მიხაილო სამუსი, "ახალი გეოპოლიტიკის კვლევის ქსელის" დირექტორი თვლის, რომ უკრაინის პარტნიორ სახელმწიფოებს რამდენიმე თვე აქვთ უკრაინისთვის ეფექტიანი დახმარების გასაწევად და ის რამდენიმე თვეც არასაკმარისია. სამუსის შეფასებით, უკრაინის სტრატეგიული თავდაცვის პოზიციაში დარჩენა დროის ფლანგვაა, ქვეყანამ 2024 წელსვე უნდა მოახერხოს შემობრუნების წერტილის შექმნა ბრძოლის ველზე და სწორედ ამაზე უნდა იყოს მიმართული დასავლეთის დახმარებაც. მიხაილო სამუსი უკრაინის გამარჯვებისთვის დახმარების არასაკმარისი მოცულობა ევროპის შემთხვევაში თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდული შესაძლებლობებით და ასევე იარაღის შეზღუდული მარაგებით არის გაპირობებული, აშშ-ის შემთხვევაში კი შიდაპოლიტიკური ფაქტორებით. მიხაილო სამუსმა თავისი მოსაზრებები რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაუზიარა.
დასავლეთის და განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების პრობლემა ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ისინი ემზადებოდნენ მშვიდობისთვის და არა - ომისთვის.
რადიო თავისუფლება: რას ისაკლისებთ დასავლეთის დამოკიდებულებაში იმ ვითარებისა და გამოწვევების მიმართ, რის წინაშეც უპირველეს ყოვლისა ახლა დგას უკრაინა და რომელიც მას უჯდება საკუთარი მოქალაქეების (მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების) სიცოცხლის ფასად?
მიხაილო სამუსი: იცით, არის უამრავი ილუზია დასავლეთის შესაძლებლობებზე, რომელიც მას უკრაინის დასახმარებლად გააჩნია. დასავლეთის და განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების პრობლემა ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ისინი ემზადებოდნენ მშვიდობისთვის და არა ომისთვის. ეს არის პრობლემა. ასე რომ, ზოგჯერ მესმის ხოლმე რაღაც კონსპირაციაზე, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ ჩვენი გამარჯვებისთვის მხარდაჭერა; რომ ეძებენ რაღაც მიზეზებს და ცდილობენ შექმნან პირობები იმისთვის, რომ უკრაინამ შეწყვიტოს ბრძოლა და ამის შემდეგ მოხერხდეს გარკვეული სახით გამოსავლის გამონახვა რუსეთთან ძველებურ ურთიერთობებზე დასაბრუნებლად. მაგრამ, პრობლემა პოლიტიკურ სფეროში კი არა, თავდაცვით მრეწველობაში, არმიასა და სამხედრო სფეროშია. ევროპის ქვეყნებს მთელი 30 წლის განმავლობაში უბრალოდ არ დაუხარჯავთ საკმარისი ფული, არ ჩაუდიათ საკმარისი ინვესტიცია, რომ ამ ომისთვის მზად ყოფილიყვნენ. იმავე ავიამოიერიშეებზე ვიტყვი, რომ ევროპას არ გააჩნია უკრაინაში გასაგზავნად გამზადებული სათანადო რაოდენობის ავიამოიერიშეები. ახლა, მაგალითად, შვედეთიდან ველოდებით „გრიპენებს“. სანამ ნატოში შევიდოდნენ, არ შეეძლოთ მათი გადმოცემა, ამბობდნენ, რომ ნატოში არ ვართ და ჩვენივე თავდაცვისთვის გვჭირდება ეს „გრიპენებიო“. ახლა, იმედია, გადასცემენ უკრაინას.
სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ არ გააკეთა უკრაინისთვის ყველაფერი, რაც შეეძლო გაეკეთებინა ორი წლის განმავლობაში.
ამისთვის შექმნილია როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო პირობები. თუმცა, სხვა ქვეყნებში, უბრალოდ არ აქვთ საკმარისი მარაგები უკრაინისთვის გასაგზავნად. მათ არ გააჩნიათ საბრძოლო მასალები, არ აქვთ საკმარისი ტანკები. თავიანთთვისაც კი არ აქვთ საკმარისი არტილერია, საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ასე რომ, როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რისი დეფიციტია, რასაკვირველია, ევროპის ქვეყნებისთვისაც და უკრაინისთვისაც უმთავრესი ახლა არის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირება, ომის შემდგომი ეტაპისთვის მოსამზადებლად.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ცხადია, იქ უფრო მეტად პოლიტიკური ფაქტორები მოდის წინ, უფრო მეტად - შიდაპოლიტიკური საკითხები. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ არ გააკეთა უკრაინისთვის ყველაფერი, რაც შეეძლო გაეკეთებინა ორი წლის განმავლობაში. ვინაიდან, მაგალითად, შეეძლოთ ჩვენთვის ორი წლის წინ გამოეგზავნათ F-16-ები, მაგრამ ევროპის ქვეყნები უგზავნიან უკრაინას F-16-ებს და არა აშშ. აშშ-მა გამოგვიგზავნა 31 ტანკი 310 ტანკის ნაცვლად, რომელთა გამოგზავნაც მისთვის სულ ადვილია, რადგან ათასობით ტანკი აქვთ გერმანიისგან განსხვავებით, რომელსაც არ აქვს ტანკები. ანუ, ასე შეგვიძლია ვთქვათ: ევროპას არ გააჩნია შესაძლებლობები, აშშ-ს არ გააჩნია სათანადო პოლიტიკური ნება.
კონფლიქტი მაინც მოხდება, რადგან ეს სურს რუსეთს. მათ გათვლა აქვთ იმაზე, რომ ნატო უფრო სუსტი იქნება და რუსეთისთვის ხელსაყრელი დრო იქნება, რომ დაანგრიოს 1990-იანების შემდგომი ვითარება.
რადიო თავისუფლება: აშშ გეოგრაფიულად ბევრად შორს არის ფრონტის ხაზიდან, ვიდრე ევროპის ქვეყნები, მაგრამ, რას ფიქრობთ, აქვს მას ასეთი მიდგომის, ასეთი პოლიტიკის - უკრაინის საკითხის არასაკმარისად პრიორიტეტულად დაყენების ფუფუნება?
მიხაილო სამუსი: არა მგონია,ჰქონდეს. ბაიდენის ადმინისტრაციის გზავნილი - ესკალაციის თავიდან აცილებაზე - იყო მკაფიო. ეს ღიად გამოცხადდა და ნატომაც გაიზიარა. ნატოს გენერალურმა მდივანმა რამდენჯერმე განაცხადა, არ გვსურს ესკალაცია და არ გვინდა რუსეთთან პირისპირ კონფლიქტში ჩაბმაო. იგივე განაცხადა აშშ-მაც. ეს აბსოლუტურად არასწორი პოზიციაა. აბსოლუტურად არასწორი! კონფლიქტი მაინც მოხდება, რადგან ეს სურს რუსეთს. რა თქმა უნდა, რუსეთს არ უნდა პირდაპირი კონფლიქტი ახლა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში - რატომაც არა? მათ გათვლა აქვთ იმაზე, რომ ნატო უფრო სუსტი იქნება და რუსეთისთვის ხელსაყრელი დრო იქნება, რომ დაანგრიოს 1990-იანების შემდგომი ვითარება. ხომ გახსოვთ რუსეთის ის ე.წ. წინადადება 2021 წლის ბოლოს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე.
რადიო თავისუფლება: ორი "წინადადება" იყო - ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის.
მიხაილო სამუსი: დიახ. მოდით, 1997 წლამდელ ვითარებას დავუბრუნდეთო - ანუ, ნატოს გაფართოების პირველ ტალღამდე ვითარებას, პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და უნგრეთის გარეშე და რა თქმა უნდა, ყველა სხვა ახალი წევრიც მოიაზრებოდა. რეალურად, ლაპარაკი იყო რუსეთი-ნატოს ურთიერთობების ახალი ეპოქის დაწყებაზე. ეს ულტიმატუმი იყო.
ესკალაცია და პირდაპირი კონფლიქტი კი არ უნდა აიცილო თავიდან, არამედ - რუსეთის გამარჯვება.
რადიო თავისუფლება: დიახ, ზუსტად.
მიხაილო სამუსი: ის კვლავაც ძალაშია. ბევრს დაავიწყდა, მაგრამ რუსეთის ეს მოთხოვნა კვლავაც ძალაშია. ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროსაც პუტინმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ დასავლეთი დაგვპირდა ნატო არ გაფართოვდებაო და მას შემდეგ გაფართოების სამი ტალღა იყო და მორიგ ტალღას ამზადებენო. ასე რომ, ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია იყო ესკალაციისთვის თავის არიდება და ეს იყო პრობლემა. ვინაიდან, თუკი მათ თავიანთ თავს განუსაზღვრეს, რომ მზად არიან უკრაინის და არა მარტო უკრაინის - ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლადაც წავიდნენ, სადამდეც საჭირო იქნება, ესკალაცია და პირდაპირი კონფლიქტი კი არ უნდა აიცილო თავიდან, არამედ - რუსეთის გამარჯვება. ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა. ეს მიდგომა ახლა სხვა რაღაცად ტრანსფორმირდება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან გვიანია, ვინაიდან საკმარისი დრო აღარ აქვთ - რამდენიმე თვე აქვთ მხოლოდ, რაც არასაკმარისია.
რადიო თავისუფლება: ბრძანეთ, ძალიან გვიანიაო და ბოლო რამდენიმე ათეული წელია, როცა ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ დასავლეთის მიდგომებს, დასავლეთის ქცევას, დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ, საბოლოოდ სულ დაგვიანებული ჩანს ხოლმე. ის უფრო მეტად რეაქციულია რუსეთის გადაწყვეტილებების, რუსეთის ნაბიჯებისა და რუსეთის აგრესიასთან მიმართებით. ხედავთ თუ არა დასავლეთში პოტენციალს, ევროპა იქნება ეს თუ აშშ, რომ იქნება ერთგვარი შემობრუნების წერტილი, როცა დასავლეთი სასიცოცხლოდ აუცილებლად ჩათვლის უკრაინის ომში გამარჯვების დღის წესრიგის შექმნას?
პირველად ხდება ცივი ომის შემდეგ, რომ გერმანია ასე ღიად შეუდგა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მოქმედებას. საფრანგეთისთვის ეს უჩვეულო ვითარებაა...
მიხაილო სამუსი: პარადოქსია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ევროპამ გააცნობიერა, რომ შესაძლოა ძალიან მალე აშშ-მა საგარეო ვექტორი თვითიზოლაციისკენ გადახაროს, ის შეუდგა ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას.
რადიო თავისუფლება: ტრამპის რიტორიკას გულისხმობთ?
მიხაილო სამუსი: მაკრონის რიტორიკას ვგულისხმობ.
რადიო თავისუფლება: კი, ბატონო.
მიხაილო სამუსი: ვგულისხმობ მაკრონის ბოლო რამდენიმე განცხადებას უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხის განხილვაზე, რასაც ევროპისა და გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ. მე ამ განცხადებებს საკმაოდ სერიოზულად აღვიქვამ, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთისთვის ეს ძალიან ბუნებრივი იდეაა - ევროპის არმიისა და სტრატეგიული ავტონომიის იდეა. ვფიქრობ, მაკრონი საკმაოდ სერიოზული იყო, როცა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობაზე, მინიმუმ ამ საკითხის ევროპელ მოკავშირეებთან განხილვაზე განაცხადა, რადგან ბოლო ასი წლის მანძილზე საფრანგეთისთვის ძალიან უჩვეულოა ჯარის გაგზავნა აღმოსავლეთისკენ - მინიმუმ, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. საფრანგეთის გეოპოლიტიკა უმეტესწილად მიმართული იყო სამხრეთისკენ. ახლა, ცალსახად დაიწყეს ცვლილება და ძალიან სერიოზულადაც. ერთგვარ კონკურენციასაც კი ვხედავ საფრანგეთსა და გერმანიას შორის, ვინაიდან, პარადოქსულად, გერმანია იქცა ლიდერად უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. მათ უკრაინას ორჯერ მეტი დახმარება მიაწოდეს, ვიდრე 2023-ში - თითქმის რვა მილიარდის სამხედრო დახმარება. ეს უზარმაზარი თანხაა. პირველად ხდება ცივი ომის შემდეგ,
რასაც ახლა ვაკვირდები, ევროპა იღვიძებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია და საფრანგეთი ამ სფეროში ერთმანეთს ეჯიბრებიან.
რომ გერმანია ასე ღიად შეუდგა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მოქმედებას. საფრანგეთისთვის ეს უჩვეულო ვითარებაა, რადგან ჩვუელებრივ საფრანგეთია ხოლმე ლიდერი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, ის ადგენს ხოლმე დღის წესრიგს. ახლა გერმანიამ დაიწყო მეტად აქტიურობა არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით. საფრანგეთი ახლა შეუდგა კონკურენციას გერმანიასთან, ჯერჯერობით - დეკლარაციის დონეზე. თუმცა, თუკი შორი მანძილის რაკეტებზე, ჭკვიან ბომბებზე [ფრენის ავტონომიური სისტემით აღჭურვილი საავიაციო ბომბები - რთ] ვილაპარაკებთ, რომელთა გაგზავნაც დაიწყო საფრანგეთმა უკრაინისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო უპირატესობისა და სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერის კონტექსტში, რომელიც უკრაინამ უკვე დაიწყო მარცხენა ნაპირხე ხერსონის ოლქში - იქ ის იყენებს ფრანგულ ბომბებს რუსეთის ბომბების წინააღმდეგ. რასაც ახლა ვაკვირდები, ევროპა იღვიძებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია და საფრანგეთი ამ სფეროში ერთმანეთს ეჯიბრებიან. მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ ელოდებიან აშშ-ს - როდის გამოვა ის თვითიზოლაციიდან. ისინი პრევენციულად დგამენ ნაბიჯებს. ჩემთვის ეს არის იმედისმომცემი, რომ რუსეთის მიმართულებაზე ევროპა არა მხოლოდ დეკლარაციების დონეზე, არამედ პრაქტიკულადაც მოიპოვებს სტრატეგიულ ავტონომიას, უკრაინასთან ერთად - რომ შექმნას ახალი კონცეფცია, ახალი სტრატეგია, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ევროპის ერთიანობა და ევროპის იდეაც, სინამდვილეში.
როცა რესურსებზე ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთს არ მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი გაზისა და ნავთობის გაყიდვით.
რადიო თავისუფლება: ამას, ვიცით, რომ დრო დასჭირდება, რომელიც ყველაზე ძვირფასი ახლა უკრაინისთვის არის, რადგან ის იხდის ამ დროში ყველაზე მაღალ ფასს. ცნობილია პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“. მინდა გკითხოთ, როგორ განმარტავდით თქვენ ახლა უკრაინის გამარჯვების ფორმულას?
მიხაილო სამუსი: ამის შესახებ უკვე ბევრჯერ ითქვა ოფიციალურად. სამი პირობაა: პირველი - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი 1991 წლის საზღვრებში. ეს არის მკაფიო და აქ არ იქნება არავითარი გამონაკლისი; მეორე...
რადიო თავისუფლება: როგორ უნდა მიაღწიოს ამას უკრაინამ? ამას ეხება ჩემი შეკითხვა - როგორ უნდა იყოს ეს მიღწეული?
მიხაილო სამუსი: სამხედრო გზით. მხოლოდ სამხედრო გზით. ძალიან მარტივია.
რადიო თავისუფლება: რომელიც რა ფაქტორებით იქნება გარანტირებული, უფრო ზუსტად რომ ბრძანოთ?
მიხაილო სამუსი: უკრაინის შეიარაღებული ძალებით. უკრაინის შეიარაღებული ძალებით მოკავშირეებისა და მეგობრების მხარდაჭერით. ცხადია, რესურსები მნიშვნელოვანია. ახლა გვაქვს გამოფიტვის ომი.
2024-ში უნდა იყოს შემობრუნების წერტილი. უკრაინას სჭირდება და უნდა მიაღწიოს შემობრუნებას ფრონტის ხაზზე.
ასეთი ომის დროს რესურსების 50% ან შეიძლება მეტიც არა სამხედრო, არამედ ეკონომიკური მდგენელია და ცხადია, როცა ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ვლაპარაკობ, მხოლოდ უკრაინისთვის მხარდაჭერას არ ვგულისხმობ, არამედ სანქციებსაც - რუსეთისთვის შეზღუდვებს. ვინაიდან, არის ვითარება, როცა დასავლეთი ეხმარება უკრაინას, ვთქვათ 100 მილიარდით წელიწადში, იმავდროულად საშუალებას აძლევს რუსეთს მიიღოს რამდენიმე ასეული მილიარდის მოგება. ასე თუ გაგრძელდა, არაფერი გამოვა. ასე რომ, როცა რესურსებზე ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთს არ მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი გაზისა და ნავთობის გაყიდვით. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. რესურსობრივად რუსეთი მინიმუმ იმავე მდგომარეობაში უნდა იყოს, როგორშიც უკრაინაა. ანუ, თუკი უკრაინა იღებს ასი მილიარდის დახმარებას, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოიგოს ას მილიარდზე მეტი.
რადიო თავისუფლება: მინიმუმ.
მიხაილო სამუსი: ახლა რუსეთის სარგებელი შეადგენს 400-500 მილიარდს. მისი მთავარი პარტნიორები, ვისგანაც გაზისა და ნავთობის გაყიდვით შემოსავლებს იღებს, ძირითადად ინდოეთი და ჩინეთი არიან. თუკი ვლაპარაკობთ გამოფიტვის ომზე, რესურსებს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ერთი საკითხია უკრაინის შეიარაღებული ძალები, მეორე - მისი მხარდაჭერა, მესამე კი - სანქციები. ესაა უკრაინის გამარჯვების სამკუთხედის უმთავრესი ელემენტები. და იმ სამ პუნქტზე რასაც ვამბობდი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდა, რაც სხვადასხვა გზით შეიძლება მოხდეს. ჩვენ გაყინული გვაქვს რუსეთის 400 მილიარდი. ეს შეიძლება მოხმარდეს უკრაინის სამხედრო ძალებს და მესამე - რუსეთის სამხედრო დამნაშავეების დასჯა. ესაა უკრაინის გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ელემენტები.
მიზეზი, რატომაც ზელენსკიმ ზალუჟნი სირსკითი შეცვალა, იყო ის, რომ ზალუჟნიმ ვერ შეძლო მისთვის შეეთავაზებინა 2024-ში ფრონტის ხაზზე შემობრუნების წერტილის მიღწევის სტრატეგია.
რადიო თავისუფლება: რა მოლოდინები გაქვთ 2024 წლისგან, ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი არჩევნებისა და მათი შესაძლო შედეგების გათვალისწინებით. რა შეიძლება მოხდეს 2024-ში ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის?
მიხაილო სამუსი: ხშირად, როცა 2024-ის, 2025-ისა და 2026-ის პროგნოზებს თეორიულად, აბსტრაქტულად განვიხილავთ, როგორც უკრაინაში უამრავი ექსპერტი ამბობს, უმჯობესია, 2024-ში ვკონცენტრირდეთ რესურსების დაზოგვაზე, დავრჩეთ სტრატეგიულ თავდაცვაში და ამის შემდეგ შევეცადოთ ვითარების შეცვლას 2025-სა და 2026-ში. ჩემი აზრით, ეს მცდარი მიდგომაა, ვინაიდან რეალუარდ შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო რა ვითარება იქნება 2025-ში აშშ-ში, ევროპაში, აზიაში და გლობალურად. ჩემი ჰიპოთეზა და პროგნოზი უკრაინისთვის ასეთია: 2024-ში უნდა იყოს შემობრუნების წერტილი. უკრაინას სჭირდება და უნდა მიაღწიოს შემობრუნებას ფრონტის ხაზზე. როგორ უნდა მოხერხდეს ეს? ჩემი აზრით, მიზეზი, რატომაც ზელენსკიმ ზალუჟნი სირსკითი შეცვალა, იყო ის, რომ ზალუჟნიმ ვერ შეძლო მისთვის შეეთავაზებინა 2024-ში ფრონტის ხაზზე შემობრუნების წერტილის მიღწევის სტრატეგია. "სიენენზე" გამოქვეყნებულ თვალსაზრისში, ზალუჟნიმ აღწერა უკრაინის საჰაერო ძალების ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ხუთთვიანი ეტაპი და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავდა ვითარების შეცვლის მცდელობას. თუკი ვადებს შევხედავთ, ეს არ არის კარგი გეგმა,
თუ უკრაინას ექნება შემობრუნების წერტილი ბრძოლის ველზე 2024 წელს, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში ტრამპიც კი დაუჭერს მხარს უკრაინას.
რადგან ჩვენ ვკარგავთ და ვფლანგავთ დროს. სირსკიზე დეტალები ზუსტად არ ვიცით, ვინაიდან ძალიან საიდუმლო ინფორმაციაა, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ სირსკიმ უთხრა ზელენსკის - მე შევეცდები ბრძოლის ველზე რუსების "გაოცებას" 2024 წელსო. ჩემი აზრით, ძალიან ვიწრო ფანჯარა იქნება მიმდინარე წლის აპრილიდან ოქტომბრამდე, როცა უკრაინას ექნება ფრონტის ხაზზე ვითარების შეცვლის შესაძლებლობა. როგორც დისკუსიის დროს ვთქვი, ამ ომში მიზიდულობის ცენტრი არის ყირიმი. ასე რომ, ჩემი დასკვნა ასეთია - სირსკი გააოცებს [რუსებს] სადმე სამხრეთში. ეს არის ჩემი მოლოდინი წლევანდელი წლისთვის. ჩემი პროგნოზით, უკრაინა შეეცდება ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლას იმისათვის, რომ მოემზადოს 2025-სთვის. ასე რომ, გავიმეორებ ჩემს ჰიპოთეზას: თუ უკრაინას ექნება შემობრუნების წერტილი ბრძოლის ველზე 2024 წელს, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად მოსვლის შემთხვევაში ტრამპიც კი დაუჭერს მხარს უკრაინას, რადგან მას არ უყვარს დამარცხებულები. მას მოსწონს წარმატებულები. თუ უკრაინა დაიცდის და ჩაჯდება სტრატეგიულ თავდაცვაში, ცხადია, ტრამპი მხარს დაუჭერს პუტინის გეგმას, რომ აიძულოს ზელენსკი მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას უკრაინის კაპიტულაციაზე შესათანხმებლად, ვინაიდან „მინსკი-3“ იქნება უკრაინის კაპიტულაცია, განსაზღვრულად ასე იქნება. თუკი ტრამპი გახდება პრეზიდენტი და დაინახავს სტრატეგიულ თავდაცვაში მყოფ უკრაინას და იქვე მას პუტინი შესთავაზებს: მოდი, ვაიძულოთ ზელენსკი და არსებულ ვითარებაზე გავჩერდეთ. მე წავიღებ მთელ ამ ტერიტორიას, რადგან ეს უკვე ჩემს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, უკვე ანექსირებულია; არავითარი ნატო და ევროკავშირი უკრაინისთვის და [უკრაინის] დემილიტარიზაცია. სულ ეს არის. მე შევწყვეტ ომსო, - ეს ნიშნავს, რომ ტრამპი გამოვა მშვიდობისმქმნელი. ეს ტრამპს მოეწონება. ამრიგად, უკრაინისთვის ლოგიკურია, არ მისცეს პუტინს შესაძლებლობა ტრამპისთვის ამ პირობების შესაქმნელად. ეს არის ჩემი ჰიპოთეზა 2024-სთვის. იმედი მაქვს, არ ვცდები.