მარია რესას ნობელის პრემია გადაეცა სიტყვის თავისუფლებისთვის მრავალწლიანი ბრძოლისთვის. ის, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი, ებრძოდა პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ავტორიტარულ რეჟიმს. ხოლო მისი მედიაგამოცემა “რაპლერი” წერდა იმაზე, თუ როგორ ავრცელებდა სოციალური მედია დეზინფორმაციას და როგორ ცვლიდა დისკურსს.
ამ ინტერვიუს ჩაწერისას მარია რესას გზად დავემგზავრეთ მისი სასტუმროდან თბილისში მისივე ბოლო შეხვედრის ადგილამდე და რაც მოვასწარით, ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვილაპარაკეთ: მამაც ჟურნალისტებსა და დიქტატორულ რეჟიმთან მებრძოლ მედიაზე, იმაზე, როგორ შეიძლება ერთ დღეს დიქტატურაში აღმოჩნდე, თუ მოდუნდები და არ იბრძოლებ. ცოტა იმაზეც, რატომ სუსტდება დემოკრატია, ციფრული პლატფორმებისა და ავტოკრატიული რეჟიმების კავშირზე, საქართველოზე.
- მარია, კითხვა, რომელიც თქვენი წიგნის სათაურიცაა - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, ალბათ, არაერთხელ დაუსვამთ და პასუხი ამ წიგნშია, მაგრამ მაინც მაინტერესებს, რაც დრო გადის, თუ იცვლება თქვენი პასუხი ამ კითხვაზე?
- საამისოდ ბევრი განსხვავებული გზა არსებობს. მე სამ გზას გამოვყოფდი: სტრატეგიული გზა, ტაქტიკური გზა და მესამე, ხალხის მიმართ რწმენის შენარჩუნება. რწმენისა, რომ ხალხი საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
გჯეროდეს ადამიანური ბუნების სიკეთის და დემოკრატიის, რომელიც გვიჩვენებს რას შეგვიძლია ერთობლივად მივაღწიოთ. თუმც კი, რა თქმა უნდა, მმართველობის ეს სისტემა [დემოკრატია - რ.თ.] იდეალური არ არის და უამრავი მიზეზი არსებობს, რატომაც არის დღეს დემოკრატია ასეთი დაუცველი...
ფილიპინებზე, მაგალითად ... პანდემიის შემდეგ მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი უფრო გაღარიბდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამიტომ, რწმენა უნდა შეგვენარჩუნებინა. ყოფილა მომენტები, როცა ვფიქრობდი, გულუბრყვილოები და სულელები ხომ არ ვართ-მეთქი.
მართლა იმდენად გულუბრყვილოები ვართ, რომ გვგონია, სწორი გადაწყვეტილების მიღება - სწორია? და ნობელის პრემიამაც ეს დამიდასტურა, სწორი საქმის კეთება - მართლაც სწორია. ხოლო შენ თუ ხალხის გჯერა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები, - ისინი იმედს არ გაგიცრუებენ.
- თქვენი მაგალითი არდანებების, ძალიან შთამაგონებელია ყველასთვის, მაგრამ, ამავე დროს, არ არის ადვილი. პირიქით, ეს ძალიან რთულია. რა არის თქვენი სუპერძალა, რომელიც გეხმარებათ, ბრძოლა გააგრძელოთ, დარჩეთ ქვეყანაში და არ გეშინოდეთ? ან, არ ვიცი, იქნებ გეშინიათ კიდეც?
- ყოველთვის გეშინია. ვინ იბრძვის მთავრობის წინააღმდეგ საკუთარი ნებით? არავინ. იაპონელებს აქვთ დაახლოებით ასეთი ფრაზა: ჩაქუჩი იმ ლურსმანს ჭედავს, რომელიც ყველაზე მაღლაა ამოწეული, თუ ადგები, შენც ჩაქუჩი მოგხვდება. რაც ნიშნავს, რომ ზედმეტად განსხვავებულები ისჯებიან - ვის მოუნდება ეს?
ვფიქრობ, ფილიპინებზეც იმიტომ დავბრუნდი, რომ მთელი ცხოვრება და კარიერა, ჟურნალისტიკის სტანდარტებითა და ეთიკით ვცხოვრობ. 2005 წელს წავედი იქ და სათავეში ჩავუდექი ყველაზე დიდ საინფორმაციო მედიაორგანიზაციას. როდესაც ასეთ მედიას უძღვები, ხვდები, რომ ძალაუფლების სისტემის ნაწილი ხდები და ყველა მხრიდან ზეწოლას გრძნობ. მერე სწავლობ, როგორ გაიკვლიო გზა და თან საკუთარი სტანდარტების და ეთიკის ერთგულიც დარჩე.
და კიდევ, დარჩენის და ბრძოლის მიზეზი ხდება ის, როცა მთავრობა რაღაც ანტიკონსტიტუციურს აკეთებს. თან მას აქვს ფული და ძალაუფლება. როცა მე „რაპლერის“ [მედია, რომელიც მარია რესამ დააფუძნა - რ.თ.] კეთება დავიწყე და მისი ხელმძღვანელი გავხდი, დუტერტეს ადმინისტრაციამ დაიწყო შეტევა მედიაზე - ძალიან ადვილი იყო ჩაეჩუმებინა კორპორაციული მედია - დიდი მედიასაშუალებები, რადგან მათ თავიანთი ბიზნესინტერესებიც ჰქონდათ, მათ შორის, ჩემს ძველ სამსახურსაც. „რაპლერს“ - ჟურნალისტიკის გარდა სხვა ინტერესი არასოდეს ჰქონია.
ამერიკიდან ფილიპინებზე რომ არ დავბრუნებულიყავი (რაც ასევე შემეძლო, რადგან ამერიკის პასპორტიც მაქვს და ფილიპინების მოქალაქეობაც), პირველ რიგში, მხდალი გამოვჩნდებოდი, მეორე, ყველაფერი, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, ფუჭი გახდებოდა. როცა მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა გამოიჩინო ინიციატივა. მე ასე მგონია.
თითქოს, ეს შანსი, რომ ახალი ამბების მედიის ხელმძღვანელი გავმხდარიყავი, არასწორ დროს გადმომეცა. მაგრამ ეს შანსი უნდა მიმეღო და შემდეგისთვის გადამეცა. ქართველ ჟურნალისტებსაც მოუწევთ, ეს შანსი შემდეგ თაობას გადასცენ. თქვენი გამოწვევაა, გადაარჩინოთ დემოკრატია.
- დიახ, ჩვენ სწორედ ახლა ვაპროტესტებთ რუსული სტილის „აგენტების კანონს“, შიშიც არსებობს, რა გველის. რას გვეტყოდით თქვენ ამ ბრძოლაში მყოფებს?
- შიში ნორმალურია. მთავარია, რას გააკეთებ მას შემდეგ, რაც ამ შიშს იგრძნობ. ეს გაყალიბებს პიროვნებად. თქვენ მსგავს განსაცდელში ადრეც ყოფილხართ, ამიტომ თუკი გადაწყვეტთ, რომ ფაშიზმს არ მიიღებთ, სიახლეებს პრაგმატულად და მზად უნდა დახვდეთ.
სწორედ ესაა ერთ-ერთი საშიშროება - თანამედროვე ტექნოლოგიას საოცარი მეთვალყურეობის შესაძლებლობა აქვს. ამით შეიძლება საზოგადოების საქციელი შევცვალოთ, ტყუილი იმდენნაირად შემოვაბრუნოთ, სანამ ხალხის თვალში ჭეშმარიტებად არ ვაქცევთ. მას მიკერძოებული აზრები წინა პლანზე გამოაქვს, ზედაპირზე ამოაქვს ზიზღი და შიში. პოლიტიკა კი გლადიატორების ბრძოლას ემსგავსება.
საქართველოში, ისევე როგორც ფილიპინებზე, მთავარი მამოძრავებელი ძალაუფლება და ფულია. მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, რა მისცემს ჩვენს შვილებსა და ქვეყანას უკეთეს მომავალს? მარტოები ამას ვერ გაუმკლავდებით. და თქვენ კი, ჟურნალისტებმა, ამ თემებზე პირდაპირ უნდა ისაუბროთ, არ აარიდოთ თავი დისკომფორტსა ან სირცხვილს.
მე მგონი, მთავარი მიზეზი, რატომაც მე ახლა ციხეში არ ვარ, ის არის, რომ (როდრიგო) დუტერტეს ადმინისტრაციას გამორჩა, რომ 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო მედიაში ახალ ამბებს ვაშუქებდი. ჩემი მაშინდელი კოლეგები ახლა მედიასაშუალებებს ხელმძღვანელობდნენ, ისინი მეხმარებიან. ვფიქრობ, იმ დროს უნდა დაიჭირო სამყაროს ყურადღება, როდესაც ყველას ყურადღების დეფიციტი აქვს. საქართველომ ეს მოახერხა. ფილიპინებზე უკეთაც.
- თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ დიქტატურა ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება. რა არის ამის ნიშნები, გაგვიზიარეთ. ჩვენც ვშიშობთ, ერთ დღეს იქ არ აღმოვჩნდეთ.
- მე ამას ვუწოდებ „ათასი ჭრილობით სიკვდილს“. დიქტატორს უნდა, რომ როგორც კი სხვა მხარეს გაიხედავ, ნელ-ნელა დაგასუსტოს. „ათასი ჭრილობით სიკვდილი“ არ არის სიტყვები ტეილორ სვიფტის სიმღერიდან - ეს არის ის, რაც "ალ-ყაიდას" უნდოდა ამერიკისთვის გაეკეთებინა. მე ამას ვუწოდებ „ათასი ჭრილობით სიკვდილს“.
და დღეს ეს არის ის, რასაც ავტორიტარები და სოციალური მედია აკეთებს.
ყველაფერი, მაგალითად, თქვენი უფლებების წართმევა, მცირე ჭრილობებია, რომლებსაც, მათი აზრით, ყურადღება არ უნდა მიაქციო, იმიტომ რომ პატარა ჭრილობაა და მეტი არაფერი! მაგრამ სწორედ ამ ჭრილობებიდან ვიცლებით სისხლისგან, სანამ საზოგადოება ისე არ დასუსტდება, რომ საერთოდ განადგურდეს.
ეს კი არ გვაწყობს. ფილიპინებმა ჯოჯოხეთიდან მოახერხა ამოსვლა წინა რეჟიმიდან დღემდე. წარმოიდგინეთ, ჩემ წინააღმდეგ 11 სისხლის სამართლის ბრალდება იყო, ახლა მხოლოდ 2 დამრჩა!
- თუ არ ვცდები, ათჯერ ჰქონდათ თქვენი დაპატიმრების მცდელობა.
- 10-ჯერ თუ 11-ჯერ სცადეს ჩემი დაპატიმრება, ზუსტად აღარც მახსოვს. მეგობრები მიბრაზდებიან, რადგან ყველაფერი ცუდის დავიწყებას ვცდილობ ხოლმე... საქართველოსთვის და ქართველებისთვის კი... ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შეიძლება ზოგმა სულაც გადაწყვიტოს, რომ უნდა ასეთი რეჟიმი.
- ან არა.
- ან არა. ეს კიდევ მეორე საკითხია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში „ძლიერი კაცი ლიდერების“ ნოსტალგია ჯერ ისევ არსებობს. 1986 წელს გავაგდეთ (ფერდინანდ) მარკოსი და პრაქტიკულად, ჩემი კარიერის დასაწყისი დაემთხვა იმ დროს, როცა დემოკრატიული სისტემა ამ ავტორიტარულ ლიდერებს ანაცვლებდა. ასე იყო 1998 წლამდე, როცა ინდონეზიაში (ჰაჯი მუჰამედ) სუჰარტოს თითქმის 32-წლიანი მმართველობა დასრულდა.
შემდეგ ჩემი კარიერა ნელ-ნელა ისევ დაბლა იწყებს ჩამოსვლას. მას შემდეგ, რაც მარკოსი წავიდა, რაც სუჰარტო გადადგა, რაც დემოკრატია ძალიან ქაოსური გახდა, რადგან რთულია დემოკრატიის შენარჩუნება, განსაკუთრებით თუ ყველას აზრის გათვალისწინება გინდა. ამის მოთმინება ყველას არ გააჩნია, ასეთ დროს, ზოგჯერ ხალხს უნდა ხოლმე ძლიერი ლიდერი, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
- ოდესმე გიფიქრიათ, რომ ყველაფერი მიგეტოვებინათ?
- არა. არაფერს ვნანობ ცხოვრებაში. 60 წლის ვარ და კვლავ იმავე იდეოლოგიით ვცხოვრობ და ასე ვაპირებ გაგრძელებას. შესაძლებელია, რომ იყო 60 წლის და იყო იდეალისტი.
- რას ურჩევდით ჟურნალისტებს?
- პირველ რიგში, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჟურნალისტებიც და მოქალაქეებიც. ფილიპინებზე იყო პერიოდები, როცა ვბრაზდებოდი მოქალაქეებზე, რომლებიც ძლევამოსილი სისტემის წინააღმდეგ ხმას არ იღებდნენ. რომლებიც ჩუმად იცავდნენ თავიანთ ფულს. მაგრამ შიშს დიდი გავლენა აქვს, ამიტომ, საბოლოოდ, დიდხანს ვერ ვრჩებოდი გაბრაზებული.
ერთადერთი, ვისი გაკონტროლებაც შეგვიძლია, ეს საკუთარი თავია. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, გახსოვდეს, ვინ ხარ. გაავლე საზღვრები, რომ ამ მხარეს ხარ კარგი ადამიანი და ამ მხარეს - ბოროტი. ისეთი ცხოვრებით იცხოვრე, რომელიც შენ შეგეფერება.
- თქვენი სიტყვებია, რომ სწორედ ახალი ამბების ჟურნალისტიკამ გაქციათ ისეთ ადამიანად, როგორი ადამიანიც გსურდათ ყოფილიყავით.
- დიახ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკის სტანდარტებმა და ეთიკამ, რისთვისაც მიწერია. მიყვარს ეს დისციპლინა, რადგან ის გიწესებს საზღვრებს. ემოციას აქვს ძალა, მაგრამ აქ უბრალოდ ემოციური კი არ ხარ ყველაფრის მიმართ, ჟურნალისტიკაში სწავლობ შენი ემოციების მართვას, გვერდზე გადადებას, რათა ნათელი გონებით შეხედო სიტუაციას და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შეეგუო იმას, რომ რაც არ იცი - არ იცი.
მე არასდროს ვიქნებოდი ლიდერი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს როგორი უნდა იყოს მსოფლიო. მე მინდა, ფაქტები მივაწოდო ყველას ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ესაა ჟურნალისტიკა. მაბრაზებს ეს Big Tech-ი! (დიდი ტექნოლოგია).
- თქვენს წიგნში - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, რომელიც ქართულადაც ითარგმნა, რომელია თქვენი საყვარელი ნაწილი?
- წიგნში არის დიდი გაკვეთილებიც - დიდი სურათი, მაგრამ მე მასში ასევე შევიტანე პერსონალური გაკვეთილებიც, რომლებიც ვისწავლე. დათმობებზე წასვლამაც მომიწია. ჩემი 3 ჟურნალისტი 2008 წელს „აბუ საიაფმა“ მოიტაცა - მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის არ არსებობს იმის მოკლე ინსტრუქცია, როგორ დაიბრუნო შენი ჟურნალისტები ასეთ შემთხვევაში ან როგორ გაუმკლავდე ტერორისტებს. შესაბამისად, მინდოდა დამეწერა სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის და ჩვენი სოციუმისთვის.
რაც დღეს ტექნოლოგიებმა ქნა, არის ის, რომ ჩვენ ერთგვარად დაგვშალა ცალკეულ ინდივიდებად. ბრძოლა, რასაც ვუყურებთ მსოფლიოში, ჩვენს ტელეფონებში მიმდინარეობს.
უკრაინის ომი უკრაინაში არ არის, არამედ ამ ტელეფონშია, რადგან რუსული დეზინფორმაცია თქვენც გიპირისპირდებათ. მოკლედ, დიდი გაკვეთილი, ალბათ, მაინც ის არის, რომ ისე მოექეცი სხვებს, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ.
- როცა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამან ყველაფერი გაამარტივა - ისე მოიქეცი, როგორც გინდა რომ მოგექცნენ, სხვანაირად, რატომ უნდა მოექცე?
ჟურნალისტიკაშიც ეს გამოსადეგია: იყავი სამართლიანი და უსმინე.
PS: "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" იმ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ეძღვნება, რომლებიც საკუთარ პოზიციას იცავენ.
ჩემი წიგნის თავფურცელზეც მარია რესამ სამახსოვროდ ასეთი ხელმოწერა დამიტოვა: "მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ".