ეს რჩევები ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ქვეყანაზე, ასაკზე, იმაზეც, მარტო ცხოვრობთ თუ არა. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე უნივერსალური რჩევა შეაგროვა.
გადადეთ 10 პროცენტი
ყოველ თვეს შემოსავლის 10% გადადეთ და დარჩენილი ფული დახარჯეთ. ეს 10% თითქოს არც ყოფილა.
შეგიძლიათ ავტომატურად შეინახოთ
ბანკებს აქვთ ასეთი მომსახურება, ბარათით გადახდისას, მცირედი თანხა ავტომატურად გროვდება შემნახველ ანგარიშზე. დიდი არაფერი, მაგრამ ხანდახან ეგეც გაგახარებთ.
გაარკვიეთ, სად მიდის თქვენი ფული
დეტალურად აღრიცხეთ ბიუჯეტი, ჩაიწერეთ და შეისწავლეთ ყველა გასავალი და შემოსავალი. არ გამოგრჩეთ წვრილმანი ხარჯები. როცა ყველაფერი ერთადაა, არ ჩანს, რაზე შეიძლება დაზოგოთ ფული, აი, დახარისხებულზე კი ადვილად შეამჩნევთ. რომ იცოდეთ, ინტერნეტბანკებს აქვთ ასეთი სერვისი - ახარისხებენ თქვენს ხარჯებს და თვის ბოლოს გიჩვენებენ, რაში რამდენი გადაიხადეთ.
ნამდვილად გჭირდებათ?
გაარჩიეთ, რა არის აუცილებელი და რა ფუფუნება. ფუფუნებაში მაინცდამაინც იახტა და პარიზში მოგზაურობა არ იგულისხმება, ნებისმიერი უსარგებლო ნივთი, რომელსაც მაღაზიიდან ხელს გამოაყოლებთ, უკვე ფუფუნებაა.
წადით სიით
საყიდლებზე წასვლამდე ჩამოწერეთ, რის ყიდვას აპირებთ და გზადაგზა ნუღარაფერს დაამატებთ.
არ დაიდოთ ვალები
ბანკის ვალით გადახდილი სამასკაციანი ქორწილი, ძვირადღირებული მანქანა, მოდური ტანსაცმელი, უზარმაზარი ტელევიზორი... თუ შესაბამისი შემოსავალი არ გაქვთ, ამ ყველაფრის ყიდვა არ ღირს.
გჭირდებათ კი მანქანა?
მანქანა, მისი შეკეთება, საწვავი, პარკინგი, დაზღვევა, ინსპექტირება... ჯამში ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირია. იქნებ ქალაქგარეთ გასვლა არ გჭირდებათ და ქალაქში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაცილებით მოსახერხებელი იყოს?
ტაქსიც ფუფუნებაა
ტაქსიში ჩაჯდომის ნაცვლად მეტროში ჩასვლით, ერთი სადილის ფულს დაზოგავთ და ხერგილებსაც ასცდებით.
კიდევ უფრო იაფადაც შეიძლება
გაზი და ბენზინი ძვირია, ამიტომ, თუ შორს არ მიდიხართ, ფეხით ან ველოსიპედით მიდით, ასე მხოლოდ კალორიებს დაწვავთ.
შეეხეთ ფულს - თურმე ეს მნიშვნელოვანი ყოფილა
ხალხი ერთმანეთს ურჩევს, ნაღდი ფულით გადაიხადონ. როდესაც ბარათით იხდით და კუპიურებს ვერ ხედავთ, უფრო ადვილად ხარჯავთ ფულსო.
შეარჩიეთ ენერგოდამზოგავი ნივთები
ეკონომნათურები გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას წვავს. მაგიდის ლამპა ჭაღზე ეკონომიურია. აქვე, სახლს უფრო ადვილად დაათბუნებთ, თუ ფანჯრებისა და კედლების ჭუჭრუტანებს ამოქოლავთ. შეიძლება გათბობას ჩაუწიოთ და თქვენ ჩაიცვათ თბილად.
იაფი საჭმელი
კვებაში ძალიან ბევრი ფული იხარჯება. როდესაც თანხის დაზოგვა გვინდა, ჯობს, საჭმელი არ გამოვიძახოთ, პროდუქტები კი ბითუმად ვიყიდოთ ისეთ ადგილას, სადაც შედარებით იაფია.
ეძებეთ ფასდაკლებები
ფასდაკლებებზე შეიძლება კარგად ივაჭროთ, მაგრამ ნუ იყიდით რამეს მხოლოდ იმიტომ, რომ იაფია. ასე მეტი დაგეხარჯებათ. შეამოწმეთ სატელეფონო გზავნილები მაღაზიებიდან, განცხადებები აქციებზე, ფეისბუკის ჯგუფები, სადაც ერთმანეთს ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციას უზიარებენ. ფასდაკლებები ხშირია აფთიაქებშიც, ერთი და იგივე წამალი კვირის გარკვეულ დღეებში შესაძლოა ნახევარ ფასად შეიძინოთ.
სეზონური და არასეზონური
ზამთარში მარწყვი ძვირი დაგიჯდებათ, ჯობს გაზაფხულს დაელოდოთ, მაგრამ წინა კოლექციის ზაფხულის ტანსაცმელი სწორედ ზამთარშია იაფი. თუ მოდა თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი არ არის, ტანსაცმლის შეძენა ფასდაკლებებზე ჯობს.
მეორადი პროდუქტი
მეორადი პროდუქტი ხშირად კარგი გამოსავალია, იქნება ეს მანქანა, ტანსაცმელი, ავეჯი თუ სხვა რამ. თანაც მოდაშია.
მოგზაურობა და დაზოგვა ურთიერთგამომრიცხავი არაა
მოგზაურობა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეთ, ბილეთები რამდენიმე თვით ადრე შეიძინეთ, გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.
ბინა გარეუბანში უფრო ხელმისაწვდომია. თუ რამდენიმე ადამიანი იქირავებთ, ხარჯიც გაიყოფა.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლების გაცვლის პლატფორმებიც, თქვენ და სხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი, რომელიც თქვენს ქვეყანაში აპირებს ჩამოსვლას, ცოტა ხნით სახლებს გაცვლით, ანუ მოგზაურობისას ერთმანეთის სახლებში იცხოვრებთ.
უფასოც ბევრი რამ არის
ხშირად ბევრი კარგი რამ უფასოც არის, ეს შეიძლება იყოს კონცერტი, გამოფენა, პოეზიის საღამო, საჯარო ლექცია. დაესწარით!
და ბოლოს, გოჭი-ყულაბა
ასწავლეთ ყაირათიანი ხარჯვა ბავშვებსაც. იცოდნენ, რომ ფული შრომით გამომუშავდება. თავადაც შეაგროვონ ხურდა ყულაბაში. კარგი ჩვევები მათთვის კარგი მომავლის გარანტია იქნება.
ფორუმი