Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თუ კარგად მოიქცევი, დაგალევინებ ერთ ჭიქას”


ეს სიტყვები მუხრან მაჭავარიანმა გუშინწინ უთხრა მიხეილ სააკაშვილს. კონტექსტის გარეშე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს უკვდავების ან სიბრძნის წყაროზე იყოს საუბარი, 80 წლის მხცოვანი პოეტი ახალგაზრდა და იმპულსურ მმართველს რომ სთავაზობს, არადა “დაგალევინებ”-ში ერთი ჭიქა ადესა იგულისხმებოდა, ღვინო, რომელიც ყველაზე უინტერესო ჯიშიდან, იზაბელადან იწურება.

იზაბელა წარმოშობით ამერიკულია, საქართველოში მისი ისტორია სულ რაღაც 150 წელს ითვლის და მას არაფერი აქვს საერთო ქართულ ტრადიციულ მეღვინეობასთან. ამ ჯიშმა თავის დროზე მთელს დასავლეთ საქართველოს გადაუარა და აუარება უნიკალური ჯიში წაართვა. ადესის (იზაბელას) დამსახურებაა, რომ დღეს გურიაში თითქმის ვეღარ ნახავთ უნიკალურ გურულ ჯიშებს: ჩხავერს, სხილათუბანს, ხემხუს, საკმიელას, ჯანს. გურიის გარდა, მისი გამანადგურებელი კვალი დღემდე კარგად ჩანს სამეგრელოში და იმერეთში. ჰოდა, პრეზიდენტის სტუმრობის პირველივე კადრებში ამ კვალმა თავი არ დამალა. კლასიკოსმა პრეზიდენტი სწორედ ადესის მაღლარი ვაზის წინ ჩაატარა და ღვინის გასინჯვასაც დაჰპირდა. მართალია სააკაშვილს ერთი კი წამოცდა, კლასიკურ ჯიშად არ ითვლება ადესაო, მაგრამ იქვე ზრდილობიანად დასძინა: “მე ძალიან მიყვარსო”.

შემდეგ უკვე სუფრასთან ვითარდებოდა მოქმედება, სადაც ადესის ქება-დიდება ახალ საფეხურზე ავიდა. პირველი ყლუპისთანავე პრეზიდენტმა თქვა: “ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც კი გამისინჯავს... თქვენი ლექსივით მსუბუქია და ძაან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს”.

მართალია, პრეზიდენტმა ზეაღმატებული შეფასებები ნამდვილად არ დაიშურა პოეტის მისამართით, მას რამდენიმეჯერ გენიოსიც კი უწოდა, “ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე”, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვერ გათვალა რაღაცეები და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსები ადესის ღვინოს შეადარა, ღვინოს, რომელსაც არც დაძველების (დავარგების) პოტენციალი აქვს, არც ჯანმრთელობისთვისაა მაინცდამაინც კარგი და არც სხვა რამ თვისებებით გამოირჩევა.

ვინ იცის, იქნებ ეს პრეზიდენტის მწარე ხუმრობა იყო, რომელიც უსაქმოდ დარჩენილი თანამედროვე ქართველი კრიტიკოსებისთვის გზის მაჩვენებელი უნდა გამხდარიყო? იქნებ ამ უხერხული შედარებით მიხეილ სააკაშვილი სულ სხვა მიზანს ისახავდა?

ერთი ცნობილი თანამედროვე ღვინის მწერლის, ჯენსის რობინსონის შემთხვევა გამახსენდა, რომელმაც ყმაწვილქალობაში, - როცა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა ღვინოზე წერა და ჯერ კიდევ იმკვიდრებდა თავს, - ვიღაცის სტატია წაიკითხა, სადაც ავტორი ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს კონკრეტულ ღვინოებს ადრიდა. ჯენსის რობინსონი Beaujolais-სთან იყო შედარებული, მსუბუქ, ხილის ტონებიან, ნაკლებადხარისხიან ღვინოსთან, რომელსაც თითქმის არ გააჩნია დაძველების პოტენციალი. ამ ერთი შედარების ჯინაზე, ჯენსისმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ დავარგების დიდი პოტენციალი ჰქონდა და იმდენი იმეცადინა, რომ Master of Wine-ის ხარისხი სულ ზარ-ზეიმით გადასცეს.

მე რომ მუხრან მაჭავარიანი ვყოფილიყავი, ადესა ღვინოსთან ამ შედარებას ნამდვილად არ მივიღებდი. თუმცა, ბატონ მუხრანს, მემგონი ძალიან მოეწონა შედარება, იგი ხომ თავის ადესას დიდებულ ღვინოდ მოიხსენიებდა?!

ბოლო დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მოუხშირა მწერლების დაბადების დღეებზე სიარულს, თანაც ყოველთვის დაგვიანებით მიდის ხოლმე. გადაივლის იუბილის ქარიშხალი და მეორე დღეს, ანდა სულაც, რამდენიმე თვის შემდეგ, მიაკითხავს პრეზიდენტი კლასიკოსს და მიულოცავს, ანუგეშებს, ეტყვის რომ გენიოსია, ბლომად ციტატებს მოიყვანს, მერე ინტერპრეტაციებზე გადავა, შემოგვთავზებს იუბილარი კლასიკოსის ტექსტის რეცეფციულ ან დეკონსტრუქტივისტულ წაკითხვას, ბოლოს საჩუქრის ჯერიც დგება...

ამ მხრივ, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოსვენებული იყო ქართული მწერლობა. არც ხნიერი და არც ახალგაზრდა მწერალი არავის აინტერესებდა, მასთან არავინ დადიოდა, ყველას თანაბარ პირობებში უწევდა ცხოვრება, ყველა თავის წილ ტანჯვასა და პირად გამოცდილებას იღებდა მომავალი რომანებისთვის და პოეტური კრებულებისთვის. მწერალთა ზოგიერთ ჯგუფს შენობიდან ერეკებოდნენ, მეორე ჯგუფს ჟურნალი-გაზეთი-სტამბა-ტელევიზია – ყველაფერი ერთდროულად დაუხურეს, ზურა რთველიაშვილს და ირაკლი კაკაბაძეს ციხეში უკრეს თავი, ზოგიერთი მწერალი კიდე უარეს დღეში ჩავარდა... დღეს ეს ბრძოლა და ბედის წრთობა უკვე ისტორიის საკუთრებაა, ქართველ მწერლებს აღარ მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, ისინი ისევ ისე, ძველებურად, უგამოცდოდ გავლენ ცხოვრებაში.

ამის ნიშნები შარშან, საახალწლო დღეებში გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა მწერლებს წვეულება გაუმართა რესტორან “წისქვილში”. უკვე წელს, 27 მარტს, აპრილის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტი გურამ დოჩანაშვილს ეწვია და დიდხანს ესაუბრა ქართულ ლიტერატურაზე, კინოსტუდიის მთავარი რედაქტორის ჭაპანზე, ფლორენციაზე და ბოლოს ჩვენი ქვეყნის მარკ ტვენიც კი უწოდა მას...

და აი, გუშინწინ, მუხრან მაჭავარიანისთვის დაბადების დღის მისალოცად პრეზიდენტი არგვეთში ჩავიდა. მოუჯდა გვერდით თავის საყვარელ პოეტს და ჩამოყარა ციტატები. მუხრან მაჭავარიანი ალბათ გაოგნებული იყო ამ ადამიანის ფენომენალური მახსოვრობით, არადა თითქოს გუშინდელი დღესავით ახსოვდა, ანა კალანდაძის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა რომ გალაკტიონის “ატმის რტოო...” ანა კალანდაძის “თუთად” წაიკითხა (რას იზამ, ორივე ათმარცვლიანია, ინტონაციურადაც ერთნაირი ლექსებია, პრეზიდენტს კი არა, აკაკი გაწერელიასაც კი აერეოდა).

ერთი-ორჯერ პოეტი მამა-შვილურად გაეხუმრა პრეზიდენტს, რამდენჯერმე შეაქო და საქციელი მოუწონა და ერთი დიდი თხოვნაც გაანდო. ეს თხოვნა სოფელ არგვეთში წყლის გაყვანა იყო:

თხოვნა: “ჩემი სახელი დაარქვი თუ გინდა და ამ არგვეთს გაუკეთე ეს წყალი".

პერფორმატიული პასუხი თხოვნაზე: “ჩათვალეთ, რომ მუხრან მაჭავარიანის წყალსადენი გაკეთდება წლის ბოლომდე”.

ვულოცავ არგვეთელებს.

ამ თითქმის ათწუთიანი, გრძელი სიუჟეტის შესახებ ბოლო ორი დღის მანძილზე ბლომად კომენტარი მოვისმინე და წავიკითხე. ფორუმებზე და "ფეისბუკზე" ბევრ რამეს წერდნენ, სხვადასხვა პოზიციიდან, სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების, სხვადასხვაგვარი იუმორის ადამიანები. იყვნენ ისეთები, ვინც მოქალაქეობრივ პოზიციასაც უწუნებდა ბატონ მუხრანს. თუმცა არ ვიცი, რამდენად ღირს მუხრან მაჭავარიანის სამოქალაქო პოზიციებში ჩაღრმავება. ღმერთმა უწყის, რას ვიპოვით ამ პოზიციების ფსკერზე. ახლა ეს არაა მთავარი. სტუმარს მასპინძლობა უნდა. ჩემთვის ის უფრო გულდასაწყვეტია, რომ ბევრის თვალში ასეთი შეხვედრები და ვიზიტები, - ხან ატმის ბაღებში და ხანაც ადესის მაღლარის ჩრდილქვეშ, - კუნდერას ე.წ. “უკვდავების კადრებივით” რჩება. მართალია 90-იანი წლებისგან განსხვავებით, “უკვდავების” ეს ტიპი ძალზე შეიცვალა, მაგრამ მისმა სახიფათო ბუნებამ საქართველოში კიდევ უფრო მაცდური სახე მიიღო.

ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლების ეთერში ერთი ბრიტანელი ჟურნალისტი ამბობდა: “[სააკაშვილის] რწმენით, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდეს CNN-ის ეთერით მისი გამოსვლის ან სხვა ქვეყნის ლიდერთან კერძო სატელეფონო საუბრის მეშვეობით.” ეს სიტყვები გუშინწინ გამახსენდა, როცა ამ საუბარს ვუსმენდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა იმედებს შეიძლება ამყარებდეს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ვთქვათ, ფარიდ ზაკარიას გადაცემაში პირდაპირ ჩართვაზე, რამდენიმე კამერით გადაღებულ ადესის დეგუსტაციაზე არგვეთში ან პირდაპირ ეთერში ლექსების დეკლამირებაზე...

თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა, მანამდე კი დაველოდოთ მორიგ სტუმრობას. ჰო, მართლა, 11 ნოემბერს კიდევ ერთი კლასიკოსის იუბილეა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG