Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
როდრიგო დუტერტე - ყველაფერი ჰიტლერს გაჯიბრებულ ფილიპინელ დიქტატორზე

როდრიგო დუტერტე - ყველაფერი ჰიტლერს გაჯიბრებულ ფილიპინელ დიქტატორზე


ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე (მარცხნივ) ამოწმებს რუსეთის მიერ მიწოდებული ავტომატების დიდ პარტიას რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად. მანილის პორტი, 2017 წლის 25 ოქტომბერი.
ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე (მარცხნივ) ამოწმებს რუსეთის მიერ მიწოდებული ავტომატების დიდ პარტიას რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად. მანილის პორტი, 2017 წლის 25 ოქტომბერი.

როდრიგო დუტერტე სწორედ ის დიქტატორია, რომლის დამარცხების შესახებ მარია რესას მიერ დაწერილი წიგნით („როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“) სასამართლოს წინაშე წარდგა გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. უცნაური დამთხვევით, ამ დღეებში თავად როდრიგო დუტერტე წარდგება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. 

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე, რომელიც ოდესღაც რუსეთთან სამხედრო ალიანსის გაფორმებას აპირებდა და, რომელიც წლების განმავლობაში მართლმსაჯულების გვერდის ავლით გასცემდა ხალხის დაპატიმრებებისა და მკვლელობების განკარგულებებს, უახლოეს დღეებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლის მოსამართლის წინაშე წარდგება. როდრიგო დუტერტეს ბრალი ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

ჰააგაში, ICC-ის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს) შენობის წინ ათობით ადამიანი დგას ტრანსპარანტებით: "ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას და შეშლილი მკვლელის, როდრიგო დუტერტეს პასუხისგებაში მიცემას!"

ზოგიერთი მომიტინგე ატარებს ნიღბებს, რომლებზეც ფილიპინების ყოფილი მმართველი ვამპირადაა გამოსახული.

79 წლის როდრიგო როა დუტერტე, რომელიც ახლა ექსტრადირებულია ნიდერლანდში, პოლიციამ 11 მარტს დააკავა მანილის აეროპორტში ჰონგ კონგიდან დაბრუნების შემდეგ. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასცა მისი დაპატიმრების ორდერი, რომლის მიხედვითაც, დუტერტეს ბრალი ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, რომლებიც მან პრეზიდენტის თანამდებობაზე (2016 წლის 30 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისამდე) ყოფნისას და მანამდე, 22 წლის განმავლობაში ქალაქ დავაოს მერად მუშაობისას, ჩაიდინა.

როდრიგო დუტერტე, 2016 წ.
როდრიგო დუტერტე, 2016 წ.

პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დღიდან როდრიგო დუტერტე მუდმივად იპყრობდა მსოფლიოს ყურადღებას თავისი პოპულისტური განცხადებებით, უხამსი და ცინიკური ხუმრობებით და პირადად მის მიერ წამოწყებული ტერორისა და მკვლელობების კამპანიით, რომელიც მიმართული იყო როგორც ნარკომანებისა და ნარკომოვაჭრეების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების და, ზოგადად, ყველა ოპონენტის, მათ შორის ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ.

დუტერტეს უხამსი განცხადებები

ბარაკ ობამასთან დაგეგმილი შეხვედრის წინა დღეს ASEAN-ის სამიტზე ლაოსში, დუტერტემ აშშ-ის პრეზიდენტს "ძუკნის შვილი" უწოდა მას შემდეგ, რაც ობამამ ფილიპინებში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობაზე ილაპარაკა.

ბარაკ ობამა (მარცხნივ) და როდრიგო დუტერტე
ბარაკ ობამა (მარცხნივ) და როდრიგო დუტერტე

დუტერტეს ნათქვამი აქვს, რომ ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში თავის შვილებსაც კი დახოცავდა. ამის გათვალისწინებით არავის გაჰკვირვებია, როცა დუტერტემ ერთ-ერთი დაჯგუფების შესახებ განაცხადა: "ნუთუ ამ 10 ბოროტმოქმედის სიცოცხლე მართლა რამეს ნიშნავს? თუ მე მომიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება, გგონიათ ამ ასი იდიოტის სიცოცხლე ჩემთვის რამეს ნიშნავს?"

როდესაც გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დუტერტე თავისი განცხადებებით ახალისებს ნარკორეალიზატორების მკვლელობებს და რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ დუტერტეს ლანძღვა-გინება დაატყდათ თავს. ფილიპინების პრეზიდენტმა გაეროს ექსპერტებს "ჩლუნგები" უწოდა და გაეროდან გამოსვლით დაემუქრა. თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს მუქარა ხუმრობა იყო.

„დაივიწყეთ ადამიანის უფლებების ყველა კანონი. თუ პრეზიდენტის სასახლეში აღმოვჩნდი, გავაკეთებ იმას, რასაც მერობისას ვაკეთებდი. თქვენ კი ნარკოდილერებო, განგსტერებო და უსაქმურებო, ჯობია, აქედან დაახვიოთ, რადგან მე თქვენ დაგხოცავთ, - თქვა მან თავის ერთ-ერთ ბოლო წინასაარჩევნო აქციაზე, - მანილის ყურეში გადაგიძახებთ თევზების გამოსაკვებად“.

"ხუმრობა" გაუპატიურებასა და მკვლელობაზე - „მის სახეს შევხედე და გავიფიქრე: რა დასანანია... ერთმანეთის მიყოლებით, ჯგუფურად გააუპატიურეს. წარმოუდგენლად გაბრაზებული ვიყავი, რომ გააუპატიურეს, მაგრამ ის ისეთი ლამაზი იყო. ვიფიქრე: პირველი მერი უნდა ყოფილიყო“. - ეს სიტყვები დუტერტემ 1989 წელს დავაოში გამართულ მიტინგზე თქვა, როდესაც ადგილობრივ ციხეში აჯანყება დაიწყო და პატიმრებმა გააუპატიურეს და მოკლეს მისიონერი ქალი ავსტრალიიდან. ამას მოჰყვა განმარტება, რომ ეს იყო უბრალოდ „კაცური ხუმრობა“. მოგვიანებით დუტერტეს კანცელარიამ ბოდიში მოიხადა.

როდრიგო დუტერტე
როდრიგო დუტერტე

2015 წელს, როცა პაპი ფრანცისკე ფილიპინებს ეწვია, ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს დუტერტემ თქვა: "საცობებმა დაგვაყოვნა. ხუთი საათი დავკარგეთ. ვკითხე, რა ხდება-მეთქი? თქვეს, ყველაფერი გადაკეტილიაო. ვკითხე: ვინ მოდის? მიპასუხეს, პაპიო. მინდოდა მისთვის დამერეკა: "პაპო, ძუკნის შვილო, წადი რა სახლში. არ არის საჭირო ჩვენთან ჩამოსვლა."

დუტერტემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ვატიკანში ჩავიდოდა და პაპს პატიებას სთხოვდა, თუმცა საბოლოო ჯამში მხოლოდ პონტიფექსისათვის წერილის მიწერით შემოიფარგლა.

ჰიტლერს გაჯიბრებული მკვლელი

ადამიანის უფლებათა დამცველები ფილიპინების ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებენ 30 000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში, რომლებიც ჩადენილ იქნა მასობრივი არასამართლებრივი ანგარიშსწორებების დროს, დუტერტეს მიერ გამოცხადებული ეროვნული "ანტინარკოტიკული კამპანიის" ფარგლებში. ჰააგის სასამართლოს ცნობით, დაღუპულთა ოფიციალურად დადასტურებული (დოკუმენტირებული) რაოდენობა დაახლოებით 6 ათასია. დახოცილთა დიდი ნაწილი სიკვდილამდე მხეცურად აწამეს, ვიდრე პოლიციელები, დაქირავებული მკვლელები ან „სიკვდილის ესკადრონების სახალხო შურისმაძიებლები“ დახვრეტდნენ. ამასთან, „დაშინების მიზნით“ ცხედრებს თითქმის ყოველთვის ქუჩაში ტოვებდნენ.

"სიკვდილის რაზმების" მსხვერპლი მანილაში. 2016 წლის ნოემბერი
"სიკვდილის რაზმების" მსხვერპლი მანილაში. 2016 წლის ნოემბერი

ფილიპინელი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ზოგიერთი მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო, ხოლო, სულ ცოტა, ნახევარს მაინც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნარკოვაჭრობასთან. თავად დუტერტე ხშირად გამოდიოდა ტრიბუნიდან არა მხოლოდ ნარკორეალიზატორების, არამედ ნარკოდამოკიდებულების ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებით. არადა, სპეციალისტების შეფასებით, 115-მილიონიან ფილიპინებში, სულ ცოტა, 4 მილიონი ნარკომანი მაინც არის. დუტერტეს ნათქვამი აქვს, რომ პირადად დახვრიტა სამი ნარკორეალიზატორი. 2016 წლის შემოდგომაზე დუტერტემ განაცხადა, რომ მზად იყო მოეკლა იმდენი ნარკომანი, „რამდენი ებრაელიც ჰიტლერმა დახოცა“.

ამასთან, ზოგიერთ ფილიპინელ პოლიციელსა და სახელმწიფო მოხელეს დიდი ხანია ანონიმურად აქვთ გაცხადებული დასავლური მედიისათვის, რომ მათი ბევრი კოლეგა თავად არის ჩართული ნარკოტრეფიკში და რომ პრეზიდენტის ბრძანებებს ისინი იყენებენ კონკურენტებისა და მოწმეების მოსაშორებლად, რომ ხოცავენ მხოლოდ წვრილ-წვრილ დილერებსა და ნარკომანებს, ხოლო მსხვილ მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს არაფერს ერჩიან.

როდრიგო დუტერტე (მარცხნივ) 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის ქალაქ დავაოს მერი იყო
როდრიგო დუტერტე (მარცხნივ) 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის ქალაქ დავაოს მერი იყო

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ ფილიპინებში „უკანონობის დაკანონება“ მოხდა.

სადისტი და ფსიქოპათი

როდრიგო დუტერტემ სადისტისა და ფსიქოპათის რეპუტაცია ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ მოიპოვა, როდესაც ის ქალაქ დავაოს, სამხრეთ ფილიპინების კუნძულ მინდანაოს უდიდესი საპორტო ქალაქის, მერი იყო. ჟურნალმა Time-მა დუტერტეს 2002 წელს მიანიჭა მეტსახელი The Punisher (დამსჯელი). თვითმხილველების თქმით, 2015 წელს დავაოში ერთ-ერთმა ტურისტმა უარი თქვა ბარში სიგარეტის სწრაფად ჩაქრობაზე, რითაც დაარღვია მოქმედი კანონი. დაწესებულების მეპატრონემ, რომელიც დუტერტეს ძველი მეგობარი აღმოჩნდა, დაურეკა მერს, რომელმაც (მას შემდეგ, რაც პირადად მივიდა ბარში) იარაღის მუქარით აიძულა ტურისტი, გადაეყლაპა სიგარეტის ნამწვი.

2020 წლის მარტში, როდესაც COVID-19-ის პანდემია დაიწყო, დუტერტემ პოლიციასა და უშიშროების სამსახურს უბრძანა, ცეცხლი გაეხსნათ ყველასთვის, ვინც „პრობლემებს შექმნიდა“. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მანილის ღარიბ რაიონებში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო. აქციის მონაწილეთა დარბევისას დააკავეს უმუშევრად და უხელფასოდ დარჩენილი ათასობით ადამიანი, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვდნენ.

მანილა. 2018 წ..
მანილა. 2018 წ..

პარალელურად, ფილიპინების პარლამენტმა პრეზიდენტის ზეწოლის ქვეშ მიიღო ახალი ანტიტერორისტული კანონი, რომელიც უფლებას აძლევდა სამართალდამცავ სტრუქტურებს, ორდერის გარეშე 24 დღით დაეპატიმრებინა ნებისმიერი ეჭვმიტანილი; პროკურატურის სანქციის გარეშე მოესმინათ სატელეფონო საუბრები და, რაც მთავარია, ყველა მსხვერპლს ართმევდა შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა მისი უსაფუძვლო დაკავება. გარდა ამისა, ახალი კანონით, გადაწყვეტილებას, ვინ დაეკავებინათ და ვინ - არა, იღებდა არა სასამართლო და მართლმსაჯულების ორგანოები, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლება - საიდუმლო "ანტიტერორისტული საბჭო", რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პრეზიდენტის მიერ დანიშნული მინისტრები.

ამ კანონმა მაშინვე გამოიწვია კრიტიკა გაეროსა და ყველა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მხრიდან - რასაც პრეზიდენტმა დუტერტემ მისთვის ჩვეული უხეშობითა და მუქარით უპასუხა. ფილიპინების მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორო ლოკსინმა, როგორც ჩანს, თავისი შეფის სტილში, ყველა დასავლელ პოლიტიკოსს "მიკერძოებული ნაძირალა" უწოდა.

როგორც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ვარაუდობენ, როდრიგო დუტერტეს საქმე იქნება ICC-ის იურიდიული კომპეტენციის ერთგვარი საფუძვლიანი ტესტი. სასამართლოს კომპეტენცია მოიცავს გენოციდში, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მხილებული პირების დევნას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ დუტერტეს წინააღმდეგ ბრალდებების გამოძიების დაწყებაზე განცხადება გაავრცელა 2018 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ სახელმწიფოს მეთაური იყო. პასუხად, დუტერტემ გადაწყვიტა ფილიპინების გაყვანა რომის სტატუტიდან, რომლის საფუძველზეც დაარსდა ICC.

პუტინთან მეგობრობა

როდრიგო დუტერტეს მმართველობამდე, ფილიპინები ათწლეულების განმავლობაში იყო შეერთებული შტატების უახლოესი სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორი რეგიონში. ფილიპინები მიიჩნეოდა აშშ-ის ერთ-ერთ "ძირითად მოკავშირედ" ნატოს ბლოკს გარეთ. თუმცა, ხელისუფლებაში დუტერტეს მოსვლამ და მისმა პოლიტიკამ მკვეთრად შეცვალა ვითარება. მანილასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად გააკრიტიკა დუტერტე მართლმსაჯულების გვერდის ავლით გამოტანილი სასჯელების გამო. საპასუხოდ, დუტერტემ ობამას სატელევიზიო კამერების წინ მიაყენა შეურაცხყოფა უხამსი სიტყვებით.

როდრიგო დუტერტე (მე-4 მარცხნიდან) დგას ფილიპინებში რუსეთის ელჩ იგორ ხოვაევთან (მარცხნიდან მე-2), რუსეთის კონტრადმირალ ედუარდ მიხაილოვთან (მარცხნიდან მეხუთე). მანილა, 2017 წლის 6 იანვარი.
როდრიგო დუტერტე (მე-4 მარცხნიდან) დგას ფილიპინებში რუსეთის ელჩ იგორ ხოვაევთან (მარცხნიდან მე-2), რუსეთის კონტრადმირალ ედუარდ მიხაილოვთან (მარცხნიდან მეხუთე). მანილა, 2017 წლის 6 იანვარი.

ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუარესების შემდეგ როდრიგო დუტერტემ 2016 წლის ბოლოდან სწრაფად შეიცვალა ორიენტაცია მოსკოვისკენ და განაცხადა, რომ აპირებს რუსეთი ფილიპინების ახალი სტრატეგიული მოკავშირე გახადოს. დუტერტეს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი „ყოველთვის მოქმედებს ისე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს მოეთხოვება“.

2016 წლის 4 ნოემბერს Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში დუტერტემ ვლადიმირ პუტინს თავისი კერპი უწოდა. ვიდეოში, რომელიც წინ უძღოდა ინტერვიუს, კორესპონდენტმა ფილიპინების პრეზიდენტს უჩვენა პოლიტიკოსებისა და ქვეყნების ჩამონათვალი და სთხოვა მას, მოკლედ გამოეხატა პირველივე აზრი, რომელიც კი თავში მოუვიდოდა. როდესაც კადრში გამოჩნდა ვლადიმირ პუტინის ბარათი, დუტერტემ უყოყმანოდ წამოიძახა: „ჩემი კერპი“.

ვლადიმირ პუტინი და როდრიგო დუტერტე
ვლადიმირ პუტინი და როდრიგო დუტერტე

2017 წლის იანვარში დუტერტე ალაპარაკდა განზრახვაზე, „დიდი რუსეთი“ ექცია თავის ახალ „მფარველად“. ეს მოხდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების ჯგუფის მანილაში პირველი ოთხდღიანი ვიზიტის დროს. „მივესალმებით ჩვენს რუს მეგობრებს. ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით შეგიძლიათ ჩვენს ნავსადგურებში ღუზის ჩაშვება", - თქვა ფილიპინების მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ მზად არის, იქცეს "იმ რუსულ-ჩინური მსოფლიო წესრიგის მცირე ნაწილად, რომელიც გარდაუვალად იქმნება" და რომ, მისი აზრით, "მხოლოდ სამი სახელმწიფოა ისეთი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს დანარჩენ დამპალ სამყაროს და ეს სამი სახელმწიფოა ჩინეთი, ფილიპინები და რუსეთი".

2017 წლის მაისში, როდრიგო დუტერტე მოსკოვს ეწვია ვლადიმირ პუტინის მიწვევით, თუმცა ფილიპინების პრეზიდენტს დაგეგმილი ოთხდღიანი ვიზიტის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია, რადგან იმ დღეებში მორიგ ჯერზე გამწვავდა სამხრეთ ფილიპინებში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი ისლამისტურ რადიკალ ჯგუფებთან. თუმცა, დუტერტემ მოასწრო თავისი „კერპისათვის“ პირობის მიცემა, რომ ამიერიდან აპირებდა მხოლოდ რუსეთთან მეგობრობას და არა დასავლეთთან. დუტერტემ ასევე სთხოვა პუტინს დაეწყო რუსული იარაღის ფილიპინებისთვის მიწოდება. ამის შემდეგ დუტერტე კიდევ ორჯერ ეწვია პუტინს რუსეთში, ასევე შეხვდა მას სხვადასხვა ფორუმზე.

თუმცა, 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, როდრიგო დუტერტემ ტელევიზიით გამოსვლისას პუტინი გააკრიტიკა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო. „ბევრი ამბობს, რომ მე და პუტინი მკვლელები ვართ. დიდი ხანია ვამბობ, რომ მე მართლა ვკლავ. მაგრამ მე ვკლავ დამნაშავეებს. მე არ ვკლავ ბავშვებს და მოხუცებს", - განაცხადა დუტერტემ ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემაში, რომელშიც მას ანგარიშს აბარებენ მინისტრები. თუმცა, დუტერტემ იქვე კვლავ "მეგობარი" უწოდა პუტინს და თქვა, რომ „მთლიანობაში არ კიცხავს" რუსეთის პრეზიდენტს ომის დაწყების გამო.

