Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ავდეევკაში?


საინფორმაციო ნიშანი დონეცკის მახლობლად ავდეევკის მხრიდან
საინფორმაციო ნიშანი დონეცკის მახლობლად ავდეევკის მხრიდან

რუსეთის არმია უზარმაზარი დანაკარგების ფასად ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას. რუსეთის სარდლობა არ ზოგავს არც ცოცხალ ძალას, არც ჯავშანტექნიკას. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ავდეევკის იერიშს უკვე შეეწირა ექვსი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.

მარტო ერთი დღის განმავლობაში, 19 ოქტომბერს, რუსეთის ჯარმა დაკარგა ჯავშანტექნიკის 50 ერთეული და რამდენიმე ასეული ჯარისკაცი.

  • რატომ გააძლიერა რუსეთმა იერიში ავდეევკაზე?
  • როგორ უმკლავდება უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ იერიშს?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ავდეევკის აღება?

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების საკვირაო მიმოხილვაში ასევე აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებამ, შეუტიონ ავდეევკას, მკვეთრად გაზარდა რუსი ჯარისკაცის სიკვდილიანობა. მთლიანობაში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა 190 ათასამდე ჯარისკაცი. ასევე შთამბეჭდავია ტექნიკისა და შეიარაღების დანაკარგები: ჰოლანდიური ჯგუფის, Oryx-ის მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, ავდეევკაზე მიტანილი იერიშის მხოლოდ 10 დღის განმავლობაში, რუსეთის არმიის ჯავშანტექნიკის დანაკარგების მაჩვენებელმა (ზაფხულის დაწყების შემდგომ პერიოდში) მთელი დანაკარგების 10% შეადგინა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 58-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ოფიცერი სერგეი ცეხოცკი რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

„ძალიან დიდი რაოდენობითაა განადგურებული ტექნიკა, რომელშიც შედის რამდენიმე ათეული ქვეითთა ჯავშანმანქანა, ტანკი, მძიმე ცეცხლმტყორცნი და ა.შ. ბრძოლის ველზეც ხალხი გაჰყავთ „ურალებით“, რომლებიც ტირის სამიზნეებივით დაუცველები არიან, საბრძოლო მასალა კი შეაქვთ 70-იან წლებში წარმოებული საბჭოთა „Уаз“-ებით, რომლებსაც ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი აზიანებს“.

ავდეევკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში ამბობს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე სროლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს.

„მტერი ცდილობს გადმოისროლოს დიდი რაოდენობით როგორც ჯავშანტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. დანაკარგები უზარმაზარია, მაგრამ ეს მათ არ აჩერებთ, მუდმივად ხდება ახალი იერიშები. ძალიან დიდი შემოსევაა. ცოფიანებივით მოძვრებიან, ათეულობით იცელებიან, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მიდიან. ძალიან ბევრნი არიან“, - ციტირებს ვიტალი ბარაბაშის სიტყვებს უკრაინული არხი ICTV.

ვიტალი ბარაბაში
ვიტალი ბარაბაში
ავდეევკა — ქალაქი უკრაინის დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში, ავდეევკის საქალაქო თემის ადმინისტრაციული ცენტრი. 2020 წლამდე იყო რეგიონული მნიშვნელობის ქალაქი. დიდწილად განადგურდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.
ქალაქი გაშენებულია დონეცკის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე კამენკას ზემო წელში.
ფართობი - 29 კვ. კმ,
მოსახლეობა -31,4 ათასი (2022 წ)
2014 წლიდან (დონბასის ომის გამო) ავდეევკა იყო ფრონტისპირა ქალაქი. 2014 წელსვე ავდეევკა 4 თვით მოექცა პრორუსული ძალების კონტროლის ქვეშ, მაგრამ შემდეგ მასზე კონტროლი დაიბრუნა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.
2017 წელსაც აქტიური შეტაკებები მიმდინარეობდა ქალაქისათვის.
2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მთელი სიმძაფრით განახლდა ბრძოლა ავდეევკისათვის. რუსეთის არმია ცდილობს ხელში ჩაიგდოს ქალაქი, რომელიც მდებარეობს კონსტანტინოვკის, კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ მიმავალ გზაზე.
2023 წლის შემოდგომისათვის ქალაქში არ დარჩა ერთი მთელი შენობაც კი, ხოლო მოსახლეობა 35 ათასიდან 1600-მდე შემცირდა.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია ახდენს დამატებითი ძალების გადასროლას ავდეევკის ფრონტზე. უკრაინის ჯარების ტავრიდის ჯგუფის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრ შტუპუნიც ამბობს, რომ რუსეთის სარდლობას რუსეთის ტერიტორიიდან პირდაპირ ავდეევკის მიმართულებაზე გადაჰყავს ცოცხალი ძალა, რათა შეავსოს დანაკარგები.

ავდეევკა, 2023 წლის 14 ოქტომბერი
ავდეევკა, 2023 წლის 14 ოქტომბერი

უკრაინელი სამხედრო მიმომხილველის მიხაილო ჟიროხოვის თქმით, რუსეთის არმიას ავდეევკის მიმართულებაზე ტექნიკის და ცოცხალი ძალის მართლაც დიდი რაოდენობა ჰყავს მობილიზებული.

„ჩემი ინფორმაციით, რეგულარული არმიის სამი ბრიგადა ჰყავთ ბრძოლაში ჩართული - ეს არის დაახლოებით 6,5-7 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, აქ არიან ბრიგადები, რომლებიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის ბაზაზე შეიქმნენ 2022 წლის შემდეგ. გარდა ამისა, ბრძოლაში ჩართული არიან რუსული არმიის საკადრო ბრიგადები. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რა ძალა უტევს ავდეევკას. მთლიანობაში 20 ათასამდე ადამიანი შეიძლება იყოს. მოქმედებენ შემდეგნაირად: რამდენიმე შენაერთისგან კეთდება დამრტყმელი, მოიერიშე ძალა, რომელიც ცდილობს შუბლით გაარღვიოს ფრონტის ხაზი“, - უთხრა მიხაილო ჟიროხოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, Current Time-ის კორესპონდენტს.

მიხაილო ჟიროხოვი
მიხაილო ჟიროხოვი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით კი, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ უკრაინის კონტრშეტევის ფონზე რუსეთის არმიამ ცალკეულ მიმართულებებზე შეტევა წამოიწყო.

„ეს არის დიდი, მაღალი ინტენსივობის ომი, დიდი ფრონტის ხაზით, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს 1300 კილომეტრზე, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი, - ასეთი მასშტაბის ომში ხშირად ხდება ისე, რომ შენ გადადიხარ იერიშზე, ხოლო მოწინააღმდეგე სხვა რომელიმე მიმართულებით ახორციელებს კონტრიერიშს, რათა მიიზიდოს შენი რეზერვები და რესურსები ფრონტის სხვა უბნებიდან, რათა გადაგაწყობინოს გეგმები, მათ შორის შეიკვეცოს შეტევითი ოპერაციები, ანუ ყველაფერს აკეთებს შენი რესურსების შესამცირებლად, შენი ძალების დაქსაქსვისათვის და ა.შ. ასე რომ, დიდი საბრძოლო მოქმედებების, ტაქტიკისა და სტრატეგიის თვალსაზრისით, რუსეთი აბსოლუტურად პროგნოზირებადად მოქმედებს - ლოკალური კონტრიერიშის ხარჯზე (კუპიანსკისა და ავდეევკის მიმართულებებზე) ცდილობს ჩვენი რეზერვების ამ მიმართულებაზე თავმოყრას, რითაც ცდილობს შეამციროს უკრაინის შეტევითი ოპერაციების ინტენსივობა სხვა მიმართულებებით, პირველ რიგში ზაპოროჟიესა და სამხრეთის მიმართულებებზე, რადგან ისინი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ეს სრულიად გასაგები ტაქტიკაა, იმავეს აკეთებდა უკრაინა, როცა რუსეთი უტევდა. ახლა ასეთი ვითარებაა: უკრაინა განაგრძობს შეტევას, რუსეთი ცდილობს მასზე გავლენის მოხდენას კონტრიერიშით დონეცკის მიმართულებაზე“.

რატომ დონეცკის მიმართულება?

ამ კითხვის პასუხად მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებში დონეცკი იქცა კრიმინალურ ანკლავად, სადაც საკმარისზე მეტია ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან დაიცვან ეს ანკლავი იმაზე უფრო ინტენსიურად, ვიდრე სხვა მობილიზებულები დაიცავდნენ, რადგან დონეცკელი მობილიზებულები და დნრ-ის ბაზაზე შექმნილი ნაწილები დაინტერესებული არიან ამ კრიმინალური ანკლავის შენარჩუნებით.

მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი

„ეს ნაცრისფერი ზონაა, რომელიც ძალიან მოსწონს "კრიმინალიტეტს". შესაბამისად, დონეცკში შეიქმნა გარკვეული სამხედრო ნაწილები, რომლებსაც შეტევითი ოპერაციების წარმოების უფრო მაღალი მოტივაცია აქვთ, ვიდრე სხვა მობილიზებულებს“, - ამბობს პოდოლიაკი რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში.

უკრაინელი სამხედრო მიმომხილველის მიხაილო ჟიროხოვის თქმით, იმის გამო, რომ უკრაინული კონტრშეტევა შენელებულია ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებით, რუსებმა მთელი ის რეზერვები, რომლებსაც ზაფხულის განმავლობაში აგროვებდნენ, გადაისროლეს პოლიტიკური მიზნის - ავდეევკის აღების - შესრულებაზე.

„ავდეევკის აღება პოლიტიკური მიზანია, რადგან ამ ქალაქს არ აქვს დიდი მნიშვნელობა სტრატეგიული თვალსაზრისით, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი, - ყველაზე მეტი, გასწორდეს ფრონტის ხაზი - მეტი არაფერი, რადგან ავდეევკის შემდეგ მოდის თავდაცვის მეორე და მესამე ხაზები. არანაირი გარღვევა და სხვა ქალაქების აღება აქ არ მოხდება. ავდეევკას მოსდევს ვრცელი ღია ტერიტორია, სადაც იერიში ვარიანტადაც კი არ განიხილება. უფრო იქით თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებია, რომლებიც 2015-2016 წლებში აშენდა. ანუ იქ არის საკმაოდ სერიოზული საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებსაც პირდაპირ შუბლით უნდა შეასკდე. ავდეევკისგან განსხვავებით, გვერდის ავლის არავითარი გზა არ არსებობს. ფლანგები საერთოდ არაა, რადგან გაშლილი ტერიტორიაა“.

ქალაქ ავდეევკის ხედი
ქალაქ ავდეევკის ხედი

მიხაილო ჟიროხოვის თქმით, ავდეევკის დაცვაზე უკრაინის შეიარაღებული ძალებიც დიდ რესურსებს ხარჯავს, თუმცა ამის მიუხედავად ზოგიერთი მიმართულებით მაინც დაიკარგა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილები, მაგრამ მთლიანობაში ავდეევკის მიმართულებით რუსეთის იერიში სტრატეგიული თვალსაზრისით ვერაფერს ცვლის.

„აქამდე ჩვენ ვნახეთ რუსეთის შეტევის ეპიზოდები ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში, ახლა ავდეევკაში ვადევნებთ თვალს. დროდადრო მართალია რუსეთს შეუძლია შეტევა განახორციელოს უკრაინის სიღრმეში, მაგრამ მას არ შეუძლია დიდი სტრატეგიული ოპერაციების ჩატარება. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, თავს უფლება მისცეს განახორციელოს ლოკალური ოპერაციები, თუნდაც ფრონტის ორ ან სამ სექტორზე. ფართომასშტაბიანი იერიშისთვის კი რუსეთს კიდევ ერთი მობილიზაციის გამოცხადება სჭირდება, რადგან ზაფხულსა და შემოდგომაზე დანაკარგები არსებითი და რუსული არმიისთვისაც კი საგრძნობია“, - ამბობს ჟიროხოვი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG