Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 სექტემბერი. See content from before

ოთხშაბათი, 2 სექტემბერი 2009

ამ ბლოგის ავტორი წინა ცხოვრებაში ქართული "პლეიბოის" მთავარი რედაქტორი გახლდათ. ჟურნალი უკვე კარგა ხანია, რაც აღარ გამოდის, მაგრამ დღემდე ხშირად მეკითხებიან ხოლმე - ჰა, რატომ დაიხურეთ? როგორც წესი, საკუთარ ვერსიებსაც გამოთქვამენ - რომ დამნაშავე კონსერვატიული საქართველოა, რომელმაც ძუძუებიანი ჟურნალი ეგრევე ვერ მიიღო. ან, იმიტომ დაიხურა, რომ ქალები არ იხდიდნენ. ასევე, პირადად ნაკლებად მეუბნებიან, მაგრამ ფორუმებზე წამიკითხავს - დაიხურებოდა, აბა რა, არ ვარგოდა ჟურნალიო (ნახევრად ჩაცმული მახინჯები ყავდათო - წერდა ერთი, რომელიც იქვე ამატებდა, წესიერად არც ერთი ნომერი მაქვს ნანახიო). მე კი მგონია, რომ ჟურნალის წარუმატებლობას ამ მიზეზებს ვერ დავაბრალებთ. ვცადე სათითაოდ ჩამოვყოლოდი და, კარგა ბლომად გამოდის. ამიტომაც, მოდი, ნაწილებად დავყოფ და თითო სტატიაში თითო შეკითხვას შევეხები.


ნაწილი 1: ჰა, არ იცოდით? საქართველოა, მაინც!

ჩვენი ჟურნალის ოფისი თავიდან ვაკეში იყო, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე. დიდი, უკიდურესად მაზალო ბინა იყო - ძირითადად ხეში გადაწყვეტილი. სამზარეულოს და მისაღებ ოთახს კედელი ჰყოფდა, რომელშიც ფანჯარა იყო გაჭრილი. ალბათ იმიტომ, რომ მოქეიფეებისთვის საჭმელი უფრო ადვილად მიეწოდებინათ. ეს ისე, უბრალოდ, რახან ბარემ მანდა ვართ...

ჩვენი ოფისის ორი სართულით ქვემოთ პროფესორი გურამ შარაძე ცხოვრობდა. მისი თანამოაზრეებიც დამეთანხმებიან, რომ განსაკუთრებული ლიბერალურობით არ ყოფილა ცნობილი. ოფისში რომ გადავდიოდით, პირველ დღეს, სხვადასხვა ქვეყნის "პლეიბოით" დატვირთული ორი დიდი პარკი გადამქონდა. კარგა მძიმე იყო. იქნებოდა, რატომაც არა. გატენილი იყო ერთი წლის ნომრებით, რომლის გარეკანზეც ყველანაირ ძუძუს ნახავდით - დიდს, პატარას, შავს, თეთრს, ამერიკულს, ბერძნულს, ბრაზილიურს, სლოვაკურს... ლიფტში ერთად მოვხვდით - მე და გურამ შარაძე. კი ვიცოდი, რომ არც არაფერი, მაგრამ მაინც კარგა დაძაბული ვიდექი. ხომ შეიძლებოდა ეთქვა, რომ, აი, ქართველებს რატომ რყვნით და ეგეთები. რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს.

ასე, ორი კვირის შემდეგ, ქართული ტელევიზიები სხვადასხვა ადამიანებს აზრს ეკითხებოდნენ ჩვენი ჟურნალის პრეზენტაციასთან დაკავშირებით. გურამ შარაძესაც ჰკითხეს. თავად არ მინახავს, მაგრამ ბევრმა მითხრა - ძალიან დადებითად ილაპარაკა თქვენზეო.

საერთოდ, ჟურნალის არსებობის პერიოდშიც და მას შემდეგაც თითქმის არავისგან გამიგია, რომ "პლეიბოი" საქართველოს არ უხდება, რომ ის ცუდია, ჩვენს მენტალიტეტს არ შეესაბამება, ტრადიციებს არღვევს და ასე შემდეგ. მართლა. ვიდრე პირველი ნომერი გამოვიდოდა მეგონა რომ შემოგვიტევდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მეკითხებიან - საპატრიარქო გერჩოდათო? არ გვერჩოდა. არსად მინახავს რომ რამე ეთქვა ვინმე სასულიერო პირს „პლეიბოისთან“ დაკავშირებით. არც ცუდი, არც კარგი, არც არანაირი.

„პლეიბოის“, როგორც ზოგადად, უარყოფითი მოვლენის მოხსენიების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება. ერთხელ, რადიო "უცნობის" გადაცემაში ვიყავი სტუმრად ნინო ჯაფიაშვილთან და მსმენელმა იკითხა დამცინავად - თუ ქართული ჟურნალია სახელი ლათინურად რად აწერიაო (ალბათ დასავლეთის გამრყვნელ გავლენაზე თუ მიანიშნებდა. მართალი გითხრათ, ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა). ეს იყო და ეს. ჰო, კიდევ "საქართველოს რესპუბლიკამ" გამოაქვეყნა სტატია "პლეიბოიზე", სადაც ავტორი პორნოგრაფიის მავნე შედეგებზე ლაპარაკობდა. აბა, რომელი პორნოგრაფია იყო ჩვენი „პლეიბოი“...

რა თქმა უნდა, იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა დანარჩენს ჟურნალი მოსწონდა. რამდენიც გინდა, იმდენი გვაკრიტიკებდა, გინდა ფორუმებზე და გინდა გაზეთის ფურცლებზე („ალიამ“ დაბეჭდა რამდენიმე სტატია ჩვენზე. ჩემი საყვარელი მონაკვეთი: „ამის მერე თქვენ ლაპარაკობთ “მდარე ხარისხის ყვითელ გაზეთებზე?” თქვენ ხომ არ გგონიათ, რაკი ცარცის ქაღალდზე ბეჭდავთ თქვენს ბოდვებს, თოვლივით თეთრი პრესა ხართ? კი მაგრამ, თქვენ რა ფერის ხართ? გაჭყლეტილი გომბეშოსფერი თუ წვერცანცარა თხისფერი?“) მაგრამ, ესენი უფრო კონკრეტულად ჩვენს ჟურნალს ერჩოდნენ, ანუ იმას, თუ როგორ იყო გაკეთებული და არა „პლეიბოის“ როგორც ასეთს ან, თუნდაც, „პლეიბოის“ როგორც ასეთს, საქართველოში.

აბა, გრიგოლიას გადაცემა რა იყოო? - იკითხავ. გეტყვით. ჯერ, ვინც არ იცის რაზეა ლაპარაკი, ორიოდ წლის წინ „რეაქციაში“ იყო მსჯელობა „პლეიბოიზე“, რომელსაც ბევრი დღემდე იხსენებს. ძირითადად ლაპარაკი ტრიალებდა იმის გარშემო, უნდა გაიხადოს თუ არა ქართველმა ქალმა ჟურნალისთვის. წესით, აქ სადმე ლინკიც უნდა მედოს, მაგრამ ვერც ერთი მუშა ბმული ვერ ვიშოვე. თუ იცით ვინმემ, კომენტარებში ჩაწერეთ და დავამატებ აქ და მადლობასაც გეტყვით.

გადაცემის დაწვრილებით განხილვას არ ვაპირებ - კარგა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ და ეჭვი მაქვს, აღარაა საინტერესო. თუ არ გინახავს, შემდეგი აბზაცი გამოტოვე. ან, რა ვიცი, თვალი გადაავლე. ერთი აბზაცია. მოგკლავს?

მგონია, რომ გადაცემის მონაწილეების უმეტესობა „პლეიბოის“ გულით არ ერჩოდა. ლელა წურწუმია უფრო ნინა წკრიალაშვილზე ცდილობდა „ვერხის აღებას“ ვიდრე რამე სხვას. რატომ? არ ვიცი. ქალ მომღერლებს რას გაუგებ. ხათუნა ჟორდანია ძალიან გულწრფელად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჟურნალისთვის არ გაშიშვლდებოდა. როგორც მახსოვს, მათ, ვისი ფოტოებიც პირველ ნომერში გამოქვეყნდა (ნინა წკრიალაშვილი და ქეთი ყიფშიძე) მაინცდამაინც არ ერჩოდა. ჯონდი ბაღათურია, რომელიც მთელი გადაცემა თავდაცვით პოზაში, გულხელდაკრეფილი იჯდა და ძალიან ცდილობდა ჟურნალისთვის შემთხვევით თვალი არ მოეკრა, ჩემი შთაბეჭდილებით, გადაცემაში უფრო იმიტომ მივიდა, რომ ეთერს დახარბდა და არა იმიტომ, რომ მართლა აღელვებდა ეს საკითხი.

ამ გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მეთქი. (ინგა გრიგოლიას შევხვდი რამდენიმე კვირის შემდეგ რაღაცის პრეზენტაციაზე და მითხრა, წლის ყველაზე რეიტინგული „რეაქცია“ იყოო.) უამრავ ფორუმზე დაიწერა გამოხმაურება და გაზეთებიც ახსენებდნენ ხოლმე კარგა ხანს. არსად მინახავს ვინმეს დაეწეროს, რომ „ისინი“ იყვნენ მართლები. არც ერთ გაზეთში. არც ერთ კომენტარში არც ერთ ფორუმზე. რამე ალბათ გამომრჩა, მაგრამ გულისყურით კი ვადევნებდი თვალს. პირიქით, „მათი“ ლანძღვა და ქილიკი კი ბევრგან ვნახე. ბევრი იქვე „პლეიბოის“ გინებასაც მიაყოლებდა ხოლმე, მაგრამ ეს ან იმის გამო, რომ არასაკმარისად შიშველი ქალები გვყავდა, ან იმიტომ, რომ მათ მაღალ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებდით. (ეს „მაღალი სტანდარტები“ ნახევრად სარკაზმით და ნახევრად კიდევ არა...)

მართალია, „საქართველოა მაინც“ მხოლოდ მედიასა და ინტერნეტს არ ეხება. ბევრგან წამიკითხავს, როგორ არ მისცა „ტოიოტას“ ქართველმა შეფმა რეკლამა „პლეიბოის“ - მოძღვარი გამიბრაზდებაო. ტყულია ეგ. „ტოიოტას“ ხალხთან შეხვედრას მეც ვესწრებოდი. იმ კაცმა თქვა, „პლეიბოიში“ რეკლამას არ განვათავსებ იმიტომ, რომ იაპონიის სათავო ოფისს არ მოეწონება - მათი მითითებით, რეკლამის განთავსების უფლება „სარისკო“ პუბლიკაციებში არა გვაქვსო. ჩვენს არგუმენტს - აბა, გერმანულ „პლეიბოიში“ რომ გვინახავს თქვენი რეკლამაო - ასე უპასუხა: დიდი ოფისები თავად წყვეტენ სად განათავსონ რეკლამა და სად არა და იაპონიას არ უთანხმებენო.

იმის თქმა არ მინდა, რომ რეკლამის მოპოვება „პლეიბოისთვის“ ადვილი იყო. ბევრი მართლაც თავს იკავებდა და, საბოლოო ჯამში, ყოველ ნომერში იმის ნახევარსაც ვერ ვყიდდით, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდით. თუმცა, არა მგონია რომ ეს მაინცდამაინც „საქართველოს“ ბრალი ყოფილიყო. იგივე პრობლემა ჟურნალს ბევრ სხვა ქვეყანაშიც აქვს, მათ შორის ამერიკაში. რთულია, მაგრამ სახელისუფლებო ენაზე რომ ვთქვათ, გამოწვევა უფროა, ვიდრე გადაულახავი ბარიერი.

მაშ, რაშია საქმე. ქალები არ იხდიდნენ? როგორ იყო სიტუაცია მაგ მხრივ? ამაზე შემდეგ სტატიაში...

PS. დისკუსიებში ჩართვა ხანდახან მეზარება ხოლმე, მაგრამ კითხვა თუ გექნათ რამე, სიამოვნებით ვუპასუხებ. ან, თუ ვერ ან არ ვუპასუხებ, მაგასაც პირდაპირ გეტყვით. ასევე, შემდეგი სტატია დამთავრებული არა მაქვს და თუ რამე უფრო ვრცლად გინდათ, თქვით და შეძლებისდაგვარად შეგისრულებთ.

(კომენტარებმა მიმახვედრა, რომ ტოიტას შეფის ამბავი გაუგებრად დამიწერია. მას არ უთქვამს რეკლამის მიტანას მოძღვარი მიშლისო. თქვა, იაპონიის სათავო ოფისი მიშლისო. ეს ამბავი კი იმიტომ მოვიტანე, რომ ფორუმებზე და ბლოგებზე ბევრგან წავიკითხე, ტოიოტას შეფს ეგრე უთქვამსო. არადა არ უთქვამს. რელიგია სულ არ უხსენებია. არც მოძღვარი და არც სენსეი.)
ეს სიტყვები მუხრან მაჭავარიანმა გუშინწინ უთხრა მიხეილ სააკაშვილს. კონტექსტის გარეშე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს უკვდავების ან სიბრძნის წყაროზე იყოს საუბარი, 80 წლის მხცოვანი პოეტი ახალგაზრდა და იმპულსურ მმართველს რომ სთავაზობს, არადა “დაგალევინებ”-ში ერთი ჭიქა ადესა იგულისხმებოდა, ღვინო, რომელიც ყველაზე უინტერესო ჯიშიდან, იზაბელადან იწურება.

იზაბელა წარმოშობით ამერიკულია, საქართველოში მისი ისტორია სულ რაღაც 150 წელს ითვლის და მას არაფერი აქვს საერთო ქართულ ტრადიციულ მეღვინეობასთან. ამ ჯიშმა თავის დროზე მთელს დასავლეთ საქართველოს გადაუარა და აუარება უნიკალური ჯიში წაართვა. ადესის (იზაბელას) დამსახურებაა, რომ დღეს გურიაში თითქმის ვეღარ ნახავთ უნიკალურ გურულ ჯიშებს: ჩხავერს, სხილათუბანს, ხემხუს, საკმიელას, ჯანს. გურიის გარდა, მისი გამანადგურებელი კვალი დღემდე კარგად ჩანს სამეგრელოში და იმერეთში. ჰოდა, პრეზიდენტის სტუმრობის პირველივე კადრებში ამ კვალმა თავი არ დამალა. კლასიკოსმა პრეზიდენტი სწორედ ადესის მაღლარი ვაზის წინ ჩაატარა და ღვინის გასინჯვასაც დაჰპირდა. მართალია სააკაშვილს ერთი კი წამოცდა, კლასიკურ ჯიშად არ ითვლება ადესაო, მაგრამ იქვე ზრდილობიანად დასძინა: “მე ძალიან მიყვარსო”.

შემდეგ უკვე სუფრასთან ვითარდებოდა მოქმედება, სადაც ადესის ქება-დიდება ახალ საფეხურზე ავიდა. პირველი ყლუპისთანავე პრეზიდენტმა თქვა: “ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც კი გამისინჯავს... თქვენი ლექსივით მსუბუქია და ძაან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს”.

მართალია, პრეზიდენტმა ზეაღმატებული შეფასებები ნამდვილად არ დაიშურა პოეტის მისამართით, მას რამდენიმეჯერ გენიოსიც კი უწოდა, “ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე”, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვერ გათვალა რაღაცეები და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსები ადესის ღვინოს შეადარა, ღვინოს, რომელსაც არც დაძველების (დავარგების) პოტენციალი აქვს, არც ჯანმრთელობისთვისაა მაინცდამაინც კარგი და არც სხვა რამ თვისებებით გამოირჩევა.

ვინ იცის, იქნებ ეს პრეზიდენტის მწარე ხუმრობა იყო, რომელიც უსაქმოდ დარჩენილი თანამედროვე ქართველი კრიტიკოსებისთვის გზის მაჩვენებელი უნდა გამხდარიყო? იქნებ ამ უხერხული შედარებით მიხეილ სააკაშვილი სულ სხვა მიზანს ისახავდა?

ერთი ცნობილი თანამედროვე ღვინის მწერლის, ჯენსის რობინსონის შემთხვევა გამახსენდა, რომელმაც ყმაწვილქალობაში, - როცა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა ღვინოზე წერა და ჯერ კიდევ იმკვიდრებდა თავს, - ვიღაცის სტატია წაიკითხა, სადაც ავტორი ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს კონკრეტულ ღვინოებს ადრიდა. ჯენსის რობინსონი Beaujolais-სთან იყო შედარებული, მსუბუქ, ხილის ტონებიან, ნაკლებადხარისხიან ღვინოსთან, რომელსაც თითქმის არ გააჩნია დაძველების პოტენციალი. ამ ერთი შედარების ჯინაზე, ჯენსისმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ დავარგების დიდი პოტენციალი ჰქონდა და იმდენი იმეცადინა, რომ Master of Wine-ის ხარისხი სულ ზარ-ზეიმით გადასცეს.

მე რომ მუხრან მაჭავარიანი ვყოფილიყავი, ადესა ღვინოსთან ამ შედარებას ნამდვილად არ მივიღებდი. თუმცა, ბატონ მუხრანს, მემგონი ძალიან მოეწონა შედარება, იგი ხომ თავის ადესას დიდებულ ღვინოდ მოიხსენიებდა?!

ბოლო დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მოუხშირა მწერლების დაბადების დღეებზე სიარულს, თანაც ყოველთვის დაგვიანებით მიდის ხოლმე. გადაივლის იუბილის ქარიშხალი და მეორე დღეს, ანდა სულაც, რამდენიმე თვის შემდეგ, მიაკითხავს პრეზიდენტი კლასიკოსს და მიულოცავს, ანუგეშებს, ეტყვის რომ გენიოსია, ბლომად ციტატებს მოიყვანს, მერე ინტერპრეტაციებზე გადავა, შემოგვთავზებს იუბილარი კლასიკოსის ტექსტის რეცეფციულ ან დეკონსტრუქტივისტულ წაკითხვას, ბოლოს საჩუქრის ჯერიც დგება...

ამ მხრივ, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოსვენებული იყო ქართული მწერლობა. არც ხნიერი და არც ახალგაზრდა მწერალი არავის აინტერესებდა, მასთან არავინ დადიოდა, ყველას თანაბარ პირობებში უწევდა ცხოვრება, ყველა თავის წილ ტანჯვასა და პირად გამოცდილებას იღებდა მომავალი რომანებისთვის და პოეტური კრებულებისთვის. მწერალთა ზოგიერთ ჯგუფს შენობიდან ერეკებოდნენ, მეორე ჯგუფს ჟურნალი-გაზეთი-სტამბა-ტელევიზია – ყველაფერი ერთდროულად დაუხურეს, ზურა რთველიაშვილს და ირაკლი კაკაბაძეს ციხეში უკრეს თავი, ზოგიერთი მწერალი კიდე უარეს დღეში ჩავარდა... დღეს ეს ბრძოლა და ბედის წრთობა უკვე ისტორიის საკუთრებაა, ქართველ მწერლებს აღარ მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, ისინი ისევ ისე, ძველებურად, უგამოცდოდ გავლენ ცხოვრებაში.

ამის ნიშნები შარშან, საახალწლო დღეებში გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა მწერლებს წვეულება გაუმართა რესტორან “წისქვილში”. უკვე წელს, 27 მარტს, აპრილის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტი გურამ დოჩანაშვილს ეწვია და დიდხანს ესაუბრა ქართულ ლიტერატურაზე, კინოსტუდიის მთავარი რედაქტორის ჭაპანზე, ფლორენციაზე და ბოლოს ჩვენი ქვეყნის მარკ ტვენიც კი უწოდა მას...

და აი, გუშინწინ, მუხრან მაჭავარიანისთვის დაბადების დღის მისალოცად პრეზიდენტი არგვეთში ჩავიდა. მოუჯდა გვერდით თავის საყვარელ პოეტს და ჩამოყარა ციტატები. მუხრან მაჭავარიანი ალბათ გაოგნებული იყო ამ ადამიანის ფენომენალური მახსოვრობით, არადა თითქოს გუშინდელი დღესავით ახსოვდა, ანა კალანდაძის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა რომ გალაკტიონის “ატმის რტოო...” ანა კალანდაძის “თუთად” წაიკითხა (რას იზამ, ორივე ათმარცვლიანია, ინტონაციურადაც ერთნაირი ლექსებია, პრეზიდენტს კი არა, აკაკი გაწერელიასაც კი აერეოდა).

ერთი-ორჯერ პოეტი მამა-შვილურად გაეხუმრა პრეზიდენტს, რამდენჯერმე შეაქო და საქციელი მოუწონა და ერთი დიდი თხოვნაც გაანდო. ეს თხოვნა სოფელ არგვეთში წყლის გაყვანა იყო:

თხოვნა: “ჩემი სახელი დაარქვი თუ გინდა და ამ არგვეთს გაუკეთე ეს წყალი".

პერფორმატიული პასუხი თხოვნაზე: “ჩათვალეთ, რომ მუხრან მაჭავარიანის წყალსადენი გაკეთდება წლის ბოლომდე”.

ვულოცავ არგვეთელებს.

ამ თითქმის ათწუთიანი, გრძელი სიუჟეტის შესახებ ბოლო ორი დღის მანძილზე ბლომად კომენტარი მოვისმინე და წავიკითხე. ფორუმებზე და "ფეისბუკზე" ბევრ რამეს წერდნენ, სხვადასხვა პოზიციიდან, სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების, სხვადასხვაგვარი იუმორის ადამიანები. იყვნენ ისეთები, ვინც მოქალაქეობრივ პოზიციასაც უწუნებდა ბატონ მუხრანს. თუმცა არ ვიცი, რამდენად ღირს მუხრან მაჭავარიანის სამოქალაქო პოზიციებში ჩაღრმავება. ღმერთმა უწყის, რას ვიპოვით ამ პოზიციების ფსკერზე. ახლა ეს არაა მთავარი. სტუმარს მასპინძლობა უნდა. ჩემთვის ის უფრო გულდასაწყვეტია, რომ ბევრის თვალში ასეთი შეხვედრები და ვიზიტები, - ხან ატმის ბაღებში და ხანაც ადესის მაღლარის ჩრდილქვეშ, - კუნდერას ე.წ. “უკვდავების კადრებივით” რჩება. მართალია 90-იანი წლებისგან განსხვავებით, “უკვდავების” ეს ტიპი ძალზე შეიცვალა, მაგრამ მისმა სახიფათო ბუნებამ საქართველოში კიდევ უფრო მაცდური სახე მიიღო.

ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლების ეთერში ერთი ბრიტანელი ჟურნალისტი ამბობდა: “[სააკაშვილის] რწმენით, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდეს CNN-ის ეთერით მისი გამოსვლის ან სხვა ქვეყნის ლიდერთან კერძო სატელეფონო საუბრის მეშვეობით.” ეს სიტყვები გუშინწინ გამახსენდა, როცა ამ საუბარს ვუსმენდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა იმედებს შეიძლება ამყარებდეს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ვთქვათ, ფარიდ ზაკარიას გადაცემაში პირდაპირ ჩართვაზე, რამდენიმე კამერით გადაღებულ ადესის დეგუსტაციაზე არგვეთში ან პირდაპირ ეთერში ლექსების დეკლამირებაზე...

თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა, მანამდე კი დაველოდოთ მორიგ სტუმრობას. ჰო, მართლა, 11 ნოემბერს კიდევ ერთი კლასიკოსის იუბილეა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG