Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მოხალისეები რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმებს განაგრძობენ


ბელგოროდი, რუსეთი - 17 მარტი, 2024 წელი.
ბელგოროდი, რუსეთი - 17 მარტი, 2024 წელი.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინიდან შეჭრა რუსმა მოხალისეებმა საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირეს. არჩევნები დასრულდა, თავდასხმები გრძელდება.

აფეთქებები, დასახლებული პუნქტების დაკავება, მოსახლეობის ევაკუაცია - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინას აბრალებს, თუმცა უარყოფს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას.

მეთვალყურეებისთვის კი სულ უფრო ცხადი ხდება, რომ "პუტინის ჯარს" რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი მოხალისეები უპირისპირდებიან.

შეიარაღებული ჯგუფები - „რუსეთის თავისუფლება“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ სამიზე ტერიტორიების გაფართოებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ იტყობინებიან. მათი საბოლოო მიზანი პუტინი და მოსკოვია.

რა ხდება?

„ბომბები ცვივა ავტომანქანებზე, ბინებში და სახლებზე... სიურრეალისტური სიტუაციაა“, - ეუბნება ბელგოროდის მკვიდრი ქალი ტელეკომპანია „დოჟდს“ [მისი ვინაობა არ სახელდება, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე].

მისი მონათხრობით, ბელგოროდის სოფლებში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ეს შედეგები მოჰყვა რუსი მოხალისეების წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება არაერთი ვიდეო - რომლებიც საჰაერო განგაშის დროს ხალხის გაქცევის ან დამალვის მცდელობის ეპიზოდებს ასახავს.

სხვა ვიდეოები ადასტურებს, რომ ბევრ დასახლებაში ადგილობრივებს სურსათის შოვნა უჭირთ და მაღაზიებში დახლები ცარიელია.

ბელგოროდის ოლქის გარდა, რუსმა მოხალისეებმა, როგორც აცხადებენ, კურსკის ოლქშიც შეაღწიეს და ტერიტორიები დაიკავეს.

აფეთქებების ამსახველი ვიდეომასალა ამ ოლქიდანაც ვრცელდება. არის ინფორმაცია ელექტროენერგიის დროებით შეწყვეტის შესახებაც.

რუსი მოხალისეები მთავარ მიზნად რუსეთში პუტინის რეჟიმის დასრულებას ასახელებენ; თუმცა აღიარებენ, რომ მოსკოვზე მარშისთვის ძალები არ ჰყოფნით. ახლა მიმდინარე ოპერაციის მიზანი კი, მათი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დასუსტებაა.

რუსი მოხალისეების რუსეთში შეჭრის ამბავი 12 მარტს გავრცელდა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირეს და მოხალისეები ამბობდნენ, რომ მათი ბიულეტენები ბელგოროდისა და კურსკისკენ ნასროლი ჭურვები თუ ტყვიებია; ხმას კი პუტინისგან თავისუფალ რუსეთს აძლევენ.

ბევრი მოელოდა, რომ არჩევნების შემდეგ რუსი მოხალისეების მიერ წამოწყებული პროცესი დასრულდებოდა; მაგრამ ასე არ მოხდა.

სამოქალაქო ომი?

რუსი ჟურნალისტისა და ბლოგერის, კრემლის მწვავე კრიტიკოსის ალექსანდრ ნევზოროვის შეფასებით, რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და ამის აღიარება არავის უნდა.

“ეს რომ ომია - უდავოა. ასევე უდავოა, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაზე ხდება. მაგრამ გაუგებარია, როდის დაარქმევენ მას „სამოქალაქოს“ [ომს]... კრემლი და პროპაგანდა ამბობენ, რომ უკრაინა უტევს; სხვა ცნობებით კი - ბომბავენ, ისვრიან და დასახლებულ პუნქტებს იღებენ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ ლეგიონი და მოხალისეთა კორპუსი, ანუ რუსეთის მოქალაქეები", - ნევზოროვი ტელეგრამზე ასევე წერს, რომ "მოქალაქეები რუსეთის მოხალისეთა კორპუსიდან აწარმოებენ თავიანთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას [ასე უწოდებენ უკრაინასთან ომს რუსეთში] რუსეთის დემილიტარიზაციისა და დეპუტინიზაციისთვის“.

„ჩვენს ოლქში [ბელგოროდის] მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით იმ რაიონებიდან, რომლებიც მუდმივად ან პერიოდულად იბომბება, ძალიან ბრაზობენ მოსკოვის ხელისუფლებაზე და ზოგ ჩვენს თანამემამულეზე, რომლებიც გვეუბნებიან სოციალურ ქსელებში - მოითმინეთო ან წამოდითო... უკაცრავად - ოლქში 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოკლედ, ხალხი ძალიან გაბრაზებულია.

სასაცილოა, რომ ამბობენ, პუტინს აქ 90%-იანი რეიტინგი აქვსო. არ არის ეს სიმართლე... მოსკოვში მართავენ კონცერტებს - ყირიმი ჩვენიაო და ბელგოროდი ვისია?! გაუგებარია“, - „დოჟდის“ რესპონდენტი აღნიშნავს ასევე, რომ ადამიანები შველას ითხოვენ, მაგრამ მათ არაფრით ეხმარებიან და სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად, ადამიანები რისკის ფასად მოდიან სამსახურში.

სოციალურ ქსელებში პანიკა შეინიშნება. ადამიანებს ყველაზე მეტად აშინებთ ის ფაქტი, რომ - „არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი“.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „უკრაინელმა ტერორისტებმა“ რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ მოახერხეს. თუმცა ოფიციალური არხებით ვრცელდება არაერთი ცნობა - დრონებითა და რაკეტებით შეტევის შესახებ.

ФСБ-ს კოლეგიაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „ჩავარდა [რუსეთის ტერიტორიაზე] შეჭრის ყველა მცდელობა“, რასაც ცდილობდნენ უკრაინის რეგულარული ნაწილებისგან და უცხოელი დაქირავებულებისგან შემდგარი ჯგუფები. მან ახსენა „მოღალატეებიც“ და სპეციალურ სამსახურებს დაავალა - „გამოავლინონ თითოეულის სახელი“ და დასჯის პირობა დადო - „სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

„არასოდეს ვაპატიებთ“, - თქვა პუტინმა.

„პრეზიდენტი აღფრთოვანებულია ბელგოროდში მცხოვრები ადამიანებით... ჩვენ მათით აღფრთოვანებული ვართ უკვე მესამე წელია“, - წერს თავის ტელეგრამარხზე ანასტასია კაშევაროვა, კრემლის მომხრე სამხედრო ბლოგერი, რომლის აზრითაც - ქვედა ფენებში ხშირად არ ასრულებენ პრეზიდენტ პუტინის დავალებებს - და ვარაუდობს, რომ ბელგოროდელების პრობლემების იგნორირებაც ამ რიგიდან არის.

კაშევაროვას შეფასებით, ბელგოროდში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

დანაკარგები

რუსი მოხალისეები წერენ, რომ რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს და „პუტინის ჯარს“ 12-18 მარტის პერიოდში, გაუნადგურეს: 7 ტანკი, 20 ქვეითთა ჯავშანმანქანა, 6 ჰაუბუცა, 4 ჯავშანტრანსპორტიორი, 57 - სხვადასხვა საავტომობილო ტექნიკა [მძიმე და მსუბუქი]. ჩამონათვალშია ასევე დრონები, სამეთვალყურეო, საკომუნიკაციო სისტემები და სხვა სახის ტექნიკა, რასაც მოწინააღმდეგე იყენებდა.

ცოცხალი ძალის დანაკარგებში მითითებულია 612 მოკლული, 829 - დაჭრილი და 27 ტყვედ აყვანილი პირი.

რუსეთი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე აცხადებდა, რომ "ტერორისტებიცა" და მათი საბრძოლო ტექნიკაც - სრულად გაანადგურეს.

მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი.

გავრცელებულ ცნობებს ეჭვით უყურებს Conflict Intelligence Team-ის (CIT) დამფუძნებელ რუსლან ლევიევი. „დოჟდთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსმა მოხალისეებმა ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ზიანის მიყენება.

ლევიევი არ ემხრობა მსგავს სპეცოპერაციებს და შურისძიებით მოტივირებულად თვლის. აღნიშნავს, რომ, მაგალითად, ბელგოროდის ოლქში, საბავშვო ბაღისა და სკოლის სიახლოვეს, ფამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალები, რაც მიუღებელია.

„უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული დარტყმები არ შეიძლება ჩაითვალოს გამართლებად მსგავსი სამხედრო დანაშაულების რუსეთის ტერიტორიაზე ჩასადენად“, - ლევიევის ამ სიტყვებმა კომენტატორები ააღელვა. ზოგმა მის ობიექტურობაშიც შეიტანა ეჭვი.

„ეს არ არის შურისძიება. ეს ასუსტებს რუსეთს. ომი რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს“, „მარტო რუსები გეცოდება?“, „ლევიევს არ ესმის, რომ მოხალისეთა კორპუსს დახმარება სჭირდება და არა მტრების ძახილი, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება - ლევიევს ნოვიჩოკს აჭმევენ“, - წერენ კომენტატორები.

2023 წლის ზაფხულში, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ Conflict Intelligence Team-ის (CIT) დამფუძნებელს, რუსლან ლევიევს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების მუხლით. ამის შესახებ პროექტი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ წერდა.

ევაკუაცია

„რუსეთის თავისუფლება“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ თავიდანვე მოუწოდებდნენ ადგილობრივებს და აფრთხილებდნენ, რომ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, არის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შანსიც და იმ მიზეზით - რომ სამხედრო ობიექტები რუსეთს ხშირად სწორედ საცხოვრებელ უბნებში აქვს განთავსებული.

20 მარტს მათ პირადად ბელგოროდის გუბერნატორს მიმართეს და გააფრთხილეს, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ შეტევას გეგმავენ და ხალხის მასობრივ ევაკუაციას თუ არ დაიწყებს, ყველა ადამიანის სიკვდილი პირადად გუბერნატორის ბრალი იქნება.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა 19 მარტს განაცხადა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში - ოლქში დაიღუპა 16 ადამიანი და კიდევ 98 დაშავდა.

როგორც გუბერნატორი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს - კვირის ბოლომდე სკოლებში იძულებითი არდადეგები გამოცხადდა.

არის ცნობები 9000 ბავშვის ევაკუირების შესახებ. თუმცა ეს არ არის იძულებითი პროცესი - ლაპარაკია ძირითადად იმ ბავშვების ბანაკებში გაყვანაზე, რომელთა მშობლებიც სამუშაო ადგილებს ვერ ტოვებენ, ხოლო სახლში ბავშვების დამტოვებელი არავინ ჰყავთ.

ბელგოროდელები ამაოდ მოითხოვენ, რომ სამსახურებიდან დროებით მაინც დაითხოვონ.

მხარდაჭერა

17 მარტს, კიევში, რუსი მოხალისეების [„რუსეთის განმათავისუფლებელი ძალები“] მხარდამჭერი ფორუმი გაიმართა.

ხელი მოეწერა მემორანდუმს - რუს ოპოზიციონერებსა და რუს მოხალისეებს შორის.

ფორუმის მონაწილე - რუსი პოლიტიკოსი და ბლოგერი, მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში წერს, რომ მემორანდუმი „რუსი ოპოზიციონერების მხრიდან მოხალისეების მხარდაჭერას ადასტურებს“ და მიზანს წარმოადგენს ძალისხმევის გაერთიანება მებრძოლების დასახმარებლად.

ფორუმში მონაწილეობდნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც და მათ შორის რუსი მოხალისეების დიდი ხნის მხარდამჭერი - ილია პონომარიოვი.

„ფონდ 24.02“-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დისტანციურად მიმართა - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გამოძიების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა. უკრაინულ მედიაში ციტირებული მისი სიტყვების თანახმად, რუსი მოხალისეები მნიშვნელოვნად ეხმარებიან უკრაინას და სამხედრო ხელშეწყობის გარდა, მათი მისია რუსეთის გამოღვიძებასაც ისახავს მიზნად.

კიევში გამართულ ფორუმში თავად რუსი მოხალისეებიც მონაწილეობდნენ, რომელთა მიმართაც რუსი ოპოზიციონერების წრეებში განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG