Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთიდან იუწყებიან კურსკზე დრონებით მასირებული შეტევისა და მსხვერპლის შესახებ

რუსეთიდან იუწყებიან კურსკზე დრონებით მასირებული შეტევისა და მსხვერპლის შესახებ


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ქალაქ კურსკის შესასვლელი
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ქალაქ კურსკის შესასვლელი

რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ კურსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულ შეტევაში.

კურსკის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 15 აპრილს, გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, ღამით „მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმები“ იყო. შტაბის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ცხრა ადამიანი, სამ ქუჩაზე ხანძრები გაჩნდა რამდენიმე მრავალბინიან სახლში, საიდანაც მობინადრეთა ევაკუაცია გახდა საჭირო.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გარაჟზეც, სადაც 11 ავტომანქანა დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში რუსეთის ხუთ რეგიონში გაანადგურეს 115 უკრაინული დრონი და მათგან 109 - კურსკის ოლქში.

განახლება: 15 აპრილს, საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსეთის კურსკის ოლქზე შეტევა დაადასტურა. გენერალური შტაბის განცხადებით, უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფებმა, სპეციალური ოპერაციის ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ ობიექტზე, რომელსაც კავშირი აქვს ომის დამნაშავეებთან - მათთან, ვინც მონაწილეობდა ქალაქ სუმიზე 13 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაში და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა სამხედრო დანაშაულში.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, დაარტყეს რუსეთის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის პუნქტს, სადაც შეტევის შემდეგ საბრძოლო მასალების დეტონაცია დაიწყო, შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.

კურსკის ოლქიდან, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ უკრაინის ტერიტორიას.

13 აპრილს სუმის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

თავის მხრივ, უკრაინის ჯარებიც რუსეთის კურსკის რეგიონს პრაქტიკულად ყოველდღე უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით. 2024 წლის აგვისტოში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკში დაიწყეს სახმელეთო ოპერაციაც, რომლის მიზნად გამოცხადდა საზღვრისპირა რაიონების დასაცავად უსაფრთხოების ზონის შექმნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG