Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?


აშშ-მა სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს. წლების წინ მას ბიძინა ივანიშვილი უწოდებდა „კაცურ, ვაჟკაცურ კაცს“. ვაშინგტონი დღეს მას უწოდებს „ქართველ-რუს ოლიგარქს“, რომელსაც რუსეთის ФСБ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

„ქართული ოცნება“ ახლა ფარცხალაძეს ემიჯნება და ამბობს, რომ იგი „კერძო პირია“, რომელიც 10 წლის წინ ჩამოშორდა ხელისუფლებას; უსაფრთხოების სამსახური პირობას დებს, რომ „საკითხს შეისწავლის“. ჯერჯერობით მას მხოლოდ რუსი მაღალჩინოსნები, გრიგორი კარასინი და ლეონიდ კალაშნიკოვი იცავენ და ვაშინგტონს „დისკრიმინაციაში“ ადანაშაულებენ.

თავად ფარცხალაძე სანქციებს უწოდებს „ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებას“ და ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება „მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული“.

რა ხდებოდა იმ 10 წლის განმავლობაში, რომელიც 14 სექტემბერს აშშ-ის სანქციებით „დაგვირგვინდა“?

ოთარ ფარცხალაძე პირველად 2013 წლის 25 დეკემბერს - გადადგომამდე 5 დღით ადრე - გამოჩნდა კამერების წინ. უსიტყვოდ.
ოთარ ფარცხალაძე პირველად 2013 წლის 25 დეკემბერს - გადადგომამდე 5 დღით ადრე - გამოჩნდა კამერების წინ. უსიტყვოდ.

მთავარი პროკურორი 39 დღით

ოთარ ფარცხალაძემ კარიერის მწვერვალს 37 წლის ასაკში, 2013 წელს მიაღწია და საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა - მხოლოდ 39 დღით - 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე.

იგი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარუდგინა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პოსტზე შეუფერხებლად დაამტკიცა. ფარცხალაძემ არჩილ კბილაშვილი ჩაანაცვლა.

დანიშვნიდან სულ რაღაც 5 კვირაში კი გახმაურებული საქმეების გამო, გადადგომა მოუწია.

  • მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფარცხალაძე 15 წლის შევიდა და 19 წლისამ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, რაც არარეალისტურად გამოიყურებოდა. თანაგუნდელებმა ეს იმით ახსნეს, რომ იგი სკოლაში „გადაახტუნეს“;
  • „ნაციონალური მოძრაობის“ გავრცელებული ინფორმაციით, 2001 წელს ის გერმანიაში გაასამართლეს „ყაჩაღური ქურდობისთვის“ და 15 თვით პატიმრობა მიუსაჯეს;
აქცია პარლამენტთან ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევის წინააღმდეგ. ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ შოთაძე „ფარცხალაძის კადრი“ იყო, ამ უკანასკნელს კი გერმანიაში ფეხსაცმლის ქურდობაში ადანაშაულებდნენ
აქცია პარლამენტთან ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევის წინააღმდეგ. ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ შოთაძე „ფარცხალაძის კადრი“ იყო, ამ უკანასკნელს კი გერმანიაში ფეხსაცმლის ქურდობაში ადანაშაულებდნენ
  • ფარცხალაძემ თქვა, რომ „ინციდენტი შეემთხვა“ გერმანიის პოლიციასთან და ეს იმით ახსნა, რომ პოლიციელს ის სხვაში აერია, რასაც კონფლიქტი მოჰყვა;
  • მოგვიანებით, 2014 წლის იანვარში, თეა წულუკიანმა ფარცხალაძის ნასამართლობის გამოაშკარავება „უსიამოვნო სიურპრიზად“ შეაფასა და თქვა, რომ ფარცხალაძე ისე წარუდგინა პრემიერს, რომ იქამდე არ იცნობდა. მორალური უფლება არ ჰქონდა, ამ თანამდებობაზე ემუშავაო, თქვა ბოლოს;
  • ფარცხალაძის სახელი ფიგურირებდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, იმ დროისთვის პატიმრობაში მყოფი, ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის ამბავშიც.

ფარცხალაძე 30 დეკემბერს გადადგა და მისი ხელისუფლებაში ფორმალურად ყოფნის პერიოდი ამით დასრულდა.

„ქართველი-რუსი ოლიგარქი“

მთავარი პროკურორის პოსტზე გაელვების შემდეგ მისი სახელი ელიტური კორუფციის სავარაუდო სქემებსა თუ სკანდალებს დაუკავშირდა, თუმცა საქართველოს სასამართლო სისტემაში ბრალდებები ვერ დაუმტკიცეს. ასე იყო, მაგალითად:

  • კორუფციაზე ზედამხედველი ორგანოს უფროსის, გენერალური აუდიტორის ცემის საქმეში;
  • სპორტის ყოფილი მინისტრის „სარდაფში ცემის“ საქმეში.

არც თანამდებობაზე ყოფნის 39 დღის და არც შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ფარცხალაძის ხმა არავის ჰქონდა გაგონილი - მასზე საუბრობდნენ, ის დუმდა. პირველად საჯაროდ ილია II-ის აღსაყდრების წლისთავზე გამოჩნდა - „ოცნების“ კიდევ ერთ ოდიოზურ მინისტრთან, ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რაც იქამდე ქართულ ჟურნალისტურ გამოძიებებშიც ჩანდა, ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული და, როგორც ჩანს, ორივე ქვეყნის პოლიტიკურ და უსაფრთხოების სამსახურების ელიტებთან აქვს ურთიერთობა.

ვაშინგტონის მიერ „ქართველი-რუსი ოლიგარქის“ სანქციების სიაში მოხვედრის დასაბუთება, სულ მცირე, აჩვენებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოწყვლადია რუსეთის უშიშროების სამსახურებისადმი.

ფარცხალაძე საქართველოზე რუსეთის მანკიერი გავლენების პასუხად დაასანქცირეს. მისი საქართველოში კავშირები კი ასეთია:

  • მოქმედი მთავარი პროკურორი ფარცხალაძის მეგობარია და წლების განმავლობაში მუშაობდნენ ერთად;
  • ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კი - ახლო მეგობარი.

რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ფარცხალაძე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღსადგენად. შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგა.

„სახიფათო კავშირები“

ფარცხალაძე, მედიაში გავრცელებული ცნობებით, არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ახლო მეგობარი.

2018 წელს, როდესაც ფარცხალაძე-მამაცაშვილის მეგობრობაზე ჰკითხეს, მილიარდერმა ექსპრემიერმა თქვა, რომ „მამაცაშვილი წესიერი კაცია“, „უმწიკვლო ადამიანი“ და „თუ უჩა მეგობრობს ფარცხალაძესთან, ეს არავითარი საბუთი არ არის ჩემთვის“.

2016 წელს ბიძინა ივანიშვილს დადასტურებული აქვს, რომ მისი ვაჟი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა. „ფარცხალაძე არ არის [ჩემი მეგობარი]. ხშირად ვერ ვხვდებით. ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია, როგორც მე ვიცი“, - მედიის ცნობით, თქვა ივანიშვილმა 2016 წლის 20 ივნისს.

ფარცხალაძის მეგობარია მოქმედი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე.

ირაკლი შოთაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი
ირაკლი შოთაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი

პროკურორობამდე ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა. 2013 წლამდე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, მანამდე - უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე კი - ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. პროკურატურაშიც და ფინანსურ პოლიციაშიც მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო, - რომელიც დღეს თავად არის მთავარი პროკურორი.

მთავარ პროკურორად შოთაძე ჯერ 2015-18 წლებში მუშაობდა, შემდეგ თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამო გადადგომა მოუწია, 2020 წელს კი პოსტზე დაბრუნდა და დღესაც ამ თანამდებობაზეა.

2015 წელს პარლამენტარებთან საუბრისას შოთაძემ თქვა: „ოთარი ჩემი მეგობარია და, შესაბამისად, შეფასებისგან თავს შევიკავებ“. იქვე უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ იგი „ფარცხალაძის კადრი“ იყო.

რატომ დაუწესა აშშ-მა მას სანქციები?

14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ათეულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ხელი შეუშალოს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანსურ არხებზე. სანქციების ამ სიაში მოხვდა ოთარ ფარცხალაძეც.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები უწესდება „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. უწყების თანახმად, ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობისთვის მოხვდა სიაში. კერძოდ:

  • ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად;
  • ალექსანდრ ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) ოფიცერი.

დოკუმენტის თანახმადვე, სავარაუდოდ, სწორედ ონიშჩენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფარცხალაძეს „სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად ჩადის ხოლმე რუსეთში“.

დოკუმენტში წერია, რომ ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოსახდენად იყენებენ“.

დოკუმენტის თანახმადვე, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

სუს-ი „საკითხს სწავლობს“

უშუალოდ როგორი იყო ეს გავლენა, სახელმწიფო დეპარტამენტი არ აზუსტებს.

შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სანქციები, რაშიც ფარცხალაძე მოყვა, „დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან“ და „შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან“:

„საზოგადოებას ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, იმისთვის, რომ გაერკვეს, ზუსტად რაზე არის საუბარი“, - თქვა მან 14 სექტემბერსვე.

მეორე დღეს სუს-მა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“.

რას ამბობენ მოსკოვში?

რუსეთის დუმის დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ „ფარცხალაძე არასდროს არ ყოფილა ФСБ-ს აგენტი“, თუმცა იქვე დასძინა, რომ:

ის [ფარცხალაძე] აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე რუსეთთან“, - განაცხადა მან 15 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში. თარგმანი „ფორმულას“ ეკუთვნის.

კალაშნიკოვის თქმით, მან ფარცხალაძე პირადად დაპატიჟა თავის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, „როდესაც ვცდილობდით რუსეთთან პირდაპირი ფრენის გახსნას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას“ და „ის აქტიურად იყო ჩართული სხვა ქართველებთან ერთად ამ პროცესში“.

ფარცხალაძის ამბავზე ქართულ მედიასთან გააკეთა კომენტარი გრიგორი კარასინმაც, რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, და თქვა, რომ მართალია, მას არ იცნობს, მაგრამ „ამ სანქციებს აქვს დისკრიმინაციული ხასიათი, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა“.

გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

„სრულად ვართ რუსული ორბიტის სატელიტი“

თუკი საქართველოს და რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ФСБ-ს ოფიცერს ჰქონდა გავლენა, სახელმწიფოში ისეთ მაღალ თანამდებობას იკავებდა, როგორიც მთავარი პროკურორია, და დღემდე აქვს სავარაუდო კავშირები „ოცნების“, მათ შორის, სახელისუფლებო წრეებთან, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე?

„კითხვის ნიშანი არაფერთან მიმართებაში აღარ არის. უბრალოდ, ჩემი აზრით, არსებულ სურათს თანდათანობით გადაექერცლება თეთრი საღებავი და ჩნდება, სინამდვილეში რაც არის ჩვენი რეალობა: მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესში ჩვენ თავიდან ბოლომდე ვართ ჩამოყალიბებული რუსული ორბიტის მყარ სატელიტად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით რაქვიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2016-18 წლებში.

რაქვიაშვილის თქმით, მათთვის, ვინც პოლიტიკას ყურადღებით აკვირდება, ეს ამბავი „მორიგი დადასტურებაა იმისა, რაც საკმაოდ ნათლად ჩანს, უბრალოდ საზოგადოების ნაწილი კვლავ ვერ ხვდება, რადგან ეს პროპაგანდითა თუ სხვა მეთოდებითაა დამალული“.

დავით რაქვიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
დავით რაქვიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი

დავით რაქვიაშვილი ვერ ხედავს დიდ აზრს იმაში, რომ გაირკვეს, რა სახის იყო ფარცხალაძის სავარაუდო თანამშრომლობა ეფ-ეს-ბესთან: „ინფილტრაციის პოლიტიკური მიზანი არის შენი პოლიტიკური ნების თავს მოხვევა ამა თუ იმ ქვეყნისთვის. და თავსაც არის მოხვეული და სიხარულითაც ვასრულებთ ამ პოლიტიკურ ნებას, რაც რუსეთს აქვს“, - მიიჩნევს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა?

მართლმსაჯულების სფეროს სპეციალისტები იხსენებენ, რომ ფარცხალაძე მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა. თუმცა „არც მაშინ და არც მომდევნო წლებში არავის განუმარტავს, რა დამსახურების გამო, რომელი პროფესიული თუ აკადემიური მიღწევისთვის დაინიშნა ფარცხალაძე თანამდებობაზე“, - შენიშნავს გურამ იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი.

იმნაძის თქმით, „არც იმის გამო მოუთხოვიათ ამ ორი ადამიანისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ფარცხალაძემ მოგვიანებით აკეთა „ბიზნესმენის“ ამპლუაში. „არადა, მაშინაც და ახლაც, მინიმუმ ფორმალურად მაინც უნდა ეკისრებოდეთ ღარიბაშვილს და წულუკიანს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კრიმინალი, კორუფციონერი და ახლა როგორც დადასტურდა, კოლაბორაციონისტი პირი დანიშნეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე“, - წერს იმნაძე.

გურამ იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი
გურამ იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ფარცხალაძე კერძო პირია და 10 წელიწადია, ხელისუფლებას ჩამოშორებულია. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფარცხალაძე „დიდი ხანია“, საჯარო სამსახურში აღარ არის; რომ „ის წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში“.

გურამ იმნაძე „უსუსურს“ უწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საკითხის მოკვლევის“ დაანონსებას და „ოცნების“ ლიდერებს აკრიტიკებს:

„ცინიკურად გვაჯერებენ, რომ თითქოს ეს კაცი 10 წელია კავშირში აღარაა მათთან. ფარცხალაძე მანამდე იქნება „ოცნებასთან“ დაკავშირებული, სანამ მის საქმიანობას შესაბამისი სახელი არ დაერქმევა… სანამ ქართული სამართალდამცავი ორგანოები ზუსტად არ გვეტყვიან, გენერალურმა პროკურორმა რანაირად იშოვა მილიონები და რა გზებით ცდილობს ეს კაცი დღეს საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას“.

ფარცხალაძის ქონება - მოკლედ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2018 წლის ანგარიშის თანახმად, თანამდებობის დატოვების შემდეგ ფარცხალაძისა და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„თუკი თანამდებობაზე ყოფნისას მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართის 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით კი 7,900 კვ.მ ფართობის 24-მდე უძრავი ქონების მეპატრონე გახდა“, - წერია ანგარიშში.

ამჟამად ფარცხალაძე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, წყნეთში, „კაკლების უბანში“ ცხოვრობს და პირადი დაცვა ემსახურება.

პოსტის დატოვების შემდეგ იგი ორ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა: სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ცემისა და გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეებში.

სპორტის ყოფილი მინისტრის „ავარია“

ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს „ომეგა“ ჯგუფისა და მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის საქმეში. ოქუაშვილი ამბობდა, რომ ფარცხალაძე მას 4 მილიონ ლარს სძალავდა.

„რუსთავი 2-მა“ 2018 წელს გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ოქუაშვილსა და მის პარტნიორთან საუბარში „ოცნების“ ხელისუფლების სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ ფარცხალაძემ სცემა, - მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს შეაგინა.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, ფარცხალაძის დავალებით ყიფიანი „სარდაფში ჩაიყვანეს“ და „ტანსაცმელი გახადეს“, - როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, იმის შესამოწმებლად, ხომ არ ჰქონდა მას დამონტაჟებული ფარული მიყურადების მოწყობილობა. ყიფიანი ამ ეპიზოდს „ავარიად“ მოიხსენიებს.

მოგვიანებით ყიფიანმა პროკურატურას მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ კადრები ოქუაშვილის თხოვნით „დადგმული“ იყო.

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო მოგვიანებით, 2018 წელს, ფარცხალაძის მხარი საჯაროდ დაიჭირა: „ყიფიანი მივიდა ოქუაშვილის ნაცვლად ფარცხალაძესთან, - [ოქუაშვილი] თვითონ უნდა მისულიყო. ის შეამოწმეს, ჩამწერი ხომ არ აქვს. არავითარი „გაუპატიურება“ [როგორც მედიაში წერდნენ, რომ დაემუქრნენ], არავითარი სარდაფი! ყიფიანმა შეაგინა, რასაც თვითონვე ამბობს, რასაც თვითონვე არ განიცდის - ქართველი კაცისთვის შეგინებაზე რეაქცია იცით, რაც არის“.

როგორ აქციეს მთავარი აუდიტორი პოლიტიკურ დევნილად

2017 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძემ ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ სცემა.

ფარცხალაძეს ამ საქმეზე ბრალი წარუდგინეს. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მხოლოდ 5-ათასლარიანი გირაო მოითხოვა, სასამართლომ კი იგი გაამართლა.

ბიძინა ივანიშვილმა ამ ამბავზე 2018 წელს თქვა, რომ თორდია „არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე“ და „ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმებიო“.

2021 წელს სასამართლომ ფარცხალაძე გაამართლა. მხოლოდ ფარცხალაძის თანმხლებ პირს, ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელ მიხეილ ჩოხელს დაეკისრა 5000-ლარიანი ჯარიმა.

2022 წელს აშშ-ში ემიგრაციაში წასულ თორდიას შტატების საემიგრაციო სასამართლომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ახლა ქვეყნის ყოფილი მთავარი აუდიტორი თავისი პროფესიით აღარ მუშაობს და აშშ-ში საკუთარი გადამზიდავი კომპანია აქვს.

საშვი პანდემიის ლოკდაუნისას

ფარცხალაძესთან დაკავშირებული ერთ-ერთი, შედარებით მცირე მასშტაბის სკანდალი. ბოლო 10 წლის განმავლობაში, პანდემიის პერიოდს უკავშირდება. 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და მანქანით გადაადგილება მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა, „ნაციონალური მოძრაობამ“ გაავრცელა 25 აპრილს გადაღებული, კადრები, სადაც მკაფიოდ ჩანდა, რომ ფარცხალაძე ავტომობილით გადაადგილდებოდა.

საქართველოს მთავრობაში რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებიათ კომენტარი, იყო თუ არა საშვი დაშვებული მის სახელზე. „დააშავა, დაჯარიმდა და გადაიხადა, ეგეთები ბევრი დაჯარიმდა. 9 ათასი იყო ჯარიმა“, - თქვა მოგვიანებით მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ.

„ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინება“

15 სექტემბერს ქართული მედიის წარმომადგენლები მთელი დღე ცდილობდნენ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებას. ის არც სატელეფონო შეტყობინებებს პასუხობდა, და არც თბილისში, წყნეთის პრესტიჟულ „კაკლების უბანში“ გამოჩენილა მის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებთან.

მაშინ, როდესაც პირადი დაცვა ირწმუნებოდა, რომ ფარცხალაძე სახლში იყო, მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში იბიცაზე გადაღებული ოჯახური ფოტო ატვირთა. ფოტოზე თარიღი მითითებული არ ყოფილა.

ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან ერთად. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან ერთად. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია

დღის ბოლოს კი „რუსთავი 2-მა“ გამოაქვეყნა მათთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ტექსტი, რომელიც ტელეკომპანიის განცხადებით ფარცხალაძეს ეკუთვნის და სადაც აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი წერს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა“.

ფარცხალაძე ირწმუნება, რომ მის „ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას“ გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ „გადაწყვეტილება არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული“.

XS
SM
MD
LG