ თავდასხმას უპასუხა რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებით.

სტარმერმა თქვა, რომ 20 მარტის შეკრება მოამზადებს "ოპერატიულ ფაზას". სავარაუდოდ ეს გულისხმობს დისკუსიებს იმის შესახებ, თუ ვინ რა ძალებს მიაწვდის, როგორ იქნება მათი აღჭურვილობა და სხვა ამგვარ საკითხებს.

ამ დროისთვის სამხედრო ძალების ჩართვის პირობა ბრიტანეთსა და საფრანგეთს აქვთ დადებული. კვირის დასაწყისში ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ქვეყნების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ მზად არის გამოყონ სამშვიდობო ჯარები, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, კანადამ და ფინეთმა, განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან რაიმე ფორმით ჩართვისთვის.

სტარმერის წარმომადგენელმა 17 მარტს ახსენა საინჟინრო მხარდაჭერა, აეროდრომების გამოყენება და ეკიპაჟების განთავსება, როგორც გზები, რომლითაც ქვეყნებს შეეძლებათ დახმარების გაწევა ადგილზე ჯარისკაცების გაგზავნის გარეშე.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ამ კვირის დასაწყისში ეწვია ატომურ წყალქვეშა ნავს
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ამ კვირის დასაწყისში ეწვია ატომურ წყალქვეშა ნავს

ჰოჯესმა თქვა, რომ ინგლისში სამხედრო სარდლების შეხვედრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა მკაფიოდ განსაზღვრული მისიის შეთანხმებას, რაც შემდგომში მათ დეტალური დაგეგმვისა და მზადების საშუალებას მისცემს.

"ისინი ალბათ რამდენიმე შესაძლო სცენარს ამუშავებენ. ანუ, თუ ლაპარაკია განცალკევების ზონაზე, სადაც ჯარები განთავსებულია უკრაინელებსა და რუსებს შორის, ეს [სამხედროთა] არის უზარმაზარი რაოდენობაა. თუ ლაპარაკია მათ უკრაინელების ზურგში განთავსებაზე, მაშინ ნაკლები ჯარისკაცია საჭირო, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტურია.“

ბრძოლის წესები?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესათანხმებელი დეტალი ბრძოლის წესების განსაზღვრაა.

„თუ ძალები უკრაინელების უკან 50-100 კილომეტრში განლაგდებიან და შემდეგ ბრიუსელისგან დასჭირდებათ ნებართვა დრონის ჩამოსაგდებად, ეს ვერ იქნება ძალა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას წარმატებით უზრუნველყოფს“, - თქვა ჰოჯესმა.

20 მარტს შეხვედრის დაწყებისას ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა სტარმერის ფოტო, სადაც ის ბირთვულ წყალქვეშა ნავს სტუმრობს.

ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ამგვარი ვიზიტია ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ამით სტარმერმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის ბირთვული შესაძლებლობების არსებობას და სცადა მხარდაჭერის გაძლიერება სამხედრო მისიისთვის აშშ-ის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე.

ჰოჯესმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბრიტანეთის და საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთისას, მაგრამ ის მაინც ეფექტიანი შემაკავებელია.

”არ არის საჭირო ზუსტად რუსების რაკეტების შესაბამისი რაოდენობა გქონდეს მათ შესაკავებლად” - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG