Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვგმობ ძალადობას თბილისში, საქართველომ ევროპისკენ გეზი უნდა შეინარჩუნოს - ევროკომისიის პრეზიდენტი


ევროკომისიის პერზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი: ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.
ევროკომისიის პერზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი: ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

პირველ მაისს გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენი გმობს „თბილისის ქუჩებში ძალადობას“, შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას 9 რეკომენდაციას, და ამბობს:

„საქართველო გზაჯვარედინზეა. მან ევროპისკენ კურსი უნდა შეინარჩუნოს“.

„ღრმა შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.

საქართველოს მოქალაქეები თავიანთ მტკიცე ერთგულებას ავლენენ დემოკრატიისადმი. საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს მკაფიო გზავნილი.

ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა შეშფოთება უცხოეთის გავლენის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს.

აღიარა რა ეს მისწრაფებები, ევროპულმა საბჭომ დეკემბერში საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დაუსახა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

მოველით, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად მიიღებს ზომებს იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რისი შესრულების ვალდებულებაც აიღეს, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ“, - აცხადებს ურზულა ფონ დერ ლაიენი.

პირველ მაისს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, - ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, - „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო - 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ.

წინა ღამეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურადაც გაუსწორდა.

„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG