Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 15 სექტემბერი. See content from before

ორშაბათი, 14 სექტემბერი 2009

5 სექტემბერს იტალიასთან წაგებულმა მატჩმა სულაც არ დამწყვიტა გული. პირიქით, ერთგვარად შვებაც კი ვიგრძენი. არა იმიტომ, რომ ჩვენი ნაკრების პატრიოტი არ ვარ. და არც იმიტომ, რომ საფეხბურთო ლოგიკის უპირობო მონა ვარ. უბრალოდ, ვთვლი, რომ არც ჩვენი ფეხბურთელები, არც ჩვენი ფეხბურთის მესვეურები, არც ჩვენი ხელისუფლება და არც მე (გულშემატკივარი) არ ვიმსახურებთ იმას, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოუგოს მსოფლიო ჩემპიონს. ეს ფეხბურთის შეურაცხყოფა იქნება.

ამიტომ, როგორც გვჩვევია, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც, ჩვენი გემოვნების მიხედვით, გადავიქცეთ ინგლისელებად, ესპანელებად, ჰოლანდიელებად, იტალიელებად, ფრანგებად, ბრაზილიელებად, არგენტინელებად, პორტუგალიელებად, გერმანელებად... ამიტომ ამ ბლოგში მეც დავანებებ თავს საქართველოს და უცხოური მაგალითებით შეგახსენებთ ფეხბურთის კავშირის შესახებ პოლიტიკასთან, ეროვნულ სიამაყესთან და იმ უსაზღვრო დადებით ემოციასთან, რომელსაც ჩვენ კიდევ ძალიან დიდ ხანს ვერ გამოვცდით.

და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ძალიან უგემოვნებოდ ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრი შეაგუონ ფეხბურთის ფედერაციაში ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობას. იმ ხელისუფლების, რომელიც 2007 წელს წაგებული არჩევნების მიუხედავად, ყოველგვარი ლოგიკის იგნორირებით, თვითონვე დანიშნეს თანამდებობებზე. ამ ამბებს არც ვახსენებდი, მაგრამ ძლიერი ეჭვი მაქვს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ფეხბურთს არ წაადგება.

ფერნანდო კოლორ დი მელუმ, რომელიც ბრაზილიის ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტი გახდა, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტობით დაიწყო. შთამბეჭდავია იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მაგალითი, რომელმაც თანამემამულეების საფეხბურთო ფანატიზმი პოლიტიკურ კარიერაში გამოიყენა. მისი უმაღლესი დონის საწარმო - "მილანი" - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოსახდენად, თავის პოლიტიკურ მოძრაობას მან "ფორცა იტალია" ("წინ, იტალია!") დაარქვა - იტალიის ნაკრების გულშემატკივართა ლოზუნგი. ბერლუსკონი აგრძელებს ძველსა და არა ყოველთვის ღირსეულ ტრადიციას: საკუთარი პოლიტიკის პროპაგანდისთვის მუსოლინი კარგად იყენებდა იტალიის ნაკრების ტრიუმფებს 1934 და 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ეროვნული ნაკრების წარმატების დროს, პოლიტიკოსები ვერ უძლებენ ცდუნებას და ფეხბურთელების მიღწევას ერთან აიგივებენ. ლიბერალური ორიენტაციის პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ 1998 წლის საფრანგეთის ნაკრების მულტირასობრივ შემადგენლობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ზიდანის ალჟირული წარმოშობა. "ამ მიმზიდველ გუნდზე უკეთესი რა იმიჯი გჭირდებათ, რომელიც ჩვენ ერთიანობას გამოხატავს?", რიტორიკულად კითხულობდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟოსპენი.

ევროკავშირში, სადაც ნაციონალიზმი აკრძალული ხილია, პატრიოტული გრძნობების გამოხატვისთვის ერთადერთი გამონაკლისი ეროვნული ნაკრების მხარდაჭერაა. ომისშემდგომი გერმანიის ნაკრების წარმატებულმა თამაშმა, გერმანელებს უფლება მისცა, ისევ ეამაყათ თავიანთი ქვეყნით. ეს იდეა კარგად არის გამოყენებული ფასბინდერის ფილმში "მარია ბრაუნის ქორწინება": ომისშემდგომი გერმანიის აღმშენებლობის სცენებს ფონად გასდევს საფეხბურთო კომენტატორის ხმა, რომელიც ამხნევებს გერმანიის ნაკრებს 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის ფინალში კი არა, ჩემპიონატში მონაწილეობაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ირლანდიის გაღწევამ 1990 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში შეასუსტა კათოლიკური ეკლესიის გავლენა ქვეყანაზე: მოსახლეობას ეროვნული იდენტიფიკაციის და ერთიანობის შეგრძნების ალტერნატიული ფოკუსი გაუჩნდა.

აფრიკის ქვეყნებისთვის ფეხბურთი საშუალებაა, ის პატივისცემა დაიმსახურონ, რომლის ღირსებიც ისინი სხვა სფეროებში იშვიათად თუ ხდებიან. 1990 წლის ჩემპიონატის გახსნის თამაშზე კამერუნმა დაამარცხა მაშინდელი ჩემპიონი არგენტინა. გუნდის ვარსკვლავმა როჟე მილამ მოგვიანებით თქვა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი მომენტი მაშინ დადგა, როცა გამარჯვების შემდეგ კამერუნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების მეთაურებს ართმევდა ხელს: "აფრიკის ქვეყნის მეთაური გამარჯვებული ტოვებს ტრიბუნებს და ღიმილით ესალმება დამარცხებული ქვეყნის მეთაურს".

ყოველგვარი ანალიზის გარეშეც ცხადია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევი ტურნირი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა მის ისტორიაში. ასე რომ, მინიმუმ 5 წელი დასჭირდება საქართველოს ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს, რომ მილას დარი გრძნობა გამოსცადოს.

მით უმეტეს, ძალიან შორს ვართ ჩვენ იმისგან, რაც ხდებოდა პარიზში 1998 წლის 12 ივლისს. იმ ღამეს ელისეს მინდვრებზე მილიონი ადამიანი გავიდა. ფრანგი ფეხბურთელების გამარჯვებამ მსოფლიო ჩემპიონატში, იმ საღამოს საფრანგეთის დედაქალაქში ბიძგი მისცა ყველაზე დიდ სახალხო ზეიმს, რომელსაც ემოციურად და რაოდენობრივად მხოლოდ 1944 წელს, ფაშისტებისგან პარიზის განთავისუფლების აღნიშვნა თუ შეედრებოდა.

მაგრამ ჩემპიონატის მოგება არ არის აუცილებელი, რომ მსოფლიო თასის ეიფორია გამოსცადო. ზოგიერთი ქვეყნისთვის ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაც საკმარისია. ჩინეთის მოსახლეობის მეოთხედი უყურებდა ქვეყნის ნაკრების გამარჯვებას ომანის ნაკრებთან, რის შედეგადაც ჩინელები პირველად მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ამის აღსანიშნავად პეკინის ტიანანმენის მოედანზე ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთვის ესეც სანატრელია. ჩვენ ჯერ ისეთი ქვეყნების დონეზე ვართ, სადაც ფინალში მოხვედრაზე ფიქრიც კი დიდ ფუფუნებად ითვლება. მაგალითად, ბანგლადეში ავიღოთ: როცა არგენტინელმა დიეგო მარადონამ 1994 წლის ჩემპიონატზე ნარკოტიკების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, ბანგლადეშში ათასობით ადამიანმა, ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ დემონსტრაცია მოაწყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველს დავიტოვებ და შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გოლი საკუთარ კარში გავიდა. ეს მოხდა 1990 წელს, თბილისის “დინამოსა” და ფოთის “კოლხეთს” შორის მატჩში. ეს გააკეთა იმდროინდელი საქართველოს საუკეთესო მცველმა, გელა კეტაშვილმა. ეს გოლი მაშინ გამახსენდა, როცა დღევანდელი საქართველოს საუკეთესო მცველმა კახაბერ კალაძემ მეორე ავტოგოლი შეაგდო.

ცრუმორწმუნე არა ვარ, მაგრამ შინაგანად გადავწყვიტე, რომ “გასამდა”, შეიკრა წარუმატებლობის თითქმის 20-წლიანი ციკლი. და ხვალიდან...
პიტერ აკროიდი თავის წიგნში, “ლონდონი: ბიოგრაფია”, ქალაქის გამქრალი მდინარეების შესახებაც წერს. მის უზარმაზარ წიგნში ამ თავს მცირე ადგილი უკავია, თუმცა დაფარულ მდინარეებს სხვა თავებშიც არაერთხელ შეხვდებით.

აკროიდი პირველი არ ყოფილა, გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთმა ავტორმა (ნიკოლას ბარტონმა) მთელი მონოგრაფია მიუძღვნა ამ თემას და წიგნს “ლონდონის დამარხული მდინარეები” უწოდა. ამ თემაზე მანამდეც წერდნენ ინგლისელები - მას შემდეგ, რაც მდინარეების დამარხვა დაიწყეს, ბევრი დაინტერესდა დაფლული წარსულით.

ლონდონში 15-მდე გამქრალი მდინარე ყოფილა, ზოგიერთი ლიტერატურიდანაც გეცნობათ ალბათ, მაგალითად, ფლიტი, ან უოლბრუკი, ესენი კარგა ხანია აგურის უზარმაზარ მილებში არიან მოქცეული, სხვები კი რკინის მილებში მიედინებიან და ეს მილი-მდინარეები მეტროს სადგურებშიც შეგიძლიათ ნახოთ. სოჰოზე ერთი სახლი ყოფილა, რომლის სარდაფშიც, გისოსებს მიღმა, წყვდიადში, ერთი პატარა მდინარე “მოჩუხჩუხებს”. ეს მდინარე სულ რამდენიმე საუკუნის ყოფილა, რადგან XVII საუკუნის საკანალიზაციო მილის ადგილას წარმოქმნილა მიწისქვეშა წყლებისგან.

ასეთი “მდინარეები” თბილისშიცაა, ღია თუ ფარული, ბევრია ე.წ. ხევის წყლებიც, მიწისქვეშა მდინარეები, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე წარმოქმნილი საკანალიზაციო მდინარეები. ყველაზე ცნობილები რა თქმა უნდა მოზრდილი მდინარეებია - დიღმისწყალი, გლდანისწყალი, ვერე, წავკისისწყალი და ლოჭინისწყალი. გარდა ამისა, მტკვრის ნაპირებზე აუარება ხევი ჩამოდიოდა – დუქნის ხევი, ნავთის ხევი, ვარაზის ხევი, არდონის ხევი და სხვ. ეს ხევები და მდინარეები დღეს აღარავის ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეშიც და საბჭოთა პერიოდშიც თბილისს კარგი მკვლევრები ჰყავდა.

თეიმურაზ ბერიძემ, მამისა ბერძნიშვილმა, ვახტანგ ბერიძემ, თენგიზ კვირკველიამ და სხვებმა თავის დროზე დაწვრილებით, ფენა-ფენა შეგვასწავლეს თბილისის ისტორია და გეოგრაფია, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მდინარეებისა და ხევების ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია და დღემდე არ არსებობს გამოკვლევა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველა მასალა, სიტყვიერი თუ ვიზუალური, და სადაც მთლიანად გამოჩნდებოდა ქალაქის ხევებით დანაოჭებული სახე.

დღეს ჩვენი ქალაქის N2 ნაოჭზე და ერთ-ერთ უმთავრეს დარდზე მინდა გითხრათ, მდინარე ვერეზე. სამწუხაროდ, დღეს მასაც იგივე სჭირს, რაც ლონდონის გამქრალ მდინარეებს სჭირდათ ოდესღაც. ისიც სიბინძურის კერადაა ქცეული და ამიტომ, ზოგიერთებს მისი დამალვა სურთ, როგორც ცოდვის, როგორც შეცდომის - ისე, რომ აღარასდროს გაახსენდეთ. არადა ტემზაში ჩამდინარე შენაკადებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა დაავადებების კერად იქცეოდა ხოლმე, მდინარე ვერეს ხეობა სარეკრეაციო ზონაა და მისი ასეთი “ამოკეტვით”, რამდენიმეზოლიანი მაგისტრალის გაყვანით და თბილისის სიმბოლოდ ქცეულ “აშენება-მიშენება-დაბინძურების პერსპექტივებით” მხოლოდ დავაგუბებთ სასუნთქ არტერიას.

ამ მდინარის ნაპირას მთელი ჩემი ცხოვრება, 35 წელი გავატარე და არ მინდა იგი უდაბნოში გაზრდილების გულგრილობას შეეწიროს. მდინარის მომავალი ძალიან მაღელვებს და არ მინდა, რომ მან ბეტონის ესტაკადების ცივი ჩრდილის ქვეშ იდინოს. ვერე ისედაც ნაგვის ალყაში იყო მოქცეული ათწლეულების მანძილზე და მის “გადაფარვას”, სჯობს ისევ მდინარის სისუფთავეზე ვიზრუნოთ, რადგან იგი დღესაც ნაგვის ალყაშია. ეს მდინარე ბოლო რამდენიმე ათეული წელია ჩემს თვალწინ მიედინება, მიედინება და მიაქვს ამ უიმედო ხეობის ნაგავი და მასთან ერთად, დარდებიც.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ხეობა ძალიან დამახინჯდა, თუმცა ბოლო წლებმა ყველაზე მძიმე კვალი დატოვა მასზე. ზოგან სახლის ასაშენებლად მოასწორეს მდინარის სანაპირო გავაკებები, ზოგან ახლომახლო აშენებული კორპუსებიდან მორჩენილი ნაგავი მიმოაბნიეს, ახლა მრავალზოლიანი მაგისტრალებიო, ესტაკადებიო... მოკლედ, ხან რითი ემუქრებიან ჩვენს მდინარეს, ხან რითი.

დღეს ვერეს ბედით აღარავინაა დაინტერესებული, აღარავის ახსოვს იგი. მას არც ტელეარხებზე ახსენებენ და ვერც გაზეთებში ამოიკითხავთ რამე ჭკვიანურს ვერეს გადარჩენის შესახებ, არადა მდინარეს მართლა ესაჭიროება შველა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაცოცხლებისთვის ბრძოლას, დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკის პირობებში, წარმოუდგენელი ენერგია დასჭირდება.

მარკესს აქვს ერთი ტექსტი, მდინარე მაგდალენაზე – ტექსტს “ჩვენი ცხოვრების მდინარე” ჰქვია. ეს მდინარე დღეს უკვე დაღუპულია, არადა თავის დროზე შეიძლებოდა მისი შველა: “ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს...”

მაგდალენა ძალიან დიდი მდინარეა, მარკესიც დიდი მწერალია. მართალია, ვერე პატარა მდინარეა, მაგრამ ზოგიერთებისთვის ისიც “ცხოვრების მდინარეა”. მაგალითად, ჩემთვის ან ჩემი რამდენიმე უბნელისთვის, რომლებსაც ხრამულიც დაგვიჭერია ვერეში, ალუჩა და გარგარიც მოგვიპარავს მის ხეობაში გაშენებულ ბაღებში და კურდღლებსა და ტყის ქათმებსაც გადავწყდომივართ (კუები და ზღარბები ვაკე-საბურთალოს გზაზეც ბლომად დასეირნობენ). ღამის სიჩუმეში, ნაწვიმარზე, მდინარის გუგუნისთვისაც გვისმენია და სიცხით დამშრალი მდინარის პირზეც გაგვივლია.

მე ვაკის პარკთან ვცხოვრობ, არადა ჩვენამდე მდინარე ბევრ სხვა ადგილსაც გამოივლის. პირველ რიგში სოფლებს: შამთას, დრეს, ღვევს, ჩაუვლის ბეთანიის მონასტერს, ჩამოიტოვებს ახალდაბასა და წყნეთს და თბილისში შემოდის, ბაგების კანიონებში გამოიკლაკნება და უკვე კარგა გვარიანად დაბინძურებული ჩვენს კორპუსსაც ჩაუვლის. სადღაც ატენის ქუჩასთან, დოლიძის მხრიდან, ლამის თავად მდინარისხელა კანალიზაციის ნაკადი შეერთვის და მერე ერთი სული აქვს როდის ჩაცლის მთელს ამ სიბინძურეს მტკვარში.

აშკარაა, რომ მდინარე ვერე გადასარჩენია, მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ? ამ ეტაპზე ის მაინც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მდინარე ვერეს ისტორია დავწეროთ, მოვაგროვოთ საარქივო ფოტო და ტექსტური მასალა, მოვაწყოთ ექსპედიციები, რომლებიც დეტალურად შეისწავლის მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სხვათა შორის, ამ თემაზე კარგა ხანია უკვე მიდის საუბარი გლობალურ ქსელში: “მდინარე ვერეს გადარჩენის კლუბი” არაა მხოლოდ ვერეს ნაპირელთა საფიხვნო, აქ ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მდინარე მხოლოდ ცუდი ფიქრებისა და სიზმრების გასატანებლად არ მოედინება, არამედ იმისთვის, რომ შეგვახსენოს დროის არსებობა და ადამიანთა პასუხისმგებლობა.

ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ამასწინათ მტკვარზე: “ძალიან კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს ისტორიულ დროში, ურბანულ გარემოში, სოციუმში, საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ ჯერ მტკვრის დასუფთავებას მიაღწიო, მერე თუნდაც ხელოვნური პლიაჟი მოაწყო და შეზლონგზე წამოწვე”. ვერაფერს იტყვი, მართალია ეს კაცი, მაგრამ მდინარე ვერეს გადარჩენა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი დისკომფორტის პირობებშიც შეიძლება. მაგდალენასავით არც ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხის დარგვა სჭირდება ჩემს მშობლიურ ხეობას და არც რამე უზარმაზარი თანხები, სჭირდება მხოლოდ ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ქომაგი.

მარკესს უწერია იმავე ტექსტში: “გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, იგი რეალურია”. მდინარე ვერეს გადარჩენა კიდევ უფრო რეალურია, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ იგი სულ რაღაც 45 კილომეტრი სიგრძისაა.

კიდევ ერთი მდინარე გამახსენდა, ვერეზე ექვსჯერ გძელი (260 კმ) და მაგდალენაზე ექვსჯერ მოკლე, სპუნ რივერი (Spoon River), მდინარე, რომელსაც ედგარ ლი მასტერსმა გაუთქვა სახელი. Spoon River Anthology (1915) ამ გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტის შედევრია, ეპიტაფიების კრებული, წიგნი-სასაფლაო, სადაც გამოგონილი ქალაქის გამოგონილი მაცხოვრებლები არიან დაკრძალული და საიდანაც ისინი ყველაზე მთავარზე, სიცოცხლის წარმავალობაზე გვესაუბრებიან.
ჰოდა გავუფრთხილდეთ მდინარე ვერეს ხეობას, სანამ იგი ცოცხალი თბილისის ცოცხალი ნაწილია და არა “ტიფლისი, გრანტის საგრაფო”, ქალაქი-სასაფლაო.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG