Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი მდინარე


პიტერ აკროიდი თავის წიგნში, “ლონდონი: ბიოგრაფია”, ქალაქის გამქრალი მდინარეების შესახებაც წერს. მის უზარმაზარ წიგნში ამ თავს მცირე ადგილი უკავია, თუმცა დაფარულ მდინარეებს სხვა თავებშიც არაერთხელ შეხვდებით.

აკროიდი პირველი არ ყოფილა, გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთმა ავტორმა (ნიკოლას ბარტონმა) მთელი მონოგრაფია მიუძღვნა ამ თემას და წიგნს “ლონდონის დამარხული მდინარეები” უწოდა. ამ თემაზე მანამდეც წერდნენ ინგლისელები - მას შემდეგ, რაც მდინარეების დამარხვა დაიწყეს, ბევრი დაინტერესდა დაფლული წარსულით.

ლონდონში 15-მდე გამქრალი მდინარე ყოფილა, ზოგიერთი ლიტერატურიდანაც გეცნობათ ალბათ, მაგალითად, ფლიტი, ან უოლბრუკი, ესენი კარგა ხანია აგურის უზარმაზარ მილებში არიან მოქცეული, სხვები კი რკინის მილებში მიედინებიან და ეს მილი-მდინარეები მეტროს სადგურებშიც შეგიძლიათ ნახოთ. სოჰოზე ერთი სახლი ყოფილა, რომლის სარდაფშიც, გისოსებს მიღმა, წყვდიადში, ერთი პატარა მდინარე “მოჩუხჩუხებს”. ეს მდინარე სულ რამდენიმე საუკუნის ყოფილა, რადგან XVII საუკუნის საკანალიზაციო მილის ადგილას წარმოქმნილა მიწისქვეშა წყლებისგან.

ასეთი “მდინარეები” თბილისშიცაა, ღია თუ ფარული, ბევრია ე.წ. ხევის წყლებიც, მიწისქვეშა მდინარეები, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე წარმოქმნილი საკანალიზაციო მდინარეები. ყველაზე ცნობილები რა თქმა უნდა მოზრდილი მდინარეებია - დიღმისწყალი, გლდანისწყალი, ვერე, წავკისისწყალი და ლოჭინისწყალი. გარდა ამისა, მტკვრის ნაპირებზე აუარება ხევი ჩამოდიოდა – დუქნის ხევი, ნავთის ხევი, ვარაზის ხევი, არდონის ხევი და სხვ. ეს ხევები და მდინარეები დღეს აღარავის ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეშიც და საბჭოთა პერიოდშიც თბილისს კარგი მკვლევრები ჰყავდა.

თეიმურაზ ბერიძემ, მამისა ბერძნიშვილმა, ვახტანგ ბერიძემ, თენგიზ კვირკველიამ და სხვებმა თავის დროზე დაწვრილებით, ფენა-ფენა შეგვასწავლეს თბილისის ისტორია და გეოგრაფია, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მდინარეებისა და ხევების ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია და დღემდე არ არსებობს გამოკვლევა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველა მასალა, სიტყვიერი თუ ვიზუალური, და სადაც მთლიანად გამოჩნდებოდა ქალაქის ხევებით დანაოჭებული სახე.

დღეს ჩვენი ქალაქის N2 ნაოჭზე და ერთ-ერთ უმთავრეს დარდზე მინდა გითხრათ, მდინარე ვერეზე. სამწუხაროდ, დღეს მასაც იგივე სჭირს, რაც ლონდონის გამქრალ მდინარეებს სჭირდათ ოდესღაც. ისიც სიბინძურის კერადაა ქცეული და ამიტომ, ზოგიერთებს მისი დამალვა სურთ, როგორც ცოდვის, როგორც შეცდომის - ისე, რომ აღარასდროს გაახსენდეთ. არადა ტემზაში ჩამდინარე შენაკადებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა დაავადებების კერად იქცეოდა ხოლმე, მდინარე ვერეს ხეობა სარეკრეაციო ზონაა და მისი ასეთი “ამოკეტვით”, რამდენიმეზოლიანი მაგისტრალის გაყვანით და თბილისის სიმბოლოდ ქცეულ “აშენება-მიშენება-დაბინძურების პერსპექტივებით” მხოლოდ დავაგუბებთ სასუნთქ არტერიას.

ამ მდინარის ნაპირას მთელი ჩემი ცხოვრება, 35 წელი გავატარე და არ მინდა იგი უდაბნოში გაზრდილების გულგრილობას შეეწიროს. მდინარის მომავალი ძალიან მაღელვებს და არ მინდა, რომ მან ბეტონის ესტაკადების ცივი ჩრდილის ქვეშ იდინოს. ვერე ისედაც ნაგვის ალყაში იყო მოქცეული ათწლეულების მანძილზე და მის “გადაფარვას”, სჯობს ისევ მდინარის სისუფთავეზე ვიზრუნოთ, რადგან იგი დღესაც ნაგვის ალყაშია. ეს მდინარე ბოლო რამდენიმე ათეული წელია ჩემს თვალწინ მიედინება, მიედინება და მიაქვს ამ უიმედო ხეობის ნაგავი და მასთან ერთად, დარდებიც.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ხეობა ძალიან დამახინჯდა, თუმცა ბოლო წლებმა ყველაზე მძიმე კვალი დატოვა მასზე. ზოგან სახლის ასაშენებლად მოასწორეს მდინარის სანაპირო გავაკებები, ზოგან ახლომახლო აშენებული კორპუსებიდან მორჩენილი ნაგავი მიმოაბნიეს, ახლა მრავალზოლიანი მაგისტრალებიო, ესტაკადებიო... მოკლედ, ხან რითი ემუქრებიან ჩვენს მდინარეს, ხან რითი.

დღეს ვერეს ბედით აღარავინაა დაინტერესებული, აღარავის ახსოვს იგი. მას არც ტელეარხებზე ახსენებენ და ვერც გაზეთებში ამოიკითხავთ რამე ჭკვიანურს ვერეს გადარჩენის შესახებ, არადა მდინარეს მართლა ესაჭიროება შველა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაცოცხლებისთვის ბრძოლას, დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკის პირობებში, წარმოუდგენელი ენერგია დასჭირდება.

მარკესს აქვს ერთი ტექსტი, მდინარე მაგდალენაზე – ტექსტს “ჩვენი ცხოვრების მდინარე” ჰქვია. ეს მდინარე დღეს უკვე დაღუპულია, არადა თავის დროზე შეიძლებოდა მისი შველა: “ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს...”

მაგდალენა ძალიან დიდი მდინარეა, მარკესიც დიდი მწერალია. მართალია, ვერე პატარა მდინარეა, მაგრამ ზოგიერთებისთვის ისიც “ცხოვრების მდინარეა”. მაგალითად, ჩემთვის ან ჩემი რამდენიმე უბნელისთვის, რომლებსაც ხრამულიც დაგვიჭერია ვერეში, ალუჩა და გარგარიც მოგვიპარავს მის ხეობაში გაშენებულ ბაღებში და კურდღლებსა და ტყის ქათმებსაც გადავწყდომივართ (კუები და ზღარბები ვაკე-საბურთალოს გზაზეც ბლომად დასეირნობენ). ღამის სიჩუმეში, ნაწვიმარზე, მდინარის გუგუნისთვისაც გვისმენია და სიცხით დამშრალი მდინარის პირზეც გაგვივლია.

მე ვაკის პარკთან ვცხოვრობ, არადა ჩვენამდე მდინარე ბევრ სხვა ადგილსაც გამოივლის. პირველ რიგში სოფლებს: შამთას, დრეს, ღვევს, ჩაუვლის ბეთანიის მონასტერს, ჩამოიტოვებს ახალდაბასა და წყნეთს და თბილისში შემოდის, ბაგების კანიონებში გამოიკლაკნება და უკვე კარგა გვარიანად დაბინძურებული ჩვენს კორპუსსაც ჩაუვლის. სადღაც ატენის ქუჩასთან, დოლიძის მხრიდან, ლამის თავად მდინარისხელა კანალიზაციის ნაკადი შეერთვის და მერე ერთი სული აქვს როდის ჩაცლის მთელს ამ სიბინძურეს მტკვარში.

აშკარაა, რომ მდინარე ვერე გადასარჩენია, მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ? ამ ეტაპზე ის მაინც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მდინარე ვერეს ისტორია დავწეროთ, მოვაგროვოთ საარქივო ფოტო და ტექსტური მასალა, მოვაწყოთ ექსპედიციები, რომლებიც დეტალურად შეისწავლის მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სხვათა შორის, ამ თემაზე კარგა ხანია უკვე მიდის საუბარი გლობალურ ქსელში: “მდინარე ვერეს გადარჩენის კლუბი” არაა მხოლოდ ვერეს ნაპირელთა საფიხვნო, აქ ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მდინარე მხოლოდ ცუდი ფიქრებისა და სიზმრების გასატანებლად არ მოედინება, არამედ იმისთვის, რომ შეგვახსენოს დროის არსებობა და ადამიანთა პასუხისმგებლობა.

ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ამასწინათ მტკვარზე: “ძალიან კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს ისტორიულ დროში, ურბანულ გარემოში, სოციუმში, საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ ჯერ მტკვრის დასუფთავებას მიაღწიო, მერე თუნდაც ხელოვნური პლიაჟი მოაწყო და შეზლონგზე წამოწვე”. ვერაფერს იტყვი, მართალია ეს კაცი, მაგრამ მდინარე ვერეს გადარჩენა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი დისკომფორტის პირობებშიც შეიძლება. მაგდალენასავით არც ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხის დარგვა სჭირდება ჩემს მშობლიურ ხეობას და არც რამე უზარმაზარი თანხები, სჭირდება მხოლოდ ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ქომაგი.

მარკესს უწერია იმავე ტექსტში: “გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, იგი რეალურია”. მდინარე ვერეს გადარჩენა კიდევ უფრო რეალურია, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ იგი სულ რაღაც 45 კილომეტრი სიგრძისაა.

კიდევ ერთი მდინარე გამახსენდა, ვერეზე ექვსჯერ გძელი (260 კმ) და მაგდალენაზე ექვსჯერ მოკლე, სპუნ რივერი (Spoon River), მდინარე, რომელსაც ედგარ ლი მასტერსმა გაუთქვა სახელი. Spoon River Anthology (1915) ამ გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტის შედევრია, ეპიტაფიების კრებული, წიგნი-სასაფლაო, სადაც გამოგონილი ქალაქის გამოგონილი მაცხოვრებლები არიან დაკრძალული და საიდანაც ისინი ყველაზე მთავარზე, სიცოცხლის წარმავალობაზე გვესაუბრებიან.
ჰოდა გავუფრთხილდეთ მდინარე ვერეს ხეობას, სანამ იგი ცოცხალი თბილისის ცოცხალი ნაწილია და არა “ტიფლისი, გრანტის საგრაფო”, ქალაქი-სასაფლაო.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG