Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ისევ ვაკის პარკზე - საზეიმო გახსნებსა და მორიგ რეაბილიტაციებს შორის

ისევ ვაკის პარკზე - საზეიმო გახსნებსა და მორიგ რეაბილიტაციებს შორის


ფილების მარაგი ვაკის პარკში შადრევნების კასკადებს შორის - 2022 წლის ოქტომბერი
ფილების მარაგი ვაკის პარკში შადრევნების კასკადებს შორის - 2022 წლის ოქტომბერი

2025 წლის თებერვლის ბოლოს თბილისის მერიამ 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა - კომპანია, რომელიც ამ ტენდერში გაიმარჯვებს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეკონსტრუქციაზე იქნება პასუხისმგებელი.

ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც მერიამ 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწყო და რომელიც 19 მილიონი ლარი უნდა დასჯდომოდა თბილისის ბიუჯეტს, საბოლოოდ 2027 წელს დასრულდება და 70 მილიონი დაჯდება.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის დროს უცვლელი დარჩა წითელი ქვიშის ბილიკები - გაკეთდა ველობილიკები, განახლდა სკამები, ფანჩატურები, სპორტული და სათამაშო მოედნები.
ვაკის პარკის რეაბილიტაციის დროს უცვლელი დარჩა წითელი ქვიშის ბილიკები - გაკეთდა ველობილიკები, განახლდა სკამები, ფანჩატურები, სპორტული და სათამაშო მოედნები.

ვაკის პარკში განახლებული სკამების, სათამაშო მოედნების, თავშეყრის ადგილებისა და ძაღლების სათამაშო მოედნების გვერდითაა დროისგან დაზიანებული ღობეებით შემორაგული ადგილები, სადაც სამშენებლო ნარჩენები ყრია.

პარკის ბილიკების გასწვრივ, მიწაზე აწყვია კაბელების შესაფუთად წლების წინ მოტანილი წითელი მილები. აღდგენილი შადრევნები თითქმის ყოველთვის მშრალია, ახალი ლამპიონები კი მჭახე განათებით უკვე დაზიანებული.

სავალ ბილიკებს ღრმულები გაუჩნდა, მომტვრეულია კიბეები და კიბეების შესაკეთებლად ოდესღაც მიტანილი დანადგარები.

ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც მეხუთე წელია რამდენიმე ეტაპად წარიმართა, თბილისის მერიის ერთ-ერთი ყველაზე გაწელილი და ძვირადღირებული პროექტია.

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. 2020 წლის აგვისტოში, როცა პარკი დაიკეტა, ითქვა, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე ორ წელიწადში სრულად განახლდებოდა. 2021 წლის შემოდგომაზე, როცა რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა, მერია ამბობდა, რომ ვაკის პარკის განახლებაზე დახარჯული თანხები 20 მილიონ ლარს აჭარბებდა. აქედან 17, 6 მილიონი პარკის განახლებას მოხმარდა, 3,5 მილიონი - გამწვანებას. პარკში 12 ათასზე მეტი ბუჩქი და 1 500-მდე ხე დარგეს, 80 000 კვადრატულ მეტრზე დათესეს ბალახი.

რეაბილიტაციის ნაწილი იყო ძველი შადრევნის აღდგენა, რომელიც ვაკის პარკში წლების განმავლობაში გაუქმებული იყო.
რეაბილიტაციის ნაწილი იყო ძველი შადრევნის აღდგენა, რომელიც ვაკის პარკში წლების განმავლობაში გაუქმებული იყო.

ვაკის პარკის შადრევნების სისტემის სრული განახლება თავიდანვე იყო გეგმაში - 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღით ადრე, პარკის საზეიმოდ გახსნისას ქალაქის მერი კახა კალაძე ამბობდა:

„რითაც გამოირჩეოდა ვაკის პარკი, ეს იყო იქ არსებული კასკადი, რომელიც დღეს ამორტიზებულია, დანგრეული, განადგურებულია და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. განახლების სამუშაოები დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოპირკეთდება არსებული სივრცე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც და იქნება, როგორც ეს წლების წინ, საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო. გვახსოვს, როგორი სილამაზე იყო, როდესაც წყალი ჩამოედინებოდა ამ კასკადზე. თავისი განათების სისტემებით, ყველანაირად იქნება განახლებული და მოწესრიგებული. უახლოეს მომავალში ესეც იქნება დამთავრებული და მთლიანად შეიკვრება პროექტი“.

შადრევნის კასკადის აღდგენა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2023 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. ერთ-ერთ ტენდერში შადრევნებისა და კასკადის განახლებისთვის განსაზღვრულიც იყო კონკრეტული თანხა, 6,5 მილიონი ლარი.

თუკი კასკადს აჰყვებით, იქ მართლაც ნახავთ მუშაობის კვალს - კასკადის ერთ მხარეს ძველი კიბეები სულ მოხსნილია და მიწა ბალახითაა დაფარული, მეორე მხარეს კიბეები დატოვებულია, მაგრამ ფილების გარეშე.

ფილები აღარც კასკადის სართულებს არ აქვს - ჩანს, რომ აქაურობის გალესვა რიგ ადგილებში უცდიათ, მაგრამ მიუტოვებიათ. ეს მრავალსართულიანი კონსტრუქცია სავსეა ნაგვით, რომელშიც სამშენებლო ნარჩენებიც მრავლადაა.

2022 წლის 12 ოქტომბერს მერმა სამუშაოების მეორე ნაწილიც დასრულებულად გამოაცხადა და პარკი გახსნა. მან ამ დროს თქვა, რომ ვაკის პარკის განახლება უკვე 33 მილიონი ლარი დაჯდა.

ქალაქის მერი ვაკის პარკის გახსნაზე მედიასთან განახლებული შადრევნების ფონზე საუბრობს. 12 ოქტომბერი, 2022 წელი
ქალაქის მერი ვაკის პარკის გახსნაზე მედიასთან განახლებული შადრევნების ფონზე საუბრობს. 12 ოქტომბერი, 2022 წელი

საზეიმო გახსნიდან მეორე დღეს, ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. შადრევანში ჩასულ ბავშვს დენმა დაარტყა. მიზეზი შადრევნის განათების უხარისხოდ გაკეთებული ელექტროგაყვანილობა გახდა. ამ ტრაგედიის გამო რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის მერიის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი და "გრინსერვის +-ის", ანუ იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც მერიას ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის ჰყავდა შერჩეული. ბავშვის სიკვდილის მერე ვაკის პარკში შადრევნები გამოირთო და კასკადის განახლებაზე საუბარიც შეწყდა.

პოლიცია მუშაობს შემთხვევის ადგილას. 13 ოქტომბერი, 2022 წელი
პოლიცია მუშაობს შემთხვევის ადგილას. 13 ოქტომბერი, 2022 წელი

2025 წლის თებერვალში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნებში წყლის აჩხრიალებამდე კიდევ რამდენიმე წელია. შადრევნებისა და კასკადის მშენებლობა 2027 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით, კომპანიას, რომელსაც მერია დაიქირავებს, პირველ ეტაპზევე დაავალებენ:

  • კასკადის და შადრევნების სისტემის ამჟამად არსებული კომუნიკაციების შესწავლას (იგულისხმება კასკადის და შადრევნების წყალმომარაგების სისტემა, ტუმბოების თუ სხვა აგრეგატების მდგომარეობის შესწავლა, კასკადის სათადარიგო მილგაყვანილობის შესწავლა, კასკადის დაზიანებული მილგაყვანილობის და ქვედა იარუსებზე გამავალი მილგაყვანილობის შესწავლა).
  • უშუალოდ კასკადის და შადრევნების კონსტრუქციის შესწავლას, დაზიანებების დაზუსტებას და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციების მომზადებას;


ტენდერის პირობების მიხედვით:

  • უნდა აღდგეს შადრევნებისა და კასკადის პირვანდელი სახე;
  • გაუმჯობესდეს ჰიდროიზოლაცია;
  • დამონტაჟდეს (ელექტროენერგიის დამზოგველი) განათების სისტემა;
  • განახლდეს წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემები;
  • ტერიტორია დაიფაროს ვიდეომეთვალყურეობის კამერებით.


ტენდერში მონაწილეობის უფლება ექნებათ კომპანიებს, რომლებსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 26 მილიონი ლარის ღირებულების რეკრეაციული ტერიტორია აქვთ მოწყობილი. მათ უნდა ჰქონდეთ რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის გამოცდილება.

იმ შემთხვევაში, თუ ამჯერად კასკადის აღდგენა ბოლო გეგმის მიხედვით წარიმართება, 2027 წლის ბოლოს ვაკის პარკის განახლებაზე, ყველაზე ცოტა, 70 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თბილისის მერიას ამ თანხით შეეძლო ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების ავტოპარკის უფრო სწრაფად განახლება, მეტი საბავშვო ბაღის აშენება, გარე განათების სისტემების ენერგოეფექტურ სანათებზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და მაგალითად, ახალი მეტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG