Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლერანტობის გასაღები


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა გამოჩენილმა მუსიკოსმა ბოიკოტი გამოუცხადა თავის იმ კოლეგებს, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობდა. მაგალითად, კარაიანთან ერთად გამოსვლაზე უარი თქვეს ცნობილმა პიანისტებმა რუბინშტეინმა და ფრიდმანმა. უფრო მეტიც: მთელმა ქვეყანამ - შეერთებულმა შტატებმა - უარი თქვა თავის ტერიტორიაზე ფურტვენგლერის და კარაიანის გასტროლების ჩატარებაზე. იყო სხვა ტიპის შემთხვევებიც: ვენაში საგასტროლოდ ჩასულ გამოჩენილ ამერიკელ კომპოზიტორს, დირიჟორსა და პიანისტს, წარმოშობით ებრაელ ლეონარდ ბერნსტაინს "ვინერ ფილარმონიკერის" ორკესტრანტებმა უარი განუცხადეს გუსტავ მალერის სიმფონიის შესრულებაზე: მათთვის მთავარი იყო არა მალერის - როგორც კომპოზიტორის - სიდიადე, არამედ მისი ებრაული წარმოშობა. ბერნსტაინს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რათა ვენელი მუსიკოსები დაეყაბულებინა. უნდა ითქვას, რომ არაერთხელ საქმე აბსურდამდეც მისულა: დიდი ბულგარელი მომღერალი, ბანი ბორის ხრისტოვი გერმანელებთან თანამშრომლობისათვის საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, "პერსონა ნონ გრატად" იყო გამოცხადებული, ხოლო შეერთებულმა შტატებმა მისთვის ვიზის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ხრისტოვი ე.წ. "სახალხო დემოკრატიის" ქვეყნის, ბულგარეთის წარმომადგენელი იყო.

დღეს მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა და ცხოვრება ხშირად ღრმა სიმბოლიკის მქონე სულ სხვა სიუჟეტებს გვთავაზობს. მუსიკალური DVD-ის კადრში საფრანგეთის დეპარტამენტ ნიევრის სენ-ლეონარ დე კორბინის სააბატოს შიდა ეზოა. ეს ეზო ღია ცის ქვეშ მაყურებელთა დარბაზად არის გადაკეთებული. მზის სხივებისგან მას ასწლიანი ხეების ტოტები იცავს. იქაურობა სავსეა მსმენელებით. საგანგებოდ კონცერტისთვის აგებულ ფიცარნაგზე მოხუცი ებრაელი მევიოლინე ივრი გიტლისი თავის პროგრამას ნოტებით უკრავს. ეს ის გიტლისია, რომელსაც ბავშვობაში დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა გამოჩენილმა მევიოლინემ ბრონისლავ გუბერმანმა. ჰოლივუდში სწორედ გიტლისის ბიოგრაფიის მიხედვით გადაიღეს ფილმი "ბრწყინვალება", რომელიც შემდგომ "ოსკარით" დააჯილდოვეს.

იმ ფილმში გიტლისმა საკუთარი თავი ითამაშა. სააბატოში მუსიკოსი მსმენელის წინაშე უბრალო ჩაცმულობით, ჯინსებითა და ფერადი პერანგით, წარდგა. დროდადრო ის თავის სიმპათიურ ახალგაზრდა აკომპანიატორს, ანა-ვარია ვერას უღიმოდა. საერთოდ, მუსიკალური სამყაროსთვის ივრი უცნაურ კაცად არის ცნობილი. მაგალითად, მას შეუძლია რომელიმე თავის ნაცნობს ღამის სამ საათზე ესტუმროს იმ მიზეზით, რომ, თურმე, "ძალიან მოენეტრა". ეს განსაკუთრებით ეხება გამოჩენილ თანამედროვე პიანისტს მარტა არგერიხს, რომელიც, სხვათა შორის, 50-იან წლებში თბილისში რუჯერო რიჩისთან ერთად გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ "უცნაურობებით" გამოირჩევა გიტლისის ხელოვნებაც: მუსიკალურ ნაწარმოებებს ის ან გენიალურად, ან, უბრალოდ, ცუდად უკრავს. შესაძლოა, ეს იმით იყოს გამოწვეული, რომ მისი ნიჭის გაფურჩქვნის პერიოდში მსოფლიოში დიდი მევიოლინეების არნახული რაოდენობა აღინიშნებოდა. საკმარისია დავასახელო თუნდაც იაშა ჰეიფეცის, ნატან მილშტეინის, იეჰუდი მენუჰინის, დავიდ ოისტრახის, მირონ პოლიაკინის, მიშა ელმანის, ეფრემ ციმბალისტის გვარები. ყველა მათგანმა კონკრეტული ნაწარმოების შესრულების საკუთარი ტრადიცია დაამყარა. თუმცა, დღეს ჩვენი სათქმელი სულ სხვა არის...

ვიდეოკამერით აღბეჭდილ კონცერტზე გიტლისმა შესანიშნავი სავიოლინო რეპერტუარი შეასრულა, მაგრამ (ისევ უცნაურობა!) ტრადიციულად მიღებული რიგითობა დაარღვია. დასაწყისში მან ერნესტ ბლოხის "იმპროვიზაცია" დაუკრა. ეს ნაწარმოები ებრაული ლოცვა "ნიგუნის" პარაფრაზს წარმოადგენს და მთავარი იუდაური დღესასწაულების დროს ჟღერს. მის მელოდიაში ისმის დაჩაგრული და ტანჯული ერის ღმერთისკენ მიმართული დახმარების თხოვნა. ჩემმა მუსიკალურმა მეხსიერებამ ასოციაციის სახით იმწამსვე მიკარნახა ჯონ უილიამსის მოტივი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი ფილმიდან "შინდლერის სია".

"იმპროვიზაციის” შემდეგ გიტლისმა ბრყინვალედ დაუკრა სარასატეს "ბოშათა ჰანგები". თავისი გამოსვლა მევიოლინემ ბეთჰოვენის გენიალური "კროიცერის სონატით" დაასრულა. მსმენელმა მას ოვაცია მოუწყო. და აქ გამიელვა აზრმა: იმ დროს, როცა პოლიტიკოსები, მეცნიერები, თეოლოგები თავს იტეხავენ ტოლერანტობის პრობლემის გადაჭრაზე, კათოლიკური სააბატოს ეზოში ებრაელი მევიოლინე დიდი პატივისცემითა და მოწიწებით, ერთ კონცერტში, უკრავს ფაშიზმის მიერ დაჩაგრული ებრაელი და ბოშა ერების და გერმანიის მუსიკას - მუსიკას იმ ქვეყნისა, რომელიც თავის დროზე ფაშიზმთან იყო გაიგივებული.

საოცარი ნიჭის ძალით შესანიშნავ მუსიკოსს შესრულებული ნაწარმოებები ვიოლინოს გასაღებიდან ტოლერანტობის გასაღებში გადაჰყავს.
XS
SM
MD
LG