Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 31 აგვისტო. See content from before

კვირა, 30 აგვისტო 2009

მოკლედ, დავბერდი კაცი და ილუზიებით ცხოვრებას ვერ გადავეჩვიე. შვებულებაში, ჩემს სათაყვანო თურქეთში რომ ვიყავი, იქაურ უგემურ კერძებს რომ მივირთმევდი, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, მაინც არაფერია თბილისზე უკეთესი მეთქი. ალბათ, წლევანდელმა ივლისმაც იმოქმედა - ხშირად მიწევდა ღამის თბილისში მანქანით ბოდიალი; ფანჯარა ღია მქონდა და უკეთ ვაკვირდებოდი დასიცხულ თბილისელებს, შუაღამით გზის პირას ნარდის თამაშით რომ იქცევდნენ თავს. ვფიქრობდი, ნამდვილი სამხრეთული ქალაქია... ნდობით აღსავსე ქალაქი, სადაც ყველაფერი ღიაა - ეზოს ჭიშკარი, სახლის კარი, ფანჯრები, გულები. ვანო მერაბიშვილიც კი ვაქე ვიღაცასთან - აი, ხომ ხედავ როგორ გამოსწორდა ცხოვრება? ხალხს აღარ ეშინია ღამით სეირნობა მეთქი. დავბოდიალობდი მანქანით. ვუსმენდი მუსიკას და საყვარელი საქმით ვიქცევდი თავს - მანქანის აიპოდის ტრეკებს ვარჩევდი და ვაკვირდებოდი, როგორ უხდება ესა თუ ის მუსიკა ღამის თბილისის ცხოვრებას.

გარწმუნებთ, არშემდგარი კინორეჟისორისთვის ამაზე დიდი ნეტარება არ არსებობს!

ახლა ვფიქრობ, ალბათ მოსალოდნელი შვებულება მახარებდა და არა ივლისის თბილისი... ეტყობა ისეთი ბედნიერი ვიყავი, ”სინოპის სამოთხის” მოლოდინში, რომ თბილისიც სამოთხედ მეხატებოდა - ქალაქი, სადაც ზაფხულობით ყველაფერი ღიაა - ეზოს ჭიშკარი, სახლის კარი, ფანჯრები, გულები.

მერე შვებულებაც დასრულდა. მითრიდატეს ქალაქიდან, ე.ი. ”სინოპის სამოთხიდან” დაბრუნებულს დამხვდნენ ჯემპრებსა და ჟაკეტებში გამოწყობილი თბილისელები. დამხვდა ჯერ კიდევ ცარიელი, მაგრამ უკვე საშემოდგომოდ გამზადებული ”აბუზული” დედაქალაქი; ნარდის სათამაშოდ, ქუჩაში გამოსული ხალხი ვეღარ დავინახე. ვეღარც ღია კარ-ფანჯარა და ვეღარც გახსნილი გულები. სიცარიელე და ჩაკეტილობა იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ მომეჩვენა, დედაქალაქში დარჩენილებს არც ბაჩო ახალაიას დანიშვნაზე აქვთ რეაქცია. ალბათ იმიტომ, რომ ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა ისვენებს (ზოგი ესპანეთში, ზოგი საბერძნეთში, ზოგიც სამტრედიაში), საშემოდგომო მარათონისთვის იკრებს ძალას. ხალხს კი ამ ქალაქში უჭირს აზრის გამოთქმა ლიდერისა თუ მესიის გარეშე.

ამ ქალაქში ჩაკეტილი ხალხი ცხოვრობს.

ასე მგონია მე დღეს, 2009 წლის აგვისტოს ბოლოს. მას შემდეგ, რაც 4 200 კილომეტრი გავიარე ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ბათუმიდან - თბილისში; მას შემდეგ, რაც ბათუმის უნივერსიტეტში ლექცია წავიკითხე ირანულ კინოზე და ვუპასუხე კითხვას, რატომ უყვართ ირანული ფილმების გმირებს მანქანით სეირნობა: იმიტომ რომ სამყარო აინტერესებთ მეთქი. მგონი ასე ვთქვი. დიდი სამყარო ჩაკეტილია მათთვის, მაგრამ ცნობისმოყვარე და ”ღია” ადამიანისთვის სამყაროს საზღვრები არ არსებობს. მოგზაურობისთვის, გადაადგილებისთვის, ახლის შეცნობისთვის ეს ხალხი ყოველთვის იპოვის სივრცეს.
ქართული კინოს პრობლემა რა არისო, მკითხეს ამ სემინარზე.

ისევ გადაადგილების შიშზე დავიწყე ლაპარაკი. იმაზე, რომ ქართველ კინორეჟისორებს, როგორც წესი, ყოველთვის, ყველაზე მეტად საკუთარი თავი, საკუთარი წრე აინტერესებდათ... ის სოციალური ფენა, რომელშიც ტრიალებდნენ (ალბათ ამან განაპირობა ფელინის კულტი საქართველოში) და ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდნენ.

გლდანიც კი იშვიათად ჩნდება ქართულ კინოში. ზესტაფონზე, ახალქალაქზე, ხაშურზე, ყვარელზე, ლანჩხუთზე რომ აღარაფერი ვთქვათ მეთქი.

არ ვიცი, რამ გამაბრაზა ასე? შვებულების დასრულებამ? აგვისტოსთვის უჩვეულო სიცივემ? იქნებ სამშობლოში დაბრუნებისთანავე გადაშლილმა პირველივე სურათმა - კვარიათთან, მანქანებით გადაჭედილი ტრასით; თბილისელი გოგო-ბიჭებით, რომლებიც ვეღარ ეტევიან აქაურ პლაჟზე, მაგრამ სივიწროვეში დასვენება არ აწუხებთ. პირიქით, სწორედ ეს მოსწონთ - ერთად რომ არიან! შედარებით ერთნაირები! რა იცი, რა ხდება? იქნებ, შეიყვარო ან შეგიყვაროს აქ ვინმემ? ოჯახი შექმნა?

შენიანთან და შენნაირთან, რა თქმა უნდა.

მერე გარუჯულები დაბრუნდებიან თბილისში. შეიძლება ბაჩო ახალაიას დანიშვნა გაახსენდეთ და საკანი გაშალონ. ანდა პირიქით, საკნების გაშლას შეუშალონ ხელი იმ მოტივით, რომ დიახაც, ქვეყნის ჯარს ახლა ძლერი ხელი სჭირდება.

ჰოდა, დაიწყება ისევ ძველი ცხოვრება - ”კურიერი”, ”კავკასია”, ”მაესტრო”... საკუთარი თავის გარშემო ტრიალი და იმის შეგრძნება, რომ მთელი მსოფლიო, თავისი ობამა-პუტინიანად, ღამეებს ათენებს საქართველოზე ფიქრში; რომ სააკაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება და რომ ”ნაბუკოს” გამო შეიძლება დიდი გაცვლა-გამოცვლა მოხდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის; რომ ბაჩო ახალაიას დანიშვნა "მაგიურ სამკუთხედებსა” და ვარსკვლავების გადაადგილებას უკავშირდება; რომ ასე, ”წვალებ-წვალების” მიუხედავად, უფალი მაინც არ მიატოვებს ღვთისშობლის წილხვედ ქვეყანას და საქართველო (თავის თბილისიანად), დიახაც, წალკოტად იქცევა.

თუმცა, რა ვიცი. იქნებ დაცხეს სექტემბერში? იქნებ ისევ გახსნან გულები თბილისელებმა? ისევ შეუდგნენ შუაღამით, ქუჩასა და ეზოებში ნარდის თამაშს?
ყველაფერი ჩემი ბრალია. უფრო სწორად, ჩემი ბლოგის. იმ ბლოგის, რომელშიც ლაპარაკი იყო ჩემს ხანგრძლივ უხელფასობაზე. მკითხველთა ნაწილმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარკვეული დასკვნა გააკეთა და დაიწყო...

ამ მოვლენამ თითქმის 20 წლის წინანდელი ამბები გამახსენა. იმ ხანებში გაზეთ “7 დღეში” სხვა რაღაცეებთან ერთად დისკების მიმოხილვასაც ვუძღვებოდი. მაშინ ინფორმაციის საშინელი დეფიციტი იყო. ახალი, უცხოური დისკები კი არა, აქ, საქართველოში ვინ იყო ქვეყნის რეალური მმართველი, ის არ ვიცოდით. ინტერნეტი არ იყო, FM რადიოები არ იყო. ტელევიზია კი იყო, მაგრამ დენი არ იყო, ხოლო გაზეთები ისეთ ქაღალდზე იბეჭდებოდა, გადაფურცვლისას ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, რომ თითში ხიჭვი არ შეგრჭობოდა. ჰოდა იმ პერიოდში დისკების მიმოხილვიდან ჩემი ნაცნობები, მელომანები, უბრალოდ მოყვარულები გებულობდნენ, რომ ახალი დისკი მქონდა და იწყებოდა - მათხოვე, გადამაწერინე და ა.შ. თუმცა უსამართლობა იქნება, არ აღინიშნოს, რომ იგივე ახლობლებიც მამარაგებდნენ ჩანაწერებით.

ახლა კი იმის შესახებ, რაც ამ დღეებში დაიწყო. მეგობრის იმეილი მივიღე - შენი ბლოგი წავიკითხე და, რადგან დრო გაგიჩნდა, იქნებ უფრო სრულყოფილი იმეილებით მეკონტაქტოო. ცნობისათვის: ელექტრონული ფოსტით სარგებლობისას, ჩემი ლექსიკონი იშვიათად აჭარბებს ორ სიტყვას: OK და NO. მაშინაც OK მიიღო ჩემგან. ეხლა კი ამ ბლოგის საშუალებით ვეცდები სრულყოფილი წერილი მივწერო.

პარადოქსია, მაგრამ დრო კი არ გამიჩნდა, პირიქით, საერთოდ აღარ მაქვს. სულ ისეთ საქმიან შეხვედრებზე დავდივარ, რომლებსაც საქმესთან საერთო არაფერი აქვს. ამას წინათ, ახლობლის თხოვნით, ვიღაც ტიპებს შევხვდი, გაზეთის გამოშვება უნდათ და შენნაირ კაცს ეძებენო. თავიდან მომეწონენ. პირველივე კითხვაზე, როგორი გაზეთი გინდათ-მეთქი, ძალიან უშუალოდ მიპასუხეს - ჩვეულებრივი, სტამბურიო. მესიამოვნა, რადგან არც მე მიყვარს ხელნაწერი გაზეთები. მერე ცოტა აურიეს. როცა მითხრეს, 14-15-გვერდიან გაზეთს ვვარაუდობთო, დავსევდიანდი. ეტყობა სახეზეც შემეტყო, რადგან მოგვიანებით, გაცილებისას, ერთი მათგანი კარებამდე გამომყვა და მითხრა - ერთად მოგვიწევს მუშაობა და არ მინდა რამე ხინჯი დაგრჩესო; შეგატყე 15-გვერდიანი არ მოგწონს და შენ რამდენიც გაგისწორდება, იმდენი გავაკეთოთ, ოღონდ ძალიან ბევრი არ იყოსო. საბოლოოდ ორივე მხარე კმაყოფილები დავშორდით ერთმანეთს: ისინი ჩემი გაცნობით, მე - დაშორებით.

მეორე, ანუ რადიოს ამბავი, ერთი შეხვედრით არ შემოიფარგლა. მაგრამ ორი შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ექსპედიცია უპერსპექტივო იყო. პირველ შეხვედრაზე რადიოს გასამართად საჭირო უახლესი აპარატურა მაჩვენეს და მკითხეს, სხვა რა დაგვჭირდება და რა დაჯდებაო. ორი საათი ვიქაქანე. ძალიან ყურადღებით მისმენდნენ და მეც კმაყოფილი დავრჩი. მეორე შეხვედრაზე უფრო კონკრეტულები ვიყავით და კითხვაზე - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სიხშირის საქმე როგორ არის-მეთქი, უფროსს რომ ჰგავდა, იმან მიპასუხა - ყოველდღეო. ამ პასუხმა განსაზღვრა ჩემი უარი. მოგვიანებით ეს ამბავი იმას მოვუყევი, ვინც რადიოს ხალხთან დამაკავშირა და მითხრა, არ უნდა გეჩქარა, რადგან უფროსს ძალიან ცუდად ესმის და შეიძლება ვერ გაიგო შენი ნათქვამიო. ამ სიტყვებმა რაღაცეებზე ამიხილა თვალი.

პირველ რიგში, მივხვდი, რომ ისინი ყურადღებით ჩემი შთამბეჭდავი მჭერვმეტყველების გამო არ მისმენდნენ. მერე შევეცადე წარმომედგინა რადიო სმენადაქვეითებულთათვის. მერე გამახსენდა ამასწინანდელი პოლემიკა ტელევიზიით უცხოური ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებით: ქართული გახმოვანების გარეშე, სუბტიტრების ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ ბრძანა, არ უნდა დაგვავიწყდეს მხედველობადაქვეითებულთა პრობლემებიო.

ამ ამბებს მხოლოდ ქართული აბსურდის კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნევდი, რომ არ გამხსენებოდა ამერიკული დუეტის, საიმონის და გარფანკელის პირველი სერიოზული წარმატება, სიმღერა The Sounds Of Silence (“სიჩუმის ხმები”). ადამიანთა შორის ურთიერთობების დეფიციტის თემაზე შექმნილი სიმღერის ერთ ადგილას ნახსენები არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ლაპარაკის გარეშე, ადამიანები რომლებსაც ესმით მოსმენის გარეშე. და, საერთოდ, ამ მელოდიური შედევრის ჟღერადობის სამ წუთში ჩატეულია ბეკეტის „გოდო“, კამიუს „უცხო“, ანტონიონის „რეპორტიორი“ და 60-იანი წლების დასავლეთის კონტრკულტურული დამოკიდებულება რეალობისადმი. სხვათა შორის, ის ჟღერს კიდევ ერთ შედევრში, მაიკ ნიკოლსის ფილმში The Graduate (“კურსდამთავრებული”), დასტინ ჰოფმანის მონაწილეობით.

ამ სიმღერაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, ამიტომ დავუბრუნდები ქართულ აბსურდს ჩემი მონაწილეობით. ჩემი მესამე მასმედიური თავგადასავალი ტელევიზიას უკავშირდება და სრულიად უინტერესო, თუმცა საქმიანია, რადგან საქმე მაქვს ნამდვილ პროფესიონალთან. მას ჩემთან ერთად ერთი პროექტის განხორციელება უნდა, რომლის განსახილველად უკვე ოთხჯერ ვიყავით რესტორანში. ეტყობა, რესტორანი არ არის შესაფერისი ადგილი ტელეპროექტების განსახილველად, იმიტომ რომ, ჯერჯერობით წინ ვერ წავიწიეთ. სამაგიეროდ, რესტორნის თანამშრომლებს შევუყვარდით. უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ რომ გამოვდიოდით ამ შესანიშნავი დაწესებულებიდან, გავიგე, როგორ უთხრა უფროსმა ოფიციანტმა დაცვის ბიჭს ჩვენზე, ამხელა გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და ორი ასეთი პროფესიონალი ჯერ არ შემხვედრიაო.

მეოთხე ამბავი კიდევ უფრო უინტერესოა. ის უკვე შემდგარი პროექტია და დაკავშირებულია ინტერნეტ-გამოცემისთვის ბლოგების წერასთან. უკვე ერთი თვეა, ამას ვაკეთებ რადიო “თავისუფლების” საიტისთვის.

ამასთან დაკავშირებით, ამას წინათ ჩემ შვილს ვკითხე - სხვისი ბლოგების კომენტირებისთვის მეტსახელს ვეძებ და რომელი ჯობია, „ბლოგმასტერი“ თუ „ბლოგბასტერი“-მეთქი. გოგომ ყოველგვარი ფიქრის გარეშე მომახალა - ვირტუალური ურთიერთობებისადმი შენი “დიდი სიყვარულის” გათვალიწინებით, უფრო „ბლოგბასტარდი“ მოგიხდებაო. მოგეხსენებათ, „ბასტარდ“ (bastard) ინგლისური სიტყვაა და ქართულად „ნაბიჭვარს“ ნიშნავს. თუ რატომ დავიმსახურე არცთუ სასურველი მეტსახელი და სხვა წვრილმანების შესახებ შემდეგ წერილში ვისაუბროთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG