Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო ნადირაძე: გიორგი ფარცვანია ხელმძღვანელობდა კურსკში ერთ-ერთი სადაზვერვო ჯგუფის შესვლას


ვანო ნადირაძე, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი
ვანო ნადირაძე, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი

იმ დროს, როდესაც კვლავაც ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება უკრაინის მოსაზღვრე, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან მიმდინარე უკრაინული სადესანტო ოპერაციის შესახებ, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სადესანტო ჯგუფს ქართველი მებრძოლი გიორგი ფარცვანია ხელმძღვანელობდა.

ამის და სადესანტო ოპერაციის სხვა დეტალების შესახებ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უამბო ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნა

დირაძემ. უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ამტკიცებს, წუხანდელი ღამის განმავლობაში უკრაინის ძალების შეღწევის სიღრმე რუსეთის ტერიტორიაზე 5-დან 15 კმ-მდე გაიზარდა და ამ პლაცდარმისთვის ბრძოლა 7 აგვისტოსაც გრძელდება.


ვანო ნადირაძე: “ოპერაცია გუშინ დილის 6 საათზე დავიწყეთ, კურსკის ოპერაციაში მთლიანად ვარ ჩართული იმიტომ, რომ ჩემები მუშაობენ, ჩემები შევიდნენ პირველები, ჩემებმა დაიკავეს პირველი პოზიციები. სადღაც 15 კილომეტრის სიღრმეზე ვართ უკვე შესულები და 10 კილომეტრის სიგანის ტერიტორია კონტროლდება. ცდილობენ, რომ სუჯა (ქალაქია) გაამაგრონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ".


კობა ლიკლიკაძე: რამდენჯერმე ახსენეთ "ჩვენები", ვის გულისხმობთ უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში - ქართულ ჯგუფს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?

ვანო ნადირაძე: არა, ქართული ჯგუფი არაა. მაგრამ ქართველი, ჩემი მებრძოლი, გიორგი ფარცვანია, ხელმძღვანელობდა გუშინ სადაზვერვო ჯგუფის პირველ შესვლას, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე და გიორგი ფარცვანიას მიერ ფეისბუკით გამოგზავნილ რამდენიმე ვიდეოს გვიზიარებს და მის ფოტოსაც აქვეყნებს.

2 წლის წინ გიორგი ფარცვანია უკრაინაში საომრად ისე წავიდა, რომ ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ის ვანო ნადირაძის დანაყოფში ჩაეწერა და ორი თვის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. მათ შორის ყველაზე მძიმე ბრძოლა ირპენში გადაიტანა.

კობა ლიკლიკაძე: რა მიზანი აქვს ამ ოპერაციას და რა კავშირი აქვს მას ასევე 6 აგვისტოს ხერსონის ოლქში, ტენდრის ყურეში (Те́ндровская коса́) უკრაინის სადესანტო ოპერაციასთან?

ვანო ნადირაძე: „თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ოპერაციას და რისთვის ვაკეთებთ, ამას, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი. კი, ვიცი, რადგან მე თვითონ დაგეგმარებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ვერ ვიტყვი, სამწუხაროდ.

რაც შეეხება ხერსონის მარცხენა სანაპიროზე ოპერაციას, ის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმმა "არტანმა" ჩაატარა საკმაოდ წარმატებულად. გაანადგურეს რუსეთის ერთი ჯავშანტექნიკა, რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი და ოკუპანტების საფორტიფიკაციო გამაგრება. კურსკის პროცესებზე დამატებით იმას ვიტყვი, რომ მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთი წინააღმდეგი იმისა, რომ მასში მონაწილეობა მიეღო RDK-ს („რუსეთის მოხალისეთა კორპუსს“) და სხვა რუსულ ქვედანაყოფებს, რადგან ბელგოროდში ერთხელ უკვე ვნახეთ, რომ ბევრი ვერაფერი გააკეთეს. ახლა [ოპერაციაში] მთლიანობაში მონაწილეობენ უკრაინის შეიარაღებული ძალები და სხვა სამსახურები”.

  • მეორე დღეა გრძელდება შეტაკებები უკრაინის საზღვართან მდებარე კურსკის ოლქში, რომლის ტერიტორიაზეც 6 აგვისტოს, რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჯავშანტექნიკის გამოყენებით უკრაინელების 300-წევრიანი „დივერსიული ჯგუფი“ შეიჭრა.
  • სააგენტო "უნიანის" ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, შეძლეს საკონტროლო ზონის გაფართოება 38K-004 გზატკეცილის გასწვრივ სამხრეთ-აღმოსავლეთით და მოძრაობდნენ ქალაქ სუჯის დასავლეთ გარეუბანში.
  • სწორედ სუჯის რეგიონში მდებარეობს მნიშვნელოვანი გამანაწილებელი სადგური, რომლითაც რუსეთი ბუნებრივ აირს აწვდის ევროპას.
  • როგორც BBC იტყობინება, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მაუწყებლის შეკითხვაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, სუჯის რეგიონში, განაცხადა: „ამის თაობაზე ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია“.
  • 7 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე.
    „როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს“, - ირწმუნება პუტინი.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებით შეაჩერა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოძრაობა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
    „მისი [მოწინააღმდეგის] რეზერვები დამარცხებულ იქნა სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტებში ბასოვკაში, ჟურავკაში, იუნაკოვკაში, ბელოვოდიში, კიანიცაში, კორჩაკოვკაში, ნოვაია სეჩში, პავლოვკაში, გოროდიშჩეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
  • ამავდროულად, რუსული ტელეგრამის არხები წერენ, რომ ბრძოლები მიმდინარეობს საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარე კურსკის რაიონის ქალაქ სუჯის ტერიტორიაზე. მანამდე იყო დაუდასტურებელი ცნობები, რომლის თანახმად, ქალაქი ან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, ან "ოპერატიულ ალყაში" იმყოფება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG