Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მიიღოს „აგენტების კანონი“, განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, „საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“.

განცხადების თანახმად, „აგენტების კანონი“ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს.

„შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს“, - აცხადებს მილერი.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას.

„საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა“, - აღნიშნავს აშშ-ის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

მილერი მიუთითებს, რომ ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად, მიუღებელია.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

1 მაისს „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.

პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. პოლიცია ასევე პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს ხის და რკინის ჯებირებით, ასევე - ნაგვის ურნებით და ჩახერგეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ასევე სცადეს ჩაეხერგათ შენობის ჭიშკარი. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

ამის შემდეგ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები მთლიანად საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ დემონსტრანტებს შესთავაზეს, აქცია პარლამენტის წინ გაეგრძელებინათ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო გზის სავალი ნაწილის გახსნა.

რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 1 მაისს, 22:30 საათისთვის, სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ სპეციალური საპოლიციო საშუალებები.

თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა - "ტვ პირველის" კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მას დაზიანება, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით მიაყენეს ჩიტაძის ქუჩაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG