25 მარტის სასამართლო პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო.
ბრალდებულის მოთხოვნას პროკურორებიც დაეთანხმნენ, თუმცა მოსამართლემ ქეთევან ქვრივიშვილი სხდომაზე მაინც არ დაუშვა.
„ნებისყოფა და მოთმინება გვჭირდება“, - უთხრა ქეთევანმა ჟურნალისტებს მოსამართლის უარის შემდეგ, კიდევ ნახევარი წელი ის შვილთან შეხვედრას ვეღარ მოახერხებს.
ის ექიმია და იტალიაში უკვე 10 წელია ოჯახის ექიმად მუშაობს. შვილის დაკავების შემდეგ ნაადრევი შვებულება აიღო და საქართველოში ჩამოფრინდა. ექიმია ირაკლი ქერაშვილიც. პლასტიკური ქირურგი. რეზიდენტურისთვის ემზადებოდა, როდესაც დააკავეს.
დაკავების გარემოებები
2024 წლის 6 დეკემბრის საღამოს ირაკლი ქერაშვილის რუსთაველის გამზირზე აქციაზე მიდიოდა, როცა სახლიდან გამოსულს ეზოში სამი ავტომობილი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები დახვდნენ. დაკავების მომენტი მეზობელმა ტელეფონით გადაიღო. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაუგრიხეს ხელები შავებში ჩაცმულმა მამაკაცებმა და იქვე ავტომობილში ჩასვეს.
„მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. ირაკლიმ ვერ აღიქვა, რომ პოლიციელები იყვნენ, სამოქალაქო ფორმები ეცვათ. იმ პერიოდში ტიტუშკები იყვნენ მოდებული ქალაქს და ყველაფერი საეჭვოდ გვეჩვენებოდა. ძალით გადმოიყვანეს და დააკავეს, ფიზიკურ შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ძებნის შემდეგ გავიგეთ, სად იყო და 8 დეკემბერს უკვე მისი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა”, - უყვება ქეთუნა ქერაშვილი, ირაკლის და, „რადიო თავისუფლებას”.
ბრალდება
ირაკლი ქერაშვილთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას კიდევ 10 დემონსტრანტს ედავებიან - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილსა და სერგეი კუხარჩუკს. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11-ვეს სასამართლომ პატიმრობა 2024 წლის დეკემბერში, დაკავებიდან 48 საათში შეუფარდა. საქმეების არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო. თუმცა პროკურატურამ გამოძიების ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, არგუმენტით, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო არ ეყოთ. საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს დაიწყება.
ბრალდება ორივე საქმეზე ერთნაირია, იცვლება მხოლოდ გვარები.
„ჩატარებული გამოძიებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულები სამართალდამცველების მისამართით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, იყენებენ პიროტექნიკურ მოწყობილობებს, ზოგიერთი მათგანი მონაწილეობს ე.წ. ბარიკადების მოწყობაში, რითაც წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის თანამშრომლებს. თითოეული ბრალდებული აქტიურ მონაწილეობას იღებს ძალადობრივ ქმედებებში “, - ჩაიკითხა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა ბრალდების ტექსტი, 12 მარტის წინასასამართლო სხდომაზე, შემდეგ კი ცალ-ცალკე ჩამოთვალა ყველა დაკავებული და მათი ბრალდებები.
ირაკლი ქერაშვილის შემთხვევაში ბრალდება ასეა ფორმულირებული: ირაკლი ქერაშვილი პირველ დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სიახლოვეს საპროტესტო აქციაზე „პიროტექნიკური ნაკეთობიდან“ ისვრის სამართალდამცველების მიმართულებით.
ქერაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ საქმეში არ დევს მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულება მაინც, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაამტკიცებდა:
„ბრალში საუბარია, რომ თითქოსდა ეს ძალადობა ვიღაცის მიერ ორგანიზდებოდა, ვიღაცები ეხმარებოდნენ ფინანსურად თუ ფიზიკურად. ბრალის ფორმულირებიდან გამომდინარე ეს არის ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც სჭირდება შეკავშირება, როლების განაწილება, კომუნიკაცია. საქმის არც ერთ ტომში არაა მითითება, რომ ეს ჯგუფურობა იყო.
ამასთან, ისმის კითხვა - რაიმე დავაზიანე, რაიმე ძალადობრივი ქმედება ვინმეს მიმართ გამოვიყენე? ინფრასტრუქტურა დავაზიანე? პოლიციელი დავაზიანე? არც ერთი პოლიციელი არა თუ ირაკლიზე არც ერთ ბრალდებულზე არ ამბობს, რომ სწორედ ამან და ამან მომაყენა რაიმე ზიანიო. პოლიციელები ამბობენ, რომ არ იციან ვერ დაინახეს..“.
ადვოკატის პოზიციაა, რომ არ შეიძლება ჯგუფური ძალადობისთვის გაასამართლო ადამიანები ისე, რომ მათ შორის კავშირის არსებობას ვერ ასაბუთებდე.
გამოძიება პოლიციელის პატაკის საფუძველზეა დაწყებული და ახლავს 48 ადამიანის სია, რომლებიც პროკურატურის ვერსიით, „ორგანიზატორებს კავშირზე ჰყავდათ“ და რომლებიც მათ „დავალებებს“ ასრულებდნენ.
„დანაშაული, რომ ჯგუფურად ჩაითვალოს, მოქმედება წინასწარ ორგანიზებული უნდა იყოს, სპონტანურად განხორციელებული ერთობლივი მოქმედება საკმარისი არ არის“, - ამ პრაქტიკას უზენაესი სასამართლო აწესებს. პროკურატურა ამტკიცებს საწინააღმდეგოს.
ის ამბობს, რომ ბრალდებულები სხვებთან ერთად პოლიციელებს ესროდნენ საგნებს ან/და ეხმარებოდნენ სხვებს ამაში.
„ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები იქამდე იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს. მთავარია რომ მათი ქმედებები ერთნაირად მიმართულია პოლიციის წინააღმდეგ“, - თქვა საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
საქმის მასალებში რამდენიმეწამიანი ვიდეო დევს. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ამ ვიდეოზე გამოსახული ადამიანი ირაკლი ქერაშვილია.
„ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ირაკლი აქციაზე იყო, ის დადიოდა და აპროტესტებდა მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მას რაიმე ძალადობრივი ქმედება არ ჩაუდენია. 4-წამიანი ვიდეოა, სადაც პიროტექნიკური ნაკეთობა ხელში უკავია, ახლო კადრია, თუმცა სად დგას, მიმართულია ვინმეს მიმართ, პოლიციელია სადმე თუ სხვა აქციის მონაწილე, არ ჩანს“, - განმარტავს ადვოკატი.
„ადამიანი კვდებიან და მსგავს პატივს, რაც სამშობლოსთვის ტყვეობაა ვერ იღებენ...
მე ქუჩაში ვიდექი და ვაპროტესტებდი იმ რეალობას, რომელშიც ღორმუცელა ჩინოვნიკები არხეინად ცხოვრობდნენ ჩვენი ფულით, იმ ფულით რომელსაც შორს გადახვეწილი ემიგრანტი დედები შოულობთ და გვიგზავნით “... ხომ იცი უსამართლობას ვერ ავიტან! სულ მარტოს რომ მომიწიოს, მაინც არ შევწყვეტ ბრძოლას, არ და ვერ შევეგუები უსამართლობას“, - წერს სამი მარტით დათარიღებულ წერილში ბრალდებული ირაკლი ქერაშვილი.
ტექსტის ადრესატი დედაა. მან ციხეში შვილი რამდენჯერმე მოინახულა.
„პაემანი რთულია ემოციურად, ჩახუტების შესაძლებლობა არ გეძლევა, მინაა ჩვენს შორის და ტელეფონით ვსაუბრობთ“, - ამბობს ქეთევან ქვრივიშვილი.
პატიმრებს თვეში 4 პაემნის უფლება აქვთ და ჯამში, 70 წუთი დასარეკად. ციხის სისტემა მათ საშუალებას აძლევს პაემანი სალაპარაკო წუთებზე გადაცვალონ.
„როცა რეკავს პირველი ბებოს კითხულობს, მან გაგვზარდა, მშობლები ხშირად იყვნენ საზღვარგარეთ, სამი წელი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ და ჩვენთან მაშინ დაბრუნდნენ, როცა გარდატეხის ასაკი გვქონდა... რთული გასაზრდელი ბავშვები არ ვყოფილვართ”, - ამბობს ქეთუნა ქერაშვილი რადიო თავისუფლებასთან.
ირაკლი ქერაშვილი ექიმების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ეს პროფესია აირჩია.
„ბავშვობიდან აქტიური მოქალაქეა“, - ამბობს ქეთუნა და უმცროს ძმაზე.
„15-16 წლიდან როტარი კლუბის წევრია. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებს. ეს იქნება ქველმოქმედება, ფონდებთან თანამშრომლობა თუ სხვა კამპანიები. 18 წლიდან სისხლის დონორია, უნიკალური სისხლის ჯგუფი აქვს, უნივერსალური დონორია. 69 სიცოცხლე გადაარჩინა... ციხეში იმაზე დარდობს, ვაითუ ვინმეს სჭირდება ჩემი სისხლი და ვერ ვეხმარებიო“.
ქერაშვილების ოჯახში ამბობდნენ, რომ თავს ამ ვითარებაში ვერასდროს წარმოიდგენდნენ. ირაკლი ქერაშვილს კანონი არასდროს დაურღვევია.
„გავრილოვის ღამესაც აქციაზე იყო, მონაწილეობდა ქალთა მარშებში, იყო იქ, სადაც ადამიანის უფლებებს დაცვა სჭირდებოდა“, - ამბობს ქეთუნა ქერაშვილი.
ქერაშვილისთვის გარდამტეხი ე.წ. რუსული კანონი გახდა. 28 ნოემბერს კი დის მონათხრობით მაგ გაოგნებულმა იკითხა: „ამდენს როგორ ბედავენ?!”.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამ გადაწყვეტილებას რუსთაველის გამზირზე სპონტანური პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.
დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ფიზიკური ძალა. პოლიციის ძალადობა - დემონსტრანტების ცემა და ძარცვა - უფლებადამცველებმა წამებად შეაფასეს. სასტიკად ნაცემ და დაშავებულ ადამიანებს შორის არიან ჟურნალისტებიც. არცერთ ძალადობის ეპიზოდზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ დამნაშავე არ გამოუვლენია.
პატიმრობა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 50-მდე ადამიანს ემუქრება, მათ შორის - მსახიობებს, კომიკოსებს, აქტივისტებს, სტუდენტებსა და ერთ არასრულწლოვანს... ადმინისტრაციული წესით უკვე გაასამართლეს ათასობით ადამიანი. შეცვლილი და გამკაცრებული ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე გზის ხელოვნურად გადაკეტვის მუხლით 5 000 ლარიან ჯარიმებს უწერენ რუსთაველზე მდგომ პროტესტის მონაწილეებს.
„უკვე სამი ჯარიმა მაქვს, 15 000 ლარი”, - ამბობს ირაკლი ქერაშვილის და.
ბრალდებული ციხიდან წერილებს აგზავნის. ერთ-ერთის ადრესატი, რომელიც ინგლისურადაა დაწერილი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოები არიან.
„მინდა თვალი ფართოდ გაახილოთ, რადგან ჩვენს ქვეყანას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. 4-დან 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება, მაგრამ მე მზად ვარ თავი გავწირო ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის. თუ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთი გაიმარჯებს, შემდეგი სამიზნე ევროპა იქნება“, - წერს ირაკლი ქერაშვილი.
ირაკლი ქერაშვილი 30 წლის ციხეში გახდა. მისი საკნის მეზობელია, ასევე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 21 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი. მათი საქმეები სასამართლოში ცალ-ცალკე განიხილება.
ფორუმი