„თითქმის სამი თვეა, საქართველოს ხალხი დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად, საქართველოს მმართველების აღებული კურსის წინააღმდეგ“, - წერს გერმანიის საგარეო უწყება X-ზე. „მათ კვლავ პასუხობენ დაშინებით, დაპატიმრებითა და ძალადობით“.
„დღეს გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე ქართველი თანამდებობის პირებისათვის, რომლებიც [პროტესტის] ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელნი“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე, 2024 წლის 31 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, - რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“, - ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
მათი ვინაობა არ დაუსახელებია. სანქცირებულთა სახელები არც ახლა არ ახლავს თან საგარეო უწყების განცხადებას.
28 ნოემბრიდან დღემდე, ჯამში ათობით თანამდებობის პირსა თუ სხვა ადამიანს დაუწესდათ სავიზო სანქციები აშშ-სგან, ბალტიის ქვეყნებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, ჩეხეთისა და უკრაინისგან. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დააწესეს პერსონალური, ფინანსური სანქციებიც.
2025 წლის 25 თებერვალს გერმანიის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას.
ფორუმი