Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 7 აგვისტო. See content from before

ხუთშაბათი, 6 აგვისტო 2009

გუშინ გაგა ნიჟარაძის ერთ ძველ სტატიას ვკითხულობდი, „ფიქრები ქართულ მენტალიტეტზე“ ჰქვია. ჩვეულებრივ ვკითხულობდი, რაიმე განსაკუთრებული წინათგრძნობის გარეშე. ჰოდა, ამ ნება–ნება კითხვაში ამოვიკითხე ერთი წინადადება, რომელმაც გონება გამინათა და ზოგიერთ უპასუხო კითხვაზე პასუხი ერთბაშად მაპოვნინა.

„არსებობს ორი ტიპის ცხოვრების სტრატეგია: ერთი არის რისკზე ორიენტირებული, მეორე – მარცხის თავიდან აცილებაზე.“

აბა, თუ მიხვდებით, რა კითხვებზე მივიღე პასუხი ამ ერთი წინადადების წაკითხვის შემდეგ? რაზე და – როგორ მოხდა „ვარდების რევოლუცია“; როგორ ჩამოიცილა მიხეილ სააკაშვილმა გზიდან ორი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი – ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია; როგორ „მსუბუქად“ გაუშვა მან საქართველოდან ასლან აბაშიძე, რომელიც ბევრს უძლეველი ეგონა; როგორ დაარბია საკუთარი მოსახლეობა და ტელეკომპანია „იმედი“; როგორ დანიშნა და მოიგო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს და 21 მაისს; როგორ დაანგრია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ცნობილი რესტორნებიც მიაყოლა; როგორ ჩააბარა საპასუხისმგებლო თანამდებობები გამოუცდელ ახალგაზრდებს და როგორ დატოვა პერსპექტივის გარეშე გამოცდილი პროფესიონალები; როგორ შეიძულა დიალოგი და როგორ დაავიწროვა ორ–სამ კაცამდე გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წრე; როგორ თამამად შევიდა ომში რუსეთთან და როგორ წარბშეუხრელად გამოაცხადა მოგვიანებით, რომ საქართველო ტერიტორიების დაბრუნებასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, როგორც ომის შემდეგ; როგორ დაერია „კანონიერ ქურდებს“, რაც ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა; როგორ დაიქვემდებარა ყველა არჩევითი სტრუქტურა და როგორ მოირგო კონსტიტუცია...

დილამდე შეიძლება გავაგრძელო იმ კარგი თუ ცუდი საქმეების ჩამოთვლა, რომლებსაც სათოფეზე არ მიეკარებოდა მშვიდობიანი, მარცხის არიდებაზე ორიენტირებული ლიდერი. თანამედროვე ქვეყნების პრეზიდენტებს ხომ სწორედ ამ ნიშნით ირჩევენ – ვინ შექმნის უსაფრთხო გარემოს და ვინ დაიცავს ქვეყანას კატაკლიზმებისგან.

ჩვენი პრეზიდენტის ცხოვრების წესი კი აშკარად და უეჭველად რისკზეა ორიენტირებული. ამით განვსხვავდებით სხვა სახელმწიფოებისგან.

თუ სწორად მახსოვს, სამხედრო ანალიტიკოსებმა დათვალეს, რომ უსაფრთხო სტრატეგიის მიმდევარი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ყოველი ასი საჭადრაკო პარტიიდან 5-ს იგებს, 3-ს აგებს, 92-ს კი – ყაიმით ამთავრებს. რისკის სტრატეგიით მოთამაშე „თეთრები“ ყოველი ასი პარტიიდან 40-ს იგებენ, 20-ს აგებენ, ყაიმის ალბათობა კი 40 პარტიამდე დადის. გამოდის, რომ რისკის სტრატეგია გამარჯვების ალბათობას „თეთრებისთვის“ რვაჯერ, „შავებისთვის“ კი შვიდჯერ ზრდის, – ყაიმების შემცირების ხარჯზე. ასე რომ, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ყაიმი მეტისმეტად მოსაწყენია, რისკის სტრატეგია მაშველი რგოლივითაა.

გაგას უნდა ვკითხო, ადამიანი საფრთხიან ან უსაფრთხო ცხოვრებისეულ სტრატეგიას გააზრებულად ირჩევს, აღზრდის შედეგად იძენს თუ მემკვიდრეობით ღებულობს. ის კი ვიცი, რომ მე, მაგალითად, რისკი არ მიყვარს და სავარაუდო მარცხის თავიდან აცილებაზე ზრუნვა ნორმად მიმაჩნია. ისიც ვიცი, რომ რაც უფრო ახლოს ვარ წონასწორობის მდგომარეობასთან, მით მეტად პროგნოზირებადი (ესე იგი, მეტად საიმედო) და ნაკლებად საინტერესო ვარ.

რისკის სტრატეგია კი წონასწორობას უხეშად და შეუქცევადად არღვევს. სრული გამარჯვება ან სრული მარცხი! – ეს არის ყველაზე კომფორტული მდგომარეობა რისკზე ორიენტირებული ადამიანებისთვის. მახსოვს, ერთხელ პრეზიდენტმა თქვა: ყოველთვის მინანია, როცა უკან დამიხევია და არასოდეს მინანია, როცა არაფერი დამითმია და წინ წავსულვარო. მაშინ გამიკვირდა, – პრეზიდენტისთვის ძალიან შეუსაბამოდ მომეჩვენა ასეთი აღიარება. ახლა კი მესმის, რამდენად გულწრფელი იყო მიხეილ სააკაშვილი, როდესაც არავის არაფერს უთმობდა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მტრებს იმრავლებდა.

რისკის სტრატეგიაში მთავარი მართლაც ლიდერი და მისი პირადი პასუხისმგებლობაა. მოგების შემთხვევაში ის ყველაფერს იგებს, წაგების შემთხვევაში კი – ყველაფერს აგებს. „ვარდების რევოლუცია“ გავიხსენოთ: მისი მოგებით მიხეილ სააკაშვილმა მოიგო არა მხოლოდ პრეზიდენტის პოსტი, არამედ, მთელი სახელისუფლო ვერტიკალი და ჰორიზონტალი (მთავრობა და პარლამენტი); წაგების შემთხვევაში კი, შესაძლოა, პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკური კარიერით, არამედ, უცხოეთში გადასახლებით და, იქნებ, სიცოცხლითაც ეგო.

ძვირფასო კომენტატორებო! დღევანელი ბლოგი მიხეილ სააკაშვილის გასაკრიტიკებლად არ დამიწერია. ბოლო ორი კვირაა, იმას ვცდილობ, თქვენი დახმარებით ავხსნა, რა და რატომ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ახლა გეკითხებით, რას მოგვიტანს რისკის სტრატეგია, რომელიც ჩვენი პრეზიდენტისთვის უალტერნატოვოა? ჩემი აზრით, ამიერიდან ვერც თვითონ შეიცვლება და ვერც სტრატეგიის შინაარსს შეიცვლის. არც დიალოგს შეიყვარებს და არც საფრთხის შემცირებაზე იზრუნებს. სულ პირიქით! ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდება, სწორედ მისი ცხოვრებისეული სტრატეგიით იქნება განპირობებული. არადა, სტატისტიკის თანახმად, რისკიან თამაშში „თეთრებსაც“ და „შავებსაც“ მოგების და წაგების შანსი თითქმის თანაბარი აქვთ. ოღონდ, თამაშის წესია სასტიკი: მოგებული სრულად მოიგებს, წაგებული სრულად წააგებს, ყაიმის მოლოდინი კი ნაკლებად უნდა გვქოდეს.

გაგამ გაიხაროს, მგონი, რაღაც მთავარი გავიგე! მხოლოდ ის ვერ გამიგია, ამ ჩვენს საერთო სამშობლოში „თეთრები“ და „შავები“ ვინ არიან?
დღეს ძალიან ბევრი კეთდება საბავშვო ლიტერატურისთვის, გამომცემლობათა უმრავლესობის ძირითადი საქმე ფერადი საბავშვო წიგნებია და ბოლო დროს, ყველაზე მეტად, სწორედ საყმაწვილო წიგნის მყიდველი აქტიურობს. ქუჩაში ხშირად შეხვდებით “წიგნის სახლის”, “პარნასის”, ან “სანტა ესპერანსას” საფირმო პარკებით მოსიარულე დედებსა და ბებიებს (ძალიან იშვიათად, მამებსა და ბაბუებსაც), რომელთაც საჩუქრად ნაყიდი წიგნები მიაქვთ პატარებისთვის. თბილისის წიგნის ფესტივალის შემდეგ ნაცნობ-მეგობრებისგან ყოველ წელს ერთიდაიგივე მესმის ხოლმე: “მარტო საბავშვოები ვიყიდე, ჩემთვის კი შევათვალიერე რაღაცეები, მაგრამ ფული დამენანა”.

სამწუხაროდ, საბავშვო წიგნები დანარჩენი ლიტერატურის ლამის ერთადერთ ხსნად მიაჩნიათ ბოლო წლებში. ყოველ შემთხვევაში, თუკი გამომცემლებს ვენდობით, ერთი შემოსავლიანი მიმართულება მეორე, არაშემოსავლიან მიმართულებაში ფულის ჩადების საშუალებას იძლევა. საშუალებას კი იძლევა, მაგრამ ყოველთვის ასე იქცევიან გამომცემლები? რა თქმა უნდა არა. გადაშლი რომელიმე არაშემოსავლიანი ავსტრიელი ავტორის ცუდ ქართულ თარგმანს, ანდა კარგ საენათმეცნიერო გამოკვლევას და აღმოაჩენ, რომ წიგნი ან უცხოურმა ფონდმა დააფინანსა, ან ავტორის მეგობარმა, რომელიც სადმე სანკტ-პეტერბურგში მოღვაწეობს და ჯიგარ თანაკურსელს არ ივიწყებს.

საბავშვო ლიტერატურა მომგებიანი საქმეა, იგი წიგნების მოზრდილი ტირაჟებით დაბეჭდვის საშუალებას იძლევა, თანაც ამ წიგნებს ბეჭდავენ სადმე თურქეთში, ან უნგრეთში, სადაც მაღალპოლიგრაფიული გამოცემა ორჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ქართულ სტამბებში ასეთივე ხარისხის წიგნის დაბეჭდვა. რატომ? იმიტომ, რომ კანონი გვაქვს “ჭკვიანური”.

ახლა საკითხის მეორე მხარეს მივხედოთ და მერე ცოტათი წავიფილოსოფოსოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, თუ რა პრობლემების წინაშე დააყენებს მომავალ მკითხველს უფროსების ასეთი მიჯაჭვულობა საბავშვო ლიტერატურაზე (ამ ცნებას ბოლოსკენ უფრო დავაზუსტებ), ანუ რა დახვდება ახალ თაობას, როცა ისინი წამოიზრდებიან და გამოვლენ “სამი გოჭის” ან მაინ რიდის ასაკიდან? აი, აქ იწყება ფილოსოფია, მარტივი, მაგრამ ზუსტი:

ამასწინათ, ალექსანდრ პიატიგორსკის ერთ სტატიაში ამოვიკითხე თანამედროვე ბრიტანელი ფილოსოფოსის, ჯონ ო’ნილის აზრი: “მომავლის ადამიანთა წინაშე ჩვენი ვალდებულებები განსაკუთრებული ფილოსოფიური პრობლემაა”. იქვე იყო ამერიკელი მოაზროვნის, რობერტ გუდინის აბზაციც: “ამ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვავნოთ კიდეც მომავალ თაობებს და ვახეიროთ კიდეც, ხოლო ისინი ვერც დაგვეხმარებიან და ვერც ხელს შეგვიშლიან. ამის გამო პრობლემა ლოგიკურიდან ეთიკურის პლანში ინაცვლებს.”

ჩვენთან სამწუხაროდ ეთიკურს კი არა, მომავლისადმი პასუხისმგებლობის ყველაზე მარტივ წესებსაც არ ითვალისწინებენ. ეს კარგად ჩანს დღევანდელი თბილისის განაშენიანების გეგმიდან, ონის წყალსაცავის იდეიდან და მრავალი სხვა, უკვე განხორციელებული თუ განსახორციელებელი ბრიყვული პროექტიდან. მომავლის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს ვერც თანამედროვე ქართული მწერლობა.

ორტეგა-ი-გასეტი წერდა დიდი ხნის წინ (გასული საუკუნის 30-იან წლებში), რომ მდარე, უფერული, წყალწყალა აზროვნება იმდენად გათამამდა, რომ თავს უფლებას აძლევს, ეს სიმდარე ყველას მოახვიოს თავს, როგორც ცხოვრებისა და აზროვნების ნორმა. ბრიტანელმა კრიტიკოსმა ჯორჯ უოლდენმა კი 90-იანებში თქვა: “დღევანდელი თაობის ბანალური ინფანტილობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ბავშვებისთვის დაწერილ წიგნებს კითხულობს, და თავადაც წერენ სხვებისთვის ამ წიგნებს, და ეს სხვებიც ბავშვებად მიაჩნიათ, რომლებიც არასდროს გაიზრდებიან. მაგრამ ისინი გაიზრდებიან და ეს იქნება კრახი ახლანდელი პოლიტიკური სისტემისთვის”.

როგორც ვხედავთ, ბრიტანელები ბანალურ ინფანტილობაში დიდ საშიშროებას ხედავენ პოლიტიკური სისტემისთვის, ჩვენთან კი პირიქით, სისტემა დგას “საბავშვო ლიტერატურაზე”, ინფანტილობაზე, უმწიფარობაზე, ბავშვურ შედარებებსა და ენის მოჩლექაზე.

დღევანდელ საქართველოში ეს ინფანტილობა, “საბავშვო ლიტერატურა”, ყველგანაა. მაგალითად, რა არის “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, თუარა “ჩემი პირველი ზღაპრების ვარდისფერი წიგნი” (სხვათა შორის, ასეთი წიგნი რეალურად არსებობს, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოცემული 2007 წელს), საქართველოს პრეზიდენტის ყოველ შეხვედრაზე “მოსახლეობასთან” კი მაიკლ მურის “ფარენჰაიტი 9/11”-ის კადრები მახსენდება, თვითმფრინავების შეჯახების ამბავს რომ ჩასჩურჩულებენ ბუშს და ის ამ დროს My Pet Goat-ს უკითხავს პატარებს.

ახლა დროა ქართული ლიტერატურის ინფანტილურ ბუნებაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მწერლების ბანალურ-ინფანტილურ კონფორმიზმზე აქ არაფერს ვიტყვი, ავტორები ამჯერად არ მაინტერესებს, არამედ ის რაღაცა, რაც თავისდაუნებურად ძალაუფლებას უმყარებს საფუძველს, ძალაუფლებას, რომელიც სხვადასხვა ნიღბის მიღმა იმალება, და ერთ-ერთი ასეთი ნიღაბი, სამწუხაროდ, საბავშვო, ანუ ბავშვური ლიტერატურაცაა. დღეს მთელი ქართული ლიტერატურა, არსებითად, ინფანტილობაშია ჩაფლული, იგი საბავშვოა იმ გაგებით, რომ მისი წაკითხვა მხოლოდ ყურადღებას თუ გადაგატანინებს (საბავშვო ლიტერატურაც ხომ ესაა, მთავარია მოსმენის ან თვალიერების პროცესში ბავშვმა საჭირო რაოდენობის ლუკმა გადაყლაპოს, დროზე დაიძინოს, არ იცელქოს და ა.შ.), ამ ლიტერატურის კითხვას მხოლოდ მოდუნება მოსდევს, ხშირად აპათია გეუფლება ხოლმე, უფრო იშვიათად კი გასართობად თუ გამოდგება. უახლეს ქართულ ლიტერატურაში ვერ ნახავთ ძლიერ, ამბოხებულ, ჭკვიანურ, მახვილგონივრულ, გესლიან ტექსტებს და ძველი თუ ახალი თაობის ქართველი ფსევდო-ბიტნიკები სამწუხაროდ საქმეს ვერ შველიან, ისევე როგორც უცხოურ სამწერლო პიარ-ტექნოლოგიებს აყოლილი და მშობლიურ წიაღში ენასთან ხან წარმატებით და ხან წარუმატებლად მოთამაშე სკანდალისტი ჰერმეტისტები, რომ არაფერი ვთქვათ ენაში და ამბებში ჩაღრმავებულ ნაყოფიერ ოსტატებზე და ხუმარა რომანისტებზე.

მემგონი მიმიხვდით, რომ ზემოთ საბავშვო ლიტერატურას ცოტა სხვა მნიშვნელობით ვგულისხმობდი. კონკრეტულად საბავშვო წიგნებს არაფერს ვერჩი. ამ წერილში არც მისი გამოცემის, თარგმანის, ილუსტრირებისა თუ რედაქტირების ხარისხს ჩავუღრმავდები (იმედია ოდესმე მაგისთვისაც მოვიცლი), მე უბრალოდ ის მადარდებს, თუ რას წაიკითხავს ჩემი შვილი 14 წლის შემდეგ, როცა ის 16-ის გახდება, რას წაიკითხავენ ჩემი მეგობრის შვილები 2-3 წელიწადში. საბავშვო წიგნების ასაკის შემდეგ ხომ უდიდესი უფსკრულია ამოსავსები. ნუთუ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო “რიდერების” იმედად უნდა ვიყოთ, დაჭრილ-დაჩეხილი ტექსტებით, იმპრესიონისტული წინასიტყვაობებითა და იდეოლოგიური კომენტარებით, ნუთუ ჩვენმა შვილებმა იგივე წიგნები უნდა იკითხონ, რასაც ჩვენ ვკითხულობდით 16-18 წლისები?

არ მაწყობს ეგ ამბავი. რატომ უნდა მივაჩეჩო შვილს მაინცდამაინც დოსტოევსკის “იდიოტი”, ჰესეს “ტრამალის მგელი” ან ნიცშეს “ტრაგედიის დაბადება...”? რატომ გვგონია, რომ ისინი უჩვენოდ წიგნებს ვერ მიაგნებენ, თუნდაც იმავე წიგნებს? იქნებ სჯობს “მისტერიების” და კამიუს კითხვას თავისი მწერლები აღმოაჩინონ, ოღონდ ქართულად თარგმნილი? ვინმე ჯონ კენედი ტული ან მალკოლმ ბრედბერი, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი გვქონდა მაშინ გაგონილი...

აი ახლაც, ეს ორი ავტორი რომ დავასახელე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისევ ვიღაცას რაღაცა შევაჩეჩე. ამიტომ, აღარ გავაგრძელებ ვარაუდებს, უბრალოდ ერთს დავძენ: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი, რასაც მოზარდები წაიკითხავენ, მწვავედ თანამედროვე იყოს და მართალი, ნაღდი, ქართულ ენაზე დაწერილი ან ქართულად კარგად თარგმნილი. უცხოენოვანი დედნით ისინი მერეც არაერთხელ ისიამოვნებენ (თუკი სამუდამოდ არ დაანებეს თავი კითხვას), ხშირად იხუმრებენ ხოლმე იმ ძველ თარგმანებზე, იხუმრებენ მწარედაც, როცა დედანს იმ ძველ თარგმანს შეადარებენ, მაგრამ ზუსტად ეცოდინებათ, რომ ის მაინც მათი წარსულია და ყოველთვის ეხსომებათ თავიანთი გაბედულება, როცა ბავშვობიდან გამოსულებმა პირველად გაიარეს მართალი ლიტერატურის ცეცხლში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG