Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი ახალ წელს - რაზე წუხს და რას ითხოვს ბიზნესი


მასშტაბური პროტესტის ფონზე, დედაქალაქის მერიამ საახალწლო განათებები საზეიმო ღონისძიების გარეშე აანთო. 16 დეკემბერი, 2024 წელი.
მასშტაბური პროტესტის ფონზე, დედაქალაქის მერიამ საახალწლო განათებები საზეიმო ღონისძიების გარეშე აანთო. 16 დეკემბერი, 2024 წელი.

ევროკავშირის მომხრეთა მასშტაბურმა პროტესტმა მთელი საქართველო მოიცვა და შობა-ახალი წლის დღესასწაულებზეც იმოქმედა. საახალწლო ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს ასეულობით მეწარმე. მომავალს ბუნდოვნად ხედავს და ახალ არჩევნებს ითხოვს თავისუფალი ბიზნესი.

იკლო ტურისტების ნაკადმა, რესტორნები საახალწლო შეკვეთებს, მომღერლები კი კონცერტებს აუქმებენ. თუკი ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, მომავლის პერსპექტივას ყველა მუქ ფერებში ხედავს - კრიზისი და იზოლაცია ინვესტორებსაც აფრთხობს.

14 დეკემბერს, დედაქალაქის მერმა რუსთაველის გამზირზე სტუმრები მიიწვია, მაგრამ საახალწლო ნაძვის ხე იმ დღეს ვერ აანთო. აანთეს 16 დეკემბერს, მაგრამ სადღესასწაულო სცენის, კონცერტისა და სტუმრების გარეშე.

არა საახალწლო ბაზრობებს

კერამიკა, ტანსაცმელი, წინდები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია, აქსესუარები, წიგნები, დეკორაციები, კოსმეტიკა - ვრცელი და მრავალფეროვანია იმ საწარმოებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას 2025 წლის საშობაო და საახალწლო ბაზრობებში და არ დააწყობენ პროდუქციას თბილისის მერიის დახლებზე. ეს მეწარმეებისთვის არ არის პატარა მსხვერპლი.

„ჩემთვის და ძალიან ბევრი მსგავსი სახელოსნოსთვის საახალწლო დღეები შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჩვენნაირ ქვეყანაში, როცა ისედაც გაძლებაზე და ბრძოლაზე ვართ, გამოდის, რომ ახლა მაქსიმუმს ვდებთ სასწორზე და მსხვერპლზე მივდივართ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მერაბ გუგუნაშვილი, კერამიკული საწარმო „კრატერ კერამიკ დიზაინის“ [Crater Ceramic Design] დამფუძნებელი და დირექტორი.

მისი საფიქრალი ახლა ძირითადად სახელოსნოს ფართის ქირა და საწარმოში დასაქმებული ადამიანები არიან.

პატარა საწარმოები საახალწლო ბაზრობებისთვის, როგორც წესი, დიდი ხნით ადრე ემზადებიან, საახალწლო დახლებიდან პროდუქცია განსაკუთრებით კარგად იყიდება. სადღესასწაულო განწყობა თავის საქმეს აკეთებს, თან ყველა საჩუქრების ძებნაშია. მაგრამ წელს ბევრისთვის ასე არ არის.

ახალგაზრდებზე ძალადობამ სადღესასწაულო განწყობა გააქრო, - გვეუბნება მერაბი და ამატებს, თუკი არაფერი შეიცვლება - ხალხს სხვა საზრუნავი გააწვალებს, აღარც ტურისტები ჩამოვლენ და კერამიკაც აღარავის დასჭირდება. ის და მისი მეგობრები საახალწლოდაც ქუჩაში აპირებენ დგომას.

კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და სადღესასწაულო აქტივობა თითქმის სრულად შეწყვიტეს, 17 დეკემბრის 22:00 საათისთვის 297-ს შეადგენს.

ხელმოწერების შეგროვება ფეისბუკჯგუფში სახელდახელოდ დაიწყეს. სიაში არიან: AlterSocks • ალტერსოქსი [წინდები],
LILE [საჩუქრები], Kesane - კესანე [მცენარეები], სიო [პრინტები], Ponpon [აქსესუარები], Saini / საინი [დეკორი], Riria-რირია [აქსესუარები], Siba's Art [ნახატები], Tamara's Churchkhela • თამარას ჩურჩხელა [საკვები/სასმელი/ტკბილეული], Toddlers' n [ბავშვის სათამაშო] და სხვა კომპანიები.

თბილისის მერიამ მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობა 9 დეკემბერს დაიწყო და ერთი კვირაც არ იყო გასული, როცა ყველაფერი უკვე მზად ჰქონდა.

მანამდე, 27 ნოემბერს, კახა კალაძემ გამოაცხადა, რომ თბილისში 26-დღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები დაიგეგმა - „მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებები“, „საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსები“ და „განსხვავებული ჟანრის კონცერტები“. იმავე დღეს თბილისის მერმა ბიზნესს მოუწოდა, უფრო ენერგიულად ჩართულიყვნენ „საშობაო სოფლისა“ და დედაქალაქის ქუჩების მორთვაში.

„მშრალ ხიდთან ვნახე, გადაკეტილი იყო ყველაფერი. აწყობენ [მერია] საახალწლო სოფელს თუ რაღაც ასეთს, მაგრამ ვინ მიიღებს მონაწილეობას, არ ვიცი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ჩამონათვალია [საწარმოების], ვინც უარს ამბობს მონაწილეობაზე. ძალიან ბევრია მათ შორის ჩვენი ავტორი, ვისი ნამუშევრებიც ჩვენთან იყიდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „გალერეა 27“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო ყვავილაშვილმა.

ახლა ყველა სხვადასხვა გამოსავალს ეძებს, ელემენტარული საარსებო რომ შეინარჩუნოს.

„ვაპირებთ, რომ მაქსიმალური ფასდაკლება გავაკეთოთ მაღაზიაში, ხელი შევუწყოთ მათაც და ჩვენც წაგვეხმარება იმიტომ, რომ ძალიან იკლო ტურისტმა, წინა წლებთან შედარებით ბევრად ნაკლებია“, - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, „გალერეა 27“-მა თავადაც გადადო 7 დეკემბერს დაგეგმილი დიდი ღონისძიება, რომელზეც საელჩოების წარმომადგენლებიც ჰყავდათ მიწვეული. უარი თქვეს სხვა საზეიმო გეგმებზეც.

ხელმომწერთა სიაშია „ბიბლუსიც“, რომელმაც, მანამდე, ექსპოჯორჯიაში 2-დან 10 დეკემბრამდე დაგეგმილი საახალწლო ფესტივალი გააუქმა.

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფი“ აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება“, - დაწერა „ბიბლუსმა“ ფეისბუკზე.

წელს ყველაფერი სხვანაირადაა

  • მერიის ოფიციალური სტატისტიკით, შარშან, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 23 დღე გაგრძელდა.
  • საშობაო ბაზარში [15 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით] - „289 მეწარმე და 164 კვების ობიექტი“ მონაწილეობდა.
  • „საახალწლო სოფლის“ შენებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კომპანიებმა: „საქართველოს ბანკი“, „კოკა-კოლა“ და „ვისოლ ჯგუფი“.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“, - წერს საქართველოს ბანკი წელს და საზოგადოებას ატყობინებს, რომ საპროტესტო აქციაზე მათი თანამშრომელიც დააკავეს.

„საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე - არ გაჩერდე!“, - ესეც საქართველოს ბანკის 30 ნოემბრის ფეისბუკპოსტია.

კოკა -კოლამ კი წელს ტრადიციული საახალწლო ქარავანი გააუქმა.

„დღიდან დაარსებისა, [კოკა-კოლა] ისწრაფვის, გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს. დღეს ამ მომავლის ერთადერთ გზად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ყოფნას მივიჩნევთ. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე“, - წერია კომპანიის 11 დეკემბრის განცხადებაში.

საახალწლო ნაძვის ხის ანთება დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 14 დეკემბერს სურდა. სტუმრებიც მიიწვია, დიდებიც და პატარებიც - რუსთაველის გამზირზე, მასშტაბური საპროტესტო აქციების ეპიცენტრში, სადაც ძალოვნები რამდენიმე დღე სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს.

14 დეკემბერს ნაძვის ხის ანთება მერიამ ვერ შეძლო და კალაძემ ყველაფერი, ჩვეულებისამებრ, „რადიკალებსა“ და „ლიბერალ ფაშისტებს“ დააბრალა. ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთო, ყველანაირი პომპეზურობის გარეშე.

ნაძვის ხესთან ისევ მომიტინგეები იდგნენ - რომლებიც უკვე თითქმის სამი კვირაა რუსთაველზე დგანან, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“/" პოლიტიკას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.

შეშფოთებული ბიზნესი ახალ არჩევნებს ითხოვს

თავისუფალი ბიზნესის განცხადებას - 17 დეკემბრის 22:00 საათისთვის სხვადასხვა მასშტაბის 706 კომპანია აწერს ხელს. ხელმომწერთა რიცხვი სწრაფად იზრდება.

„კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება“, - წერია ერთობლივი განცხადების ტექსტში.

ხელმომწერთა შორის არიან: მაგთიკომი, პსპ, არსი, ჯიპიაი ჰოლდინგი, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, დიო, 8000 მოსავალი, კლინიკა კურაციო, ბარამბო, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სუპერი, თბილღვინო, ჯეოლაბი, ბლუტაბლა, ბია, ამერიკული აკადემია, ღვინის ეზო N1, ქართული სტარტაპების ასოციაცია, ბექას სკოლა, სათიბე, ეზო, ძველი სუფრა, ლოლი, ტაბლა.

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით“, - უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, გასული კვირის მიწურულს, ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ.

დახურული შეხვედრა „ევროპული ბიზნეს ასოციაციისა“ და აშშ-ის სავაჭრო პალატის ორგანიზებით შედგა, მას შემდეგ, რაც მიმდინარე მოვლენების გამო, ევროპული კომპანიების ტრადიციული ყოველწლიური ფორუმი გადაიდო.

ელჩი ჰერჩინსკი განმარტავს, რომ მშვიდობიანი პროტესტისა და მედიის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენებას „მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის“.

თუკი არაფერი შეიცვლება და საქართველოს იზოლაცია გაგრძელდება, ეკონომიკის მძიმე შედეგების ზეგავლენა ძნელი წარმოსადგენი არ არის ბიზნესისთვის.

„თუკი არ შემობრუნდა სიტუაცია, ეს ნიშნავს უბრალოდ უკან-უკან სვლას და საქართველოს გადაქცევას ისეთ ნაცრისფერ ზონად, სადაც კეთილსინდისიერი და წესიერი ინვესტორისთვის უბრალოდ ადგილი აღარ იქნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი, თინათინ სტამბოლიშვილი, რომელიც ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაში მონაწილეობდა. .

ავსტრიული ინვესტიციით შექმნილი „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.

თინათინ სტამბოლიშვილი გვიყვება პაველ ჰერჩინსკისა და ბიზნესმენების საუბრის მნიშვნელოვან აქცენტებზე. „ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე 4 წლით უარის თქმა, 2028-მდე შეჩერება პროცესის [რაც "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა], ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მატარებელი ჩაივლის“, - უთხრა ელჩმა მეწარმეებს და დაამატა, რომ ევროკავშირს აღარ შეუძლია კვლავ ბონუსის სახით წასწიოს წინ საქართველო, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს მოხდა.

სტამბოლიშვილი გვეუბნება ასევე, რომ მიმდინარე მოვლენებმა უკვე იმოქმედა ტურიზმის, სამშენებლო, უძრავი ქონებისა თუ საფინანსო ინდუსტრიებზე, რაც შეხვედრაზეც გამოჩნდა. „კაპიტალის მოზიდვა უკვე ძალიან გაუჭირდათ კომპანიებს“, - გვეუბნება ის.

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“და მისმა კლინიკამ - „კურაციომ“ საპროტესტო განცხადებები მანამდეც გაავრცელეს და „თავისუფალი ბიზნესების განცხადებაზე“ ხელმომწერთა შორისაც არიან.

კრიზისი უკვე დაეტყო ტურიზმს

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის [GTIA ] თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კრიზისი უკვე დაეტყო ტურიზმის მთელ ინდუსტრიას - კვების ობიექტებისა და რესტორნების ჩათვლით.

„როცა ქვეყანაში უსაფრთხოების დონე დაბალია, ევროპული ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ამის შესახებ აფრთხილებენ - ამ სიტუაციაში აღარავინ ჩამოდის და სასტუმროები რჩება ცარიელი. დატვირთვა ახლა, საქართველოს მასშტაბით, 10-15%-ია და, წესით, ამ დროს 50-70% უნდა იყოს.

შემცირდა შიდა ტურიზმიც, რადგან არასტაბილურობის განცდა აქვთ ადგილობრივებსაც - ამ დროს მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთებს ყიდულობენ. საახალწლო მუხტი არ არის“, - თანდაშვილი ასევე გვეუბნება, რომ თუკი საქართველო ევროკავშირს საბოლოოდ დაშორდება, დაზიანება, რომელიც სფეროს უკვე დაეტყო, შეუქცევადი გახდება.

„სიცარიელეა ბევრ რესტორანშიც და შექმნილი ვითარების გამო, დიდი რესტორნების უმრავლესობამ საახალწლო ღონისძიებები გააუქმა. მთელი ჯაჭვია ეს - ტურისტების სიმცირეს თითოეული ბეჭდისა და სამაჯურის გამკეთებელი იგრძნობს“, - თამუნა თანდაშვილი ამ ჯაჭვის ნაწილად განიხილავს მუსიკოსებისა და მომღერლების შემოსავლის კლებასაც, რადგან ახალი წლის ყველაზე სარფიან საღამოს მათ ფულის შოვნა გაუჭირდებათ.

„11 კორპორატიული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ. ჩემს გარდა ბენდში 11 მუსიკოსია, ხმის რეჟისორი და მენეჯერები. პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენს გარდა… ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ვერთობით :) მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად და მერე ჩავატარებთ ბევრს“, - დაწერა ფეისბუკპოსტში სტეფანე მღებრიშვილმა.

„ახალი წელი, ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, არის მთავარი მონაკვეთი იმისა, რომ მე რაღაც შემოსავალი მქონდეს, რომ გაზაფხულამდე რამენაირად თავი გავიტანო. დღეს რომ ვინმემ მითხრას - ნაძვის ხის გახსნაზე იმღერეო, ამას ხომ არანაირი ფუნდამენტი არა აქვს. რანაირად უნდა გავიდე, როცა ამდენი ხანი ამ სისასტიკეს ვუყურებთ ქუჩებში“, - ამბობს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი 15 დეკემბრის ფეისბუკლაივში.

ტურისტების ნაკადის შემცირებას ჩვენთან საუბრისას ადასტურებს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი, რომელიც ტურისტული კომპანიის [Living Roots Travel] გარდა, სიღნაღთან პატარა სასტუმრო კომპლექსს ფლობს.

„დეკემბერი ისეთი თვეა, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოდიან ხოლმე ახალი წლის შესახვედრად. მაგრამ ამ ეტაპზე ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ემირატები, თურქეთი, გერმანია, ისრაელი - ეს არის, რამაც ჩემს ხელში გაიარა და გააუქმეს ჯავშნები“, - ია თაბაგარი ასევე გვეუბნება, რომ ნოემბერ-დეკემბერი ძირითადად ხელსაყრელი დროა შიდა ტურიზმისთვის, მაგრამ ახლა სხვა სურათია, რადგან „ეს ხალხი, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დგას“.

რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარემ, შალვა ალავერდაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „თბილისის ცენტრში სასტუმროების 70% ცარიელია“ და „ზარალი მილიონებია უკვე“. ალავერდაშვილის შეფასებით, ზოგადად, დეკემბერში, სასტუმროები თბილისში 50-55%-ით იყო დატვირთული, ახლა კი ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 30%-ს უტოლდება.

თითქმის სამი კვირაა, რაც თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG