“ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ აქვთ მეოთხე მიზეზიც, რომლის გამხელის დრო ჯერ არ დამდგარა.
თუმცა სრულად პროპორციული სისტემის პირობებში ბიძინა ივანიშვილის პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.
ამ სტატიაში მოგიყვებით, ამომრჩევლის როგორი მხარდაჭერა სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას და შეუძლია თუ არა "ქართულ ოცნებას” ამ ამოცანის შესრულება.
უფრო მეტი, ვიდრე მოგება - რისთვის უნდა “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა?
21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი ისევ გამოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ მედია რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა, რომ პარტიის დამფუძნებელი საღამოს რვა საათზე სიტყვით გამოვიდოდა.
გამოსვლის ადგილად საქართველოს ისტორიული დედაქალაქი, მცხეთა იყო შერჩეული. სვეტიცხოვლის წინ მოწყობილ სცენასთან პირველ რიგებში მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები ისხდნენ, მათ უკან კი „ქართული ოცნების“ ასობით აქტივისტი.
სცენაზე ორი ტრიბუნა იდგა. ერთთან სიტყვით გამოვიდა ხუთი ადამიანი: მამუკა მდინარაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე.
მეორე, დაჯავშნილი მინებით გამოყოფილი ტრიბუნა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის იყო განკუთვნილი. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე სიტყვით გამომსვლელთა შორის ბოლო იყო. მან სცენაზე მდგარი ლიდერებიდან მხოლოდ პრემიერ-მინისტრს ჩამოართვა ხელი და შემდეგ დამსწრეებს მიმართა. ათწუთიან გამოსვლაში მან გაიმეორა პარტიის მიერ წინა დღეს გავრცელებული განცხადების შინაარსი.
“ქართული ოცნების” მილიარდერმა საპატიო თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ არჩევნებზე მის პარტიას აქვს “ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე მხოლოდ მისი მოგება” და ეს “საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვებაა”.
გამოსვლაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცეს როგორც პროსამთავრობო, ისე ოპოზიციურმა ტელეარხებმა, ივანიშვილმა გასცა სამი დაპირება, რომელთა შესასრულებლად საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვს:
- ოპოზიციური პარტიების გასამართლება-აკრძალვა: "ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს”.
- ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობისა და შვილების აყვანის აკრძალვა, ვინაიდან: “ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ”.
- ტერიტორიული მოწყობის გადახედვა იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარება ისე შეიცვლება, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება შეძლოს.
ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ არსებობს მეოთხე მიზეზიც, ”რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება”.
ფუჭი დაპირებები?
ახალი საარჩევნო სისტემით, ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რთული მისიაა.
„ოცნებას“, რომელიც მეოთხე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას, საკონსტიტუციო უმრავლესობა აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს ჰქონდა. მაშინ მმართველმა პარტიამ ხმების 48% აიღო, თუმცა თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების ხარჯზე მოაგროვა საბოლოო ჯამში 116 მანდატი.
საკონსტიტუციო უმრავლესობას მინიმუმ 113 დეპუტატი სჭირდება.
2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ისევ 48% აიღო, მაგრამ რამდენადაც მაჟორიტარების რაოდენობა 30-მდე იყო შემცირებული (ყველა მმართველმა პარტიამ მოიგო), მას 90 მანდატი ერგო და საკონსტიტუციო უმრავლესობაზე 23 დეპუტატით ნაკლები გაიყვანა პარლამენტში.
წელს არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრად მაღალი მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება, კვლავ იმდენი საპარლამენტო მანდატი რომ მიიღოს, რამდენიც წინა სამ ჯერზე.
„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი მხარდაჭერა რომ არ აქვს, პროსამთავრობო ტელეარხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.
15 აგვისტოს „იმედმა“ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებას“ თითქმის 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ბარიერს ლახავს სამი ოპოზიციური ალიანსი: "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო შექმნილი „ერთობა“, პარტია „ახლის“ და „დროა/გირჩის“ ალიანსი და „ლელოს“ გარშემო გაერთიანებული „ძლიერი საქართველო".
ექსპრემიერ გახარიას პარტიას, ამ კვლევის მიხედვით, 4,8%-იანი მხარდაჭერა აქვს და ცდომილების ზღვარშია 5%-იან ბარიერამდე.
საპარლამენტო არჩევნები რომ ასეთი შედეგით დასრულდეს, „ქართულ ოცნებას“ ერგებოდა 107 მანდატი, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ნაკლებია. და ეს მაშინ, როცა კვლევა "ოცნებისთვის" ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს ასახავს.
„გორბი“, როგორც წესი, მმართველ პარტიას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, 2020 წლის არჩევნების წინ „გორბის“ კვლევა ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ 56%-ს მიიღებდა. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ 8%-ით ნაკლები მოაგროვა.
იმ შემთხვევაშიც, თუ “გორბის” კვლევას დავუჯერებთ, “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად ხმების 64%-ის მიღება დასჭირდება. თუ პარლამენტში გიორგი გახარიას პარტიაც შევა, რომელიც “გორბის” კვლევაში ბარიერს ქვემოთაა, მაგრამ ძალიან ახლოს, მაშინ “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით 68% მაინც უნდა აიღოს, ანუ არჩევნებზე მისული ყოველი ათი ამომრჩევლიდან ექვსმა-შვიდმა ხმა "ქართულ ოცნებას" უნდა მისცეს.
„დიდი ბლეფი“?
„ქართული ოცნება“ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებებს აბამს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომლის მიღების შანსიც დაბალია. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მმართველი პარტიის ლიდერები ნაკლებად რეალურ, მაგრამ ამბიციურ მიზნებსა და დაპირებებზე საუბრით იმის ჩვენებას ცდილობენ, რომ მათ ძალაუფლებას საფრთხე არ ემუქრება.
„ამით მათ ძლევამოსილების დემონსტრირება უნდათ, რომელიც რეალურად არ აქვთ.
თრგუნავენ, ფსიქოლოგიურად უტევენ ოპოზიციას, თავიანთ ოპონენტებს და საპროტესტოდ განწყობილ ელექტორატს“, - გვითხრა ხუხაშვილმა.
“ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება”, - უთხრა ივანიშვილმა “ოცნების” მხარდაჭერებს, რომელთაც დაჯავშნილი მინით დაცულმა მიმართა მცხეთაში.
ხუხაშვილის თქმით, მმართველ პარტიას სურს, კრიტიკულ საზოგადოებაში ნიჰილიზმი დათესოს და დაარწმუნოს, რომ „მაინც არაფერი შეიცვლება“.
„ეს არის ერთი დიდი ბლეფის ნაწილი, როგორიც თავის დროზე იყო „გარეჯი საქართველოა“, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს ყველას დაავიწყდა. ხომ არ იცით, ახლა სად არის გარეჯის საკითხი?“ - ამბობს ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი.
ფორუმი