Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელები - ღია ქალაქელები?


მოკლედ, დავბერდი კაცი და ილუზიებით ცხოვრებას ვერ გადავეჩვიე. შვებულებაში, ჩემს სათაყვანო თურქეთში რომ ვიყავი, იქაურ უგემურ კერძებს რომ მივირთმევდი, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, მაინც არაფერია თბილისზე უკეთესი მეთქი. ალბათ, წლევანდელმა ივლისმაც იმოქმედა - ხშირად მიწევდა ღამის თბილისში მანქანით ბოდიალი; ფანჯარა ღია მქონდა და უკეთ ვაკვირდებოდი დასიცხულ თბილისელებს, შუაღამით გზის პირას ნარდის თამაშით რომ იქცევდნენ თავს. ვფიქრობდი, ნამდვილი სამხრეთული ქალაქია... ნდობით აღსავსე ქალაქი, სადაც ყველაფერი ღიაა - ეზოს ჭიშკარი, სახლის კარი, ფანჯრები, გულები. ვანო მერაბიშვილიც კი ვაქე ვიღაცასთან - აი, ხომ ხედავ როგორ გამოსწორდა ცხოვრება? ხალხს აღარ ეშინია ღამით სეირნობა მეთქი. დავბოდიალობდი მანქანით. ვუსმენდი მუსიკას და საყვარელი საქმით ვიქცევდი თავს - მანქანის აიპოდის ტრეკებს ვარჩევდი და ვაკვირდებოდი, როგორ უხდება ესა თუ ის მუსიკა ღამის თბილისის ცხოვრებას.

გარწმუნებთ, არშემდგარი კინორეჟისორისთვის ამაზე დიდი ნეტარება არ არსებობს!

ახლა ვფიქრობ, ალბათ მოსალოდნელი შვებულება მახარებდა და არა ივლისის თბილისი... ეტყობა ისეთი ბედნიერი ვიყავი, ”სინოპის სამოთხის” მოლოდინში, რომ თბილისიც სამოთხედ მეხატებოდა - ქალაქი, სადაც ზაფხულობით ყველაფერი ღიაა - ეზოს ჭიშკარი, სახლის კარი, ფანჯრები, გულები.

მერე შვებულებაც დასრულდა. მითრიდატეს ქალაქიდან, ე.ი. ”სინოპის სამოთხიდან” დაბრუნებულს დამხვდნენ ჯემპრებსა და ჟაკეტებში გამოწყობილი თბილისელები. დამხვდა ჯერ კიდევ ცარიელი, მაგრამ უკვე საშემოდგომოდ გამზადებული ”აბუზული” დედაქალაქი; ნარდის სათამაშოდ, ქუჩაში გამოსული ხალხი ვეღარ დავინახე. ვეღარც ღია კარ-ფანჯარა და ვეღარც გახსნილი გულები. სიცარიელე და ჩაკეტილობა იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ მომეჩვენა, დედაქალაქში დარჩენილებს არც ბაჩო ახალაიას დანიშვნაზე აქვთ რეაქცია. ალბათ იმიტომ, რომ ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა ისვენებს (ზოგი ესპანეთში, ზოგი საბერძნეთში, ზოგიც სამტრედიაში), საშემოდგომო მარათონისთვის იკრებს ძალას. ხალხს კი ამ ქალაქში უჭირს აზრის გამოთქმა ლიდერისა თუ მესიის გარეშე.

ამ ქალაქში ჩაკეტილი ხალხი ცხოვრობს.

ასე მგონია მე დღეს, 2009 წლის აგვისტოს ბოლოს. მას შემდეგ, რაც 4 200 კილომეტრი გავიარე ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ბათუმიდან - თბილისში; მას შემდეგ, რაც ბათუმის უნივერსიტეტში ლექცია წავიკითხე ირანულ კინოზე და ვუპასუხე კითხვას, რატომ უყვართ ირანული ფილმების გმირებს მანქანით სეირნობა: იმიტომ რომ სამყარო აინტერესებთ მეთქი. მგონი ასე ვთქვი. დიდი სამყარო ჩაკეტილია მათთვის, მაგრამ ცნობისმოყვარე და ”ღია” ადამიანისთვის სამყაროს საზღვრები არ არსებობს. მოგზაურობისთვის, გადაადგილებისთვის, ახლის შეცნობისთვის ეს ხალხი ყოველთვის იპოვის სივრცეს.
ქართული კინოს პრობლემა რა არისო, მკითხეს ამ სემინარზე.

ისევ გადაადგილების შიშზე დავიწყე ლაპარაკი. იმაზე, რომ ქართველ კინორეჟისორებს, როგორც წესი, ყოველთვის, ყველაზე მეტად საკუთარი თავი, საკუთარი წრე აინტერესებდათ... ის სოციალური ფენა, რომელშიც ტრიალებდნენ (ალბათ ამან განაპირობა ფელინის კულტი საქართველოში) და ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდნენ.

გლდანიც კი იშვიათად ჩნდება ქართულ კინოში. ზესტაფონზე, ახალქალაქზე, ხაშურზე, ყვარელზე, ლანჩხუთზე რომ აღარაფერი ვთქვათ მეთქი.

არ ვიცი, რამ გამაბრაზა ასე? შვებულების დასრულებამ? აგვისტოსთვის უჩვეულო სიცივემ? იქნებ სამშობლოში დაბრუნებისთანავე გადაშლილმა პირველივე სურათმა - კვარიათთან, მანქანებით გადაჭედილი ტრასით; თბილისელი გოგო-ბიჭებით, რომლებიც ვეღარ ეტევიან აქაურ პლაჟზე, მაგრამ სივიწროვეში დასვენება არ აწუხებთ. პირიქით, სწორედ ეს მოსწონთ - ერთად რომ არიან! შედარებით ერთნაირები! რა იცი, რა ხდება? იქნებ, შეიყვარო ან შეგიყვაროს აქ ვინმემ? ოჯახი შექმნა?

შენიანთან და შენნაირთან, რა თქმა უნდა.

მერე გარუჯულები დაბრუნდებიან თბილისში. შეიძლება ბაჩო ახალაიას დანიშვნა გაახსენდეთ და საკანი გაშალონ. ანდა პირიქით, საკნების გაშლას შეუშალონ ხელი იმ მოტივით, რომ დიახაც, ქვეყნის ჯარს ახლა ძლერი ხელი სჭირდება.

ჰოდა, დაიწყება ისევ ძველი ცხოვრება - ”კურიერი”, ”კავკასია”, ”მაესტრო”... საკუთარი თავის გარშემო ტრიალი და იმის შეგრძნება, რომ მთელი მსოფლიო, თავისი ობამა-პუტინიანად, ღამეებს ათენებს საქართველოზე ფიქრში; რომ სააკაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება და რომ ”ნაბუკოს” გამო შეიძლება დიდი გაცვლა-გამოცვლა მოხდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის; რომ ბაჩო ახალაიას დანიშვნა "მაგიურ სამკუთხედებსა” და ვარსკვლავების გადაადგილებას უკავშირდება; რომ ასე, ”წვალებ-წვალების” მიუხედავად, უფალი მაინც არ მიატოვებს ღვთისშობლის წილხვედ ქვეყანას და საქართველო (თავის თბილისიანად), დიახაც, წალკოტად იქცევა.

თუმცა, რა ვიცი. იქნებ დაცხეს სექტემბერში? იქნებ ისევ გახსნან გულები თბილისელებმა? ისევ შეუდგნენ შუაღამით, ქუჩასა და ეზოებში ნარდის თამაშს?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG