2023 წლის დეკემბერში პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებულმა „სოლიდარობამ მშვიდობისთვის“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას „დამღუპველად“ მიიჩნევს, ბოლო დროს საჯარო ღონისძიებებს მოუხშირა და რუსული მედიის ყურადღებაც დაიმსახურა.
გეგმავს თუ არა რუსეთთან ინტეგრაციის მომხრე გაერთიანება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ვინ აფინანსებს ახალ პარტიას და რა მიზნები აქვს საქართველოში?
ჰუმანიტარული დახმარება კურსკს
შუა აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ რუსეთში, კურსკის ოლქში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა „რუსეთში მცხოვრები ქართველების სახელით“.
18 აგვისტოს სხვადასხვა რუსულ მედიასაშუალებას რამდენჯერმე ამაყად გაუმეორა, რომ საჰაერო განგაშის ხშირად გამოცხადების მიუხედავად, კურსკში იმყოფება და პირადად არიგებს ჰუმანიტარულ დახმარებას - პირველადი საჭიროებების ნივთებს.
თითქმის ორი კვირით ადრე, 6 აგვისტოს, უკრაინის ჯარი ქალაქ სუმის მიმდებარე საზღვართან რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და კურსკის ოლქში შეიჭრა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ეს უკრაინელთა პირველი მასიური თავდასხმაა მეტოქის ტერიტორიაზე. მასში მონაწილეობენ ქართველი ლეგიონერებიც, რომლებმაც კურსკში საქართველოს დროშა ააფრიალეს.
მამუკა ფიფია ინტერვიუებში ხაზს უსვამს, რომ კურსკის მოსახლეობის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო მისმა პარტიამ - „სოლიდარობა მშვიდობისთვის“. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირი ავიარეისების აღსადგენად „რუსეთთან მოლაპარაკებებში“ მონაწილეობდა, 2023 წლიდან ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკურ პარტიად.
ახალმა პარტიამ 8 თვის განმავლობაში 16 193 ლარის შემოწირულება მიიღო - ასეთია ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის საიტის მონაცემები.
ბოლო დროს „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საჯარო სივრცეში სულ უფრო და უფრო მეტად ჩანს.
ერთ-ერთი ბოლო და ხმამაღალი ნაბიჯი მათი მხრიდან მეფე ერეკლე II-ის მშობლიური თელავიდან „ახალი გეორგიევსკის“ რუსულ ენაზე მოთხოვნა იყო. პარტიამ ჩანაწერები ცალ-ცალკე მოამზადა რუსული და ქართული აუდიტორიებისათვის.
„ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც მოიცავს, ყველაფერთან ერთად, საინფორმაციო სივრცეში რუსული დღის წესრიგის შემოტანას“, - ამბობს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.
„ახალი გეორგიევსკი“
4 აგვისტოს, როცა თელავში „გეორგიევსკის ტრაქტატის“ ხელმოწერის 241-ე წლისთავი აღნიშნეს, პარტიის ლიდერებმა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართეს.
მამუკა ფიფიამ, - რომელიც პარტიის საგარეო მდივნის პოსტს იკავებს, - საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არა მხოლოდ „დაიწყოს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების უსწრაფესად აღდგენის მიზნით“, არამედ:
- დაიწყოს „კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის პირობების მომზადება მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული კავშირის უსწრაფესად აღდგენის პერსპექტივით“, - მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა.
პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი კიდევ უფრო შორს წავიდა:
„დროა, აღვადგინოთ უშიშროების ერთიანი სისტემა, ჩვენს ხალხებს სჭირდება ახალი გეორგიევსკი, ჩვენს ხალხებს სჭირდება ახალი კავშირი“, - განაცხადა მან.
„გეორგიევსკის ტრაქტატი“ 1783 წელს გაფორმდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. „ტრაქტატის“ მიხედვით, სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო.
„ამ ადამიანებს საქართველოს ისტორია რომ ჰქონდეთ წაკითხული, ასე ხმამაღლა ვერ ილაპარაკებდნენ გეორგიევსკის ტრაქტატზე და რუსეთთან ურთიერთობების გამყარებაზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელი.
ისტორიის გადაწერა
ერთი შეხედვით, პარტიის, სულ მცირე, ერთმა ლიდერმა მაინც უნდა იცოდეს, რას ნიშნავს რუსეთის ფედერაციასთან „კეთილმეზობლური“ ურთიერთობები: მამუკა ფიფია აფხაზეთიდანაა დევნილი. მაგრამ, აი, რას ამბობს იგი საკუთარ წარსულზე ერთ-ერთ ინტერვიუში რუსულ მედიასთან, როცა კურსკში დახმარება ჩააქვს:
„გვინდა, დავეხმაროთ რუსებს, რადგან როდესაც ჩვენ გვიჭირდა, 1992 წელს, [თავად დაგვეხმარნენ]. მე თავად ვარ დევნილი აფხაზეთიდან, მე თავად გავიარე ეს ბედი. ბევრმა ჩვენი პარტიიდან, ბევრმა ქართველმა იცის, რა არის სახლიდან წასვლა“.
თუმცა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 1990-იანი წლების მოვლენებში, ისევე როგორც რუსეთ-უკრაინის ომში - „დასავლეთის ხელს“ ხედავს. პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე „პარალელურ“ ისტორიას წერს:
„1992 წელს აშშ-ის დავალებით შევიდნენ ქართული საჯარისო ფორმირებები აფხაზეთში“.
არ არსებობს ამ მტკიცების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. პირიქით, - ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ 1992 წელს თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, - რომელიც რუს გენერალიტეტთან მეგობრობდა, - ქართველთა ჯარის აფხაზეთში შესვლა, რამაც ქვეყანა უფრო მწვავე კონფლიქტში გახვია, რუსეთის ფედერაციას აძლევდა ხელს. კიტოვანი, რომელიც მოგვიანებით რუსეთში გაიქცა, საქართველოში 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა. იგი 2023 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
ახალი პრორუსული პარტიის ლიდერების, წევრებისა და პარტიული მედიაპლატფორმის სტუმრების რიტორიკაში, - მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ამჟამინდელი რიტორიკის მსგავსად, - საქართველოს და მსოფლიოს ყველა პრობლემის უკან კოლექტიური „დასავლეთი“ დგას.
„ოცნების“ ხელისუფლების მსგავსად, „დასავლეთისგან მართულ გადატრიალების მცდელობას“ ხედავს „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საქართველოში პროდასავლურ დემონსტრაციებში.
როდესაც თბილისში აპროტესტებდნენ „აგენტების კანონს“ - რამაც, საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერა, - ფიფია ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტიც წელიწადზე მეტია, საუბრობს „გადატრიალების მცდელობებზე“.
ლაპარაკიც და საქმეც
„სოლიდარობა მშვიდობისთვის“, - რომელიც რამდენიმე თვის წინ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციად იყო რეგისტრირებული, საკუთარ ანგარიშზე იწერს საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენას და ურთიერთობების დათბობის სამომავლო პერსპექტივას.
პარტია, - რომელიც ფორმალურად არც საქართველოს მთავრობასა და არც საქართველოს მოქალაქეებს არ წარმოადგენს, - 2022 წელს მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღსადგენად. ფრენები რუსეთმა თავად გააუქმა 2019 წელს „გავრილოვის ღამის“ შემდეგ.
2022 წლის ბოლოს, 7 დეკემბერს, მოსკოვში გამართულ ფორუმს, სადაც ეს საკითხი განიხილეს, საქართველოდან 15-მდე პირი დაესწრო. ორგანიზატორი, დუმის დსთ-ს საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, სწორედ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ იყო.
შეხვედრას მათი გუნდიდან ესწრებოდნენ:
- მერაბ ჭიქაშვილი: 2024 წლის აპრილამდე პარტიის თავმჯდომარე; წარსულში „პატრიოტთა ალიანსთან“ აფილირებული, პრორუსული ტელევიზია „ობიექტივის“ ჟურნალისტი. იგი აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეგობარია.
- თემურ ფიფია - პარტიის ამჟამინდელი გენერალური მდივანი. წარსულში „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ თავმჯდომარე; ფიფიამ 2016 წელს თელავში ჟურნალისტს სახეში გაარტყა სიტყვებისათვის: „რუსეთი ოკუპანტია, პუტინი მკვლელია. თქვენ ხართ ყველანი ... მონები“.
- მიხეილ ჟღენტი - პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე. ის შიგადაშიგ სტუმრობს კრემის პროპაგანდისტულ არხებს. 10 ივლისს ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში რუსეთს სთხოვა დახმარება, რათა არ დაუშვან „დასავლეთის ხელშეწყობილი სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი“ საქართველოში. „მიმართეთ რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო-ტექნიკური დახმარებისთვის და ყველაფერი კარგად იქნება“, - დაამშვიდა ის გადაცემის წამყვანმა, სერგეი კარნაუხოვმა.
მოსკოვში გამართული ფორუმიდან ხუთიოდე თვეში ფრენები აღდგა.
და 2023 წლის 19 მაისს ავიაკომპანია „აზიმუტის“ პირველ რეისს პარტიის ლიდერებიც გამოჰყვნენ.
მათ შორის იყო მამუკა ფიფია, - რომელიც ამჟამად პარტიის საგარეო მდივანია. ძირითადად სწორედ მას აბარია მოსკოვთან ურთიერთობები და სწორედ მას ანდეს კურსკში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანაც.
მამუკა ფიფია ქართულ ყვითელ პრესაში ათიოდე წლის წინ მოხვდა მისი და მისი ცოლის სუპერმოდელ ირინა შეიკთან ნაცნობობის დამსახურებით. შეიკი იმავე პერიოდში ფეხბურთის სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა. „დიახ. ჩვენ ვმეგობრობთ, იმიტომ რომ მას აქვს ვაჟკაცური თვისებები“, - ასე დაახასიათა ირინა შეიკი ერთ-ერთ ტაბლოიდთან.
ფიფია, თანაპარტიელების მსგავსად, უარყოფს რუსეთის დესტრუქციულ როლს მსოფლიო პოლიტიკაში. როგორც მოსკოვიდან „აზიმუტით“ ჩამოფრენისას, - ომის დაწყებიდან თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ, - თქვა, რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა: „არ არის შეჭრილი მანდ, თავის ფუნქციებს ასრულებს“.
ოთარ ფარცხალაძის მეგობრები
გაივლის კიდევ რამდენიმე თვე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენიდან და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს დაუწესებს საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.
რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი ფარცხალაძეს გამოესარჩლება და იტყვის, რომ ფარცხალაძე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღსადგენად.
მერაბ ჭიქაშვილიც და მამუკა ფიფიაც ოთარ ფარცხალაძის მეგობრები არიან.
სწორედ მამუკა ფიფიამ დაუდასტურა „ტვ პირველს“, რომ ფარცხალაძემ ცოტა ხნის წინ რუსეთის საიმპერატორო დინასტიასთან კავშირები აღმოაჩინა და გვარი „რომანოვად“ გადაიკეთა:
„ბატონმა ოთარმა გამოიძია თავისი ფესვები და მიაგნო თავის გვარს. გვარი შეიცვალა... რომანოვების დინასტიიდან ბრძანდება ბატონი ოთარი“...
მერაბ ჭიქაშვილი 25 წელია, ფარცხალაძის მეგობარია, - ესეც თავად აქვს ნათქვამი.
ფარცხალაძის ვაჟი, ანდრია ფარცხალაძე, - რომელსაც სანქცირების შემდეგ გადაუფორმა საკუთარი ქონება, მათ შორის ეკლესია ტაბახმელაში, - მამის მეგობრების ორგანიზაციაში იყო დასაქმებული. აქ მუშაობისას ჩაწერა უმცროსმა ფარცხალაძემ 4-წუთიანი ვიდეო, სადაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განათლების სისტემაში რეფორმებს აკრიტიკებს და „ლიბერალურ ძალებს“ აბრალებს ამ რეფორმების ჩავარდნას; ამტკიცებს, განათლების დაბალი დონის შენარჩუნება ლიბერალური ძალების ინტერესშიაო.
ოთარ ფარცხალაძის კავშირები სახელისუფლებო გუნდთან კი ასეთია:
- ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა;
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი - ფარცხალაძის ახლო მეგობარი;
- აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ფარცხალაძის მეგობარია და ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ერთად.
ფარცხალაძეს 2023 წლის სექტემბერში სანქციები დაუწესეს, როგორც „ქართველ-რუს ოლიგარქს“, რომელსაც რუსეთის ФСБ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.
„კოლაბორაციონისტების ჯგუფი“
„ეს არის კოლაბორაციონისტების ჯგუფი. მეტი არაფერი. ვერაფრით გამოირჩევიან. მხოლოდ სარგებლობენ იმით, რომ საქართველოს მთავრობას ჰყავს ზუსტად ასეთი კოლაბორაციონისტი ნაკრები და ისინი ერთად ცდილობენ რუსების ინტერესების გატარებას საქართველოში“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელი, ახალ პრორუსულ პარტიაზე.
„რუსეთის ხელისუფლებას, მის სპეცსამსახურებს საქართველოს თემატიკაზე და საქართველოში ჰყავს საკუთარი ხალხი. ეს პარტიაც ამ სცენარის ნაწილია, ისევე, როგორც სხვა პრორუსული პარტიები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.
მისი თქმით, რუსული სპეცსამსახური „ხან ერთ პარტიას წამოწევენ ხოლმე, ხან მეორეს, ხან მესამეს“:
„ისინიც, როგორც ბრძანება მოუვათ, წინ ან უკან გადაიწევიან ხოლმე. ეს ერთგვარი ტაქტიკაა რუსეთისა, რომელიც, თავისი გადმოსახედიდან, საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს ამოძრავებს. ისინი არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ ძალას, მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების დავალების შესრულებით არიან დაკავებულები“, - ამბობს ბატიაშვილი.
იქნებიან არჩევნებზე?
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, გეგმავს თუ არა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, - ამჟამად პარტიასთან აფილირებული, ამავე დასახელების მედიაპლატფორმის წამყვანმა, - მერაბ ჭიქაშვილმა გვითხრა, რომ მათ ასეთი გეგმები არ აქვთ.
ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში უკვე რეგისტრირებულ პარტიათა შორის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ არ ირიცხება, - თანაც, არაკვალიფიციური პარტიებისათვის რეგისტრაციის ვადა ამოწურულია.
თუმცა პოტენციურად არის კიდევ ერთი გზა: პარტიის წევრები ჩაეწერონ რომელიმე სხვა პარტიის საერთო სიაში.
ასე იქცევა კიდევ ერთი პრორუსული პარტია, „ალტ-ინფო“, - ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით იყრიან კენჭს. „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი კოკა მორგოშია ამბობს, რომ მათ საარჩევნო გაერთიანებაში ჯამში 16 სუბიექტია, მათ შორის - „ქართული იდეა“, „ქართული მისია“ და სხვები.
„ჩვენს სიაში მათი [პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“] არცერთი წარმომადგენელი არ არის. და როგორც მე ვიცი, ისინი არ გადიან არჩევნებზე“, - უთხრა კოკა მორგოშიამ რადიო თავისუფლებას.
მაშ, რა სურთ მათ?
მერაბ ჭიქაშვილი არ გვპასუხობს პარტიის სამომავლო მიზნებზე, - ამბობს, პარტიაში აღარ ვარ და სხვებს მიმართეთო. თუმცა ორგანიზაციის იუტუბარხზე გადაცემები კვლავ მიჰყავს.
აი, „სხვები“ კი - მთელი პარტია - 2 სექტემბრამდე „შვებულებაშია“: „2 სექტემბერს დაგვიკავშირდით და კი ბატონო“.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პარტიის არსებობა რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია, - როგორც „რონდელის ფონდის“ ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი ამბობს:
„რუსეთის ფედერაციას ბევრ ქვეყანაში ჰყავს თავისი დასაყრდენი. ეს ჯგუფები დაკავებულები არიან სხვადასხვა საკითხის წამოწევით. რუსეთის სპეცსამსახური თავად ხომ არ გააკეთებს განცხადებას? ამიტომ თავისი დაფუძნებული ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობს, დღის წესრიგი შექმნას ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში“.
ზურაბ ბატიაშვილი იხსენებს, რომ მსგავსი ნიშნები იყო უკრაინაში 2022 წლამდე, - საინფორმაციო სივრცეში რუსული დღის წესრიგის შემოტანის მცდელობები:
„ამას ხშირად აკეთებდნენ ხოლმე უკრაინაში, 2022 წლამდე. ახლა უკრაინა ამისგან გათავისუფლდა, მაგრამ საქართველოში, სადაც ხელისუფლება თანამშრომლობს რუსეთთან და ხშირად თავად ხდება რუსეთის დავალებების შემსრულებელი, [მათთვის სასათბურო პირობებია შექმნილი]“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ამის დასტურად მას მოაქვს გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის განცხადება, - პოლიანსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე, რათა რუსეთის მაშინდელი ქმედებები გაემართლებინა.
კონსტიტუციურია?
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამ პარტიის მუშაობა შეუთავსებელი იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან:
„როდესაც პარტია რუსეთთან ინტეგრაციას, საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას ადვოკატირებს, ეს შეუთავსებელია საქართველოს დემოკრატიულ ძირითად წყობასთან, საქართველოს სუვერენიტეტთან. ისეთი პოლიტიკური პარტიების მუშაობა, რომლებიც ასეთი პროგრამით გამოდიან, შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი, „საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორი.
ზედელაშვილი, კვლევითი ინსტიტუტის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი, ასევე ამბობს, რომ ფორმალურად, არსებობს საფუძველი ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდეს.
„თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდული ავტონომია აქვს. ის არსებითად მიტაცებული ინსტიტუტია არსებული რეჟიმის მიერ. ასე რომ, იმ დროს, როდესაც დასავლური პოლიტიკური ოპოზიციის სრულად აკრძალვას აპირებენ, - ისიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიღმა, - ეს პერსპექტივა რეალისტურად არ გამოიყურება“, - ამბობს ზედელაშვილი.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სურს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, რათა კანონის ძალით გააუქმოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ - თითქმის ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია.
ფორუმი