დუტერტე vs მარია რესა

როდრიგო დუტერტე არასოდეს მალავდა განსაკუთრებულ ზიზღს ჟურნალისტების მიმართ. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო მუდმივი ზეწოლა და შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეები მარია ანგელიტა რესას, ამერიკელ-ფილიპინელი ჟურნალისტის, მწერლისა და დამოუკიდებელი ონლაინ საინფორმაციო საიტის, Rappler-ის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ. მარია რესას მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ფილიპინებში "სიტყვის თავისუფლების დასაცავად გაბედული ბრძოლისთვის".

მარია რესა
მარია რესა

ჯილდოს გადაცემის შემდეგ, როდრიგო დუტერტეს ადმინისტრაციამ დამცინავი ტექსტით მიულოცა რესას, რომ მის სტატუსში არაფერი შეცვლილა, რადგან ის დარჩა ცილისწამებაში ბრალდებულად და სხვა სისხლის სამართლის საქმეებში ეჭვმიტანილად. დუტერტეს პრესსპიკერმა ისიც თქვა, რომ ფილიპინელი ჟურნალისტისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიენიჭა იმის ნიშანია, რომ ფილიპინებში „პრესის თავისუფლება ყვავის“. მარია რესას წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოიხსნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დუტერტემ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.


როგორ დაკარგა „იმუნიტეტი“

პრეზიდენტობის ექვსწლიანი ვადის დასრულების შემდეგაც კი (ფილიპინების კონსტიტუცია კრძალავს მეორე ვადით კენჭისყრას), როდრიგო დუტერტე მართლმსაჯულების სისტემისათვის მიუწვდომელი რჩებოდა. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისმა შემცვლელმა, ფერდინანდ რომუალდეს მარკოს უმცროსმა (ყოფილი დიქტატორის, ფერდინანდ მარკოსის ვაჟი), არჩევნებში გამარჯვება და პრეზიდენტად გახდომა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც დუტერტეს ქალიშვილ სარასთან პოლიტიკური ალიანსი შექმნა და მას ვიცე-პრეზიდენტის ადგილი არგუნა.

სარა დუტერტე, როდრიგო დუტერტეს ქალიშვილი
სარა დუტერტე, როდრიგო დუტერტეს ქალიშვილი

თავისი მმართველობის დასაწყისში მარკოს უმცროსმა, რომელიც ასევე ცნობილია ბონგბონგის სახელით, ცხადად მიანიშნა, რომ არ ითანამშრომლებდა ჰააგის ტრიბუნალთან (ICC). თუმცა, ბონგბონგ მარკოსისა და სარას გზები მალევე გაიყარა. 2025 წლის 5 თებერვალს ფილიპინების პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა ვიცე-პრეზიდენტ სარა დუტერტეს და იგი კონსტიტუციის დარღვევაში, კორუფციასა და „საზოგადოებრივი ნდობის ღალატში“ დაადანაშაულა. კერძოდ, უმცროს დუტერტეს ბრალად დასდეს ფერდინანდ მარკოს უმცროსის, მისი მეუღლისა და პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის სიცოცხლის მოსპობის მუქარა. სარას იმპიჩმენტს მალევე მოჰყვა მამის, როდრიგოს დაპატიმრება.

როდრიგო დუტერტეს საქმე, სავარაუდოდ, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი საქმე ICC-ისთვის, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში იმავე ბრალდებით ითხოვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მიანმის სამხედრო ხუნტის მეთაურის, მინ აუნ ჰლაინგის დაპატიმრებას. თუმცა, ფილიპინების ყოფილი ხელმძღვანელისგან განსხვავებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ლიდერები ჰააგაში ხელბორკილებით ჩაიყვანონ, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის დაკავების ორდერი ICC-მ ზუსტად ორი წლის წინ, 2023 წლის 17 მარტს გასცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ბრალს სდებს ომის დანაშაულში - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში. პუტინი რიგით მესამე მოქმედი სახელმწიფოს მეთაურია, რომლის დაპატიმრებაც მოითხოვა ICC-მ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG