Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალია და ესპანეთი ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფენ


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ მხარი დაუჭირეს 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის სანქციებს.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ხუთ ქვეყანას, მათ შორის იტალიასა და ესპანეთს მადლობა გადაუხადა "ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის".

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში ვკითხულობთ, რომ ისინი გმობენ ძალადობას და მხარს უჭერენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს.

"იტალია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გმობს ბოლო კვირებში ქვეყანაში მომხდარ ყველა ძალადობას. მხარს უჭერს უმაღლესი წარმომადგენლის, კალასის მიერ შემოთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებებს, რომლებიც წევრი ქვეყნების თანხმობის არარსებობის გამო დაიბლოკა. ჩვენი ქვეყანა ასევე დაეთანხმა დიპლომატიური ვიზების შეჩერების წინადადებას, რომელიც დაკმაყოფილდა.

ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლებითაც ფაქტობრივად შეაჩერეს ქვეყნის ევროპული გზა, გადაიხედება", - ვკითხულობთ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. განცხადებაში ნათქვამია, რომ სრულად უჭერენ მხარს საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს:

"ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავდა თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუშინ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიისთვის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით", - წერია განცხადებაში.

მანამდე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

"ძლიერ იმედგაცრუებას გამოვხატავთ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო", - წერია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა.

ისინი ასევე შეშფოთებას გამოხატავენ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო:

"ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირთან ასოცირების დიალოგის [შეჩერების] და ქართველების კანონიერი პროტესტის ძალადობრივი რეპრესიების შესახებ".

17 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, "რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე". მათ შორის კობახიძემ დაასახელა უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.

„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, - განაცხადა პრემიერმა.

16 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირმა დაიწყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა და ამ ეტაპზე არ დაუწესა სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG