Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი პარტნიორები "ოცნების" შეჩერებას ცდილობენ - "აგენტების კანონი" წყალგამყოფია


საპროტესტო აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, პარლამენტთან. 2 მაისი, 2024 წელი.
საპროტესტო აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, პარლამენტთან. 2 მაისი, 2024 წელი.

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები სულ უფრო მწვავე ხდება „ქართული ოცნების“ მიერ „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნების გამო დაწყებული მასშტაბური პროტესტისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფონზე.

ევროკავშირისა თუ აშშ-ის მისამართით უფრო ხისტი ხდება ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხელისუფლების პოლიტიკაც. „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა დაიწყო ლაპარაკი აშშ-სთან ურთიერთობების „რესტარტის“ საჭიროებაზეც.

2 მაისს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ უარი განაცხადა ვაშინგტონში ვიზიტზე, სადაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ უნდა ემსჯელათ.

სტრატეგიული პარტნიორების მისამართით თბილისიდან ღია ბრალდებები ისმის.

საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“ - შეერთებული შტატები

ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში - რობინ დანიგანი 2 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ - „ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს და, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე“.

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.

ეს დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ხალხთა შორის ურთიერთობები.

1 მაისს, როდესაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით დაამტკიცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ:

  • საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“.
  • ეს კანონი დაქართული ოცნებისანტიდასავლური რიტორიკასაქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს“.
  • „საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან“, რაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველშია;
  • და [ეს] „ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“.
  • განცხადებები, რომლებიც არასწორად წარმოაჩენენ „საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას“ - „არსებითად უთხრიან ძირს“ მტკიცე ურთიერთობას საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან.

შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ "უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ეს განცხადება, 1 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გამოაქვეყნა, რომელმაც უკვე 2 მაისს ჟურნალისტებს [შეკითხვის საპასუხოდ] უთხრა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მას მუდმივად მიეწოდება განახლებული ინფორმაცია.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი სიცრუეში დაადანაშაულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 3 მაისს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კობახიძე აღნიშნავს, რომ მეთიუ მილერის განცხადებები აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის „ცრუ განცხადებების“ მსგავსია - „რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა“.

კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი დერეკ შოლეს ტელეფონზე საუბრის დროს უთხრა და ისიც დაამატა, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა „განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს და, რომ ეს შეუძლებელია „სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე“.

„[აშშ-სთან] არსებული ურთიერთობა გადატვირთვას საჭიროებს“, - უთხრა 3 მაისს ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

„ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“, - წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს კიდევ ერთხელ გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიით“, - 2 მაისს, X-ზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის, დერეკ შოლეს განცხადებაც გამოქვეყნდა.

ის აცხადებს, რომ მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“.

აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „დაუბრუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მუშაობას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“.

რატომ თქვა "ოცნებამ" უარი?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, უარყოფილი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში მიწვეული იყო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მაგრამ მიწვევას თან ახლდა დათქმა, რომ - „ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“.

დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, - ასე ხსნის საგარეო უწყება.

მსგავსი განცხადებები „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. კახა კალაძემ თქვა, რომ „თუ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით, სწორი დამოკიდებულება არ არის“.

„ქართულ ოცნებას“ „გაბედულ საქციელს“ უწონებენ მოკავშირეები და მხარდამჭერები - მათთვის ეს სუვერენიტეტის განმტკიცების ნიშანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის კი, სტრატეგიული პარტნიორის მიწვევაზე უარის თქმა და მასთან ღია დაპირისპირება სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც ქვეყანას იზოლაციამდე მიიყვანს და რომელიც შესაძლოა ძვირად დაუჯდეს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ საქართველოს.

29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უცხოელები საქართველოს დახმარებას ტყუილად „ამადლიან“, რადგან მთელი დახმარება სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება“.

"[აგენტების კანონი] შეუსაბამოა გაწევრიანების ტრაექტორიასთან" - ევროკავშირი

„აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი მწვავე შეფასება მოისმინა - როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან.

ევროკავშირის სტრუქტურებმა თუ წევრი ქვეყნების ლიდერებმა, სხვადასხვა ფორმატში, არაერთი განცხადება გააკეთეს. ბოლო კვირებში, მათი საერთო აზრია, რომ „აგენტების კანონით“ საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროინტეგრაციის გზაზე.

  • 25-მა ევროპარლამენტმა მიიღო მწვავე რეზოლუცია, რომელშიც, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების გარდა, ევროკომისიისგან მოითხოვს, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. ევროპარლამენტის რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც „ქართული ოცნების“ სტრატეგიასა და ტაქტიკას, მათ შორის - დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებასა და აქციების სპეციალური საშუალებებით დაშლას იწონებს. რუსეთიც ყველაფერს დასავლეთს აბრალებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა მკაცრად დაგმო სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენება „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის დაშლისას, 1 მაისს, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია“, - წერს ბორელი. მანამდე, მან განაცხადა, რომ „აგენტების კანონი“ „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“.

„საგარეო მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს“, - თქვა ჯოზეპ ბორელმა 22 აპრილს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ - სადაც „ქართული ოცნების“ მიერ კვლავ ინიციირებულ სადავო კანონპროექტზეც იმსჯელეს.

საქართველო გზაჯვარედინზეა. მან ევროპისკენ კურსი უნდა შეინარჩუნოს, - განაცხადა 1 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ხალხის მკაფიო გზავნილი, რაც, მისი თქმით, დემოკრატიის მიმართ მტკიცე ერთგულებას ეფუძნება.

ღრმა შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში“, - ვკითხულობთ ასევე მის განცხადებაში.

3 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს - შარლ მიშელს. განსახილველი საკითხების ჩამონათვალშია - „საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ 3 მაისს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთანაც, რა დროსაც საქართველოსთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები განიხილეს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვისთვისაც პირველ ადგილზე დგას ქვეყნის ევროპული მომავალი“, - წერს მიშელი X-ზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს დიალოგის საჭიროებას.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ დაკარგოთ ისტორიული შანსი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

["აგენტების კანონი" - რ.თ.] შეუსაბამოა ევროკავშირში საქართველოს სწრაფვასთან და მისი გაწევრიანების ტრაექტორიასთან“, - პრობლემური კანონის მიმართ დამოკიდებულება შარლ მიშელმა მანამდეც გამოხატა. 16 აპრილს, X-ზე, მან ასევე დაწერა, რომ ეს კანონი საქართველოს დააშორებს ევროკავშირთან.

მანამდე, 12 აპრილს, ბერლინში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოხატა დიდი იმედი“, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებდა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ პოზიციას და არ დაამტკიცებდა სადავო კანონს. კანცლერის ეს იმედი არ გამართლდა - მას შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „აგენტების კანონი“ ორი მოსმენით დაამტკიცა.

3 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ - შეფასებები, აშშ-ის გარდა, საფრანგეთსაც დაუწუნა.

„ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას“, - მიმართავს საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო უწყებას, რომელმაც მანამდე დაგმო ძალადობა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების წინააღმდეგ.

„ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყებამ 2 მაისს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება პარიზს ეუბნება, რომ მათთანსამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ“, მაგრამ მაშინაც კი - „საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან“.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებთან“, - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 3 მაისს გამოეხმაურა.

„აგენტების კანონზე“ ის წერს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის იარლიყის მიწებება „სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების უფლებებს“ და ასევე - შემაშფოთებლად თვლის საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და მედიის თანამშრომელთა მიმართ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება „აზიის განვითარების ბანკიც“ (ADB), რომელიც საქართველოში მრავალ სახელმწიფო პროექტს აფინანსებს.

ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ 3 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის შესრულებაში“ და ბანკი „თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს სიღარიბეს თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“.

ზესტაფონის შემოვლითი გზა, 9-კილომეტრიანი მაგისტრალი, რომელიც 26 აპრილს გაიხსნა - აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა. იმ დღეს ბანკს საგანგებო მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

"აგენტების კანონი" გამორიცხავს ევროკავშირის წევრობას - საერთაშორისო მედია

საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებსა და მასშტაბური საპროტესტო აქციების მიმდინარეობას ფართოდ აშუქებს საერთაშორისო მედია.

„მოძრაობს ევროპისკენ უფრო დასაახლოებლად თუ უკან მოსკოვის ზეგავლენის ქვეშ“ - საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „უფრო ფართო ბრძოლის“ გამოხატულებად განიხილავს „როიტერსის“ მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული სტატია.

ავტორს მოჰყავს „პარტიის დამფუძნებელი მილიარდერის“ - ბიძინა ივანიშვილის სიტყვების პერიფრაზი, რომ „საქართველომ უნდა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი დასავლეთის მცდელობისგან - უკარნახოს საკუთარი პირობები“.

„რატომ ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება, რომ შეუძლია სძულდეს ევროკავშირი და ძალაუფლება შეინარჩუნოს“, - ამ სათაურის სტატიას POLITICO 3 მაისს აქვეყნებს და დასმული შეკითხვის შინაარსს პოლიტიკურ პარადოქსს უწოდებს იმ ფონზე, როცა - „საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს ევროკავშირში სურს გაწევრიანება“.

„აგენტების კანონს“ POLITICO უწოდებს „რუსული სტილის კანონს“ და მის დამტკიცებას განიხილავს ევროკავშირისთვის სილის გაწვნად მაშინ, როცა ბრიუსელი იარლიყის მიწებებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ხედავს.

ავტორი პროცესების „საკვანძო მოთამაშედ“ ასახელებს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ამჟამად საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილს და მას მოიხსენიებს ოლიგარქად, რომელმაც თავისი დიდძალი ქონება რუსეთში დააგროვა.

„ევროკავშირი ნათელს ხდის, რომ ეს კანონი ფაქტობრივად გამორიცხავს ევროკავშირის წევრობას“ და „ხელისუფლებამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილის წინააღმდეგ, პარლამენტის შენობის წინ“, - წერს POLITICO.

BBC-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ვაშინგტონთან მიმართებით მოსკოვის რიტორიკას დაემსგავსა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG