მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას.
„მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, - ხალხისა, რომელიც ავლენს ურყევ სიმამაცესა და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ“, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე).
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ [საქართველოს მოსახლეობის] მისწრაფებებს, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს“, - აცხადებს იგი.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
მოლდოვა, უკრაინასთან ერთად, 2022 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა, 2023 წლის ბოლოს კი ევროკომისიამ მასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
ფორუმი