Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 27 სექტემბერი. See content from before

შაბათი, 26 სექტემბერი 2009

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა გამოჩენილმა მუსიკოსმა ბოიკოტი გამოუცხადა თავის იმ კოლეგებს, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობდა. მაგალითად, კარაიანთან ერთად გამოსვლაზე უარი თქვეს ცნობილმა პიანისტებმა რუბინშტეინმა და ფრიდმანმა. უფრო მეტიც: მთელმა ქვეყანამ - შეერთებულმა შტატებმა - უარი თქვა თავის ტერიტორიაზე ფურტვენგლერის და კარაიანის გასტროლების ჩატარებაზე. იყო სხვა ტიპის შემთხვევებიც: ვენაში საგასტროლოდ ჩასულ გამოჩენილ ამერიკელ კომპოზიტორს, დირიჟორსა და პიანისტს, წარმოშობით ებრაელ ლეონარდ ბერნსტაინს "ვინერ ფილარმონიკერის" ორკესტრანტებმა უარი განუცხადეს გუსტავ მალერის სიმფონიის შესრულებაზე: მათთვის მთავარი იყო არა მალერის - როგორც კომპოზიტორის - სიდიადე, არამედ მისი ებრაული წარმოშობა. ბერნსტაინს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რათა ვენელი მუსიკოსები დაეყაბულებინა. უნდა ითქვას, რომ არაერთხელ საქმე აბსურდამდეც მისულა: დიდი ბულგარელი მომღერალი, ბანი ბორის ხრისტოვი გერმანელებთან თანამშრომლობისათვის საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, "პერსონა ნონ გრატად" იყო გამოცხადებული, ხოლო შეერთებულმა შტატებმა მისთვის ვიზის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ხრისტოვი ე.წ. "სახალხო დემოკრატიის" ქვეყნის, ბულგარეთის წარმომადგენელი იყო.

დღეს მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა და ცხოვრება ხშირად ღრმა სიმბოლიკის მქონე სულ სხვა სიუჟეტებს გვთავაზობს. მუსიკალური DVD-ის კადრში საფრანგეთის დეპარტამენტ ნიევრის სენ-ლეონარ დე კორბინის სააბატოს შიდა ეზოა. ეს ეზო ღია ცის ქვეშ მაყურებელთა დარბაზად არის გადაკეთებული. მზის სხივებისგან მას ასწლიანი ხეების ტოტები იცავს. იქაურობა სავსეა მსმენელებით. საგანგებოდ კონცერტისთვის აგებულ ფიცარნაგზე მოხუცი ებრაელი მევიოლინე ივრი გიტლისი თავის პროგრამას ნოტებით უკრავს. ეს ის გიტლისია, რომელსაც ბავშვობაში დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა გამოჩენილმა მევიოლინემ ბრონისლავ გუბერმანმა. ჰოლივუდში სწორედ გიტლისის ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღეს ფილმი "ბრწყინვალება", რომელიც შემდგომ "ოსკარით" დააჯილდოვეს.

იმ ფილმში გიტლისმა საკუთარი თავი ითამაშა. სააბატოში მუსიკოსი მსმენელის წინაშე უბრალო ჩაცმულობით, ჯინსებითა და ფერადი პერანგით, წარდგა. დროდადრო ის თავის სიმპათიურ ახალგაზრდა აკომპანიატორს, ანა-ვარია ვერას უღიმოდა. საერთოდ, მუსიკალური სამყაროსთვის ივრი უცნაურ კაცად არის ცნობილი. მაგალითად, მას შეუძლია რომელიმე თავის ნაცნობს ღამის სამ საათზე ესტუმროს იმ მიზეზით, რომ, თურმე, "ძალიან მოენეტრა". ეს განსაკუთრებით ეხება გამოჩენილ თანამედროვე პიანისტს მარტა არგერიხს, რომელიც, სხვათა შორის, 50-იან წლებში თბილისში რუჯერო რიჩისთან ერთად გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ "უცნაურობებით" გამოირჩევა გიტლისის ხელოვნებაც: მუსიკალურ ნაწარმოებებს ის ან გენიალურად, ან, უბრალოდ, ცუდად უკრავს. შესაძლოა, ეს იმით იყოს გამოწვეული, რომ მისი ნიჭის გაფურჩქვნის პერიოდში მსოფლიოში დიდი მევიოლინეების არნახული რაოდენობა აღინიშნებოდა. საკმარისია დავასახელო თუნდაც იაშა ჰეიფეცის, ნატან მილშტეინის, იეჰუდი მენუჰინის, დავიდ ოისტრახის, მირონ პოლიაკინის, მიშა ელმანის, ეფრემ ციმბალისტის გვარები. ყველა მათგანმა კონკრეტული ნაწარმოების შესრულების საკუთარი ტრადიცია დაამყარა. თუმცა, დღეს ჩვენი სათქმელი სულ სხვა არის...

ვიდეოკამერით აღბეჭდილ კონცერტზე გიტლისმა შესანიშნავი სავიოლინო რეპერტუარი შეასრულა, მაგრამ (ისევ უცნაურობა!) ტრადიციულად მიღებული რიგითობა დაარღვია. დასაწყისში მან ერნესტ ბლოხის "იმპროვიზაცია" დაუკრა. ეს ნაწარმოები ებრაული ლოცვა "ნიგუნის" პარაფრაზს წარმოადგენს და მთავარი იუდაური დღესასწაულების დროს ჟღერს. მის მელოდიაში ისმის დაჩაგრული და ტანჯული ერის ღმერთისკენ მიმართული დახმარების თხოვნა. ჩემმა მუსიკალურმა მეხსიერებამ ასოციაციის სახით იმწამსვე მიკარნახა ჯონ უილიამსის მოტივი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი ფილმიდან "შინდლერის სია".

"იმპროვიზაციის” შემდეგ გიტლისმა ბრყინვალედ დაუკრა სარასატეს "ბოშათა ჰანგები". თავისი გამოსვლა მევიოლინემ ბეთჰოვენის გენიალური "კროიცერის სონატით" დაასრულა. მსმენელმა მას ოვაცია მოუწყო. და აქ გამიელვა აზრმა: იმ დროს, როცა პოლიტიკოსები, მეცნიერები, თეოლოგები თავს იტეხავენ ტოლერანტობის პრობლემის გადაჭრაზე, კათოლიკური სააბატოს ეზოში ებრაელი მევიოლინე დიდი პატივისცემითა და მოწიწებით, ერთ კონცერტში, უკრავს ფაშიზმის მიერ დაჩაგრული ებრაელი და ბოშა ერების და გერმანიის მუსიკას - მუსიკას იმ ქვეყნისა, რომელიც თავის დროზე ფაშიზმთან იყო გაიგივებული.

საოცარი ნიჭის ძალით შესანიშნავ მუსიკოსს შესრულებული ნაწარმოებები ვიოლინოს გასაღებიდან ტოლერანტობის გასაღებში გადაჰყავს.
ხუთშაბათს პედრო ალმოდოვარი 60 წლის გახდა.

ცხადია, ჩემთვის ეს ახალი ბლოგის გამოცხობის საბაბია. მით უმეტეს, რომ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიმყოფები და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მხოლოდ კარგ კინოზე ვილაპარაკო.

და აბა რა არის პედრო ალმოდოვარი, თუ არა კარგი კინოს ისტორია? თუ არა გამოუსწორებელ კინოხულიგანთა ციტატების კომბინაციები? თუ არა "ფერადი ფილმი-სიზმარი", რომელმაც "ქალწულობა წაართვა" 80-იანი წლების ესპანურ საზოგადოებას (ხომ გახსოვთ, როგორ ჰყვება თავის სიზმარს როზი დი პალმას გმირი ფილმში "ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე"?)

დავიწყე კიდეც წერილის წერა. ვიქექე ბათუმში წამოღებულ კომპში და აღმოვაჩინე 1995 წელს, "7 დღეში" გამოქვეყნებული ჩემი სტატია სათაურით: "ქალწულებს თბილისშიც ვეღარ იტანენ და უყვართ 'კიკა'". ერთი ციტატა უცვლელად გადმოვიტანე კიდეც:

"მისი გმირებიც, სულ ერთია, ონანიზმით ერთობიან, ღალატობენ, თუ ზოგჯერ კლავენ კიდეც, ყოველთვის ადამიანებად რჩებიან... და ყოველთვის იწვევენ მაყურებლის თანაგრძობას."

მხოლოდ ეს ციტატა "დავაკოპირე", რადგან ყველაფერი დანარჩენი, რაც ეწერა სტატიაში, ალმოდოვარის გვიანდელ ფილმებში დაიკარგა. მისი ახალი სურათი "უკანასკნელი ამბორი" უკვე აღარაა ისე სასაცილო, როგორც "კიკა"... მისი ბოლო ფილმების ყურებისას, არა იმდენად პერსონაჟების, რამდენადაც თავად ავტორის მიმართ გიჩნდება თანაგრძნობა; ასაკში შევიდა, მარტოობამ დაღალა, ფობიები მოაწვა.

დავიწყე ამის წერა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც არ გამომდიოდა. ხან მუსიკის მოსმენაზე გადავედი, ხან თბილისში დავრეკე და მშობლები მოვიკითხე; კოლეგა ბლოგერების ახალი წერილები გადავიკითხე; ჩემს წინა ბლოგზე ახალ კომენტარებს გავეცანი (ხალხი სიყვარულს ითხოვს!)...

განტვირთვაში იქნებ თბილისის ფორუმი დამეხმაროს-მეთქი, ვიფიქრე. მაინტერესებდა, "შპიგელში" დაბეჭდილ სტატიას ხომ არ უპასუხა ვინმემ? გუშინწინ ხომ მაგრად დავცხეთ ერთმანეთს თემაზე: "მძინარე ცხინვალი"; ბათუმის კაფე "ოქროს გასაღებში" ჩემს ერთ ფრანგ მეგობარს ისე ვეჩხუბეთ, რომ საწყალმა სილვიამ კინაღამ ბარგი ჩააწყო და თბილისში წავიდა.

ფორუმზე კვლავ დაუწყიათ კამათი ზვიად გამსახურდიასა და მის, როგორც ერთი იუზერი წერდა "ნეოფაშისტურ რიტორიკაზე". ისევ გააქტიურდა ხალხი, რომელსაც ტრადიციულად სიამოვნებს (!) ზვიად გამსახურდიას "ნეოფაშისტურ რიტორიკაზე" მსჯელობა... უფრო სწორად, არა იმდენად მსჯელობა, რამდენადაც ქილიკი, ემოციების ფრქვევა (რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, "სოციალური მეცნიერების" პრეტენზიით), საკუთარი "ენჯეოშნიკურ-კვაზილიბერალური" პასაჟებით ტკბობა, ანალოგიებზე თამაში (ამ ბლოგზე ერთხელ უკვე გავიხსენე პუშკინი, ანალოგიებით აზროვნება პრიმიტიული აზროვნებააო, რომ ამტკიცებდა).

ახალგაზრდების კიდევ მესმის. არ იციან, რა ხდებოდა, არ ენდობიან მშობლებს და თავად უნდათ, რომ გაერკვნენ. მაგრამ ესენი? ჩემი თაობა? ვერ ხვდებიან, რომ ზუსტად იმ ტექსტებს იმეორებენ, რომელსაც 15 წლის წინ კითხულობდნენ? აღარ მობეზრდათ? ნუთუ ოდნავ მაინც არ გაიზარდნენ? ცოტათი მაინც არ დაეჭვდნენ? ცოტათი მაინც არ გადააფასეს წარსული?

იმ წარსულიდან, ცხადია, ყველას თავისი სურათი შემორჩა. ვიღაცას დანგრეული თბილისი, ვიღაცას გამსახურდიას გამოსვლები, ვიღაცას - ჯაბა იოსელიანის "ლობიობა", თუ გურამ პეტრიაშვილის "სიბრძნეები"...

მე ანა ჭავჭავაძე მახსოვს - ჩემი თაობის. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არტკრიტიკოსი, თეატრმცოდნე, სამოქალაქო ომის შემდეგ "ზვიადისტის", "ფანატიკოსის" იარლიყი რომ მიაკერეს "ჩემი სოციალური წრის" ქალბატონებმა და ბატონებმა. მახსოვს ანუკა რუსთაველზე, სამოქალაქო ომის შემდეგ, სალამს რომ არ გვაძლევდა, რადგან თვლიდა, რომ ჩვენ... მთელი ამ ჩვენი "ანტიფაშისტური რიტორიკით", ანალოგიების სიყვარულით ("გამსახურდია - ჰიტლერი", "გამსახურდია - ჩაუშესკუ"), ნებსით თუ უნებლიეთ, მხარი დავუჭირეთ ნგრევას და თითქმის სრულიად დავასამარეთ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა. ჩვენთან ერთად იყო იმხანად თითქმის მთელი ქართული არტისტული ელიტა. მათ შორის პოეტი რევაზ ამაშუკელი, რომელსაც გასულ კვირაში "ასავალ-დასავალში" ასეთი რამ დაუწერია: "არც ერთი ქართველი არ არის მთავრობაში და ყველგან ინიშნება იმის მიხედვით, რომ ან დედა უნდა ჰყავდეს სომეხი, ან ბებია, ან დეიდა... ეხლა გამოხტება ენაბლუ, წვერებიანი ნოდია, 7 თვის ორსულივით რომ უხტის მუცელი და დარჩიაშვილებსა და მაგნაირებთან ერთად დამიწყებს მტკიცებას, რომ საქართველო დემოკრატიის ოაზისია"...

დარწმუნებული ვარ, ანა ჭავჭავაძის რეაქცია ამ სიტყვებზე ისეთივე იქნება, როგორიც რეზო ამაშუკელის გამოსვლებზე 90-იანი წლების დასაწყისში, როცა "მგოსანი" სხვებთან ერთად "პროვინციალურ ფაშიზმს" ამხელდა.

ანამ თავისი სოციალური წრე გაარღვია. მე თუ მკითხავ, საქართველოში არ არსებობს ამაზე უფრო გმირული აქტი.

არავის გაიდეალებას არ ვაპირებ. პირიქით, სიამოვნებით გავეცნობი ყველა დოკუმენტს, რომელიც 90-იანი წლების რეალობას ასახავს და მოვისმენ გამსახურდიას გამოსვლებს, მათ შორის იმას, რომელშიც "ნეოფაშისტურ რიტორიკას" ხედავენ ჩემი ძმები და დები... მაგრამ ჩემი ამ დებისა და ძმების კომენტარებს აღარ წავიკითხავ.

აღარ მაინტერესებს. მეტისმეტად ერთნაირია.

მეტისმეტად ერთნაირად წერს ეს ხალხი და ერთნაირად შეურიგებელია განსხვავებული აზრის მიმართ. მით უფრო, თუ ეს განსხვავებული აზრი მათსავე სოციალურ წრეში გამოთქვა ვინმემ.

"ტუსოვკურ აზროვნებას" საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, დიდი ხნის ისტორია აქვს. მე თუ მკითხავ, მთელი ჩვენი დღევანდელი პრობლემები არა მოდის გამსახურდიადან (როგორც ამას 90-იანი წლების ინტელიგენტები და მათი მემკვიდრეები ამტკიცებენ), არამედ ამ ვიწრო-სოციალური აზროვნების სტილიდან. 60-80-იანი წლების ქართულ კინოში ასეთი კლიშეც დამკვიდრდა: "ნამდვილი ინტელიგენტები" ნახევრად დანგრეულ სახლებში, ძველი ავეჯით გარემოცულნი ცხოვრობენ, კედელზე ჰემინგუეის, ან ვაჟას პორტრეტებით... მეშჩანები კი ბროლის ვაზებისა და ჭაღების სამყაროში არსებობენ. პერსონაჟების ასეთი დახასიათება შესამჩნევია კარგ და ცუდ ფილმებში - იოსელიანის "გიორგობისთვით" დაწყებული და ყველაზე უხეირო სტუდენტური ფილმით დამთავრებული.

სოციალურ შრეებად დაყოფის ეს რაღაც "შუასაუკუნეობრივი ინსტინქტი", გარდა იმისა, რომ ყველანაირად ხელს უშლის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ქართული კულტურის განვითარებასაც ამუხრუჭებს.

პედრო ალმოდოვარმა სწორედ ამ პრიმიტიული ინსტინქტებისგან გაათავისუფლა ესპანური კინო, გააგრძელა ბრძოლა, რომელიც თავის დროზე მისმა დიდმა წინაპარმა, ლუის ბუნუელმა დაიწყო - ბრძოლა ვიღაცების მიერ დადგენილი "კარგი გემოვნების" წინააღმდეგ. ჰოდა, ალმოდოვარის საიუბილეოდ ახალი რა უნდა დავწერო? ისევ უნდა გავიმეორო - საქართველოს ძალიან ჭირდება ასეთი კაცი, რადგან ქართველ ხელოვანთა და ქართველ ინტელექტუალთა აბსოლუტური უმრავლესობა ისევ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ და ისევ გვეშინია ხალხის.

ჰოდა, რადგანაც ბათუმში ვარ, ეს ბლოგი მინდა დავამთავრო სასაცილო დიალოგით, ისტორიით, რომელიც აქ, ბათუმში, ჩემმა მეგობარმა, ლიტერატურული კაფეს მენეჯერმა, რამაზ გემიაშვილმა მიამბო.

ჩემი და რამაზის საერთო მეგობარი ქალი: რამაზ, შენ რომელი სკოლა დაამთავრე? პიდისიატპიატი?

რამაზი: არა. ხაშურის რაიონის ამა და ამ სოფლის რვაწლიანი სკოლა (მაპატიოს რამაზმა, დამავიწყდა მისი სოფლის სახელი. - გ.გ.)

ჩემი და რამაზის საერთო მეგობარი ქალი: - ხუმრობ?

რამაზი: არ ვხუმრობ, მართლა.

ჩემი და რამაზის საერთო მეგობარი ქალი: ვაა!.. სულ არ გეტყობა...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG