დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ადამიანის უფლებების დარღვევა, მიკერძოებული სასამართლო და დეზინფორმაცია - საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება მოსამართლეებით დაიწყო; ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრძალვები დაუწესდათ.
რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა ყველა სადამსჯელო ზომას, რომლებიც 2023 წლიდან დაიწყო, შენარჩუნდა 2024 წელს და, სავარაუდოდ, გაგრძელდება 2025 წელსაც.
#1
2023 წლის აპრილი - სავიზო შეზღუდვები ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებს
2023 წლის აპრილში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:
- მიხეილ ჩინჩალაძეს [თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე];
- ლევან მურუსიძეს [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი];
- ირაკლი შენგელიას [სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე];
- ვალერიან ცერცვაძეს [სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე]
„მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“.
სავიზო აკრძალვა შეეხო ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების ოჯახების წევრებსაც.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ „ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა“ და „ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“.
იმხანად აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განმარტა, რომ - გადაწყვეტილება დაეფუძნა „სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას“, რომ ეს პირები „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში“.
მოსამართლეების სანქცირებას ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ქართული ოცნება" აშშ-ისგან ითხოვდა მტკიცებულებებს; ხოლო ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საელჩოს მიმართეს - მოეხსნათ სანქციები.
„ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის სანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც "ენჯეო" სექტორის რიგითი წარმომადგენლები და "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ“, - ამბობდა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
„ეს იყო პირველი პრევენციული ხასიათის სანქციები. ამას არ ჰქონდა მასშტაბური სახე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორუფციაში ჩართულია მოსამართლეების დიდი არმია. ეს ზომები დაწესდა იმისთვის, რომ ქვეყანას გაემახვილებინა ყურადღება ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე სასამართლო სისტემაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი და ამატებს, რომ „პრევენციული სანქციები “ქართული ოცნებისთვის” გაკვეთილად არ გამოდგა და შემდეგ უარესი მოხდა“.
#2
2023 წლის სექტემბერი - სანქციები ოთარ ფარცხალაძეს
2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ანგარებით თანამშრომლობაში ამხილა და „[საქართველოში] რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო, სანქციები დაუწესა ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.
ამ დროს, ფარცხალაძე როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მოქალაქე იყო. მოგვიანებით, მას საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა ჩამოართვა.
საქმის მასალების თანახმად: ფარცხალაძეს ეფესბე იყენებდა „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“; ფარცხალაძემ მიიღო პირადი სარგებელი ეფესბესთან თანამშრომლობით; ეფესბეს ოფიცერი თავის „თანამოაზრე“ ფარცხალაძეს დაეხმარა რუსული პასპორტისა და, სავარაუდოდ - რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
მმართველმა პარტიამ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ავტომატური ამოქმედება დაუშვებელი იყო, რადგან ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა.
ფარცხალაძეს შეეხო სანქციები - აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანება #14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს „რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
ამ ფორმით სანქცირებულებს ეზღუდებათ როგორც ფულის განკარგვა, ასევე საფინანსო ოპერაციები.
ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა.
შედეგად: კომერციული ბანკების უმრავლესობა გაემიჯნა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას; პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი; ლარმა გაუფასურება დაიწყო.
#3
2024 წლის ივნისი, სავიზო შეზღუდვები - მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს
2024 წლის ივნისში, აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა საქართველოს ათობით მოქალაქეს - „20-დან 30-მდე პირს“.
ადრესატებად დასახელდნენ: „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები, კერძო პირები; ასევე მათი ოჯახის წევრები. თუმცა გვარები არ დასახელებულა.
„ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვგზავნით შეტყობინებას, მაგრამ ისინი ამის შესახებ გაიგებენ, თუკი ეცდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას“, - განაცხადა 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა სამ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.
„აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ქართველი ხალხის სურვილს“, - განაცხადეს 6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
#4
2024 წლის სექტემბერი - სავიზო შეზღუდვები და მაგნიტსკის სიის სანქციები
16 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, „რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით“.
სავიზო შეზღუდვები შეეხოთ მათ ოჯახებსაც. გვარები არც ამჯერად დასახელებულა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, აკრძალვა შეეხოთ:
- კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებს;
- დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობ პირებს;
- მომიტინგეებზე მოძალადე სამართალდამცავებს;
- პარლამენტის წევრებს - რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის გატანასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
ამავე დღეს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს [ხარებას], მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს და ასევე - ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხივე მათგანი „გლობალურ მაგნიტსკის სიაში“ დაამატეს, რაც უმძიმეს საფინანსო შეზღუდვებს ითვალისწინებს.
მაგნიტსკის სია შედგა 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ საფუძველზე. თავდაპირველი მიზანი იყო მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის სამართლებრივ დევნასა და ციხეში მის სიკვდილთან კავშირის მქონეთა დასჯა. აშშ-ის ეს კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილებისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. მაგნიტსკის საქმის გარდა, აშშ-ის კანონი ითვალისწინებს ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევთა სანქცირებას სხვა ქვეყნებშიც.
#5
2024 წლის დეკემბერი - ისევ სავიზო შეზღუდვები
12 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქართველოს 20-მდე მოქალაქის, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვების ახალი პაკეტი შეეხოთ მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს - დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.
გვარები, როგორც ადრე, არც ამჯერად დასახელებულა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს და ქვეყნის კონსტიტუციით არის დაცული.
„ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირს და მათი ოჯახის წევრებს“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის განცხადება იყო ერთი კვირით ადრე და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ ჩვენ ვამზადებთ დამატებით სანქციების პაკეტს. ეს არ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება. უნდა დარწმუნდე, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებ, როდესაც აწესებ სანქციებს და სწორედ ეს არის, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა ახლა, საუბრის მომენტშიც კი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, 16 დეკემბერს, ბრიფინგზე.
#6
2024 წლის დეკემბერი - ევროკავშირის სანქციები, შეზღუდვები
16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე იმსჯელეს და დაადგინეს - უვიზო რეჟიმის შეზღუდვა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.
საქართველოს კანონმდებლობით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობენ უმაღლესი, მაღალი და საშუალო რანგის თანამდებობის პირები და რიგ შემთხვევებში - მათი მეუღლეებიც.
„ქართულ ოცნებაში“ ნაწილმა ეს შეზღუდვა იმგვარად გაიგო, რომ მათ ევროკავშირი/შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასვლა ჩვეულებრივი პასპორტებით არ გაუჭირდებათ. მაგრამ, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს ასე არ არის.
„პასპორტი ქაღალდია უბრალოდ. მანდ ყველაზე მთავარია პირი, რომელსაც პასპორტი ეკუთვნის, მისი ბიომეტრიული მონაცემები და პირადი ნომერი. ასე რომ, ვერანაირი სხვა პასპორტით ვერ შევლენ ევროკავშირში. ეს ნამდვილად არ არის სიმბოლური შეზღუდვა. ევროკავშირის ქვეყნებში ჩასასვლელად მათ ვიზა დასჭირდებათ“, - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი და არც იმას გამორიცხავს, რომ „შავ საქმეებში მონაწილეობის გაგრძელების“ შემთხვევაში, მათ ვიზები არ მისცენ, რაც უფრო იოლი იქნება.
ასეთ შეზღუდვაში მხოლოდ „პატარა დისკომფორტს“ ხედავს ირაკლი კობახიძე.
„ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში, უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე, ჩაგირტყამენ და წახვალ შესაბამის ევროპულ ქვეყანაში, ანუ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტით საერთოდ ვერ შეხვალ ევროპაში“, - განმარტა მან ჟურნალისტებთან 17 დეკემბერს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებლის, ყოფილი ელჩის - ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, „ეს ძალიან სერიოზული მორალური დარტყმა“ იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, რადგან ევროკავშირში ჩასასვლელად თავად ვიზებზე მოუწევთ ზრუნვა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ვიზა არ დასჭირდება.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირი, თავისი მოქნილი პოლიტიკით ცდილობდა, რომ მაინც დაეტოვებინათ შესაძლებლობები, მაგრამ ["ქართულმა ოცნებამ"] მათ სხვა გზა არ დაუტოვა... ძალიან საინტერესო ხერხი მოიგონეს ევროპელებმა“, - გვეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი, რომლის ვარაუდითაც - წინ არის „სანქციების ცუნამი“, რომელიც ქუჩაში გამოსული ხალხის „წყნარ ძალასა“ და მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ უკან დახევას აიძულებს.
„ქართული ოცნება“ და მისი მომხრეები ხშირად ახსენებენ 20 იანვარს - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს, რომლის შემდეგაც, მათი რწმენით, ყველაფერი სწრაფად და სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს. ექსპერტების ხედვით, ეს იმედი არარეალისტურია.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საბჭოს სხდომაზე, ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე - როცა კონკრეტული ადამიანები ვეღარ შეძლებდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლას.
პერსონალური სანქციები უკვე დააწესეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პერსონალური სანქციები უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა დაბლოკეს და, შესაბამისად, მან ამ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა - „ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის“.
მოგვიანებით კი, კობახიძის ინფორმაცია უარყვეს რუმინეთმა, ესპანეთმა და იტალიამ. კობახიძემ მეორე დღეს თქვა, რომ ამ ქვეყნებმა პოზიცია ზეწოლის შედეგად შეცვალეს.
#7
2024 წლის დეკემბერი - ბალტიის ქვეყნების პერსონალური სანქციები
15 დეკემბერს ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დაუწესა 17 ადამიანს. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები: ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე; „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი; გიორგი (გია) კობახიძე, ირაკლი კობახიძის მამა [მოხსენიებულია, როგორც პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი].
„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, - დაწერა X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.
ასევე ესტონეთმა დამატებითი პერსონალური სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 14 თანამდებობის პირს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ კობახიძეს - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მანამდე, 2 დეკემბერს, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს 11 პირს - ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.
„ანტიქართული“ - ასე უწოდებენ ბალტიის ქვეყნების სანქციებს „ქართულ ოცნებაში“ და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ, თუმცა საპასუხო ზომებზე უარი თქვეს.
ბალტიის ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ კვლავ „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი გაიხსენა.
„არიან ძალები, რომლებსაც აქვთ არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკავშირში, მათ შორის - კონკრეტულ ქვეყნებში. თქვენ ნახეთ, რა გააკეთებინეს, მაგალითად, კონკრეტულად ლიეტუვას და ესტონეთს, გადაადგმევინეს ანტიქართული ნაბიჯი, აბსოლუტურად თან არაპრაგმატული ნაბიჯი და თან ანტიქართული ნაბიჯი“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
პერსონალურ სანქციებზე ევროკავშირი ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების მომხრეა; თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბალტიის ქვეყნების მსგავსად, პერსონალური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, ორმხრივ ფორმატში, ევროკავშირის ქვეყნებმა მაინც მიიღონ.
# 8
20024 წლის დეკემბერი - უკრაინის სანქციები
დეკემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
სანქციები დაუწესდა 19 ადამიანს, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდიან.
სანქცირებულთა შორის არიან: ირაკლი კობახიძე და მისი მამა - გიორგი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, კახა ბექაური.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძემ „მძიმე მდგომარეობის გამოძახილი“ უწოდა და თქვა, რომ - „დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა“.
კობახიძემ თქვა ასევე, რომ უკრაინა დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ტრამპის ინაუგურაციამდე, გარკვეული ძალების მიზანს რეგიონში ვითარების გართულება წარმოადგენს.
უახლოეს კვირებში ექსპერტები მეტ სანქციასა და შეზღუდვას მოელიან.
ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები მუდმივად მოუწოდებენ თავიანთ აღმასრულებელ ხელისუფლებებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ქმედითი სანქციები დააწესონ.
უკვე სამი კვირაა, თბილისში და საქართველოს რეგიონებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
ფორუმი